მთავარი პოლიტიკა თვითმმართველობის არჩევნები 2021: არსებული და მოსალოდნელი შედეგები

თვითმმართველობის არჩევნები 2021: არსებული და მოსალოდნელი შედეგები

მზარდი პოლიტიკური პოლარიზაცია და „მიშას ფაქტორი“
06.10.2021
ნახვა 270

ფოტო: tvpirveli.ge

თვითმმართველობის არჩევნების პირველი ტური

2021 წლის ოქტომბრის თვე საქართველოში საარჩევნო მღელვარებით დაიწყო და ასევე დასრულდება. 2 ოქტომბერს გამართული თვითმმართველობის არჩევნების შედეგებმა ცხადი გადახა მეორე ტურის აუცილებლობა, რომელიც 30 ოქტომბრისთვის ჩაინიშნა. ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი მონაცემებით, საქართველოს ხუთივე თვითმმართველ ქალაქში, მერის არჩევნები პირველ ტურში ვერცერთმა კანდიდატმა ვერ მოიგო, გამარჯვებული არ ჰყავს არც 15 თვითმმართველ თემს და ბევრ მაჟორიტარულ ოლქს. პროპორციული სიით ამომრჩეველთა ყველაზე მეტი ხმები „ქართულმა ოცნებამ“ მიიღო - 46.7%, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ მეორე ადგილზეა 30.7%-ით, ხოლო გიორგი გახარიას ახლად დაფუძნებულმა პარტიამ „საქართველოსთვის“, მიღებული ხმების 7.8%-ით მესამე ადგილი დაიკავა. ყველა დანარჩენი პარტიის მიერ მიღებული ხმები 3%-ს არ აღემატება.

პარადოქსია, მაგრამ 2 ოქტომბრის არჩევნებში გამარჯვებას ზეიმობს როგორც ხელისუფლება, ისე ოპოზიციური ფლანგი. ბოლო დროს, ეს ნიუანსი ქართული არჩევნების უჩვეულო თავისებურად იქცა. გამარჯვება ამ შემთხვევაში, მხოლოდ პირობითი ტერმინია და ის გულისხმობს დასახულ მიზანთან მაქსიმალურად მიახლოებას და არა უპირობო გამარჯვებას. მმართველი პარტიისთვის, პროპორციული სიით 47% მიღება უკვე გამარჯვებას ნიშნავს, რადგან „შარლ მიშელის შეთანხმებით“ დათქმული 43%-იანი ბარიერი გადალახულია და დღის წესრიგიდან მოიხსნა ვადამდელი არჩევნების ჩატარების საკითხი. ასევე, „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატებმა არჩევნები პირველივე ტურში, 44 მუნიციპალიტეტში მოიგეს, მეორე ტური კი, მხოლოდ 20 მუნიციპალიტეტში ჩატარდება. თავის მხრივ, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ გამარჯვებად მიიჩნევს საკუთარი კანდიდატების მიერ რამდენიმე საარჩევნო უბანზე „ქართული ოცნების“ მეტოქეებზე მეტი ხმების მიღებას და ელექტორატის დიდი ნაწილის მიმხრობას.

2 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წინასწარი შედეგების მიხედვით, თბილისის საკრებულოში ოპოზიციური პარტიებიდან მოხვდნენ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, „გახარია საქართველოსთვის“, „ლელო“, „გირჩი – მეტი თავისუფლება“ და ანა დოლიძის „ხალხისთვის“.

თვითმმართველი ქალაქის/თემის მერობის კანდიდატებს შორის მეორე ტურები 64-დან 20 შემთხვევაში გაიმართება, სადაც ვერც ერთმა კანდიდატმა ვერ შეძლო ხმების 50%-ზე მეტის მოპოვება. აღსანიშნავია, რომ თვითმმართველობის არჩევნებზე, მმართველი პარტიის კანდიდატებს ოპონენტებზე დაბალი მაჩვენებლები ასეთი მასშტაბით ჯერ არ ჰქონიათ. „ქართული ოცნების“ კონკურენტები 20-დან 17 შემთხვევაში „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი იქნება, 1 შემთხვევაში - პარტია „გახარია საქართველოსთვის“ წარმომადგენელი, ერთი დამოუკიდებელი კანდიდატი და ერთიც მოქმედი მერი პარტიიდან „ერთიანი საქართველოსთვის“. მოსახლეობის განსაკუთრებული ყურადღება დედაქალაქისკენ არის მიმართული, სადაც მეორე ტური თბილისის მოქმედ მერს, კახა კალაძესა (45.06%) და ოპოზიციონერ ნიკა მელიას (33.95%) შორის უნდა გაიმართოს.

