მთავარი პოლიტიკა ექს-პრეზიდენტი გისოსებს მიღმა - რა მოიგო ოპოზიციამ?

ექს-პრეზიდენტი გისოსებს მიღმა - რა მოიგო ოპოზიციამ?

როგორ შეიძლება დააღწიოს თავი სააკაშვილმა საპატიმროს?
12.10.2021
ნახვა 177

მიშას დაბრუნება

8 წლის შემდეგ, საქართველოში სკანდალურად დაბრუნებული ქვეყნის მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი 1 ოქტომბერს, თბილისში დააკავეს და რუსთავის სასჯელაღსრულების მე-12 დაწესებულებაში გადაიყვანეს, სადაც მან პროტესტის უკიდურეს ფორმას მიმართა და შიმშილობა დაიწყო.

მიხეილ სააკაშვილი, რომელიც ამჟამად უკრაინის მოქალაქეა, 2018 წელს, სანდრო გირგვლიანის გარდაცვალებისა და პარლამენტის ყოფილი დეპუტატის, ვალერი გელაშვილის ცემის საქმეებში, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებასა და ბოროტად გამოყენებაში დამნაშავედ ცნეს და ჯამში, 6 წელი პატიმრობა მიუსაჯეს. სააკაშვილის წინააღმდეგ აღძრულია სისხლის სამართლის კიდევ რამდენიმე საქმე, რომლებსაც ამჯერად, საზღვრის უკანონოდ კვეთის ბრალდებაც დაემატა. სააკაშვილი ყველა საქმეს პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებს და თავს „პუტინის პირად პატიმრად“ მიიჩნევს. იგი მხარდამჭერებს არჩევნების მეორე ტურისთვის მობილიზებისკენ მოუწოდებს, რომელიც 30 ოქტომბერს გაიმართება.

ადგილობრივი არჩევნების ჩატარებამდე ერთი დღით ადრე, სააკაშვილის საქართველოში ჩამოსვლამ პოლიტიკურ პროცესებზე თავისი გავლენა იქონია. „მიშას ფაქტორმა“ გამრავალფეროვნებული პოლიტიკური ველი ისევ უკიდურესად პოლარიზებული გახადა და ხმები წაართვა როგორც მმართველ პარტიას, ასევე რიგ ოპოზიციურ პარტიებს. ბუნებრივია, სააკაშვილის ჩამოსვლამ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ (ენმ) ამომრჩეველთა მობილიზებას შეუწყო ხელი, რამაც ნაყოფი გამოიღო - „ნაციონალურმა მოძრაობამ“ სხვა ოპოზიციურ პარტიებთან შედარებით, დიდი უპირატესობა აჩვენა და დაადასტურა, რომ ის კვლავ მთავარ ოპოზიციურ ძალად რჩება.

საპროტესტო აქტივობა

სააკაშვილის დაკავების შემდეგ, მისი გათავისუფლების მოთხოვნა „ენმ“-ს დღის წესრიგის მნიშვნელოვან პუნქტად იქცა, თუმცა თავად დაკავების ფაქტს მხარდამჭერთა მასშტაბური პროტესტი არ მოჰყოლია.

მიშას დაკავების შემდეგ, რუსთავის სასჯელაღსრულების დაწესებულებასთან პერიოდულად იმართება აქციები, მაგრამ არა ისეთი ხალხმრავალი, როგორც ამას სააკაშვილი და „ენმ“ ისურვებდა. მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით, პირველი მასშტაბური აქცია „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ 14 ოქტომბერს დანიშნა.

როგორც გაირკვა, ოპოზიციის მნიშვნელოვანი ნაწილი („ევროპული საქართველო“, „გირჩი - მეტი თავისუფლება“ და „სტრატეგია აღმაშენებელი“ და სხვ.) ამ აქციებში მონაწილეობაზე უარს ამბობს, რადგან ის „ენმ“-ს მიერ არის ორგანიზებული, თუმცა სრულად იზიარებენ სულისკვეთებას, რომ მიხეილ სააკაშვილი პოლიტიკურად დევნილია და მან საპატიმრო უნდა დატოვოს. ანალიტიკოსთა შეფასებით, აქციის ორგანიზატორებიც აცნობიერებენ, რომ პროტესტი ისეთ მასშტაბებს ვერ მიიღებს, ხელისუფლებას რომ დათმობებზე წასვლა აიძულონ, თუმცა, ეს მათი მხრიდან აუცილებელი ნაბიჯია. ნაკლებად მოსალოდნელია, რომ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით გამართულ აქციას, „ენმ“-ის ამომრჩევლის გარდა, მოსახლეობის ფართო მასებიც შეუერთდნენ. სავარაუდოდ, „ენმ“-ს, ისევე როგორც პირადად სააკაშვილს, უფრო ფართო საზოგადოებრივი მხარდაჭერის მოლოდინი ჰქონდათ, რაც შეიძლება ექს-პრეზიდენტის ქვეყანაში დაბრუნების მიზეზი იყო.

