მთავარი პოლიტიკა პოლიტიკური პოლარიზაცია საქართველოში

პოლიტიკური პოლარიზაცია საქართველოში

ნეგატივზე აგებული პოლიტიკური დისკურსი უარყოფითად მოქმედებს საქართველოს დემოკრატიულ სტაბილურობაზე
20.12.2019
ნახვა 1091

დემოკრატიის სტაბილურობა: შედეგები და გამოწვევები

საქართველომ დამოუკიდებლობის აღდგენის შემდგომ (1991 წლის 9 აპრილი) დემოკრატიის განვითარების და პოლიტიკური სტაბილურობის გზაზე რაღაც დადებით შედეგებს უკვე მიაღწია. ეს შეიძლება იყოს როგორც საგარეო კუთხით (მაგ. ევროინტეგრაციის კუთხით მიმდინარე ასე თუ ისე წარმატებული ინტეგრაციის პროცესი, ნატოსთან დაახლოება, რეგიონში აშშ-ს ერთ-ერთ სტრატეგიულ პარტნიორად დამკვიდრება და ა.შ.) ისე საშინაო კუთხითაც მიღწეული შედეგები (მაგ. ძალაუფლების კანონიერი გადაცემის პრეცედენტი 2012 წელს, რითაც დასრულდა მიხეილ სააკაშვილის და ნაციონალური მოძრაობის მოდერნიზებული (კორუფციის აღმოფხვრა ქვედა დონეებზე) თუმცა რეპრესიული და ავტოკრატიული რეჟიმი; ამას მოჰყვა დემოკრატიის ხარისხის გარკვეულწილად გაუმჯობესება შესაბამისი საერთაშორისო ინდექსების მიხედვით (მაგ., Freedom House, V-Dem და ა.შ); ანტი-დისკრიმინაციული კანონის მიღება (კანონი რომელიც კრძალავს ნებისმიერი ნიშნით ადამიანის დისკრიმინაციას); საყოველთაო ჯანდაცვის სისტემის შემოღება და ა.შ.).

თუმცა, საქართვლოს მწვავე გამოწვევად კვლავ რჩება მოსახლეობის დიდ ნაწილში არსებული სიღარიბე (მაგალითად, აზიის განვითარების ბანკის 2017 წლის მონაცემების მიხედვით, საქართველოს მოსახლეობის დაახლოებით 22% ეროვნული სიღარიბის დონის ზღვარს ქვემოთ ცხოვრობს: https://www.adb.org/countries/georgia/poverty), ეთნო-ტერიტორიული კონფლიქტების შედეგად ქვეყნის სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის დარღვევა (მაგ., აფხაზეთის და ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ერთეულებთან) და რუსეთთან დაძაბული ურთიერთობა. როგორც ვიცით რუსეთი, როგორც ოფიციალურად ისე მოსახლეობაშიც, ოკუპანტ სახელმწიფოდ განიხილება, გამომდინარე საქართველოს კონფლიქტებში რუსეთის მიკერძოებული როლის გამო და შემდგომში რუსეთის მიერ საქართველოს ავტონომიური ერთეულების დამოუკიდებელ ქვეყნებად აღიარების გამოც. ამის შედეგად რუსეთთან ოფიციალური დიპლომატიური კავშირი დღემდე გაწყვეტილია, მიუხედავად იმისა რომ როგორც მოლაპარაკებები ისე სავაჭრო ურთიერთობები გარკვეულ დონეზე განახლდა.