ოპოზიციური ფლანგი არჩევნების გაყალბებაზე მიუთითებს, მათ შორის, ამომრჩევლების მასობრივი დაშინებისა და მოსყიდვის შესახებ. ასეთი ფაქტების არსებობა საერთაშორისო მეთვალყურეების არაერთ ანგარიშშია ასახული. თუმცა უცხოელი დამკვირვებლები იმასაც აღნიშნავენ, რომ მიუხედავად უკიდურესად პოლარიზებული პოლიტიკური გარემოსა და რთული ეპიდემიოლოგიური სიტუაციისა, არჩევნების ჩატარდა კარგად ორგანიზებულად და გამჭვირვალედ, თუმცა, წინასაარჩევნო გარემო არ უზრუნველყოფდა თანაბარ პირობებს კონკურენტი მხარეებისა და კანდიდატებისთვის.

მეორე ტურის მოსალოდნელი შედეგები

როგორც წესი, საქართველოში, მეორე ტურებში, გამარჯვება მმართველ პარტიას რჩება ხოლმე, საკუთარი ამომრჩევლისა და მის ხელთ არსებული ყველა რესურსის მაქსიმალურად მობილიზების ფაქტორის გათვალისწინებით. შესაბამისად, დიდი ალბათობით, 30 ოქტომბრის პოლიტიკურ ორთაბრძოლაში, ოპოზიციას ძალიან გაუჭირდება მმართველი გუნდის კანდიდატებზე უპირატესობის მოპოვება. გადამწყვეტ როლს შეასრულებს იმ პარტიების ხმები, რომლებიც არჩევნების მეორე ტურს მიღმა დარჩნენ და რომელთაც ჯამში დაახლოებით ხმების 17%-მდე მიიღეს.

უკვე ცნობილია, რომ ნიკა მელიასა და სხვა ოპოზიციონერ კანდიდატებს, მეორე ტურებში მხარდაჭერას უცხადებენ პარტიები: „ლელო“, „სტრატეგია აღმაშენებელი“, „გირჩი - მეტი თავისუფლება“, „ევროპული საქართველო“, „დროა“. თუმცა, რამდენად არიან ჩამოთვლილი პარტიების მხარდამჭერები მზად, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატების მისცენ ხმა, ამაზე ცალსახა პასუხი არ არსებობს.

ასევე გაურკვეველია ვის სასარგებლოდ მისცემენ ხმას გიორგი გახარიას პარტიის ამომრჩევლები, რომელთაც სერიოზული პროტესტის განცდა აქვთ როგორც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“, ასევე „ქართული ოცნების“ მიმართ. ანალიტიკოსები მიიჩნევენ, რომ დედაქალაქში მეორე ტური სწორედ გახარიას პარტიის დამსახურებაა, რომელმაც ხმები წაართვა „ქართულ ოცნებასაც“ და ოპოზიციურ პარტიებსაც. თავის მხრივ, მიხეილ სააკაშვილის სკანდალურმა გამოჩენამ ხმების გარკვეული ნაწილი დააკლო გახარიას ელექტორალურად მზარდ პარტიას და „ქართულ ოცნებას“ მოუმატა. მიუხედავად ამისა, არსებული ორპოლუსიანი პოლიტიკური ველის პირობებში, გახარიას პარტიის მიერ მიღებული შედეგები საკმაოდ სერიოზულია.

მიშას ფაქტორი

ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის საქართველოში მოულოდნელმა დაბრუნებამ არჩევნების შედეგებზე არადრამატული, თუმცა მნიშვნელოვანი გავლენა იქონია. აღნიშნულმა ფაქტმა თავისთავად, მოახდინა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ამომრჩეველთა მობილიზება და გარკვეული ხმები „ქართული ოცნებასაც“ შემატა. როგორც უკვე აღვნიშნეთ, მიშას გამოჩენამ გახარიას მიერ „ქართული ოცნებიდან“ მიმხრობილი ამომრჩეველი ისევ „ოცნებას“ დაუბრუნა, რადგან მათ ჩათვალეს, რომ მმართველი პარტია ექსპრეზიდენტის ხელისუფლებაში დაბრუნებას წინააღმდეგობას უფრო ეფექტურად გაუწევდა. სააკაშვილის დაბრუნებამ გადაუწყვეტელ ამომრჩეველზეც იქონია გავლენა. ექსპერტები ერთხმად მიუთითებენ, რომ სააკაშვილის დაკავებამ კიდევ უფრო გაზარდა პოლიტიკური პოლარიზაცია საქართველოში.

შეიძლება ითქვას, რომ სააკაშვილის ჩამოსვლით, ოპოზიციამ მის ხელთ არსებული ყველაზე მაღალი კოზირი გამოიყენა. შემცირდება თუ გაიზრდება მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებული მუხტი და როგორი იქნება მისი პატიმრობის ეფექტი, მეორე ტურის შედეგები ნათლად დაგვანახებს.

ანა ჯაფარიძე

06.10.2021
ნახვა 270

კომენტარები