მთავარი საგარეო პოლიტიკა უკრაინა - თურქეთი თამაში: პრობლემა რუსეთისათვის, შანსი რეგიონისათვის

უკრაინა - თურქეთი თამაში: პრობლემა რუსეთისათვის, შანსი რეგიონისათვის

06.11.2021
ნახვა 312

2021 წლის 26 ოქტომბერს, უკრაინაში, დომბასის ფრონტზე, თურქული ბაირაქტარის სადაზვერვო და დამრტყმელი უპილოტო კომპლექსი პირველად გამოიყენეს. სირია, ლიბიასა და მთიან ყარაბაღში გამოცდილი სამხედრო აპარატები უკრაინას საშუალებას აძლევს ხმელეთზე აბსოლუტური უპირატესობა მოიპოვოს, რუსეთის მიერ მხარდაჭერილი სეპარატისტების წინააღმდეგ, აღმოსავლეთ უკრაინაში. დღეისათვის უკრაინის საკუთრებაში სულ რამოდენიმე ბაირაქტარია, მაგრამ თურქეთსა და უკრაინას შორის თანამშრომლობა ღრმავდება. ეს რეალობა შემაშფოთებელია ოფიციალური მოსკოვისათვის, როგორც მოსალოდნელი იყო შავი ზღვის რეგიონის სამ უმნიშვნელოვანეს მოთამაშეს შორის ურთიერთობა საკმაოდ დაიძაბა.

უკრაინის სწრაფვა დასავლეთისაკენ - წითელი ხაზი რუსეთისათვის

2021 წლი 15 ოქტომბერს თურქეთისა და უკრაინის პრეზიდენტებმა ხელი მოაწერეს სამხედრო თანამშრომლობის შეთანხმებას, რაც გააღრმავებს თავდაცვით პარტნიორობას, როგორც მცდელობას შავი ზღვის რეგიონში რუსეთის დომინანტობის დასაბალანსებლად. ამ პარტნიორობას ორივე მხარისთვის სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს. შავი ზღვის ჩრდილოეთ და სამხრეთ სანაპიროებზე დომინანტი, უკრაინა და თურქეთი ბუნებრივი რეგიონალური პარტნიორები არიან უსაფრთხოების სფეროში. თურქეთი მხარს უჭერს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას და მომხრეა კიევის ინიციატივ, მოახდინოს "ყირიმის პლატფორმის" ფორმირება. უკრაინაში მიმდინარე პროცესები წითელი ხაზია რუსეთისათვის. მჭიდრო სამხედრო თანამშრომლობა თურქეთთან, უკრაინასა და ამერიკას შორის გაფორმებული სტრატეგიული ხელშეკრულება და ამერიკის თავდაცვის მდივანის ლოიდ ოსტინის განცხადება, რომ „ნატოს წევრი ქვეყნების გადაწყვეტილებაში ვერცერთი მესამე ქვეყანა ვერ ჩაერევა“- საფრთხის შემცველია კრემლისათვის. საპასუხოდ, ირიმთან ახლოს, შავ ზღვაში რუსულმა შავი ზღვის ფლოტმა მტრის სამიზნეების განადგურებაზე ივარჯიშა. სამხედრო წვრთნებს წინ, კ რუსეთი პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინმა განცხადება გააკეთა, სადაც შეშფოთება გამოთქვა რუსეთის საზღვრებთან ნატოს აქტიურობასთან დაკავშირებით. ამასთანავე, რუსეთმა თურქეთის აგროპროდუქციის ემბარგოთი დასჯა გადაწყვიტა და ქვეყანაში თურქული მანდარინის იმპორტი აიკრძალა. (სწორედ ეს მეთოდი გამოიყენა საქართველოს წინააღმდეგ 2006 წელს).

ანკარას აქვს კარგი ურთიერთობა რუსეთთან, განსაკუთრებით ენერგეტიკულ სექტორში. რუსეთი აშენებს ატომურ ელექტროსადგურს თურქეთში, და ისინი თანამშრომლობენ სირიაში. თუმცა, პარალელურად კიევსა და ანკარას შორის მჭიდრო სტრატეგიული პარტნიორობაა. გარდა პოლიტიკური და უსაფრთხოების 2+2 „კვადრიგა“ ფორმატით კონსულტაციებისა, აქტიურად მიდის მუშაობა თურქეთ უკრაინას შორის თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების გაფორმებაზეც. ამასთანავე მიდის მუშაობა თურქული უპილოტო საფრენი აპარატების ბაირაქტარების ერთობლივ წარმოებასთან დაკავშირებით. უკრაინასა და რუსეთს შორის კონფლიქტის გამწვავების შემთხვევაში, თურქეთი უკიდურესად მძიმე ვითარებაში აღმოჩნდება.