ნეგატივზე აგებული პოლიტიკური დისკურსი და პოლარიზაცია

მაგრამ, ამ ყველაფრის მიუხედავად, ქვეყნის შიდა პოლიტიკურ ველზე მთავარ გამოწვევად მაინც რჩება საბჭოთა მემკვიდრეობით მიღებული ნეგატივზე აგებული პოლიტიკური დისკურსი, განსაკუთრებით ძირითად პოლიტიკურ აქტორებს შორის. აღნიშნული სინდრომი მკვეთრად ამწვავებს პოლიტიკურ პოლარიზაციას და სიტუაციის შემდგომ რადიკალიზაციას იწვევს. საქართველოში ამგვარი პოლიტიკური ურთიერთობების საწყისად შესაძლოა მივიჩნიოთ საბჭოთა გამოცდილების განსაკუთრებით ბოლო პერიოდი (1989-1994 წწ), როდესაც პოლიტიკური აქტორები ერთმანეთთან მწვავე ფრაგმენტაციაში და დაპირისპირებაში შევიდნენ ძალაუფლების ბრძოლისთვის (აღნიშნული დაპირისპირების კულმინაციას წარმოადგენდა პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას და მისი მთავრობის, დამხობა სამხედრო გადატრიალების გზით 1991-1992 წწ). ამგვარი მდგომარეობა კი ხელს უშლის მშვიდობიან და სტაბილურ დემოკრატიზაციის პროცესს, ქვეყნის მშენებლობას, განათლებას, ეკონომიკის უფრო დინამიურ განვითარებას და საბოლოო ჯამში ცუდად აისახება გონივრული საჯარო პოლიტიკის შემუშავებაზე.

ცნობილია რომ დემოკრატიული სტაბილურობისთვის და განვითარებისთვის, როგორც მოსახლეობა ისე პოლიტიკური ელიტები, უნდა თანხმდებოდნენ დემოკრატიული პრინციპების მიხედვით შედგენილ წესებზე და ინსტიტუტებზე რომლის დაცვაც შემდგომ აუცილებელია, რომ არ გადაიზარდოს პროცესები არეულობაში, თვითნებობაში და განუკითხაობაში ან თუნდაც ძალაუფლების მიტაცებაში. მაგალითად, აშშ-სთვის ეს შესაძლოა 200 წლის წინ მიღებული კონსტიტუცია იყოს, ბრიტანეთისთვის საუკუნეების განმავლობაში გამომუშავებული ლიბერალური და დემოკრატიული პოლიტიკური კულტურა, გერმანიისთვის მეორე მსოფლიო ომის შემდეგ შექმნილი ლიბერალურ-დემოკრატიულ პრინციპებზე დაფუძნებული პოლიტიკური და სამართლებრივი სისტემა და ა.შ. თუმცა პოლიტიკურ პოლარიზაციას რაც შეეხება, ხსენებულ განვითარებულ და კონსოლიდებული დემოკრატიებიც აღმოჩდნენ ამ ფენომენის მსხვერპლნი (მაგალითად, დონალდ ტრამპის გაპრეზიდენტების შემდგომი პერიოდი, ბრექსიტი, რადიკალურ-პოპულისტური ძალების აღზევება გერმანიასა და დანარჩენ ევროპაში).

საქართველოში ბოლო მოვლენებიდან (მაგალითად, ე. წ. „გავრილოვის ღამე“, ბოლო დროინდელი ნოემბრის აქციები საარჩევნო სიტემის შესახებ, გარკვეული რელიგიური და კონსერვატიული ძალების მიერ სექსუალური უმცირესობების თემაზე გადაღებული მხატვრული ფილმის აგრესიული გაპროტესტება და ა.შ) იკვეთება , რომ, როგორც ოპოზიცია ისე მმართველი გუნდი, ერთმანეთში ვერ რიგდება დემოკრატიულ თამაშის წესებზე, რასაც თავის მხრივ მივყავართ მწვავე ქუჩის აქციებთან, სადაც მშვიდობიანი გამოხატვის ფორმის ნაცვლად ვიღებთ ქუჩის შეხლა შემოხლას (პოლიციასა და დემონსტრანტებს შორის ან ხშირად მოქალაქეებს შორისაც) და რადიკალიზაციას. გამომდინარე აქედან, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ძირითადი პოლიტიკური მოთამაშეებისთვის გაცილებით უფრო მნიშვნელოვანია ძალაუფლების ხელში ჩაგდება, შენარჩუნება და სხვებზე დომინირება (ბულინგი) ვიდრე ქვეყნის გრძელვადიანი დემოკრატიული სტაბილურობა, მშვიდობა და განვითარება.

