მთავარი პოლიტიკა თბილისის მერობის კანდიდატების საარჩევნო პროგრამების შედარება

თბილისის მერობის კანდიდატების საარჩევნო პროგრამების შედარება

27.09.2021
ნახვა 265

ფოტო: 1tv.ge

საარჩევნო პროგრამების მოკლე მიმოხილვა

საქართველოში ადგილობრივი თვითმართველობის არჩევნები 2021 წლის 2 ოქტომბერს არის ჩანიშნული. თბილისის მერის თანამდებობის დასაკავებლად ერთმანეთს 16 კანდიდატი გაუწევს კონკურენციას. ბუნებრივია, მცირე მოცულობის სტატიაში ყველა საარჩევნო პროგრამის განხილვა და გაანალიზება შეუძლებელია, ამიტომ შემთხვევითი შერჩევის პრინციპით მხოლოდ რამდენიმე მათგანზე შევჯერდები. თავდაპირველად, მოკლედ წარმოვადგენ თითოეული კანდიდატის საარჩევნო პროგრამის ძირითად მიმართულებებსა და პრიორიტეტებს, ხოლო შემდეგ შევეცდები მკითხველს მათ შორის არსებული განსხვავებებისა და თავისებურებების აღმოჩენაში დავეხმარო.

კახა კალაძე („ქართული ოცნება“): „მეტი სიცოცხლე ყველა უბანში“

კახა კალაძის საარჩევნო პროგრამა 6 ძირითადი მიმართულებისგან შედგება, რომლებიც, თავის მხრივ, პუნქტებად და ქვე-პუნქტებად იყოფა: 1) ურბანული პოლიტიკა მოიცავს ავარიული სახლების ჩანაცვლების გეგმასა და საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას, რომლის ფარგლებში დაგეგმილია ხიდების, გზაგამტარების, გვირაბების აშენება, სანიაღვრე სისტემების ქსელის გაყვანა, სხვ. ასევე, იგეგმება „ძველი თბილისის“ იერსახის შენარჩუნება, რისთვისაც გამოყოფილი იქნება 309 მლნ ლარი. 2) სატრანსპორტო პოლიტიკა მიზნად ისახავს „ჭკვიანი“ სისტემების პრაქტიკაში დანერგვას, ავტობუსებისა და მიკროავტობუსების ახალი ნაკადის ქვეყანაში შემოყვანას, ტაქსების რეფორმის მე-3 ეტაპის ამოქმედებას, სხვ. 3) გარემოს დაცვის პოლიტიკა გულისხმობს არსებული პარკების რეაბილიტაციას, ნარჩენების მართვას, თბილისში ჰაერის ხარისხის გაუმჯობესებას, სხვ. 4) ცალკე უნდა გამოიყოს ჯანდაცვისა და სოციალური პოლიტიკის მიმართულება, სადაც წარმოდგენილია უსახლკარო ოჯახების ბინებით დაკმაყოფილებისა და დაუმთავრებელი შენობების პრობლემის გადაჭრის გზები, სხვ. 5) კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდობის პოლიტიკაში განსაკუთრებით გამოიყოფა სპორტული ცენტრების, გარე მოედნების, გარე სავარჯიშო სივრცეების რეაბილიტაცია, მშენებლობა, მოწყობა და აღჭურვა. ასევე, კულტურული ინფრასტრუქტურის გამართვა, როგორებიცაა მუზეუმების, სკოლების, ბიბლიოთეკების, თეატრების მშენებლობა და რეაბილიტაცია. 6) და ბოლოს, ესაა თბილისის მართვისა და ეკონომიკის პოლიტიკა, რომელიც გვპირდება თბილისის ბიუჯეტის 1 700 000 000 ლარამდე გაზრდას, მოიჯარეების გადასახადებისგან გათავისუფლებას, კორუფციული რისკების მეთოდოლოგიის დანერგვას, სხვ.

