მთავარი პოლიტიკა წინასაარჩევნო გარემო, პირველი ტურის დეტალური ანალიზი, მეორე ტურის პროგნოზი

წინასაარჩევნო გარემო, პირველი ტურის დეტალური ანალიზი, მეორე ტურის პროგნოზი

10.10.2021
ნახვა 192

საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 2021 წლის 2 ოქტომბერს გაიმართა. „ცენტრალური საარჩევნო კომისიის“ („ცესკო“) განცხადებით, არჩევნებში მონაწილეობა მიიღო 1 815 767-მა მოქალაქემ, რაც ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 51,92%-ია. „ცესკოს“ ოფიციალური ვებ-გვერდის ცნობით, მთელი ქვეყნის მასშტაბით არჩევნები ჩატარდა 64 მუნიციპალიტეტში. გამონაკლისს წარმოადგენდა რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის 6 მუნიციპალიტეტი (გაგრა, გუდაუთა, სოხუმი, გულრიფში, ოჩამჩირე, გალი). არჩევნები სრულყოფილად ვერ ჩატარდა ე.წ. სამხრეთ ოსეთის მარიონეტული რეჟიმის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზეც. კერძოდ, კენჭისყრის კონტექსტში ჯავის, ლიახვისა და ახალგორის მუნიციპალიტეტების შესახებ ინფორმაცია საერთოდ არ იძებნება ქვეყანაში არჩევნების ადმინისტრირებაზე პასუხისმგებელი მთავარი ორგანოს ვებ-საიტზე. საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების იურისდიქციის ქვეშ მოქცეულ 64 მუნიციპალიტეტში, რომელთაგან 59 არის თვითმმართველი თემი, ხოლო 5 - თვითმმართველი ქალაქი (თბილისი, რუსთავი, ქუთაისი, ფოთი, ბათუმი), არჩევნები შერეული, კერძოდ, პროპორციული და მაჟორიტარული სისტემით წარიმართა. პარალელურად, 5 თვითმმართველ ქალაქში ხმის მიცემის პროცესი შედგა ადგილობრივი მერობის კანდიდატებისთვის.

წინასაარჩევნო გარემო

ყურადღებას იმსახურებს წინასაარჩევნო გარემოც. უფრო კონკრეტულად, მაგალითად, თბილისის მერობის კანდიდატები მოსახლეობასთან შეხვედრის შესაძლებლობას ცდას არ აკლებდნენ, თუმცა უნდა ითქვას, რომ საკუთარი საარჩევნო პროგრამა ყველაზე პომპეზურად მაინც დედაქალაქის მოქმედმა მერმა, კახა კალაძემ წარმოადგინა. კალაძემ პროგრამის თითოეულ მიმართულებას დაუთმო ცალკე ღონისძიება, რომლებიც უამრავი სტუმრის თანხლებით სხვადასხვა ლოკაციაზე გაიმართა. რომ შევადაროთ, მაგალითად, ანა დოლიძემ („ხალხისთვის“) წინასაარჩევნო კამპანიაზე სულ რაღაც 35 000 ლარი დახარჯა. გარდა ამისა, კანდიდატები უკმაყოფილებას გამოთქვამდნენ სარეკლამო დაფების, ანუ „ბილბორდების“ უმრავლესობის კალაძის გუნდის მიერ დაუფლებასთან დაკავშირებით.

პირველი ტურის დეტალური ანალიზი

დედაქალაქის მერობისთვის ჭიდილში 45,06%-ით პირველი ადგილი დაიკავა კახა კალაძემ („ქართული ოცნება“), მეორე ადგილი - 33,95%-ით ნიკანორ მელიამ („ენმ“), მესამე ადგილი - 9,35%-ით გიორგი გახარიამ („საქართველოსთვის“), მეოთხე ადგილს ანა დოლიძე დასჯერდა 4,59%-ით და ა.შ. აღსანიშნავია, რომ სოციალურ ქსელში ზოგიერთი ირონიულად მოიხსენიებდა წარმოშობით აფრიკელი კანდიდატის, არინზე რიჩარდ ოგბუნუჯუს განაცხადს თბილისის მმართველის წოდების მინიჭების თაობაზე. თუმცა, ამ მხრივ შედეგებმა მოლოდინს გადააჭარბა - ოგბუნუჯუმ 2915 ხმის მოგროვება შეძლო, გაუსწრო 16-დან 7 კანდიდატს და სულ რაღაც 6 ხმით ჩამორჩა „მესამე ძალა - სტრატეგია აღმაშენებლის“ წარმომადგენელს.

თბილისის გარდა დანარჩენ 4 თვითმმართველ ქალაქში 51%-ის დაგროვება ვერცერთმა მერობის კანდიდატმა ვერ მოახერხა. შესაბამისად, ყველგან არის დანიშნული მეორე ტური, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ მხოლოდ „ენმ“-სა და „ოცნების“ წარმომადგენელი პირები.

