სტატისტიკითაც ცნობილია რომ აფხაზეთში ელექტროენერგიის მოხმარება, ისევე როგორც საქართველში - განუხრელად მზარდი პროცესია და ზოგიერთ შემთხვევებში 40%-საც კი აჭარბებს (იხილ. ცხ. 1). დადასტურებულია ის ფაქტიც, რომ ზამთრის პერიოდში ენგურჰესიდან ქართული მხარე ფაქტობრივად ვერ იღებს ელექტრო ენერგიას და 100%-ით მიეწოდება აფხაზურ მხარეს. შეგახსენებთ, რომ ზამთრის პერიოდი სწორედ ის პერიოდია, როცა ჩვენ ვახორციელებთ რუსეთიდან და აზერბაიჯანიდან ელენერგიის იმპორტს. ბოლო წლების დაკვირვებამ აჩვენა, რომ საქართველოს ელენერგიის იმპორტზე დამოკიდებულება ზუსტად იმდენია, რამდენსაც მოიხმარს აფხაზეთი და ეს მაშინ, როცა იმპორტიდან შემოტანილ მოცულობაში საკმაოდ მაღალ ტარიფს ვიხდით, ხოლო აფხაზეთს ჩვენი კეთილი ნების გამოხატვით უსასყიდლოდ ვაწვდით ელენერგიას.
ყოველწლიური ზარალი
ცხრილში ნათლად ჩანს, ის პროცენტული მაჩვენებელი, თუ რა რაოდენობით მიეწოდება ელენერგია უსასყიდლოდ აფხაზეთს. ახლა ვნახოთ საქართველოს იმპორტზე დამოკიდებულება. 2018 წელს 2016 წელთან შედარებით ზრდამ 215% შეადგინა. თუ 2016 წელს ქვეყანამ 478.9 მლნ.კვტ.სთ ელექტროენერგია იყიდა, 2018 წელს ამ მაჩვენებელმა 1508.8 მლნ.კვტ.სთ შეადგინა. ანუ 2018 წელს თითქმის ანალოგიური მოცულობის ელენერგია მივაწოდეთ აფხაზეთს, ხოლო ჩვენ შევიძინეთ და ისიც უცხოურ ვალუტაში რაც დაახლოებით 40 მლნ $ შეადგენს. აქედან გამომდინარე შეგვიძლია ვიმსჯელოთ, რომ საქართველო მხოლოდ პირდაპირი ოპერაციული მნიშვნელობით ზარალობს 40 მლნ $ ყოველწლიურად. რაც შეეხება კონკრეტულად იმპორტს, მისი ძირითადი წილი რუსეთსა და აზერბაიჯანზე მოდის, თუმცა ბოლო წლები გვაჩვენებს, რომ აზერბაიჯანიდან უფრო მეტი შეძენა ფიქსირდება ვიდრე რუსეთიდან. ამ ასპექტში გამოვყოფდი ერთ ფაქტს, რომელიც წინა წლის მარტში დაფიქსირდა. კერძოდ, ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე ელექტრო ენერგიის იმპორტი რუსეთიდან სრულიად შეწყდა და მას მერე აფხაზეთის რეგიონი სრულად დამოკიდებულია ენგურჰესიდან გამომუშავებულ ელენერგიაზე.
როგორ გადავწყვიტოთ პრობლემა?
როგორც სტატისტიკა გვიჩვენებს, საქართველოს ელენერგეტიკული მიმართულება ნელ-ნელა ჩიღში აღმოჩნდება თუ სასწრაფო ზომები არ იქნა მიღებული პოლიტიკური, ასევე ტექნიკურ–საინჟინრო–კომერციულ–ეკონომიკური მიმართულებით. ასე თუ გაგრძელდა ენერგეტიკული პოლიტიკა, მაშინ დადგება შიდა გენერაციის პრობლემის სწრაფი აღმოფხვრის საჭიროება, თუ არა და სულ მალე შესაძლებელია იმპორტის სიმძლავრეებისთვის საჭირო სადენები არასაკმარისი აღმოჩნდეს და ამასთან ერთად კიდევ უფრო მეტად გავხდეთ დამოკიდებული უცხო ქვეყნის ენერგეტიკულ რესურსზე.
რაც შეეხება ენგურჰესს, თუ აფხაზურ მხარესთან (რუსულ), მათ შორის კომერციული ხასიათის მოლაპარაკებებმა უშედეგოდ ჩაიარა, შესაძლებელია ინჟინრულ–ტექნოლოგიური გადაწყვეტილებით, ენგურჰესის გენერაციის ის ნაწილი, რომელიც აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე, ანუ ენგურის მარჯვენა მხარეს იმყოფება, მოეწყოს წალენჯიხის ტერიტორიაზე, ენგურის მარცხენა მხარეს. ეს წამოწყება სავარაუდოდ 200 მლნ $-ის ინვესტიციას საჭიროებს და სწორედ მისი დახმარებით გაუთავებელი ვაჭრობა ოკუპანტთან დასრულდება და ოკუპირებული რეგიონი (აფხაზეთი) სრულად დამოკიდებული გახდება საქართველოს ენერგო რესურსებზე კომერციული თვალსაზრისით. როგორც ზემოთ აღინიშნა, რუსეთის მხრიდან არ არსებობს (ჯერ) ისეთი გადამცემი სადენი ხაზი, რომელიც უზრუნველყოფს რეგიონის სრულად დატვირთვას. ეს საკითხი კარგი პოლიტიკური ბერკეტიც ჩანს, რომელიც სამწუხაროდ დღემდე ვერცერთმა ხელისუფლებამ ვერ გამოიყენა.