მთავარი საგარეო პოლიტიკა რას მოუტანს საქართველოს რუსულ ბაზარზე მზარდი დამოკიდებულება?

რას მოუტანს საქართველოს რუსულ ბაზარზე მზარდი დამოკიდებულება?

კრემლის ეკონომიკური ზეწოლის ბერკეტები ძლიერდება.
15.11.2021
ნახვა 211

რუსეთი საქართველოს უმსხვილეს სავაჭრო პარტნიორებს შორის მეორე ადგილს იკავებს

საქართველოს საგარეო ვაჭრობის დინამიკას თუ დავაკვირდებით, მარტივად შევნიშნავთ ბოლო წლებში რუსულ ბაზარზე საქართველოს ეკონომიკური დამოკიდებულების ზრდას. ეს ნიშნავს, რომ კრემლის ხელთ არსებული ეკონომიკური ზეწოლის ბერკეტები მნიშვნელოვნად იზრდება, რომელიც ნებისმიერ დროს შეიძლება ჩვენი ქვეყნის ინტერესების წინააღმდეგ იქნას გამოყენებული. მსგავსი სამწუხარო გამოცდილება არც ისე შორეულ წარსულში, საქართველომ უკვე გამოიარა. 2006 წელს, რუსეთმა ქართული პროდუქციის წინააღმდეგ ემბარგო განახორციელა და დიდი ზიანი მიაყენა ქვეყნის ეკონომიკას. თუმცა, აღნიშნულმა კარგი ბიძგი მისცა ახალი საექსპორტო ბაზრების მოძიებისა და ათვისების პროცესს. მნიშვნელოვნად გაფართოვდა მსოფლიოს ირგვლივ ქართული პროდუქციის ექსპორტის შესაძლებლობები და შემცირდა რუსულ ბაზარზე დამოკიდებულება.

ემბარგოს დაწესებამდე, 2000-2006 წლებში, რუსეთი საქართველოს უმსხვილეს საექსპორტო ქვეყნების სამეულში ლიდერის პოზიციას ხშირად იკავებდა, ეკონომიკური შეზღუდვების შემოღებამ კი ვითარება რადიკალურად შეცვალა. 2008-2012 წლებში, რუსეთის წილი საქართველოს მთლიან ექსპორტში მხოლოდ 2%-ს შეადგენდა (საშუალოდ 34 მლნ აშშ დოლარი წელიწადში) და საექსპორტო ქვეყნების ათეულს მიღმა იდგა. შვიდწლიანი ემბარგო 2013 წელს დასრულდა, რაც საქართველოში ხელისუფლების ცვლილებამ განაპირობა. 2013-2014 წლებში, რუსეთში ქართული პროდუქციის ექსპორტი გაიზარდა და 275 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. 2015 წელს, რუსეთში მიმდინარე ეკონომიკური კრიზისის გამო ეს მაჩვენებელი შემცირდა, მაგრამ 2016 წლიდან ისევ სწრაფად განაგრძო ზრდა.

მიუხედავად ცუდი ისტორიული გამოცდილებისა, უკანასკნელი წლების განმავლობაში, რუსეთმა საქართველოს საგარეო ვაჭრობის სტრუქტურაში მეორე ადგილზე გაიმყარა პოზიცია. ჩრდილოეთის ბაზარი მიმზიდველობას არ კარგავს ღვინის, მინერალური წყლების, ფეროშენადნობების, თხილისა თუ ციტრუსის საექსპორტოდ. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ბოლო მონაცემებით, 2021 წლის იანვარ-სექტემბერში, საქართველოს უმსხვილეს სავაჭრო პარტნიორებს შორის, რუსეთი მეორე ადგილს იკავებს როგორც იმპორტის, ასევე ექსპორტის კუთხით.

საქსტატის მონაცემები

სტატისტიკის თანახმად, საქართველოსა და რუსეთს შორის საქონელბრუნვა მზარდია, მიუხედავად იმისა, რომ ქვეყნებს შორის დიპლომატიური ურთიერთობები შეწყვეტილია და პოლიტიკური ფონი უკიდურესად დაძაბულია. 2021 წლის იანვარ-სექტემბერში, საქართველოს უმსხვილეს სავაჭრო პარტნიორებს შორის პირველ ადგილზეა თურქეთი (1 480.8 მლნ. აშშ დოლარი), რუსეთი მეორე ადგილს იკავებს (1 145 მლნ. აშშ დოლარი), მესამეზე კი ჩინეთია (1 078.2 მლნ. აშშ დოლარი).

