მთავარი საგარეო პოლიტიკა რისთვის ემზადება სომხური ნაციონალისტური სამხედრო სკოლა?

რისთვის ემზადება სომხური ნაციონალისტური სამხედრო სკოლა?

სამხედრო-საწვრთნელი სკოლა „POGA“ დაფინანსებას ტერორისტული ორგანიზაციებიდან იღებს?
15.09.2021
ნახვა 338

POGA“ (ՊՈԳԱ) თურქულ მედიაში

მაშინ, როცა მთელი მსოფლიოს ყურადღება ავღანეთში განვითარებული მოვლენებისკენ არის მიმართული, სამხრეთ კავკასიის რეგიონში სიტუაცია არც თუ სტაბილურად გამოიყურება. მთიანი ყარაბაღის 2020 წლის ომის შემდეგ, სომხეთ-აზერბაიჯანის ახლად დადგენილ საზღვრებზე შეიარაღებულ პროვოკაციებს და ერთმანეთის პირპისპირ მდგომ სამხედრო დანაყოფებს შორის ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დარღვევას თითქმის ყოველდღიური სახე აქვს, სიტუაცია პერიოდულად მკვეთრ ესკალაციას განიცდის, რაშიც სომხური და აზერბაიჯანული მხარეები ერთმანეთს ადანაშაულებენ. ადგილზე მყოფი რუსი „სამშვიდობოები“ კი სიტუაციაზე დაკვირვებით შემოიფარგლებიან.

აგვისტოში, თურქულ საინფორმაციო საშუალებებში აქტიურად გავრცელდა ინფორმაცია, რომ მთიანი ყარაბაღის ომში განცდილი მარცხის შემდეგ, სომხეთში ე.წ სამხედრო სკოლა „POGA“ ჩამოყალიბდა, რომელიც რადიკალურ სომხურ ნაციონალიზმს ემყარება და თურქებისა და აზერბაიჯანელების მიმართ მტრული განწყობების გაღვივებას ემსახურება. არსებული ინფორმაციით, ეს „სამხედრო პატრიოტული სკოლა“ 2021 წლის მარტიდან ფუნქციონირებს. თურქეთი შიშობს, რომ სომხეთს ამ ორგანიზაციის დახმარებით, შეუძლია ახალი დესტაბილიზაციის ნაბიჯების გადადგმა მთიან ყარაბაღთან მიმართებაში.

ყველაზე საინტერესო ამ ორგანიზაციასთან დაკავშირებით ის არის, რომ გავრცელებული ინფორმაციით, „POGA“ დაფინანსებას იღებს ისეთი ორგანიზაციებისგან, როგორებიცაა თურქეთში ტერორისტულ ორგანიზაციად გამოცხადებული „ქურთთა მუშათა პარტია“ (PKK) და „სომხეთის გათავისუფლების სომხური საიდუმლო არმია“ (ASALA). გარდა ამისა, სკოლა „POGA“ ფინანსებს იღებს აშშ-ში მცხოვრები სომხური დიასპორისაგან. თურქული ორგანიზაცია „ASİMED“-ის (გენოციდის შესახებ უსაფუძვლო მტკიცებულებებთან ბრძოლის კავშირი) ხელმძღვანელის, სავაშ ეილმეზის ინფორმაციით, სკოლის მთავარი სპონსორია სომეხი წარმოშობის ამერიკელი ბიზნესმენი, ვრეჟ გრიგორიანი, რომელიც ამერიკის კალიფორნიის შტატის ჯანდაცვის სექტორში მუშაობს. ასევე, სკოლის „ფეისბუქ“ გვერდზე მითითებულია საბანკო ანგარიშის ნომრები, სადაც ორგანიზაციის საქმიანობაში წვლილის შეტანა ნებისმიერ მსურველს შეუძლია.

POGA“ სოციალურ ქსელში საკმაოდ აქტიურია, სადაც აღნიშნულია - „ჩვენი მტერი საზღვრის მეორე მხარესაა". მათ „ფეისბუქ“ გვერდზე რეგულარულად იდება ინფორმაცია დაგეგმილი და განხორციელებული ღონისძიებების შესახებ, შესაბამისი ფოტო-ვიდეო მასალის თანხლებით (https://www.facebook.com/poga.miavorum).

აღნიშნული სამხედრო-საწვრთნელი ბანაკი 18-დან 55 წლამდე ყველა სომეხს მოუწოდებს, შეუერთდნენ მათ რიგებს და ერთად იბრძოლონ თურქეთისა და აზერბაიჯანის წინააღმდეგ. სკოლის ორგანიზატორები იმ პირებს, რომლებიც სკოლის საქმიანობის შესახებ პროპაგანდას ეწევიან, 100 დოლარს უხდიან, უფრო მეტიც, ორგანიზაციაში შესვლის მსურველთათვის ავიაბილეთების შეძენას უზრუნველყოფენ მოსკოვიდან ერევნის მიმართულებით. ასევე, „POGA“-ში დაქირავებულ მებრძოლებსაც იწვევენ ევროპიდან და ახლო აღმოსავლეთიდან.

