მთავარი ეკონომიკა აზერბაიჯანისა და თურქეთის ფარული ენერგეტიკული უთანხმოება

აზერბაიჯანისა და თურქეთის ფარული ენერგეტიკული უთანხმოება

მხარეებმა გაზის მიწოდების გრძელვადიანი ხელშეკრულება დროებითი კონტრაქტებით ჩაანაცვლეს
19.10.2021
ნახვა 313

გაზის მიწოდების ახალი კონტრაქტები

სექტემბრის ბოლოს, აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის გაზის მიწოდების თაობაზე ახალი კონტრაქტი გაფორმდა, რომლის შესახებ ინტენსიური მოლაპარაკებები თითქმის ერთი წელი გრძელდებოდა. ახალი შეთანხმება ბევრად მოკლე ვადაზეა გათვლილი, ვიდრე მისი წინამორბედი 20 წლიანი კონტრაქტი, რომელსაც ვადა აპრილში ამოეწურა. ახალი შეთანხმება 2024 წლის ბოლომდე იმოქმედებს და მხარეებს შორის გაზით ვაჭრობას დაარეგულირებს. თავდაპირველად, აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის შეთანხმება 2001 წელს გაფორმდა, რომლის თანახმად, თურქეთი აზერბაიჯანის შაჰ დენიზის გაზის საბადოდან წელიწადში 6,6 მილიარდ კუბურ მეტრ გაზს იღებდა, რომელიც ბაქო-თბილისი-ერზურუმის მილსადენის მეშვეობით, საქართველოს გავლით, მიეწოდებოდა. 1

გარდა ამისა, 15 ოქტომბერს, აზერბაიჯანმა და თურქეთმა ბაქო-თბილისი-ერზრუმის მილსადენის გავლით, დამატებით 11 მილიარდი კუბური მეტრი ბუნებრივი აირის მიწოდების შესახებ შეთანხმებას მოაწერეს ხელი, რომელიც ასევე 2024 წლის ბოლომდე იქნება ძალაში. აღნიშნული კონტრაქტების მოქმედების ვადა მიუთითებს, რომ თურქეთი და აზერბაიჯანი, ამ ეტაპზე, მცირევადიანი შეთანხმებებით შემოიფარგლებიან და თავს არიდებენ გრძელვადიან გარიგებებს, რაც სავარაუდოდ, გაზის გლობალურ ბაზარზე გაზრდილ მოთხოვნასა და ტარიფების პროპორციულად ზრდას უკავშირდება.

მიუხედავად ქვეყნებს შორის მჭიდრო სამხედრო-პოლიტიკური ურთიერთობისა, რაც 2020 წლის მთიანი ყარაბაღის ომის შემდეგ განსაკუთრებით გააქტიურდა, როგორც ჩანს, მხარეების ეკონომიკური ინტერესები ერთმანეთთან ჰარმონიულ თანხვედრაში არ არის. აპრილის შემდეგ, როცა არსებულ გაზის კონტრაქტს ვადა ამოეწურა, გაჩნდა მოლოდინი, რომ მოლაპარაკებები აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანია SOCAR-ს (რომელსაც ეკუთვნის აზერბაიჯანის გაზის მიმწოდებელი კომპანია (AGSC)) და თურქეთის გაზის სახელმწიფო იმპორტიორ კომპანია BOTAS–ს შორის უპრობლემოდ წარიმართებოდა, მაგრამ კულისებს მიღმა მხარეებს შორის უთანხმოებამ იჩინა თავი. არსებული ინფორმაციით, უთანხმოება პირველ რიგში, გაზის ტარიფს უკავშირდებოდა. საბოლოოდ შეთანხმება სექტემბერში შედგა, თუმცა დეტალები საჯაროდ ხელმისაწვდომი არ გამხდარა. ახალი გაზის შეთანხმების ცერემონიული გაშუქებაც არ მომხდარა, როგორც ეს მხარეებს სჩვევიათ ხოლმე. ერთობლივი ხელმოწერის ცერემონიის ნაცვლად, აზერბაიჯანელმა მაღალჩინოსნებმა მხოლოდ ელექტრონული ფოსტით დაადასტურეს კონტრაქტის გაფორმება.

