მთავარი პოლიტიკა დასავლური ინსტიტუტებიდან დანახული ქართული დემოკრატიის ხარისხი

დასავლური ინსტიტუტებიდან დანახული ქართული დემოკრატიის ხარისხი

24.10.2021
ნახვა 393

დღესდღეობით, ქართულ პოლიტიკურ ველზე მიმდინარე მოვლენების შეფასებაში „დასავლეთს“ განსაკუთრებული და საპატიო ადგილი უკავია. კერძოდ, პოლიტიკური თოქ-შოუების წამყვანები, ქუჩაში გამართული სხვადასხვა საპროტესტო აქციის მონაწილეები, საქართველოს პარლამენტისა და მინისტრთა კაბინეტის წევრები, თუ ოპოზიციაში მყოფი პოლიტიკოსები, ხშირად იშველიებენ, თავს იწონებენ ან მანიპულირებენ კიდეც „დასავლური“ ინსტიტუტების მიერ შეჯერებული პოზიციებით, რომელთაც უმეტეს შემთხვევაში მათთვის ვერდიქტის ტოლფასი გავლენა და ფორმა აქვს. მაგალითად, ერთ-ერთი ცენტრალური და ფუნდამენტური საკითხია საქართველოს დემოკრატიულობის ხარისხი, რომლის შესახებაც „დასავლეთს“ საკუთარი შეფასების სქემა და სტანდარტები გააჩნია. ამდენად, საინტერესო და მნიშვნელოვანია გავიგოთ, თანხვედრაშია თუ არა ქვეყნის შიდა აღქმები საქართველოს პოლიტიკური რეჟიმის შესახებ „დასავლურ“ წარმოდგენებთან.

The Economist Intelligence Unit (EIU) – „დემოკრატიის ინდექსი“

ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი „დასავლური“ ინსტიტუტი არის ლონდონში ბაზირებული კერძო კომპანია „ეკონომისტების ჯგუფი“, რომელმაც 1843 წელს დააარსა საქვეყნოდ ცნობილი გაზეთი „ეკონომისტი“, ხოლო 2006 წლიდან სათავე დაუდო „დემოკრატიის ინდექსის“ ფუნქციონირებას. სწორედ ეს უკანასკნელი განსაზღვრავს ყოველწლიურად მსოფლიოში დემოკრატიის ხარისხს და ქვეყნებს აჯგუფებს 4 კატეგორიის მიხედვით: 1) სრული დემოკრატიები (Full democracies); 2) ნაკლული დემოკრატიები (Flawed democracies); 3) ჰიბრიდული რეჟიმები (Hybrid regimes); და 4) ავტორიტარული რეჟიმები (Authoritarian regimes). გარდა ამისა, „დემოკრატიის ინდექსის“ ფარგლებში, ქვეყნის პოლიტიკური რეჟიმის შეფასებისას ყურადღება ექცევა საარჩევნო პროცესის პლურალიზმს, ხელისუფლების ფუნქციონირების, პოლიტიკური მონაწილეობის, პოლიტიკური კულტურის ხარისხებს და სამოქალაქო თავისუფლებებს.

2012 წელს, ანუ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ (შემოკლებით - „ენმ“) ხელისუფლების უმრავლესობაში ყოფნის ბოლო წელიწადს, საქართველო „დემოკრატიის ინდექსის“ სიაში 5,53 ქულით 93-ე ადგილს იკავებდა და ჰიბრიდული რეჟიმების კატეგორიაში იყო მოთავსებული. აღსანიშნავია, რომ 2012 წელს 167 სახელმწიფოდან ჰიბრიდული რეჟიმების განყოფილებაში მოხვდა 37 ქვეყანა, რომელთა შორის, საქართველოსა და სომხეთის გარდა, ევროპის კონტინენტიდან წარმოდგენილი იყო მხოლოდ 3 სახელმწიფო (უკრაინა, ალბანეთი და ბოსნია-ჰერცეგოვინა).

