მთავარი საგარეო პოლიტიკა ნიკოლ ფაშინიანის ვიზიტი საქართველოში

ნიკოლ ფაშინიანის ვიზიტი საქართველოში

სომხეთის მთავრობა ხუთწლიანი სამოქმედო გეგმის განხორციელებას იწყებს
07.09.2021
ნახვა 253

ფაშინიანის ვიზიტის დეტალები

სომხეთის პრემიერ-მინისტრი, ნიკოლ ფაშინიანი, საქართველოს 8 სექტემბერს ოფიციალური ვიზიტით ეწვევა. სომხეთში ივნისის თვეში გამართული რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნებისა და მთავრობის მეთაურად ფაშინანის ხელახლა არჩევის შემდეგ, ეს მისი პირველი უცხოური ოფიციალური ვიზიტი იქნება. თუმცა, ხავერდოვანი რევოლუციისშემდეგ, ფაშინიანი უკვე მესამედ ესტუმრება თბილისს (2018, 2020, 2021წწ.).

2020 წლის მთიანი ყარაბაღის ომის შემდეგ, რეგიონში სამხედრო-პოლიტიკური ვითარება მნიშვნელოვნად შეიცვალა. შესაბამისად, დღის წესრიგში დადგა ქვეყნებს შორის სხვადასხვა საკითხზე პოზიციების შეჯერებისა და განახლების აუცილებლობა. საქართველოში სომხეთის დელეგაცია ორმხრივი ურთიერთობების ისეთ საკვანძო საკითხებს განიხილავს, როგორიცაა თანამშრომლობა პოლიტიკურ-ეკონომიკურ, თუ კულტურულ-ჰუმანიტარულ სფეროებში, ასევე პანდემიასთან ბრძოლა და მასთან დაკავშირებული სირთულეები. მოსალოდნელია, რომ ვიზიტის მთავარი ფოკუსი ეკონომიკურ თანამშრომლობაზე იქნება მიმართული, რასაც დაუკავშირდება უკანასკნელ პერიოდში გააქტიურებული საკითხი სამხრეთ კავკასიაში სატრანსპორტო დერეფნების გახსნის თაობაზე და ასევე განიხილება სომხეთის მთავრობის სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული, საქართველო-სომხეთის პარტნიორობის გაღრმავების საკითხები.

ეკონომიკური თანამშრომლობის გააქტიურება

24 აგვისტოს, პარლამენტში სამთავრობო პროგრამის განხილვის დროს, ფაშინიანმა პირადად ისაუბრა თბილისში დაგეგმილი იზიტის შესახებ. როგორც მან აღნიშნა, საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი დაინტერესებულია სომხურ-ქართული ეკონომიკური თანამშრომლობის გაძლიერებით. მან ასევე ხაზგასმით აღნიშნა ღარიბაშვილის პირადი წვლილი 12 ივნისს, სომეხი სამხედრო ტყვეების აზერბაიჯანიდან ერევანში დაბრუნების ორგანიზებაში.1

ქვეყნებს შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობის გააქტიურებით, ბუნებრივია, ორივე მხარეა დაინტერესებული, განსაკუთრებით, კოვიდ-19 პანდემიის ფონზე, რამაც მნიშვნელოვანი გავლენა იქონია სავაჭრო ურთიერთქმედებაზე. აღსანიშნავია, რომ სომხეთსა და საქართველოს შორის სავაჭრო ბრუნვამ 2020 წელს 129,7 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 12%-ით ნაკლებია 2019 წლის მაჩვენებელზე - 150 მლნ. აშშ დოლარზე.

სომხეთის მთავრობის სამოქმედო გეგმაში საქართველოს ადგილი

ვიზიტამდე ორიოდე კვირით ადრე, 26 აგვისტოს, სომხეთის პარლამენტმა დაამტკიცა მთავრობის სამოქმედო გეგმა 2021-2026 წლებისთვის, სადაც თბილისთან ურთიერთობის გაღრმავების აუცილებლობაზეც არის საუბარი. კერძოდ, სომხეთი აპირებს საქართველოსთან განსაკუთრებული და კეთილმეზობლური ურთიერთობის განვითარებას, ხოლო მასთან საკომუნიკაციო კავშირების გაუმჯობესებას სტრატეგიულ მნიშვნელობას ანიჭებს. სომხეთის მთავრობა აპირებს საქართველოსთან თანამშრომლობის გაღრმავებას პოლიტიკურ, ეკონომიკურ, საკომუნიკაციო, კულტურულ, ჰუმანიტარულ და ტურიზმის სფეროებში. სომხეთი გეგმავს ორ ქვეყანას შორის ტრადიციული ურთიერთნდობისა და დიალოგის გაძლიერებით, რეგიონული სტაბილურობის ხელშეწყობას. როგორც ჩანს, აღნიშნული ვიზიტით, სომხეთის მთავრობა სამოქმედო გეგმის განხორციელებას შეუდგება.