რატომ გაუჭირდათ ბაქოს და ანკარას ახალი შეთანხმების მიღწევა?

გაზის მიწოდების ხელშეკრულების გახანგრძლივებისთვის მხარეები განსხვავებულ მოლაპარაკებების პოზიციებში იმყოფებოდნენ, მიუხედავად იმისა, რომ ეს შეთანხმება უაღრესად მნიშვნელოვანია როგორც აზერბაიჯანის, ისე - თურქეთისთვის. ბაქოსთვის ევროპაში გაზის ექსპორტისთვის ერთადერთი გზა თურქეთზე გადის.2 ასევე, აზერბაიჯანის სახელმწიფო ბიუჯეტის 60% ნავთობისა და გაზის ექსპორტიდან მიღებული შემოსავლებით ივსება. თურქეთი კი აზერბაიჯანიდან გაზის იმპორტზე დიდწილად არის დამოკიდებული, რუსეთიდან და ირანიდან იმპორტირებულ გაზთან ერთად.

აზერბაიჯანის საბიუჯეტო შემოსავლებს დიდი დარტყმა მიაყენა კოვიდ-პანდემიამ, რამაც 2020 წელს, ქვეყნის მშპ-ი 4.3%-ით შემცირება გამოიწვია. ბაქოში იმედოვნებენ, რომ მიმდინარე წელს, ქვეყნის მშპ კვლავ გაიზრდება, მაგრამ ბიუჯეტს სჭირდება მეტი შემოსავალი ენერგეტიკული რესურსების ექსპორტიდან. ამასობაში, ევროპაში გაზის ფასმა 900 დოლარს გადააჭარბა, რაც იძლევა ვარაუდის საფუძველს, რომ შესაძლოა, ბაქო მოლაპარაკების დროს გაზის ტარიფის გაზრდას ითხოვდა.

რაც შეეხება თურქეთის პოზიციას, პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანის ინტერესებში ნამდვილად არ შედის ენერგორესურსებზე ფასების ზრდა, მითუმეტეს ქვეყანაში ინფლაციის ზრდისა და ეროვნული ვალუტის გაუფასურების პირობებში. გასათვალისწინებელია მოახლოებული საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნებიც, რომელიც 2023 წელს არის დაგეგმილი, ხოლო პრეზიდენტისა და მმართველი „სამართლიანობისა და განვითარების პარტიის (AKP)“ რეიტინგი ისტორიულად ყველაზე დაბალი დონეზეა.

ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ აზერბაიჯანი თურქეთს ახალი კონტრაქტის საფუძველზე გარკვეულ ფასდაკლებას შესთავაზებდა, თუმცა კონტრაქტის დროებითი ხასიათი მეტყველებს, რომ ანკარა ან ბაქო მიღებული შედეგით ნაკლებად კმაყოფილნი არიან.

დივერსიფიკაციის ძიებაში

აზერბაიჯანი ეძებს ახალ კონტრაქტორებსროგორც აზერბაიჯანის პრეზიდენტი, ილჰამ ალიევი აცხადებს, აზერბაიჯანი მზადაა გაზარდოს გაზის მიწოდება ევროპაში, თუკი ევროპელი მომხმარებლებისგან შესაბამისი მოთხოვნა იქნება და ახალი კონტრაქტები გაფორმდება. როგორც ალიევი აღნიშნავს, აზერბაიჯანული გაზი უფრო იაფია, ვიდრე სხვა წყაროებიდან ევროპაში მიწოდებული. მისივე თქმით, აზერბაიჯანის გაზის მარაგები შეფასებულია 2,6 ტრილიონ კუბურ მეტრამდე, რაც საკმარისია როგორც შიდა მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად, ასევე საექსპორტოდ, სულ მცირე 100 წლის განმავლობაში. ალიევი თვლის, რომ მომავალში აზერბაიჯანს შეუძლია გააფართოოს გაზის მიწოდების არეალი ბალკანეთისა და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების მასშტაბით.