პოლიტიკური ფრაგმენტაცია და გამომწვევი მიზეზები

აღსანიშნავია ასევე რომ პოლიტიკოსებს შორის მთავარი პოლიტიკური დაპირისპირების დისკურსი საქართველოში ხშირად პრო-რუსულ და პრო-დასავლურ დიქოტომიას მოიცავს. სამწუხაროდ ხშირად ეს ბოროტად არის გამოყენებული პოლიტიკოსების მიერ ოპონენტების პროპაგანდისტულ და მიზანმიმართულ დისკრედიტაციაში, იარლიყების მიწებებაში, დაშანტაჟებაში და ქვეყნის წინაშე მდგარი მწვავე საკითხების განხილვის იგნორირებაში (მაგალითად, 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მთავარი კონკურენტი კანდიდატები პოლიტიკური პროგრამების და ხედვების განხილვების და მსჯელობის ნაცვლად დაკავებულები იყვნენ ერთმანეთის მიმართ ტალახის სროლით, პირადი ლანძღვით და კრემლთან თანამშრომლობის ბრალდებებით).

გარდა ამისა, არ მიმდინარეობს საჯარო და საფუძვლიანი მსჯელობა ისეთ ფუნდამენტურ საკითხებზე როგორიც სიღარიბე, უმუშევრობა, რიგ სფეროებში დაბალი ანაზღაურება, მომუშავეთა უფლებები, განათლების საკითხები, ჯანდაცვა, გარემოს დაცვა და ადამიანის უფლებებია. შესაბამისად ნეგატივზე აგებული პოლიტიკური დისკურსი, რასაც ადგილი დღესაც აქვს საქართველოში, ხელს უშლის ქვეყნის მშვიდობიან, სტაბილურ და დემოკრატიულ განვითარებას და ხელს უწყობს პოლიტიკური პროცესების მწვავე პოლარიზაციას და რადიკალიზაციას, რასაც თავის მხრივ მივყავართ საზოგადოების დაპირისპირებამდე, ეკონომიკური მდგომარეობის გაუარესებამდე (მაგალითად, ფასების ზრდა, ინვესტიციების შემცირება, უმუშევრობა და ა.შ.) და პოლიტიკური პროცესების დესტაბილიზაციამდე.

სამომავლო პერსპექტივები

გამომდინარე იქიდან, რომ საქართველო 2020 წელს ახალ საპარლამენტო არჩევნების ფაზაში შედის, საყურადღებოა თუ როგორ ჩაივლის წინასაარჩევნო პროცესი, მიუხედავად იმისა თუ რომელი საარჩევნო სისტემის მიხედვით ჩატარდება ეს არჩევნები. ანუ კვლავ ძველებურად ნეგატიური და მწვავე პოლარიზებული დისკურსის ფონზე თუ პოლიტიკური პარტიები და მათი ლიდერები შეეცდებიან მოსახლეობას შესთავაზონ თავიანთ მიერ შემუშავებული პროგრამები რეალური გამოსავლის გზებით. აგრეთვე, აღსანიშნავია, რომ მხოლოდ მოჩვენებითი, სელექციური ფსევდო დასავლური და ლიბერალური ღირებულებებით ერთის მხრივ და მეორეს მხრივ ფსევდო პატრიოტული თუ ულტრანაციონალისტური და რელიგიური სენტიმენტების სპეკულირებით და დემაგოგიით, რაც აისახება ერთმანეთისთვის ტალახის სროლაში და დისკრედიტაციაში, უფრო გაჭირდება ქვეყნის წინაშე არსებული მწვავე საკითხების საფუძვლიანი მოგვარება და გადაჭრა. ამ მდგომარეობის ფონზე, მოსახლეობაში, როგორც ხელისუფლებაში მყოფი ისე ოპოზიციაში მყოფი პოლიტიკოსების მიმართ, მოლოდინია უფრო მაღალი დონის პოლიტიკური კულტურის გამოვლინებისა, ნაცვლად არაფრის მომცემი კინკლაობისა და დესტრუქციული ქმედებებისა.

მიხეილ შავთვალაძე

ანალიზში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და შესაძლოა არ ასახავდეს ეროვნული უსაფრთხოების ფონდის თვალსაზრისს

20.12.2019
ნახვა 1091

კომენტარები