ანა ბიბილაშვილი („ლელო საქართველოსთვის“): თბილისის „მარშალის გეგმა“

პარტიამ „ლელო საქართველოსთვის“ რამდენიმე კვირის წინ წარმოადგინა 9 ნაბიჯისგან შემდგარი თბილისის „მარშალის გეგმა“. პირველ ნაბიჯში ყურადღება გამახვილებულია თბილისის, როგორც ფინანსურ და ბიზნეს ქალაქად წარმოჩენაზე, რომელიც, ამავდროულად, იქნება კინოწარმოების რეგიონული ცენტრი, სამუზეუმო, საფესტივალო, საგანმანათლებლო ქალაქი და სამკურნალო-დიაგნოსტიკური საერთაშორისო ჰაბი. მეორე ნაბიჯი ახდენს უსახლკარო და მშიერი ბავშვების არსებობის პრევენციას, ზრუნავს ხანდაზმულებზე და მედიკამენტებზე ფასების დაწევაზე. მესამე ნაბიჯს ეწოდება „უსაფრთხო და სუფთა ქალაქი“, რომელიც მიზნად ისახავს ნარჩენების სეპარაციას, ქუჩებში დანაშაულის პრევენციას, სხვ. მეოთხე ნაბიჯი ფოკუსირდება „მწვანე ქალაქზე“, რომლის ფარგლებში აქცენტი კეთდება მდინარე მტკვრის მდგომარეობის გაუმჯობესებაზე, ხოლო თბილისში დაახლოებით 100 ჰექტარი დაეთმობა მწვანე სივრცეების მოწყობას (ზოოპარკი, მზიური, იპოდრომი, დიღმის ჭალები), სხვ. მეხუთე ნაბიჯის სახით, „ლელოს“ მერობის კანდიდატი გვპირდება თბილისის ბიუჯეტის 3 000 000 000 ლარამდე გაზრდას, 100 000 სამუშაო ადგილის, 1 მილიარდი დოლარის ღირებულების უცხოურ ინვესტიციასა და სტარტაპებისთვის ფონდის შექმნას. მეექვსე ნაბიჯის სახელწოდებაა “Connected Tbilisi”, რომლისთვისაც პრიორიტეტულია, მაგალითად, “Smart” ქალაქის შექმნა. თბილისის „მარშალის გეგმა“ ბოლოვდება მეშვიდე, მერვე და მეცხრე ნაბიჯებით, რომლებიც გადაიდგმება დედაქალაქის ტურისტული პოტენციალის (5 მლნ ვიზიტორი) ასამაღლებლად, „ძველი თბილისის“ იერსახის შესანარჩუნებლად და ახალგაზრდა თაობებისთვის ყველა უბანში საცურაო აუზებისა და ბაღებში ხარისხიანი კვების უზრუნველსაყოფად.

თამარ კეკენაძე („მესამე ძალა - სტრატეგია აღმაშენებელი“): „თბილისი - ევროპული ქალაქი“

აღნიშნულ პარტიას განსახორციელებელი მიზნები 6 ძირითად პრიორიტეტად აქვს დაჯგუფებული: 1) „თანაბრად განვითარებული ქალაქი“, რომელიც მოსახლეობისთვის საჯარო სერვისების ხელმისაწვდომობის, გაუმჯობესებისა და დიგიტალიზაციისკენ ისწრაფვის და ცდილობს მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტების იდეის ხორცშესხმას, როგორებიცაა, მაგალითად, ტრამვაის აღდგენა, თბილისი-რუსთავის დამაკავშირებელი სწრაფი ღია მეტროს ამოქმედება, სხვ. 2) „თბილისი - ცოდნისა და ტექნოლოგიების ქალაქი“ საკუთარი IT ქალაქის გეგმითა და სამეცნიერო-ტექნოლოგიური პოტენციალის განვითარებით. 3) „თბილისი - კომფორტული და უსაფრთხო ქალაქი“, რომელიც გულისხმობს საზოგადოებრივი ტრანსპორტის ეტაპობრივ ჩანაცვლებას ელექტრო ტრანსპორტით, შშმ პირებისთვის ადაპტირებული ინფრასტრუქტურის მოწყობას და ა.შ. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, თამარ კეკენაძის საარჩევნო პროგრამა გვთავაზობს ჰაერის დაბინძურების თავიდან აცილების 5 ყველაზე ინოვაციურ მიდგომას: მზის ენერგიის უფრო ფართოდ გამოყენებას, სახურავების გამწვანებას, ვერტიკალურ გამწვანებას, სხვ. 4) „თბილისი - ევროპის ტურისტული და კულტურული ცენტრი“ და 5) „თბილისი - გლობალური საჰაერო სატრანზიტო ჰაბი“.