დემოკრატიის ინდექსის“ ბოლო კვლევა და მონაცემები 2020 წლით თარიღდება, ხოლო მიმდინარე წლის შედეგები, სავარაუდოდ, რამდენიმე თვის მანძილზე გამოქვეყნდება. კერძოდ, 2020 წელს კვლევა ჩატარდა, ჩვეულებისამებრ, 167 ქვეყნის მაგალითზე. საქართველო ამჯერადაც ჰიბრიდული რეჟიმების კატეგორიაში 5,31 ქულით 91-ე პოზიციაზე გავიდა. აქედან გამომდინარე, რომ შევადაროთ, 2012-სა და 2020 წლებს შორის „ეკონომისტების ჯგუფის“ ანგარიშით საქართველოს პოლიტიკური რეჟიმი პრაქტიკულად არ შეცვლილა, რადგან, როგორც აღინიშნა, თუკი 2012 წელს 167 ქვეყანას შორის საქართველო იყო 93-ე ადგილზე, 2020 წელს სულ რაღაც ორი პოზიციით დაწინაურდა და 91-ე ადგილი დაიკავა.

წყარო: The Economist Intelligence Unit (EIU)

ყურადსაღებია ჰიბრიდული რეჟიმების ის განმარტება, რომელსაც გვთავაზობს „დემოკრატიის ინდექსის“ ყოველწლიური ანგარიში: „ჰიბრიდულ რეჟიმებში არჩევნები მიმდინარეობს არსებითი დარღვევებით, რომელიც ხელს უშლის მას იყოს ერთდროულად თავისუფალი და სამართლიანი. ასევე, შეინიშნება ზეწოლა ოპოზიციურ კანდიდატებზე/პარტიებზე და, ნაკლული დემოკრატიებისგან განსხვავებით, გაბატონებულია სერიოზული სისუსტეები პოლიტიკურ კულტურაში, ხელისუფლების ფუნქციონირებასა და პოლიტიკურ მონაწილეობაში. კორუფციას აქვს ფართომასშტაბიანი სახე და კანონის უზენაესობა მყიფეა. სუსტია, აგრეთვე, სამოქალაქო საზოგადოება. ჩვეულებრივ, ჟურნალისტები განიცდიან ზეწოლასა და შევიწროებას, ხოლო სასამართლო არ არის დამოუკიდებელი.“

Freedom House: „ერები ტრანზიციაში“ – „დემოკრატიის ქულები“

კიდევ ერთი „დასავლური“ კვლევითი ინსტიტუტი, რომელიც სხვადასხვა ინდიკატორის მეშვეობით ადგენს მსოფლიოში თავისუფლების ხარისხს, 1941 წელს აშშ-ში დაარსებული „თავისუფლების სახლია“ (ინგლ. Freedom House). „თავისუფლების სახლის“ ჩვენთვის რელევანტური კვლევა ამ შემთხვევაში არის სპეციფიკური ანგარიში სახელწოდებით „ერები ტრანზიციაში“, რომელიც ცენტრალური ევროპისა და ცენტრალური აზიის მაგალითზე ზომავს ხელისუფლების დემოკრატიულობის დონეს. კერძოდ, აღნიშნული ანგარიში ქვეყანას ანიჭებს დემოკრატიულობის შესაბამის ქულას, რომელიც დგინდება შემდეგი კრიტერიუმების გათვალისწინებით: 1) სახელისუფლებო სისტემის დემოკრატიული ბუნება, ისევე, როგორც საკანონმდებლო და აღმასრულებელი შტოების დამოუკიდებლობა, ეფექტურობა და ანგარიშვალდებულება; 2) საარჩევნო პროცესი, რომელიც იზომება მრავალპარტიული სისტემის ფუნქციონირებითა და პოლიტიკურ პროცესში მოსახლეობის მონაწილეობით; 3) სამოქალაქო სექტორის ფინანსური მდგრადობა, ორგანიზაციული ქმედუნარიანობა და პოლიტიკურ/საკანონმდებლო გარემო, რომელშიც ის აგრძელებს არსებობას, სხვ. 4) მასმედიის დამოუკიდებლობა, რომელიც გულისხმობს პრესის თავისუფლებას, სარედაქციო დამოუკიდებლობას, ჟურნალისტების შევიწროების სიხშირეს და ა.შ. 5) ძალაუფლების დეცენტრალიზაცია, ადგილობრივი ხელისუფლებების ორგანოების ქმედუნარიანობა, ანგარიშვალდებულება და გამჭვირვალობა.