POGA“, რომელიც უპირველესად ახალგაზრდებზეა გათვლილი, ყოფილი სამხედრო სპეციალისტების ხელმძღვანელობით, ამზადებს როგორც ქალებს, ასევე მამაკაცებს. აქ უფასო სწავლება მოიცავს ცეცხლსასროლი/ცივი იარაღის გამოყენებას, პირველადი დახმარების აღმოჩენას, სამხედრო სტრატეგიების შემუშავებასა და სამხედრო ტექნიკის ექსპლუატაციას, თვითნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობების დამზადებას, ბუნებრივ გარემოში ყოფნას და რთულ რელიეფურ პირობებში გადარჩენის მეთოდების სწავლებას. პარალელურად, ხორციელდება მათი ფსიქოლოგიური მომზადებაც. წვრთნები იმართება როგორც ერევანში, ასევე ტავუშისა და ლორის ოლქებში, სხვადასხვა გეოგრაფიულ ლოკაციებზე. სკოლა ატარებს როგორც სეზონურ სწავლებებს, ასევე თეორიულ კლასებს 90-დღიანი პროგრამის ფარგლებში.

ორგანიზაციის საქმიანობა, თავისი არსით, ანტითურქული და ანტიაზერბაიჯანულია. ASİMED-ში აღნიშნავენ, რომ „POGA“ ცდილობს გაავრცელოს მოსაზრება, რომ აზერბაიჯანი და თურქეთი მიზნად ისახავენ სომხეთის მიწების სრულად ხელში ჩაგდებას და „სურთ სომხების მოსპობა დედამიწის ზურგიდან“. სკოლა იყენებს ისეთ ლოზუნგებს, როგორიცაა „თურქები ყოველთვის მტრები არიან“, „ჩვენ არ გვაქვს სისუსტის უფლება“, „ჩვენ გავხდებით დიდი ძალა და დავუმტკიცებთ მსოფლიოს ჩვენს დაუმარცხებლობას“, და ა.შ.

POGA“- საქმიანობის შეფასება

სომხური სამხედრო-პატრიოტული სულისკვეთების სკოლის დაარსება, შესაძლოა, იმის დემონსტრირებას ემსახურება, რომ მთიანი ყარაბაღის ომში დამარცხების მიუხედავად, სომხეთი დაკარგული ტერიტორიების დასაბრუნებლად კვლავ იბრძოლებს, უფრო გრძელვადიან პერსპექტივაზე დაფუძნებული სტრატეგიით.

მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული სკოლის დაფინანსების შესახებ ცნობების დამადასტურებელი ან უარმყოფელი განცხადებები არ გავრცელებულა, ფაქტია, რომ ორგანიზაცია დღემდე აქტიურად ფუნქციონირებს, რომელიც ნაციონალისტური განწყობების გაღვივებას ყველა საშუალებით ცდილობს, იქნება ეს ფინანსური ან პატრიოტული მოტივაცია თუ საინფორმაციო კამპანიები. ამ გზით, ახალგაზრდებს შორის რადიკალური ნაციონალისტური შეხედულებების პროპაგანდა და მოწოდებები მთიანი ყარაბაღისთვის საბრძოლველად, სარისკო შედეგებს გამოიწვევს და მეზობელ ქვეყნებს შორის დიალოგისა და ურთიერთობების ნორმალიზებისთვის ხელისშემშლელი ფაქტორი შეიძლება გახდეს.

თავის მხრივ, ინფორმაციის მასიურად გავრცელება (თუნდაც, ეს იყოს დეზინფორმაცია), რომ ქვეყანაში არსებულ სამხედრო სკოლას ტერორისტული ორგანიზაციები აფინანსებენ, სერიოზულ რეპუტაციულ რისკებს უქმნის თავად სომხეთის ხელისუფლებას და ქვეყანას ტერორისტული ორგანიზაციებისთვის მეტად მოწყვლადს ხდის. დღეისათვის, როდესაც ტერორიზმი მთელი მსოფლიოსთვის უდიდესი გამოწვევაა, არც ერთი ქვეყნის ინტერესში არ შედის მის ტერიტორიაზე მოქმედი ორგანიზაციის ტერორისტებთან აფილირება. აღნიშნულის გათვალისწინებით, ეს საკითხი სერიოზულ ყურადღებას და რეაგირებას საჭიროებს ქვეყნის შესაბამისი უწყების მხრიდან. გრძელვადიან პერსპექტივაში, თუ სკოლა უფრო ფართო მასშტაბებს შეიძენს, ეს ხელს არ შეუწყობს რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის შენარჩუნებას.

ქშიშტოფ ლუკიანოვიჩი

15.09.2021
ნახვა 338

კომენტარები

ასევე წაიკითხეთ

ნიკოლ ფაშინიანის ვიზიტი საქართველოში

სომხეთის მთავრობა ხუთწლიანი სამოქმედო გეგმის განხორციელებას...
2 თვე