მიშას ეფექტმა“ ალბათ უკვე მაქსიმუმი გააკეთა და ნაწილობრივ, მეორე ტურებშიც იმუშავებს. თუკი „ენმ“ ადგილობრივი არჩევნების მეორე ტურებში სასურველ გამარჯვებას ვერ მოიპოვებს, პარტიის შიგნით სერიოზული რყევებისა და დაპირისპირების ტალღაა მოსალოდნელი, სააკაშვილის „თავგანწირვა“ კი შეიძლება სულ ამაო აღმოჩნდეს.

როგორ დააღწევს თავს საპატიმროს?

ხშირად ისმის ვარაუდი, რომ ყველაზე უფრო რეალისტური სცენარი სააკაშვილის გასათავისუფლებად, მისი უკრაინაში ექსტრადირებაა, რადგან ის ამჟამად უკრაინის მოქალაქეა. თუმცა, ექსტრადირება, ამ შემთხვევაში, არ არის რელევანტური მექანიზმი, რადგან უკრაინა სააკაშვილის სისხლის სამართლებრივ დევნას არ აწარმოებს. აქ საუბარი შეიძლება იყოს უკრაინული მხარისთვის მსჯავრდებულის გადაცემაზე, რაც გულისხმობს სააკაშვილის მიერ სასჯელის უკრაინის ციხეში მოხდას. ვინაიდან გადაცემის ვალდებულების რაიმე სამართლებრივი მექანიზმი არ არსებობს, ამისათვის საჭიროა საქართველოსა და უკრაინას შორის შეთანხმება და თავად მსჯავრდებულის თანხმობა.

სააკაშვილი უარს აცხადებს უკრაინისთვის მისი გადაცემის შესაძლებლობაზე. საპატიმროში ყოფნის ხანგრძლივობას იგი ქართველ ამომრჩეველს ანდობს და არჩევნების მეორე ტურის შედეგებზე ამყარებს გათავისუფლების იმედს.

ამ ეტაპზე, საქართველოს ხელისუფლება არ განიხილავს სააკაშვილის უკრაინისთვის გადაცემას და იმედოვნებს, რომ ეს ფაქტი ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებზე არ იმოქმედებს. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა სააკაშვილის კიევისთვის გადაცემა გამორიცხა, ხოლო საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომ საქართველო უკრაინას მიშას მას შემდეგ გადასცემს, რაც ის ექვს წლიან სასჯელს მოიხდის საქართველოში. აღსანიშნავია, რომ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა კატეგორიული უარი განაცხადა სააკაშვილის შეწყალების შესაძლებლობაზე და ამრიგად, ქვეყნის მესამე პრეზიდენტის გათავისუფლების კიდევ ერთი შესაძლო მექანიზმი გამოირიცხა.

მიხეილ სააკაშვილის დაკავებას უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი გამოეხმაურა და პირობა დადო, რომ საქართველოს ექს-პრეზიდენტის კიევში დაბრუნების საკითხში ჩაერთვება. მან იქვე აღნიშნა, რომ მიშას დაბრუნება საქართველოში არასწორი იყო, რადგანაც უკრაინაში მას სახელმწიფო თანამდებობა ეკავა. უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ ასევე განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილი არის უკრაინის მოქალაქე და შესაბამისად, უკრაინა მას დახმარებას გაუწევს.

ექსპერტები ვარაუდობენ, რომ შესაძლოა, ევროკავშირმა და აშშ-მა ითამაშონ გარკვეული როლი და ზეწოლა მოახდინონ თბილისზე და ასევე დაარწმუნონ სააკაშვილი, რომ თანხმობა განაცხადოს კიევისთვის გადაცემაზე. თუმცა, განსაკუთრებული ენთუზიაზმი ამ ეტაპზე, მათი მხრიდან არ იკვეთება.

რა სარგებელი შეიძლება ჰქონდეს არჩევნების შემდეგ მიშას ციხეში ყოფნას, რთული სათქმელია, მაგრამ ის საქართველოს ხელისუფლებისთვის, შესაძლოა, პრობლემად იქცეს, საერთაშორისო იმიჯის თვალსაზრისით. გასათვალისწინებელია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობაც, რომელიც დღითიდღე უარესდება ციხეში გამოცხადებული შიმშილობის ფონზე.

ანალიტიკოსებით ვარაუდით, შეიძლება სააკაშვილს მინიმუმ სამი წლის გატარება მოუწიოს გისოსებს მიღმა, ანუ მომდევნო საპარლამენტო არჩევნებამდე, რომელიც 2024 წლის შემოდგომაზე შედგება. „სააკაშვილის საქმეს“ კი, რა თქმა უნდა, ყურადღებით დააკვირდებიან საქართველოს დასავლელი პარტნიორები და სასამართლო პროცესებში დარღვევების ნებისმიერმა გამოვლინებამ, შეიძლება კიდევ უფრო გააციოს ქვეყნის ურთიერთობები დასავლეთთან.

ანა ჯაფარიძე

12.10.2021
ნახვა 177

კომენტარები

ასევე წაიკითხეთ