მთავარი საგარეო პოლიტიკა აშშ-ის თავდაცვის მდივნის ვიზიტი საქართველოში

აშშ-ის თავდაცვის მდივნის ვიზიტი საქართველოში

რას ემსახურება ლოიდ ოსტინის ევროპული ტურნე?
21.10.2021
ნახვა 333

შავი ზღვის რეგიონი და აშშ

აშშ-ის თავდაცვის მდივანი, ლოიდ ოსტინი საქართველოს 18 ოქტომბერს ეწვია. მისი ვიზიტი შავი ზღვის რეგიონის ქვეყნებში სწორედ თბილისიდან დაიწყო. ლოიდ ოსტინი უკრაინასა და რუმინეთსაც ეწვევა და ევროპულ ტურნეს დაასრულებს ბრიუსელში, სადაც ნატოს წევრი სახელმწიფოების თავდაცვის მინისტრების სხდომაა დაგეგმილი. თბილისში ყოფნის დროს, ოსტინმა საქართველოს აშშ-ის მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაუდასტურა და მნიშვნელოვანი მესიჯები გააჟღერა რეგიონისთვის აქტუალურ თემებზე. ოსტინის თბილისში ვიზიტის ოფიციალური მიზანი აშშ-სა და საქართველოს შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავებაა, თუმცა უფრო ფართო ჭრილში, რეგიონული უსაფრთხოების განმტკიცებას ემსახურება. თავდაცვის მდივნის ვიზიტის ფარგლებში, ხელი მოეწერა შეთანხმებას „საქართველოს თავდაცვისა და შეკავების გაძლიერების ინიციატივის შესახებ“ და ის მიზნად ისახავს 2018 წელს დაწყებული საწვრთნელი პროგრამის გაგრძელებას. როგორც ოსტინმა აღნიშნა, ინიციატივა ფოკუსირებულია საქართველოს თავდაცვითი ინსტიტუტების გაუმჯობესებაზე და ნატოსთან თავსებადობის ამაღლებაზე. პენტაგონის ხელმძღვანელმა თბილისში ასევე განაცხადა, რომ აშშ კვლავაც მონდომებით დაეხმარება საქართველოს ნატოში გაწევრიანების გზაზე, თუმცა მიანიშნა, რომ დემოკრატიის სფეროში არსებული გარკვეული პრობლემები კვლავ მოსაგვარებელია.

უკრაინაში ყოფნისას, ოსტინმა ასევე მხარდაჭერა გამოხატა უკრაინის ნატოში გაწევრიანების თაობაზე და რუსეთს მოუწოდა შეწყვიტოს უკრაინის ოკუპაცია, შავი ზღვის რეგიონში მადესტაბილიზებელი აქტივობები და კიბერ შეტევები აშშ-ის წინააღმდეგ.

აშშ-ის თავდაცვის მდივნის ვიზიტი ნათელი დემონსტრირებაა, რომ შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხი აშშ-ს უსაფრთხოების დღის წესრიგში მნიშვნელოვან ადგილს იკავებს. ყირიმის ნახევარკუნძულის უკანონო ანექსიის შემდეგ, შავ ზღვაში სამხედრო ძალთა ბალანსი რუსეთმა მნიშვნელოვნად შეცვალა. აღნიშნული კი შეშფოთებას იწვევს ნატოს წევრ ქვეყნებს შორის. გამომდინარე აქედან, აშშ-ის თავდაცვის მდივნის შავი ზღვის ქვეყნებში ვიზიტი საშუალებას გვაძლევს ვივარაუდოთ, რომ საუბარი არა მხოლოდ მასპინძელი ქვეყნების სამხედრო დახმარებას, არამედ შავ ზღვაში ნატოს გაძლიერებასაც შეეხება.

შავი ზღვის რეგიონის მიმართ ვაშინგტონის დაინტერესებაზე აშშ-ის სახმელეთო ძალების ყოფილი მეთაური, ბენ ჰოჯესიც საუბრობს და თავდაცვის მდივნის ვიზიტს აშშ-ის მიერ საქართველოს მხარდაჭერის გზავნილად აფასებს.

3+3 ფორმატის შეფასება

რეგიონული თანამშრომლობის ფორმატი „3+3“ თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის მიერ გაჟღერებული ინიციატივაა, რომელსაც მხარს უჭერს რუსეთი, აზერბაიჯანი და ირანი, საქართველო და სომხეთი კი, რიგი მიზეზების გამო, სკეპტიკურად არიან განწყობილნი შემოთავაზებული ფორმატის მიმართ. საქართველოსთვის წითელ ხაზს წარმოადგენს თანამშრომლობის აღნიშნული ფორმატში რუსეთის ჩართულობა, რომელიც დღემდე არ წყვეტს საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას. „3+3“ ფორმატში მონაწილეობა ნიშნავს თვალის დახუჭვას საქართველოს სუვერენიტეტის შელახვაზე და მოლაპარაკებების მაგიდასთან დაჯდომას ოკუპანტ ქვეყანასთან, რომელმაც საქართველოს სეპარატისტული რეგიონების „სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა“ აღიარა. გარდა ამისა, „3+3“ ფორმატი დასავლეთის ჩართულობის შემცირებას მოიაზრებს სამხრეთ კავკასიის რეგიონის დონეზე. თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ რუსეთი, თურქეთი და ირანი დასავლეთის მხრიდან სანქცირებულები არიან, საქართველოსთვის სრულიად მიუღებელი უნდა იყოს ისეთ ფორმატში რაიმე სახით ჩართვა, რაც თბილისის სტრატეგიული პარტნიორების ინტერესების დაკნინებას ემსახურება.