თურქეთი ეძებს გაზმომარაგების ალტერნატიულ გზებს - თურქეთის გაზის სახელმწიფო იმპორტიორი კომპანია „BOTAS“ აწარმოებს მოლაპარაკებებს „გაზპრომთან“, ქვეყნის გაზმომარაგების ჯაჭვში მისი წვლილის გაზრდის თაობაზე. საუბარია 4 მლრდ. კუბური მეტრის ყოველწლიურ მიწოდებაზე, სამწლიანი ვადით, თუმცა მხარეებს შეთანხმება ჯერ არ მიუღწევიათ. გარდა ამისა, თურქეთის გაზმომარაგებაში დიდ როლს ასრულებს თხევადი გაზის (LNG) იმპორტი. თურქეთს აქვს ოთხი თხევადი გაზის იმპორტის ტერმინალი, მეხუთე კი მშენებლობის პროცესშია. გასულ წელს, აშშ იყო თურქეთის უმსხვილესი თხევადი გაზის მიმწოდებელი, ნიგერიასა და ალჟირთან ერთად.

როგორ აისახება ბაქო-ანკარის ენერგო-თანამშრომლობა საქართველოზე?

გაზის სამხრეთ ენერგოდერეფანში საქართველო მასპინძელი ქვეყანაა, რაც იმას ნიშნავს, რომ საქართველო, მოქმედი სამთავრობათაშორისო და მასპინძელი ქვეყნის შეთანხმებებით და შესაბამისი ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულებებით, შეღავათიან ფასებში იღებს გაზს სამხრეთ კავკასიურ მილსადენის პროექტიდან. ოპციური გაზის კონტრაქტი საშუალებას იძლევა, მიღებულ იქნეს გატარებული გაზის 5%-მდე მოცულობა ყოველწლიურად.

2021 წელს, საქართველო აზერბაიჯანული გაზის გატარების სანაცვლოდ 1.014 მლრდ. მ³ გაზს მიიღებს. შაჰ-დენიზის საბადოდან მოპოვებული გაზიდან, საქართველოსთვის გამოყოფილი „დამატებითი გაზის“ მოცულობა 508.7 მლნ მ³ იქნება, „ოფციური გაზის“ – 505.96 მლნ მ³, რაც იმას ნიშნავს, რომ „სამხრეთ კავკასიური დერეფნიდან“ მისაღები გაზის მოცულობა 2020 წელთან შედარებით (888.6 მლნ მ³), 126 მლნ მ³-ით მეტი იქნება.

შესაბამისად, თურქეთსა და აზერბაიჯანს შორის ხანგრძლივი და სტაბილური ენერგეტიკული თანამშრომლობა საქართველოს ინტერესებზეც პირდაპირ აისახება, რადგან ეს ქვეყნის სტაბილურ და შეღავათიან ფასად მიღებულ ენერგომომარაგებას ნიშნავს.

ანა ჯაფარიძე

1 გარდა სამხრეთ კავკასიის მილსადენისა (ბაქო-თბილისი-ერზრუმი), აზერბაიჯანის შაჰ დენიზის საბადოდან მოპოვებული ბუნებრივი აირი თურქეთს 2018 წლიდან TANAP-ის მილსადენითაც მიეწოდება.

2 აზერბაიჯანი ამჟამად ევროპას გაზს „სამხრეთ გაზის დერეფნის“ გავლით აწვდის, რომლის სიმძლავრე 16 მლრდ. კუბური მეტრია, აქედან 10 მლრდ. განკუთვნილია ევროპისთვის (იტალია, საბერძნეთი, ბულგარეთი), 6 მლრდ. კი - თურქეთისთვის.

19.10.2021
ნახვა 313

კომენტარები