გარდა ყოველივე ზემო აღნიშნულისა, თურქეთისათვის უკრაინასთან თანამშრომლობა მნიშვნელოვანია ამერიკასთან ურთიერთობის დასათბობად. შტატებში ღიად აცხადებენ ოფიციალური კიევის მხარდაჭერას და საუბრობენ, როგორც სამხედრო ასევე ეკონომიკურ მხარდაჭერაზე. ამერიკა არ იღებს არგუმენტს, რომ თურქეთი ერთადერთი ძალაა რეგიონში რუსეთის ექპანსიონიზმის შესაჩერებლად. ანკარა რჩება „რბილ დამბალანსებლად“ რეგიონში. თურქეთის პრეზიდენტის ორმაგი თამაში, ერთის მხრივ უკრაინასთან მჭიდრო პარტნიორობა და მეორეს მხრივ რუსეთთან თანამშრომლობა ლიბიასა და სირიაში, ასევე „3+3 ფორმატის“ აქტიური მხარდაჭერა სერიოზულ ეჭვებს აჩენს დასავლეთში. ახლა რუსეთსა და უკრაინას შორის მზარდი დაძაბულობა თურქეთს აძლევს შესაძლებლობას გააძლიეროს თავისი კავშირები ამერიკასთან და ნატოს დანარჩენ წევრებთან. მიუხედავად ამისა, არ არსებობს რაიმე წინაპირობა, რის მიხედვითაც შეიძლება ვივარაუდოთ, რომ თურქეთი უშუალოდ ჩაერთვება ინტერვენციაში, ისე როგორც ეს ლიბიასა და მთიან ყარაბაღში მოხდა.

უკრაინაში განვითარებული მოვლენების მნიშვნელობა რეგიონისათვის

ოფიციალური კრემლის განცხადებით, უკრაინა-თურქეთის სამხედრო თანამშრომლობა საფრთხეს უქმნის რეგიონის უსაფრთხოებას. რუსეთი და თურქეთი მნიშვნელოვანი მოთამაშეები არიან შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხში. ნაკლებად წარმოსადგენია, მათი ურთიერთობების უკიდურესად გამწვავება და სიტუაციის ესკალაცია. თუმცა განვითარებულ მოვლენებს დიდი გავლენა ექნება, როგორც უკრაინაზე, ასევე საქართველოზეც.

ყირიმის ანექსიის შემდეგ, რეგიონში რუსეთის მიერ პოზიციის გამყარების და შავი ზღვის აუზში მიმდინარე მზარდი მილიტარიზაციის ტენდენციის გათვალისწინებით, დასავლეთისათვის შავი ზღვის აუზს კიდევ უფრო დიდი, პოლიტიკური და სამხედრო მნიშვნელობა ენიჭება. ამის ნათელი მაგალითია ნატო - საქართველოს თანამშრომლობა შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხთან დაკავშირებით და ყოველწლიურად გამართული წვრთნები. ამასთანავე, თვალსაჩინოა ამერიკის დამოკიდებულება უკრაინის მიმართ, მისი გაზრდილი ინტერესი მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით და სამხედრო და პოლიტიკური თანამშრომლობა.

შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხებში საქართველო აქტიურად თანამშრომლობს ნატოს წევს სახელმწიფოებთან. შესაბამისად, თურქეთ-უკრაინის პარტნიორობა, ერთგვარი შანსია ოფიციალური თბილისისათვის საერთაშორისო სივრცეში კიდევ უფრო გააღრმავოს დასავლეთსა და თურქეთთან სამხედრო-პოლიტიკური თანამშრომლობა. თურქეთი საქართველოს სტრატეგიული პარტნიორია, უკრაინასთან კი ოფიციალურ თბილისს მჭიდრო დიპლომატიური და ეკონომიკური ურთიერთობები აკავშირებს. შესაბამისად, კიევისა და ანკარის რუსეთის წინააღმდეგ გადადგმული ერთობლივი ნაბიჯები და საკითხისადმი გამოხატული დასავლეთის ინტერესი, მნიშვნელოვანია საქართველოსთვის, განსაკუთრებით თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადების შემდეგ, რომელმაც მზადყოფნა გამოთქვა შავი ზღვის ორი ქვეყნის ნატოში ინტეგრაციის ხელშეწყობასთან დაკავშირებით.

ანი ერგემლიძე

06.11.2021
ნახვა 312

კომენტარები