მთავარი პოლიტიკა აღდგება მონარქია საქართველოში 220 წლიანი პაუზის შემდეგ?

აღდგება მონარქია საქართველოში 220 წლიანი პაუზის შემდეგ?

12.09.2021
ნახვა 470

ზუსტად 220 წლის წინ, 1801 წლის 12 სექტემბერს რუსეთის იმპერატორმა ალექსანდრე I-მა გამოსცა მანიფესტი ქართლ-კახეთის სამეფოს გაუქმებისა და მისი რუსეთთან მიერთების შესახებ, რასაც მოგვიანებით, მთელი XIX საუკუნის განმავლობაში სხვა ქართული სამეფო-სამთავროების ანექსია მოჰყვა. შესაბამისად, სწორედ 1801 წლიდან იწყება რუსულ სახელმწიფოსთან რეალური პრობლემები, რომლებიც დღემდე არ არის დაძლეული.

მონარქიის აღდგენის იდეა

საქართველოში, საზოგადოების გარკვეულ ნაწილში, მონარქიის აღდგენის იდეა დღემდე აქტუალურია. პერიოდულ პრესაში დროგამოშვებით გაიჟღერებს ხოლმე სამეფო გვარის წარმომადგენლების ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ გარკვეული ცნობები. მონარქიის აღდგენის შესახებ საქართველოს პატრიარქმა ილია მეორემაც გააკეთა მოწოდებები (2007-2017 წლებში), რომლებმაც დიდი ვნებათაღელვა, თუმცა არაერთგვაროვანი რეაქციები გამოიწვია.

მიმდინარე პერიოდში საქართველოს სამეფო ტახტზე პრეტენზიას ბაგრატიონთა გვარის წევრები აცხადებენ. ცნობისთვის, ბაგრატიონთა სამეფო გვარი ერთ-ერთი უძველესი ქრისტიანული სამეფო დინასტიაა ევროპის ისტორიაში. ბაგრატიონები ქართულ სამეფო-სამთავროებს მმართავდნენ ახ. წ.-ით 575-1810 წლებში. მათი პირველი წარმომადგენელი იყო ქართლის ერისმთავარი გუარამ i კურაპალატი, ხოლო უკანასკნელი - იმერეთის მეფე სოლომონ II. მათი ღვაწლი, რასაკვირველია, განუზომელია ქართული სახელმწიფოებრიობის, კულტურის, ქრისტიანული რელიგიის შენარჩუნებასა და მთლიანად ქართველი ერის გადარჩენაში, თუმცა საკითხავია, რამდენად პასუხობს მონარქიული წყობილების აღდგენა ქვეყანაში თანამედროვე გამოწვევებს?

მაგალითად, XIX საუკუნის დამდეგისთვის ქართულ სამეფო-სამთავროებში ხორციელდებოდა მეფის აბსოლუტური ძალაუფლება, რაც დღევანდელ დღეს მსოფლიოში იშვიათობას წარმოადგენს. ასეთი ტიპის მონარქიები თავმოყრილნი არიან, ძირითადად, საუდის არაბეთის ნახევარკუნძულზე. ხოლო კონსტიტუციური მონარქიების საბადო ევროპის კონტინენტი და დიდი ბრიტანეთის „ერთა თანამეგობრობაში“ შემავალი სახელმწიფოები არიან.

მონარქიის აღდგენის დადებითი და უარყოფითი გარემოებები

გასააზრებელია საქართველოში მონარქიის აღდგენის დადებითი და უარყოფითი გარემოებები. პოზიტიურ მხარეებად მოიაზრება ის, რომ მონარქია, შესაძლოა, იყოს ქვეყნის გამაერთიანებელი, დემოკრატიის მაკონსოლიდირებელი ინსტრუმენტი, მუდმივი პოლიტიკური შუღლის, პოლარიზაციის თავიდან აცილების გარანტი და პოლიტიკური სტაბილურობის შენარჩუნების, ისევე, როგორც ეფექტური მედიაციის საშუალება დაპირისპირებულ ბანაკებს შორის. ასეთ შემთხვევაში, „ევროკავშირის“ უმაღლესი პოლიტიკური ორგანოს, „ევროპული საბჭოს“ პრეზიდენტ შარლ მიშელის შუამავლობაც კი აღარ იქნებოდა საჭირო.

