მთავარი საგარეო პოლიტიკა რატომ უნდა გავხდეთ „ევროკავშირის“ წევრები

რატომ უნდა გავხდეთ „ევროკავშირის“ წევრები

09.11.2021
ნახვა 400

მოკლე ისტორია „ევროკავშირის“ დაარსებამდე

ევროპის ტერიტორია, რომელიც უამრავ ერსა და კულტურას აერთიანებდა, ბრძოლის ქარცეცხლში იყო გახვეული მე-2 მსოფლიო ომის დასასრულამდე. ევროპელებს ერთმანეთის გარდა, აზიიდან მოსულ დამპყრობლებთანაც უწევდათ გამკლავება. დროის სხვადასხვა მონაკვეთში, „ბებერ კონტინენტზე“ ყვაოდა ბერძნული კულტურა, რომელმაც არაერთი ისტორიული, ფილოსოფიური, თუ მხატვრული ნამუშევარი შემოგვინახა და პირდაპირი დემოკრატიის არსებობას ჩაუყარა საფუძველი. ათენში მოქალაქეები ერთმანეთის პირისპირ განიხილავდნენ საჭირბოროტო საკითხებს და ქვეყნის მართვაში იღებდნენ მონაწილეობას. მოგვიანებით, განვითარების მწვერვალს მიაღწია რომის იმპერიამ.

რომის სამართალთან ერთად, იმპერიის მემკვიდრეობის ნუსხაში შედის ასობით წლების განმავლობაში სენატის ფუნქციონირება, რომლის სახელსაც დღეს მრავალი მმართველობითი ორგანო ატარებს სახელმწიფო ხელისუფლებებსა, თუ, მაგალითად, საგანმანათლებლო დაწესებულებებში. ახ. წ.-ით მე-5 საუკუნეში კი დასავლეთ რომის იმპერიის დაცემის შედეგად, შეწყდა ეკონომიკურ-ინტელექტუალურ-კულტურული აღმასვლის საუკუნოებრივი ჯაჭვი და ევროპა „ბნელ საუკუნეებში“ შთაინთქა. ქრისტეს დაბადებიდან მომდევნო მეორე ათასწლეულში ჩვენ ვიხილეთ რამდენიმე ისეთი მოვლენა, რომელმაც კაცობრიობას არაერთი კულტურული ძეგლი უსახსოვრა და, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ის მრავალი ნაბიჯით წასწია წინ ევოლუციური განვითარების გზაზე.

ამ მოვლენებს შორის განსაკუთრებით გამოიყოფა ინგლისური პარლამენტარიზმის ტრადიციის დაფუძნება, „რენესანსის“ ეპოქა, „განმანათლებლობა“ და ინდუსტრიალიზაციისთვის სულის შთაბერვა. თუმცა, სიმართლეს თვალი უნდა გავუსწოროთ და ვთქვათ, რომ ევროპა არასდროს ყოფილა ერთიანი. ისინი ინოვაციებთან ერთად, როგორც აღინიშნა, მუდმივ ქიშპში იყვნენ ერთმანეთთან, რაც უკან ხევდა მათ ყველანაირი თვალსაზრისით და რამაც დედამიწა ორ სისხლისმღვრელ ომამდე მიიყვანა. ომებმა მილიონობით ადამიანი შეიწირა, გააუბედურა, მსოფლიო ეკონომიკურად გამოფიტა და მიწასთან გაასწორა. კაცობრიობის ისტორიაში პირველად მხოლოდ ევროპელებმა შეძლეს ასე მასშტაბურად იმის გააზრება, რომ მშვიდობა, უსაფრთხოება, მატერიალური კეთილდღეობა და თანამშრომლობა უფრო მომგებიანი იქნებოდა, ვიდრე გაუთავებელი დაპირისპირება.

1946 წელს შვეიცარიის ქალაქ ციურიხში სიტყვით გამოსვლისას, ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა უინსტონ ჩერჩილმა გააჟღერა აზრი ევროპის შეერთებული შტატების შესახებ, ხოლო 1950 წელს ფრანგმა პოლიტიკოსმა ჟან მონემ „ევროპის ქვანახშირისა და ფოლადის გაერთიანების“ დაარსების თაობაზე წამოაყენა იდეა, რომელიც მოგვიანებით საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, რობერტ შუმანმა გააცნო საზოგადოებას. 1952 წელს მართლაც შეიქმნა ეს გაერთიანება და მასში გაწევრიანდა 6 სახელმწიფო: ბელგია, ლუქსემბურგი, ნიდერლანდები, იტალია, დასავლეთ გერმანია და საფრანგეთი. შესაბამისად, სწორედ ამ მომენტიდან იწყება ევროპული ინტეგრაციის ისტორია. იგივე ქვეყნებმა „რომის ხელშეკრულებით“ 1958 წელს დააფუძნეს „ევროპის ეკონომიკური გაერთიანება“ და „ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანება“, ხოლო 1967 წლიდან სამივე ზემოთ ხსენებული გაერთიანება ატარებს ერთ სახელწოდებას „ევროპული გაერთიანების“ სახით. მომდევნო წლებში „ევროგაერთიანება“ ნელ-ნელა ფართოვდება - 1973 წელს მისი წევრები ხდებიან დანია, ირლანდია და დიდი ბრიტანეთი, 1981 წელს - საბერძნეთი, 1986 წელს - პორტუგალია და ესპანეთი. პარალელურად, „ევროგაერთიანებაში“ მიმდინარეობს ერთიანი შიდა ბაზრის ფორმირება და სხვ. აღსანიშნავია, რომ მთელი ეს პროცესი გვირგვინდება „მაასტრიხტის ხელშეკრულების“ თანახმად 1993 წელს „ევროკავშირის“ დაფუძნებით, ხოლო მისი განვითარება-გაფართოება კიდევ უფრო აქტიურ ფაზაში შედის.