აღნიშნულ პერიოდში, ექსპორტის კუთხით, პირველ ადგილს ჩინეთი იკავებს 478.3 მლნ. აშშ დოლარით, მეორე ადგილზეა რუსეთი - 426.2 მლნ. აშშ დოლარით, ხოლო მესამეზე აზერბაიჯანი – 400.2 მლნ. აშშ დოლარით. რუსეთის წილი საქართველოს მთლიან ექსპორტში 2021 წლის პირველ 9 თვეში 14,3%-ს შეადგენს.

2021 წლის იანვარ-სექტემბერში, უმსხვილესი საიმპორტო ქვეყნების პირველ სამეულში შედიან თურქეთი – 1 247.5 მლნ. აშშ დოლარით, რუსეთი – 718.8 მლნ. აშშ დოლარითა და ჩინეთი – 599.9 მლნ. აშშ დოლარით. ბოლო 9 თვეში, რუსეთის წილმა საქართველოს მთლიან იმპორტში 10,2% შეადგინა.

წლის დასაწყისიდან, საქართველოდან რუსეთში გაიტანეს 80 ათას ტონაზე მეტი მინერალური და მტკნარი წყალი, 78,6 ათასი ტონა ფეროშენადნობები, 34 ათას ტონაზე მეტი ღვინო, 6 ტონამდე სპირტიანი სასმელები, 24 ათასი ტონა ხილი და .. ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, მიმდინარე წლის 9 თვეში, ქართული ღვინო სულ 62 ქვეყანაში გავიდა. თუმცა, ექსპორტირებული 72 მილიონზე მეტი ბოთლი ღვინიდან 43 მილიონზე მეტი, ანუ 60%-ზე მეტი, მხოლოდ რუსეთის ფედერაციაში გაიყიდა.

რუსეთი, თავის მხრივ, საქართველოში მარცვლეულის ყველაზე დიდი მომწოდებელია. წლის დასაწყისიდან, საქართველოში 256 ათას ტონაზე მეტი ხორბალი და მესლინი შემოიტანეს, 167 ათასი ტონა ნავთობი და ნავთობპროდუქტები, დაახლოებით 22 ათასი ტონა მცენარეული ზეთი და სხვა.

რუსულ ბაზარზე დამოკიდებულების ზრდის რისკები

გასულ წელს, „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ” (Transparency International) საქართველოს ეკონომიკის რუსეთის ბაზარზე დამოკიდებულების საფრთხეები შეაფასა. ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში აღნიშნულია, რომ რუსეთზე განსაკუთრებით პრობლემური დამოკიდებულება იკვეთება ქართული ღვინის ექსპორტში, საქართველოში რუსულ ტურიზმსა და რუსული ხორბლის იმპორტში. ანგარიშის თანახმად, რუსულ ბაზარზე ქართული ღვინის ექსპორტის მაღალი დამოკიდებულება პოლიტიკური რისკების მატარებელია. 2006 წლის ემბარგოს შემდეგ, 2019 წლის 20 ივნისის მოვლენების გამო, რუსეთის დუმაში ქართული ღვინის იმპორტის შეზღუდვის შესახებ საუბრებმა გამოკვეთა, რომ რუსულ ბაზარზე დამოკიდებულება საქართველოს ეკონომიკური და პოლიტიკური უსაფრთხოებისთვის კვლავ გამოწვევაა.

საარსებო მნიშვნელობის ისეთი პროდუქტის იმპორტზე დამოკიდებულების ზრდა, როგორიცაა ხორბალი და მცენარეული ზეთი, დიდი რისკის შემცველია. ნებისმიერი მიზეზით, რუსეთიდან საქართველოში ხორბლის იმპორტის შეწყვეტა ქვეყანაში ხორბლის დეფიციტს გამოიწვევს, რაც პურის ფასზე პირდაპირ აისახება და მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობას მნიშვნელოვნად დაამძიმებს.

დღეისათვის, კოვიდ პანდემიის პირობებში, კიდევ უფრო გართულებულია ქვეყნებს შორის ეკონომიკური ურთიერთქმედება, რაც დამატებით გამოწვევებს უქმნის სავაჭრო კავშირებს. მიუხედავად ამისა, საქართველომ სავაჭრო ბაზრების დივერსიფიკაციაზე ზრუნვა არ უნდა შეწყვიტოს, რათა რუსეთის ბაზარზე ზედმეტმა მიჯაჭვულობამ მომავალში კვლავაც არ შექმნას პოტენციური საფრთხეების წინაპირობა.

ანა ჯაფარიძე

15.11.2021
ნახვა 211

კომენტარები