მთავარი უსაფრთხოება ვის ხელშია სამხრეთ კავკასიის სტაბილურობა?

ვის ხელშია სამხრეთ კავკასიის სტაბილურობა?

ზანგეზურის დერეფნის საკითხი და ვლადიმერ პუტინის გზავნილები „ვალდაის“ კლუბიდან
29.10.2021
ნახვა 281

უთანხმოება ზანგეზურის დერეფნის გახსნის თაობაზე დასასრულს უახლოვდება

მთიანი ყარაბაღის მეორე ომიდან უკვე 1 წელი გავიდა. 2020 წლის 27 სექტემბერს, ყარაბაღში ფართო მასშტაბიანი საბრძოლო მოქმედებები დაიწყო, რომელიც 44 დღეს გაგრძელდა. 2020 წლის 9 ნოემბერს, აზერბაიჯანისა და სომხეთის ლიდერებმა, რუსეთის პრეზიდენტთან ერთად, ცეცხლის შეწყვეტის თაობაზე ერთობლივი განცხადება მიიღეს, რომელიც ძალაში 10 ნოემბერს შევიდა. რუსი სამშვიდობოები კონფლიქტის ზონაში განთავსდნენ, სომხეთს კი გარკვეულ ტერიტორიებზე უარის თქმა მოუწია.

რუსეთი სამშვიდობო პროცესის მთავარ შუამავლად რჩება და ამ კუთხით, კრემლს ბევრი კონკურენტი არც ჰყოლია. რუსეთის შუამავლობით გაფორმებული სამმხრივი შეთანხმების დეტალები კონფლიქტის მხარეებისთვის ერთი შეხედვით მისაღები იყო, მაგრამ ზანგეზურის დერეფნის გახსნის საკითხი უთანხმოების საგნად იქცა. სომხეთი ზანგეზურის დერეფნის საავტომობილო გზის განბლოკვაზე უარს აცხადებდა, თუმცა ბოლო დროს განვითარებულმა მოვლენებმა ცხადჰყო, რომ რუსეთის ზეწოლის შედეგად, ეს წინააღმდეგობაც დაძლევადია. 26 ოქტომბერს, აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანთან ერთად, ზანგეზურის დერეფნის გახსნას უკვე საფუძველი ჩაუყარა. აღნიშნულმა დერეფანმა უახლოეს მომავალში, თურქეთი და აზერბაიჯანი საავტომობილო გზით უნდა დააკავშიროს.

ბოლო 1 თვის განმავლობაში, რუსეთში ზანგეზურის დერეფნის გახსნის საკითხზე ინტენსიური მოლაპარაკებები მიმდინარეობდა. 12 ოქტომბერს, რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი პირადად შეხვდა სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს და მასთან მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მოუგვარებელი საკითხები განიხილა. 13 ოქტომბერს, მოლაპარაკებებში რუსეთის საპატრიარქოც ჩაერთო, რომლის ორგანიზებით, რუსეთის, სომხეთისა და აზერბაიჯანის უმაღლესი სასულიერო პირების შეხვედრა გაიმართა. 14 ოქტომბერს, სამივე ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრები შეიკრიბნენ და 2020 წლის სამმხრივი შეთანხმების დეტალები განიხილეს. 20 ოქტომბერს კი, რუსეთის, აზერბაიჯანისა და სომხეთის ვიცე-პრემიერებმა სამხრეთ კავკასიაში სატრანსპორტო კომუნიკაციების აღდგენის საკითხზე იმსჯელეს.

აღნიშნული მოლაპარკებების ფონზე, სომხეთის პრემიერმა, ნიკოლ ფაშინიანმა 15 ოქტომბერს, დსთ-ს სამიტზე განაცხადა, რომ სამმხრივი სამუშაო ჯგუფის ფარგლებში, ყველა ტიპის სატრანსპორტო კომუნიკაციის გასახსნელად მუშაობა მიმდინარეობს. ფაშინიანმა იმედი გამოთქვა, რომ მალე კონკრეტული შედეგებიც იქნება მიღწეული – სომხეთი სარკინიგზო და საავტომობილო გზით დაუკავშირდება რუსეთს, ასევე სარკინიგზო გზით – ირანს, აზერბაიჯანს კი საშუალება ექნება, სომხეთის ტერიტორიის გავლით ნახიჭევანთან სარკინიგზო მიმოსვლა ჰქონდეს. როგორც ფაშინიანმა განმარტა, რეგიონში მტრული ატმოსფეროს დაძლევამ და სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განბლოკვამ, შესაძლოა, დამატებითი იმპულსი მისცეს ქვეყნის გრძელვადიან ეკონომიკურ ზრდას.