საზღვრის დემარკაცია

სომხეთის მთავრობის სამოქმედო გეგმაში, ცალკე პუნქტადაა გამოყოფილი საქართველოსთან სახელმწიფო საზღვრის დემარკაციის საკითხი, რაც საკმაოდ სენსიტიურ თემას წარმოადგენს, განსაკუთრებით იმ დაძაბულ ფონზე, რაც ერევანს აზერბაიჯანთან სადაო საზღვრების დადგენის გამო ამჟამად აქვს შემნილი. საქართველოსა და სომხეთს შორის საზღვრების დელიმიტაცია-დემარკაციის აუცილებლობაზე 2019 წლის მარტში, ერევანში ვიზიტად მყოფმა საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმაც ისაუბრა. ამ მგრძნობიარე საკითხის გადაჭრა ორივე მხარის საგარეო უწყებების რთული ამოცანაა, რომლებმაც დიპლომატიური გზით უნდა შეაჯერონ მხარეთა პოზიციები. ფრთხილი და ხანგრძლივი მოლაპარაკებების დაწყება შესაძლებელია, თუმცა ამ ვიზიტის ფარგლებში, ნაკლებად სავარაუდოა, დღეისათვის ბაქოსთან არსებული დაძაბულობის გათვალისწინებით.

სატრანსპორტო დერეფნის გახსნის საკითხი

იმ პირობებში, როცა სომხეთს მეზობელ თურქეთსა და აზერბაიჯანთან სატრანსპორტო დერეფნები დახურული აქვს, საქართველოს გავლით რუსეთთან დაკავშირება მისი ეკონომიკისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. 2020 წლის მთიანი ყარაბაღის ომის შემდეგ, რუსეთის შუამავლობით, ერევანსა და ბაქოს შორის მიღწეული შეთანხმების უმნიშვნელოვანესი პუნტქი სამხრეთ კავკასიაში სატრანზიტო დერეფნების გახსნას ეთმობა. თუმცა, ამ საკითხზე უთანხმოება დღემდე მძაფრად დგას. რა გასაკვირია, რომ სომხეთი ლობირებს ოკუპირებული აფხაზეთის რკინიგზის გახნას, მაგრამ არც ეს საკითხია სომხეთის ძალისხმევაზე დამოკიდებული. რუსეთის მიერ აფხაზეთის ოკუპაცია ის წითელი ხაზია, რაც რკინიგზის ამ მონაკვეთის გახსნას აბრკოლებს. მოსალოდნელია, რომ სომხეთის დელეგაციის თბილისში ვიზიტისას, აფხაზეთის რკინიგზის გახსნის საკითხი კვლავ წამოიჭრას.

აქვე აღსანიშნავია, რომ საქართველოსა და სომხეთს შორის საავტომობილო მიმოსვლისა და ტვირთბრუნვის გასაუმჯებესებლად, საერთაშორისო პარტნიორების დახმარებით, სხვადასხვა პროექტები ხორციელდება. სომხეთიდან საქართველოსკენ მიმავალი ერთ-ერთი მაგისტრალური გზა - M-6 (ვანაძორი-ალავერდი-ბაგრატაშენის მარშრუტი) მიმდინარე წლის 30 ნოემბრამდე სრულად შეკეთდება, რომელიც 2016 წლიდან, აზიის განვითარების ბანკისა და ევროპის საინვესტიციო ბანკის მიერ გამოყოფილი კრედიტის საშუალებით (51 მლნ. ევრო) მიმდინარეობს. გარდა ამისა, 2022 წლის მაისისათვის უნდა დასრულდეს სომხეთ-საქართველოს შორის ახალი სასაზღვრო ხიდის მშენებლობა მდინარე დებედას გასწვრივ, რომლის მშენებლობა 7,3 მლნ. აშშ დოლარით არის დაფინანსებული ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის მიერ.

ბაიდენის წერილი ფაშინიანს

აშშ-ის პრეზიდენტმა სომხეთის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, ნიკოლ ფაშინიანს წერილი გაუგზავნა, სადაც სომხეთის პრემიერ-მინისტრს არჩევნებში გამარჯვება და მინისტრთა ახალი კაბინეტის შექმნა მიულოცა. წერილში ბაიდენმა ასევე გამოხატა კმაყოფილება, რომ აშშ-მა წვლილი შეიტანა აზერბაიჯანიდან სომეხი სამხედრო ტყვეების გათავისუფლებაში და იმედი გამოთქვა, რომ ამ მიმართულებით, საქართველოს დახმარებით მიღწეული პროგრესი, რეგიონული თანამშრომლობის მნიშვნელოვანი საფუძველი გახდება. ისეთი გამჭრიახი პოლიტიკოსი, როგორიც ნიკოლ ფაშიანიანია, კარგად აცნობიერებს საქართველოსთან, ისევე როგორც დასავლეთთან პარტნიორობის სტრატეგიულ მნიშვნელობას და დიდი ალბათობით, ამ კუთხით პოზიტიური ნაბიჯებით წინსვლას შეეცდება, თუმცა იმდენად, რამდენადაც რუსეთთან ურთიერთობაში მანევრირება ამის საშუალებას მისცემს.

ქშიშტოფ ლუკიანოვიჩი

1. 2021 წლის 12 ივნისს, აზერბაიჯანულმა მხარემ მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის დროს დაკავებული სომხეთის 15 მოქალაქე თბილისის შუამავლობით გაათავისუფლა და ისინი სომხეთში საქართველოს გავლით დაბრუნდნენ.

07.09.2021
ნახვა 253

კომენტარები