ევროკავშირის“ მთავარი ფასეულობები და მიმზიდველობა დღეს

დღესდღეობით, „ევროკავშირის“ ქვეყნებში, თუ სადმე რაიმე საპროტესტო აქცია ტარდება, ძირითადად, სოციალურ-ეკონომიკურ საკითხებზე ზრუნვით არის გამოწვეული. ასეთ საკითხებად მოიაზრება, მაგალითად, ბენზინზე ფასების ზრდა, ან საპენსიო ასაკის ცვლილება. „ევროკავშირში“ პოლიტიკური კულტურა ისეთ დონეზეა, რომ ფაქტობრივად არსად შეინიშნება პოლიტიკური პრობლემები და კრიზისი. ცალკე საკითხია დემოკრატიის ძალიან მაღალი ხარისხი და სტანდარტი. საერთაშორისო ურთიერთობების სამეცნიერო დისციპლინაში სპეციალისტები „ევროკავშირის“ მაგალითზე დღესაც ავითარებენ „დემოკრატიული მშვიდობის თეორიას“, რომლის თანახმად ჭეშმარიტი დემოკრატიები ერთმანეთთან ომს არ იწყებენ. მიმდინარე დროში, „ევროპის კავშირი“ არის კულტურულ-მატერიალური ფასეულობების მიმართ პატივისცემისა და საზოგადოებრივი წესრიგის სიმბოლო, ისევე, როგორც მეცნიერულ-ტექნოლოგიური პროგრესის ერთ-ერთი ბირთვი, რასაც კარგად მიანიშნებს თუნდაც „ცერნის ადრონული კოლაიდერის“ პროექტის არსებობა. გარდა ამისა, ორგანიზაციის წევრები გამოირჩევიან მყარი და სტაბილური სოციალური სისტემებით - ყველა მოქალაქეს საჭიროების შემთხვევაში აქვს უფლება ისარგებლოს ძალიან კარგი სოციალური დახმარებით, ღირსეული პენსიით და ზოგან უმუშევრობის შემწეობითაც კი. სოციალურ პასუხისმგებლობასთან ერთად, „ევროპის კავშირი“ უზარმაზარი დოვლათის მატარებელია და „მთლიანი შიდა პროდუქტის“ („მშპ“) გათვალისწინებით მოწინავე პოზიციებს იკავებს მსოფლიოში. ორგანიზაციის სიკეთეების ჩამოთვლა უსასრულოდ შეიძლება, ამიტომ გასაკვირი არაა მთელი რიგი ქვეყნების, მათ შორის, საქართველოს მისწრაფება მასში გაწევრიანებისკენ.

საქართველო-„ევროკავშირის“ ურთიერთობები 1991 წლიდან დღემდე

საქართველო-„ევროკავშირის“ ურთიერთობების ათვლა დაიწყო 1991-1992 წლიდან, ანუ საბჭოთა კავშირის დაშლისა და ქვეყნის მიერ დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, მათ ურთიერთობებში ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენები ქრონოლოგიურად ასე გამოიყურება: 1) 1996 წ. - ხელი მოეწერა „პარტნიორობისა და თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებას“ (PCA); 2) 2004 წ. - საქართველო ჩაერთო „ევროპულ სამეზობლო პოლიტიკაში“ (ENP); 3) 2008 წ. - „აგვისტოს ომის“ შემდეგ შეიქმნა „ევროკავშირის მონიტორინგის მისია“ (EUMM); 4) 2009 წ. - ქვეყანა ჩაერთო „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ინიციატივაში (EaP); 5) 2014 წ. - ხელი მოეწერა „ასოცირების შეთანხმებასა“ (AA) და „ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის სივრცის“ ამოქმედებას (DCFTA). საყურადღებოა, რომ ორივე მათგანი ძალაში შევიდა 2016 წელს; 6) 2017 წ. - დაწესდა ვიზალიბერალიზაცია და სხვ. აღსანიშნავია, რომ დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ „ევროკავშირი“ საქართველოსთვის ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი ფინანსური მხარდამჭერია. კერძოდ, 1992 წლიდან დღემდე ორგანიზაციის ანგარიშებიდან გადმოირიცხა 2 მილიარდზე მეტი ევრო, რომელიც მიზნად ისახავდა ქვეყანაში ეკონომიკის განვითარებას, სახელმწიფო ინსტიტუტების გაძლიერებას, დემოკრატიული მმართველობის გამყარებას, სკოლების რეაბილიტაციას და ა.შ.

ევროპულ ოჯახამდე გასავლელი გზა

საქართველო „ევროკავშირში“ გაწევრიანებაზე განაცხადს 2024 წელს გააკეთებს. თუმცა, ამ გზაზე ორი მთავარი დაბრკოლება ისახება: პირველი არის რუსეთის ფაქტორი, რომელიც, უკრაინისა და სომხეთის მსგავსად, ყველაფერს აკეთებს ამ პროცესის ჩასაშლელად. მეორე მნიშვნელოვან წინააღმდეგობას წარმოადგენს ქვეყნის შიდა დემოკრატიის დაბალი ხარისხი, ისევე, როგორც ეკონომიკური სიძლიერის არასასურველი დონე. ნებისმიერ შემთხვევაში, საქართველომ ყველა ღონე უნდა იხმაროს და „ევროპის კავშირში“ გაწევრიანება შეუქცევადი გახადოს.

ბექა კაციტაძე

09.11.2021
ნახვა 400

კომენტარები