როგორც ცნობილია, თბილისის საკრებულო შედგება 50 წევრისგან, 10 - მაჟორიტარული ოლქებიდან, 40 - პროპორციული სიით. პროპორციულ სიაში შემავალი ყველა ის პარტია, რომელიც გადალახავს 2,5%-იან ბარიერს, ავტომატურად იღებს ადგილს თბილისის საკრებულოში. 2 ოქტომბრის არჩევნების შედეგად, თბილისის 10 მაჟორიტარული ოლქიდან 9-ში მეორე ტური არის დანიშნული. მხოლოდ კრწანისის ოლქში მოახერხა ლევან ჯაფარიძემ („ქართული ოცნება“) დამაჯერებელი გამარჯვების მოპოვება ხმების 52,07%-ის მიღებით. პროპორციული სიით, 43 პარტიას შორის კი, ზემოთ აღნიშნული 2,5%-იანი ბარიერის გადალახვა მხოლოდ 6-მა პარტიამ მოახერხა: „ანა დოლიძე - ხალხისთვის“, „გირჩი: მეტი თავისუფლება“, „ქართული ოცნება“, „გიორგი გახარია - საქართველოსთვის“, „ლელო“ და „ენმ“.

რაც შეეხება მთლიანად საქართველოს, პროპორციული სისტემით პირველ ადგილზე გავიდა „ქართული ოცნება“ 46,7%-ით, მეორეზე - „ენმ“ 30,7%-ით, მესამეზე - „გახარია - საქართველოსთვის“ 7,8%-ით და ა.შ. გარდა ამისა, მმართველი პარტიის, ანუ „ქართული ოცნების“ მერობისა და საკრებულოს მაჟორიტარობის კანდიდატებმა არჩევნები მოიგეს 64-დან 44 მუნიციპალიტეტში. შესაბამისად, დანარჩენ 20-ში მეორე ტური არის დანიშნული.

მეორე ტურისთვის პარტიათა პოზიციები

ლოგიკურია კითხვა, თუ როგორ გადაჯგუფდებიან პარტიები და ვინ ვის დაუჭერს მხარს არჩევნების მეორე ტურში, რომელიც 2021 წლის 30 ოქტომბერს არის ჩანიშნული:

მაგალითად, პარტიის „საქართველოსთვის“ წევრმა, ანა ბუჩუკურმა განაცხადა, რომ გახარიას გუნდი მზადაა დაასრულოს ორპარტიული მმართველობა ქვეყანაში, რისი წინაპირობაც არის მათ მიერ მოპოვებული მანდატები საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტში. თავად გუნდის ლიდერმა, გიორგი გახარიამ კი დასძინა, რომ მისი პარტია არც „ენმ“-სა და არც „ოცნებას“ არ დაუჭერს მხარს მეორე ტურის არჩევნებში. ანა დოლიძემ („ხალხისთვის“) გააჟღერა აზრი, რომ პარტია მეორე ტურში ორიდან სასურველ კანდიდატს მხოლოდ ამომრჩეველთან კონსულტაციების გავლის შედეგად მიანიჭებს უპირატესობას, რაც, მისი თქმით, უპრეცედენტო გადაწყვეტილებაა ქართულ პოლიტიკურ სარბიელზე. „მესამე ძალა - სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ კი მოქალაქეებს მოუწოდა მეორე ტურში ხმა მისცენ ყველას, გარდა „ოცნების“ წარმომადგენლისა. მსგავსი შინაარსის მოწოდება გააკეთა „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამაც. ხოლო ბადრი ჯაფარიძემ („ლელო“) არ დააკონკრეტა თუ ვის დაუჭერს მხარს მისი პარტია, თუმცა, სანაცვლოდ მან სხვა პოლიტიკურ სუბიექტებს კოალიციური მმართველობის იდეა შესთავაზა. აღსანიშნავია, რომ „ლეიბორისტული პარტია“ ყველა ზემოთ ნახსენებ პოლიტიკურ ძალას ემიჯნება და მათ „ივანიშვილ-სააკაშვილ-ნარკოლობისტურ-ბანკირ-უშიშროება-ჩხარტიშვილის პარტიებად“ მოიხსენიებს.

ავტორისეული დაშვებები და პროგნოზი

2021 წლის 2 ოქტომბერს არჩევნებზე პოლიტიკურმა პოლარიზაციამ კიდევ უფრო მძაფრი სახე მიიღო, რადგან ხმების დიდი უმრავლესობა „ენმ“-სა და „ოცნებას“ შორის გადანაწილდა. აღსანიშნავია, რომ „ენმ“-მ, 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისგან განსხვავებით, მიაღწია და ზოგან გადასცდა კიდეც 30%-იან ნიშნულს, ხოლო მმართველ პარტიას რამდენიმე პროცენტით მოაკლდა ხმები, რაც, ნაწილობრივ, ყოფილი პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას პარტიის აქტივობით არის განპირობებული. მიმაჩნია, რომ ამ ეტაპზე „ენმ“-მ და „ოცნებამ“ 9 წლიანი მმართველობებით თავიანთი შესაძლებლობები უკვე ამოწურეს და ახლა, დროა, სხვა კანდიდატებსა და პარტიებს მიეცეთ ასპარეზი. სავარაუდოდ, მეორე ტურში მოქალაქეების უფრო დაბალი აქტივობა დაფიქსირდება. მოსალოდნელია ის სცენარიც, რომ 43 პარტიის მხარდამჭერებს შორის „ყველა, მინუს ენმ“, ან „ყველა, მინუს ქართული ოცნება“ პრინციპები იმოქმედებს, თუმცა, პირველის ძალიან ცუდი პოლიტიკური წარსულიდან გამომდინარე, მეორეს გამარჯვების უფრო მეტი შანსი ექნება.

ბექა კაციტაძე

10.10.2021
ნახვა 192

კომენტარები

ასევე წაიკითხეთ

თვითმმართველობის არჩევნები 2021: არსებული და მოსალოდნელი შედეგები

მზარდი პოლიტიკური პოლარიზაცია და „მიშას ფაქტორი“
10 დღე