აღსანიშნავია, რომ გასულ კვირას, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა გამოთქვა მოსაზრება რეგიონულ პროექტებში ჩართვის აუცილებლობის შესახებ, რაც პრაქტიკულად არ გამორიცხავს „3+3“ ფორმატში მონაწილეობას. მისი თქმით, ამ ფორმატში მონაწილეობა „რა თქმა უნდა, ძალიან გაჭირდება ოკუპანტ ქვეყანასთან ერთად, იმ პირობებში, როდესაც ჩვენ ვერ ვხედავთ ვერანაირ პროცესს დეოკუპაციის მიმართულებით... მაგრამ რაღაცა ფორმით, ამ დიდ გეოპოლიტიკურ პროექტებში უნდა ჩაერთოს საქართველო, თუმცა არა სახელმწიფო ინტერესების ხარჯზე“. ამ განცხადებას ქართული საზოგადოების მხრიდან მძაფრი კრიტიკა მოჰყვა.

აღნიშნულ ფორმატთან დაკავშირებით, თბილისში ყოფნისას, ლოიდ ოსტინმაც საკმაოდ კრიტიკული პოზიცია დააფიქსირა. მან რუსეთს მოუწოდა, შეასრულოს საერთაშორისო საზოგადოების მიერ დაწესებული საბაზისო მოთხოვნები და გაიყვანოს საკუთარი ჯარები საქართველოს ტერიტორიებიდან. „რუსეთი, რომელსაც ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიის 20%, ფოკუსირებული უნდა იყოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ვალდებულებების დაცვაზე, მანამდე, ვიდრე დისკუსიების ახალ პლატფორმებს დაუჭერს მხარს“, - განაცხადა აშშ-ის თავდაცვის მდივანმა. მან ასევე ხაზი გაუსვა აშშ-ისა და სამხრეთ კავკასიის ქვეყნების ერთობლივ მუშაობას და რეგიონული თანამშრომლობის ერთად გაძლიერებას.

ვიზიტის მნიშვნელობა რეგიონულ ჭრილში

საინტერესოა, რომ შავი ზღვის რეგიონში უსაფრთხოების გასაძლიერებლად აშშ-ის წარმომადგენელი საქართველოს ეწვია, მაშინ როდესაც რეგიონში ნატოს წევრი შავი ზღვის ქვეყანა არის თურქეთი. აღნიშნულის მიზეზი შეიძლება აშშ-სა და თურქეთს შორის არსებულ დაძაბულობას უკავშირდებოდეს. მხარეთა უთანხმოების მიზეზი თურქეთის მიერ რუსეთისაგან საზენიტო-სარაკეტო სისტემა „S-400-ის შეძენა გახდა. აშშ-ის მხრიდან არაერთი მოწოდებისა და გაფრთხილების მიუხედავად, თურქეთი „S-400 სისტემებთან დაკავშირებით აზრს არ იცვლის.

შავი ზღვის უსაფრთხოების კუთხით, მნიშვნელოვან დატვირთვას იძენს სტამბოლის მშენებარე არხი, სადაც მონტროს კონვენციის გავრცელების საკითხი ანკარას გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული. მონტროს კონვენცია შავ ზღვაში, ბოსფორისა და დარდანელის სრუტეების გავლით, სამხედრო ხომალდების შესვლას არეგულირებს, რომლის თანახმად, მშვიდობიან პერიოდში, არაშავიზღვისპირა სახელმწიფოს არაუმეტეს 45 ათასი ტონა წყალწყვის გემებს მაქსიმუმ 21 დღე შეუძლიათ იქ გაჩერება. შესაბამისად, თუ აშშ-სა და თურქეთს შორის ურთიერთობები სტაბილურად გაგრძელდება და მხარეები კომპრომისს მიაღწევენ, მაშინ სტამბოლის არხი დასავლეთისათვის შავ ზღვაში ძალთა ბალანსის ახალ შესაძლებლობას შექმნის, რადგან ის ნატოს წევრი სხვა ქვეყნებისთვის გახდება ღია და რუსეთის დომინანტობა შავ ზღვაზე დასრულდება. სხვა შემთხვევაში, თუ აშშ-სა და თურქეთს შორის ურთიერთობა არ გაუმჯობესდება და თურქეთი რუსეთთან სამხედრო თანამშრომლობის გაგრძელებას მიანიჭებს უპირატესობას, შესაძლოა, მონტროს კონვენცია სტამბოლის არხზეც გავრცელდეს, ეს კი მხოლოდ გააძლიერებს რუსეთის პოზიციებს რეგიონში.

გარდა ამისა, საყურადღებოა ბოლო პერიოდში, აზერბაიჯანსა და ირანს შორის შექმნილი დაძაბულობა, რაც მოჰყვა აზერბაიჯანის საზღვრის მახლობლად, ირანის ფართომასშტაბიან სამხედრო წვრთნებს. ირანი ცდილობს გავლენის გაძლიერებას რეგიონში და სურს, უფრო მეტად ჩართული იყოს მიმდინარე პროცესებში. აშშ-ის თავდაცვის მდივნის ვიზიტი, ამ კუთხით, შეიძლება მივიჩნიოთ სიგნალად, რომ აშშ რეგიონში ირანისა და თურქეთის ინტერესების გაძლიერების მცდელობებს ყურადღებით აკვირდება.

თამარ ჯანიაშვილი

21.10.2021
ნახვა 333

კომენტარები