ეს ყველაფერი წინა მოსამზადებელ სამუშაოებად შეიძლება შევაფასოთ 8-9 ნოემბრის შეხვედრამდე, როდესაც სომხეთისა და აზერბაიჯანის ლიდერები მოსკოვში, ვლადიმერ პუტინთან უნდა წარსდგნენ. რუსეთის შუამავლობით მიღწეული შეთანხმების სრულად რეალიზება კრემლის პრესტიჟის საკითხია, შესაბამისად, მოსკოვი ძალისხმევას არ იშურებს, რომ მხარეებმა ცალკეულ საკითხებზე წინააღმდეგობა შეწყვიტონ. გარდა ამისა, მედიის ინფორმაციით, ნოემბრის შეხვედრაზე, ვლადიმერ პუტინი, ილჰამ ალიევი და ნიკოლ ფაშინიანი ახალ სამმხრივ განცხადებას მოაწერენ ხელს. მხარეები გააფორმებენ დოკუმენტს, რომელშიც საუბარი იქნება სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვრის დემარკაციისა და დელიმიტაციის პროცესზე და რეგიონში სატრანსპორტო კომუნიკაციების გახსნაზე.

ვალდაის კლუბის გზავნილები - რა თქვა პუტინმა?

21 ოქტომბერს, ვლადიმერ პუტინმავალდაის“ საერთაშორისო სადისკუსიო კლუბის პლენარულ სხდომაში მიიღო მონაწილეობა. გლობალურ საკითხებთან ერთად, მან სომხეთისა და აზერბაიჯანის ურთიერთობებზეც ისაუბრა და მნიშნველოვანი გზავნილებიც გააკეთა საერთაშორისო საზოგადოების მისამართით. რუსეთის პრეზიდენტმა ორი სახელმწიფოს უსაფრთხო თანაარსებობისა და ეკონომიკური განვითარების პირობების შექმნის აუცილებლობაზე გაამახვილა ყურადღება. პუტინმა პოლიტიკური სიბრძნე მოუწონა ორივე მხარის ლიდერს, რომ სირთულეების მიუხედავად, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები მიიღეს.

ვალდაის კლუბში“ პუტინის სიტყვით გამოსვლამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ რუსეთი სამხრეთ კავკასიაში მედიატორის როლს არავის დაუთმობს. მისი სიტყვა მიმართული იყო არა მხოლოდ რეგიონალური მოთამაშეებისა და კონფლიქტის მონაწილეებისადმი, არამედ ყველა იმ აქტორისკენ, ვისაც მთიანი ყარაბაღის მოლაპარაკებების პროცესზე გავლენის მოხდენა სურთ. რუსეთის პრეზიდენტმა ხმამაღლა განაცხადა, რომ რუსეთის მონაწილეობის გარეშე შეუძლებელია ორ ქვეყანას შორის საზღვრების დადგენა, რადგან რუკები, რომლებიც ასახავს, თუ როგორ იყო საზღვარი საბჭოთა რესპუბლიკებს შორის, რუსეთის არმიის გენერალურ შტაბში ინახება.

პუტინმა განსაკუთრებული აქცენტი გააკეთა კონფლიქტის ზონაში განთავსებული რუსული სამშვიდობო კონტინგენტის როლზე, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ რეგიონში ძალაუფლების განსამტკიცებლად, რუსეთი სამხედრო კომპონენტს აქტიურად იყენებს. როგორც პუტინმა აღნიშნა, რუსი მშვიდობისმყოფელების დახმარებით, 50 ათასზე მეტი ლტოლვილი უკვე დაუბრუნდა საკუთარ სახლს. რუსეთის პრეზიდენტმა არ გამორიცხა რუსული კონტინგენტის ყარაბაღში ყოფნის გახანგრძლივება, თუ მხარეები კომპრომისს ვერ მიაღწევენ.

პუტინმა სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის კონფლიქტის დარეგულირების პროცესში, ეუთოს მინსკის ჯგუფის მუშაობის გააქტიურების სურვილიც გამოთქვა. თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ მინსკის ჯგუფის აქტიური ჩართულობის შემთხვევაში, რუსეთი შუამავლის როლს დათმობს. მოსკოვს სურს, რომ დარჩეს მთლიანი პროცესის მოდერატორად, მაგრამ როდესაც საქმე უშუალოდ მთიანი ყარაბაღის სტატუსის გადაწყვეტზე მიდგება, კრემლი ამ საჩოთირო საქმეს ეუთოს მინსკის ჯგუფს მიანდობს. აღსანიშნავია, რომ რუსეთი თავადაც არის ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარე და ბუნებრივია, ის გავლენას მაინც იქონიებს მიღებულ გადაწყვეტილებებზე. შესაბამისად, მოსკოვმა დახვეწილი ტაქტიკა აირჩია - იგი სტატუსის განსაზღვრის პროცესში ნეიტრალურ მონაწილედ დარჩება და არც ერთი მხარის ინტერესებს ღია და უშუალო ჩარევით არ შელახავს.

ამრიგად, რუსეთმა კიდევ ერთხელ მოახდინა იმის დემონსტრირება, რომ კრემლის გარეშე, რეგიონში არსებული კონფლიქტები ვერ გადაწყდება. აზერბაიჯანს და სომხეთს კი, როგორც ჩანს, კიდევ უფრო რთული და მტკივნეული გზის გავლა მოუწევთ სახელმწიფო საზღვრების დემარკაციის პროცესში.

ეკა ჯავახიშვილი

29.10.2021
ნახვა 281

კომენტარები