გიორგი გახარია („საქართველოსთვის“): „ჩვენი თბილისი“

პარტიის „საქართველოსთვის“ ვებ-გვერდზე ატვირთულია გიორგი გახარიას პროგრამული ხედვა თბილისის თაობაზე. პროგრამა შედგება 6 ძირითადი მიმართულებისგან, რომლებსაც აქვე მოკლედ მიმოვიხილავ: 1) „ეკონომიკურად განვითარებული თბილისი!“ ითვალისწინებს თანაბარი და სამართლიანი თამაშის წესების შემოღებას თითოეული მეწარმისა და მოქალაქისთვის. ამასთანავე, საჭიროა ინვესტიციების მოზიდვა ლოკალური თუ უცხო ქვეყნებიდან და თაროზე შემოდებული პერსპექტიული პროექტების განხორციელება. 2) „ტრანსპორტით და ინფრასტრუქტურით უზრუნველყოფილი თბილისი!“, რომელიც 9 კონკრეტული ქვე-პუნქტისგან შედგება. ამ პუნქტებიდან განსაკუთრებით მნიშვნელოვანია თბილისის მეტროპოლიტენის შემდგომი განვითარება დიდი დიღმის, ლილოსა და აეროპორტის მიმართულებით, რომელიც დაფინანსდება მუნიციპალური ფასიანი ქაღალდების გამოშვებით. ასევე, თბილისი-რუსთავის დაკავშირება მეტროს ხაზით, ავტობუსების პარკის განახლება, გზა-წყალგაყვანილობა-დრენაჟის მოდერნიზება და რეაბილიტაცია, სხვ. 3) „ურბანულად განვითარებული და ხარისხიანი მუნიციპალური სერვისებით უზრუნველყოფილი თბილისი!“, რომელიც, სხვა ქვე-პუნქტებთან ერთად, გულისხმობს სამშენებლო ნებართვების გაცემას სწორი ურბანული განვითარებისა და ქალაქის იერსახის დამახინჯების თავიდან აცილების მიზნით. აღსანიშნავია, აგრეთვე, თბილისის შემოვლითი რკინიგზის პროექტის დასრულება და ისტორიული უბნების განახლება კერძო სექტორის დახმარებით. 4) „ეკოლოგიურად სუფთა და გამწვანებული თბილისი!“ 5) „სოციალურად უზრუნველყოფილი თბილისი!“, სადაც ხაზი აქვს გასმული შშმ პირებისთვის ინფრასტრუქტურისა და სერვისების გამართვას, 170-მდე ნგრევადი საცხოვრებელი სახლის სრულ რეაბილიტაციას, უფასო სასადილოების სერვისების გაუმჯობესებას და ბაღების რაოდენობის ზრდას, სხვ. 6) და ბოლოს, ესაა „თბილისი კორუფციისა და ნეპოტიზმის გარეშე!“

საარჩევნო პროგრამების ანალიზი და შედარება

ზემოთ ჩამოთვლილ ყველა პროგრამას, განსხვავებებთან ერთად, საერთო მიზნებიც აერთიანებთ. მაგალითად, ყველა მათგანი „ძველი თბილისის“, „ისტორიული უბნებისა“ და „კულტურული მემკვიდრეობის“ დაცვა-რეაბილიტაცია-განახლებას გვპირდება. ასევე, ყველა კანდიდატი ხაზს უსვამს მწვანე პოლიტიკის საჭიროებასა და შშმ პირებისთვის ადაპტირებადი ინფრასტრუქტურის განვითარებას. თუმცა, ამავდროულად, გამოვყოფდი იმ თავისებურებებს, რომლებიც თითოეულ მათგანს ახასიათებს: მაგალითად, მხოლოდ კახა კალაძეს („ქართული ოცნება“) აქვს პროგრამაში „ტაქსების რეფორმის მე-3 ეტაპის განხორციელება“, ანა ბიბილაშვილს („ლელო“) - „ქალაქის ბიუჯეტის 3 000 000 000 ლარამდე ზრდა“, თამარ კეკენაძეს („მესამე ძალა“) - ჰაერის დაბინძურების თავიდან აცილების 5 ყველაზე ინოვაციური გზა“ და გიორგი გახარიას („საქართველოსთვის“) - „თბილისის მეტროპოლიტენის განვითარების დაფინანსება მუნიციპალური ფასიანი ქაღალდების გამოშვებით“.

---

დასკვნის სახით, შესაძლებელია ითქვას, რომ თბილისის მერობის კანდიდატების ზემოთ განხილული თითოეული პროგრამა უდავოდ საინტერესოა, თუმცა, პოპულიზმის თავიდან ასაცილებლად, დაპირებებს შესრულება სჭირდება. შესაბამისად, ქართულმა საზოგადოებამ უნდა გადაწყვიტოს რომელი კანდიდატი დაიმსახურებს ნდობასა და ქალაქის მერის წოდების მინიჭებას მომდევნო 4 წლის განმავლობაში.

ბექა კაციტაძე

27.09.2021
ნახვა 265

კომენტარები