ზემოთ ჩამოთვლილ კრიტერიუმებზე დაყრდნობით, 2012 წელს „თავისუფლების სახლმა“ სახელმწიფოთა დემოკრატიული პროგრესი შეაფასა 7 ქულიანი სკალით, საიდანაც 1 იყო უმაღლესი ქულა, ხოლო 7 - ყველაზე ცუდი მაჩვენებელი. აღსანიშნავია, რომ ამ წელს საქართველო მოხვდა „გარდამავალი (ტრანზიციული), იგივე ჰიბრიდული რეჟიმების“ კატეგორიაში და მოიპოვა 4,75 ქულა. „გარდამავალი (ტრანზიციული), იგივე ჰიბრიდული რეჟიმების“ გარდა, კატეგორიების ნუსხაში წარმოდგენილი იყო: „ნახევრად-კონსოლიდირებული ავტორიტარული რეჟიმები“, „კონსოლიდირებული ავტორიტარული რეჟიმები“, „ნახევრად-კონსოლიდირებული დემოკრატიები“ და „კონსოლიდირებული დემოკრატიები“. ხოლო 2020 წელს „თავისუფლების სახლმა“ შეცვალა 7 ქულიანი შეფასების სკალა და, 2012 წლისგან განსხვავებით, 1 ქულას მიანიჭა ყველაზე დაბალი, ხოლო 7 ქულას - ყველაზე მაღალი მნიშვნელობა. 2012 წლის მსგავსად, საქართველო ამჯერადაც „გარდამავალი (ტრანზიციული), იგივე ჰიბრიდული რეჟიმების“ კატეგორიაში მოხვდა და 7-დან მოიპოვა 3,18 ქულა. აქედან გამომდინარე, 9 წლიანი სხვაობის მიუხედავად, დემოკრატიის ხარისხის მიხედვით საქართველოში მდგომარეობა არ შეცვლილა.

წყარო: www.freedomhouse.org

დასკვნა

დასკვნის სახით, შესაძლებელია ითქვას, რომ „ეკონომისტების ჯგუფისა“ და „თავისუფლების სახლის“ გათვლები ერთმანეთს ემთხვევა - საქართველო, როგორც 2012 წელს „ენმ“-ის ხელისუფლების უმრავლესობაში ყოფნის დროს, ისე 2020 წელს „ქართული ოცნების“ მმართველობისას, ჰიბრიდული რეჟიმის სახით კლასიფიცირდება. თუმცა, პოლიტიკური რეჟიმის კონტექსტში 2012 და 2020 წლებს შორის სხვაობის არარსებობა ჩემთვის გაუგებარი და დამაბნეველია - მართალია, სხვა ინდიკატორები, შესაძლოა, არც შეცვლილა, რასაც ვერ ვიტყვით ძალადობრივი პოლიტიკის განხორციელებაზე. კერძოდ, 2012 წელს თვით „ევრონიუსზე“ გასული ე.წ. „ციხის კადრებიც“ კი საკმარისია მაშინდელი ხელისუფლებისთვის პოლიტიკური თუ სამართლებრივი განაჩენის გამოსატანად, რაც საკმაოდ მსუყედ უნდა ასახულიყო „დასავლელთა“ წარმოდგენებში. ამასთანავე, უნდა ითქვას, რომ პოლიტიკური რეჟიმების ყოველწლიური მიმოხილვა მმართველი პარტიების საქმიანობის შესაფასებლად სრულ სურათს არ იძლევა. აგრეთვე, არც მხოლოდ ორი „დასავლური“ ინსტიტუტის მოსაზრებები ავსებს ქართული დემოკრატიის ხარისხის გასაზომად არსებულ ვაკუუმს. ნებისმიერ შემთხვევაში, „სრულ“ და „კონსოლიდირებულ“ დემოკრატიულ მმართველობამდე საქართველოს ჯერ კიდევ დიდი გზა აქვს გასავლელი და ბევრი გამოცდა - ჩასაბარებელი.

ბექა კაციტაძე

24.10.2021
ნახვა 393

კომენტარები