ნეგატიურ მხარეებად მოიაზრება ქვეყანაში იერარქიული სისტემის დაბრუნება, როცა ცალკეულ პირებს წოდებრივი, თუ სხვა სახის პრივილეგიები ექნებათ. დროის ფაქტორიც ხაზგასასმელია რამდენიმე მიზეზის გამო - პირველი, მრავალი წლის მანძილზე ერთი და იმავე სამეფო ოჯახის წევრების სახეების ყურებას, ზოგიერთს წარმომადგენლობით რესპუბლიკაში თანამდებობის პირების ხშირი ცვლა ურჩევნია; მეორე, მნიშვნელოვანია, თუ რამდენად დაიმსახურებს მიმდინარე მონარქი ხალხის სიმპათიასა და მოწონებას; და ბოლოს, ესაა მონარქიული კულტურის ორ საუკუნოვანი წყვეტა, რომელმაც განაპირობა საზოგადოების ნიჰილისტური დამოკიდებულება მის მიმართ. სამეფო გვირგვინის თაობიდან თაობაზე გადაცემის საუკუნოებრივი ტრადიცია დავიწყებას მიეცა და მხოლოდ ისტორიის ფურცლებზე შემორჩა. საყურადღებოა, აგრეთვე, მზარდი ბიუჯეტური დაფინანსება და ხარჯები. მაგალითად, CNN-ის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ ერთ-ერთ სტატიაში ვკითხულობთ, რომ შვედეთში 2019 წელს სამეფო ოჯახმა ბიუჯეტიდან მიიღო 7,5 მილიონი აშშ დოლარი, ხოლო ევროპაში ყველაზე მეტი - 93 მილიონ აშშ დოლარამდე ბრიტანულმა სამეფო ოჯახმა (www.statista.com). აღსანიშნავია, რომ ევროპული სამეფო ოჯახებიდან ყველაზე მეტი ცნობადობით ბრიტანული სამეფო ოჯახის წევრები სარგებლობენ. მახსოვს, 2011 წლის აპრილის თვეში პრინცი უილიამისა და კემბრიჯის ჰერცოგინია ქეით მიდლტონის თავბრუდამხვევი ჯვრისწერა, რომელსაც ათეულობით მილიონი (ზოგიერთი წყაროს ცნობით, 2 მილიარდი) ადამიანი ადევნებდა თვალყურს. უმჯობესია ითქვას, რომ ბრიტანულ სამეფო ოჯახს ქვეყნისთვის დანახარჯებზე მეტი შემოსავალი მოაქვს - პოპულარობიდან გამომდინარე მილიონობით ვიზიტორი სტუმრობს მათ რეზიდენციებს მთელი წლის განმავლობაში. პარალელი რომ გავავლოთ, საქართველოში სულ რამდენიმე სამეფო სასახლე არის შემორჩენილი (მაგალითად, ერეკლე მეორეს სასახლე ქალაქ თელავში) და მათი უმეტესობა ნახევრად ან თითქმის მთლიანად დანგრეულია.

ბაგრატიონთა 3 შტო

საქართველოში მონარქიული წყობილების დაბრუნებას ართულებს ის ფაქტი, რომ, დღესდღეობით, სამეფო გვირგვინის დაუფლება ერთდროულად ბაგრატიონთა 3 შტოს წარმომადგენლებს სურთ: ბაგრატიონ-მუხრანელებს, ბაგრატიონ-გრუზინსკებს („გრუზინსკი“ იყო რუსეთის იმპერიის სახელმწიფო საბჭოს მიერ დამტკიცებული ტიტული, რომელიც დღემდე შემორჩა) და ბაგრატიონთა იმერეთის განშტოების შთამომავლებს. აქედან 2009 წელს შეუღლდნენ დავით ბაგრატიონ-მუხრანელი და ანა ბაგრატიონ-გრუზინსკი. მათი საერთო შვილის, უფლისწულ გიორგი ბაგრატიონ-ბაგრატიონის დაბადებას, წესით, სამეფო დაპირისპირება უნდა აღმოეფხვრა, თუმცა მათ შორის გამართულმა სასამართლო პროცესებმა და განქორწინებამ სქიზმის მოგვარებას ხელი შეუშალა.

მონარქისტული ძალები

ამჟამად, ღიად მონარქისტული ძალები საზოგადოებრივი ორგანიზაციების ფორმატში არსებობენ და პოლიტიკურ ასპარეზზე ჯერ-ჯერობით არ გამოჩენილან. ასეთ ორგანიზაციებს მიეკუთვნებიან, მაგალითად, „საქართველოს სამეფო კლუბი“ და „საქართველოს თავად-აზნაურთა საკრებულო“. ფუნქციონირებს „საქართველოს სამეფო სახლიც“, რომლის სახელწოდების გამოყენების უფლებაზე სასამართლო დავა აქვთ მუხრანელ და გრუზინსკ ბაგრატიონებს.

ისიც უნდა ითქვას, რომ ბოლო რამდენიმე წელიწადია სატელევიზიო ბადეში მაუწყებლობს „სამეფო არხი“, რომელიც ბაგრატიონთა თაოსნობით მონარქიის აღდგენის იდეის პოპულარიზაციას ეწევა. არხზე გადის მართლმადიდებლურ-მონარქისტული შინაარსის შემცველი გადაცემები, როგორებიცაა „ბაგრატოვანნი“, „ენა, მამული, სარწმუნოება“, რომლის სახელწოდებაც, თუ დავაკვირდებით, ქართველთა წმინდანისა და საზოგადო მოღვაწის, ილია ჭავჭავაძის ცნობილ გამონათქვამს იმეორებს. ბუნებრივია, ასეთ სატელევიზიო პროგრამებზე საზოგადოებაში მოთხოვნილება არსებობს თუნდაც იმის გამო, რომ საქართველოს მოსახლეობის დაახლოებით 83% მართლმადიდებელი ქრისტიანია. მაგრამ, „სამეფო არხზე“ გადის გარკვეული სახის დოკუმენტური ფილმები („ქვეყნის აღსასრული“, „უკანასკნელი ბაბილონი“, „კაცობრიობის ელექტრონული ზომბირება“, „დიდი განდგომილება“ და ა.შ.), რომლებიც მსოფლიოს აპოკალიპტურ სურათს გვიხატავენ. მათი ნახვა ძალიან დამრთგუნველია და ზრდასრული მოსახლეობისგანაც კი მყარ ფსიქიკას მოითხოვს. პირადი დაკვირვებით, ისინი გადამეტებულად ძაბავენ და გაზვიადებულად წარმოაჩენენ მსოფლიოში არსებულ სიტუაციას.

ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, თუ როგორ განვითარდება საქართველოში კონსტიტუციურ მონარქიასთან დაკავშირებული პერიპეტიები, ამას მომავლის სოციალურ-პოლიტიკური კონიუნქტურა გვიჩვენებს.

ბექა კაციტაძე

12.09.2021
ნახვა 470

კომენტარები