მთავარი პოლიტიკა 9 („ენმ“) + 9 („ქართული ოცნება“) = გზა ლიბერალურ დემოკრატიამდე?

9 („ენმ“) + 9 („ქართული ოცნება“) = გზა ლიბერალურ დემოკრატიამდე?

02.09.2021
ნახვა 302

ფოტო: dalma.news

ქართულ სატელევიზიო სივრცეში არაერთხელ გაჟღერებულა აზრი, რომ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ (შემოკლებით - „ენმ“) ხელისუფლების უმრავლეობაში მოსვლის შემდეგ, 2004 წლის დასაწყისიდან, ლიბერალურ-დემოკრატიული სახელმწიფოს მშენებლობას ჩაეყარა საფუძველი. 2012 წლის 1 ოქტომბერს ძალაუფლების „ქართული ოცნებისთვის“ გადაბარებამდე კი ამ უკანასკნელის ლიდერის, ბიძინა ივანიშვილის ერთ-ერთი უმთავრესი დაპირება სწორედ დემოკრატიული მმართველობის კონსოლიდაცია იყო. ამდენად, საინტერესოა გავიგოთ, რამდენად აკმაყოფილებს „ენმ“-სა და „ქართული ოცნების“ მმართველობები ლიბერალურ-დემოკრატიული სახელმწიფოს სტანდარტებსა და მის თეორეტიკულ მახასიათებლებს.

ლიბერალურ-დემოკრატიული სახელმწიფო და მისი თეორეტიკული ნიშან-თვისებები 

როგორც ენდრიუ ჰეივუდის წიგნში „პოლიტიკური იდეოლოგიები“ ვკითხულობთ, არ არსებობს საყოველთაო კონსენსუსი დემოკრატიის ერთიანი განმარტების თაობაზე. შესაბამისად, სახეზე გვაქვს დემოკრატიული მმართველობის რამდენიმე ურთიერთსაპირისპირო ვარიანტი, რომელთაგან მე-20 საუკუნის ბოლოსა და 21-ე საუკუნის დასაწყისში უპირატესობა მოიპოვა ლიბერალურმა დემოკრატიამ. აღსანიშნავია, რომ ლიბერალურ დემოკრატიებს შერეული და ორმაგი ბუნება აქვთ: ლიბერალური ნახევარი შეზღუდული მმართველობას იდეას ქადაგებს, ხოლო დემოკრატიული ნახევარი - სახალხო მმართველობის პრინციპს განადიდებს. იგივე ჰეივუდი მიუთითებს, რომ ლიბერალური დემოკრატია არ ნიშნავს მხოლოდ ლიბერალური იდეოლოგიის მქონე პარტიის მმართველობას.

ჯონ ოუენის ძალიან საინტერესო ნაშრომში „როგორ აწარმოებს ლიბერალიზმი დემოკრატიულ მშვიდობას“ წერია, რომ ლიბერალური დემოკრატია არის სახელმწიფო, სადაც მოქალაქეებს აქვთ მნიშვნელოვანი ბერკეტები სახელისუფლებო და ომის დაწყებაზე მისაღებ გადაწყვეტილებებზე. ლიბერალურ დემოკრატიებში არსებობს სიტყვის თავისუფლება ალტერნატიული პოლიტიკის შესაფასებლად და რეგულარულად ტარდება კონკურენტული არჩევნები. ასეთი სახელმწიფოსთვის თვით-გადარჩენა და მატერიალური კეთილდღეობა უფრო მნიშვნელოვანია, ხოლო თავისუფლების შეზღუდვა და ძალადობა - კონტრ-პროდუქტიული. გარდა ამისა, ლიბერალური დემოკრატიისთვის პრიორიტეტული არის სიცოცხლე, საკუთრება, თავისუფლება და შემწყნარებლობა. ოუენის აზრით, არა-ლიბერალური ლიდერები შიდა კრიზისის გადასაფარად საომარი მოქმედებების დაწყებაზეც არ ამბობენ უარს, ხოლო ლიბერალური ლიდერებისთვის ომი არის ძვირადღირებული ნაბიჯი და სახიფათო გადაწყვეტილება. საერთო ჯამში, ლიბერალური დემოკრატია უზრუნველყოფს ტირანიის პრევენციას და გამოხატავს საკუთარი მოქალაქეების ჭეშმარიტ ინტერესებს.

ენმ“-ის 9 წელი: დევიაცია ლიბერალური დემოკრატიიდან

 „ენმ“-ის თითქმის 9 წლიან მმართველობას ბევრი „სისხლიან 9 წელს“ უწოდებს. ამ თავში შევეცდები „ენმ“-ის პოლიტიკა ჯონ ოუენის მიერ ლიბერალური დემოკრატიის შესახებ ჩამოყალიბებული კონკრეტული თეორეტიკული ნიშან-თვისებებით შევაფასო:

1) „მოქალაქეების ბერკეტები ომსა და სახელისუფლებო გადაწყვეტილებებზე“ - 2004-2012 წლებში, დღევანდელისგან განსხვავებით, ქვეყანა არ მოძრაობდა საპარლამენტო რესპუბლიკის რელსებზე. შეინიშნებოდა ძალაუფლების კონცენტრაცია და ცენტრალიზაცია პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის თაოსნობით. ამავენაირად, ვერ ვიტყვით, რომ რუსეთთან 2008 წლის „აგვისტოს ომში“ ჩაბმაზე რაიმე გავლენა ქართულმა მოსახლეობამ იქონია. პრეზიდენტმა სააკაშვილმა ამ შემთხვევაშიც ერთპიროვნულად იმოქმედა;

2) „თავისუფლების შეზღუდვა და ძალადობა“ - 2007 წლის 7 ნოემბერსა და 2011 წლის 26 მაისს მოხდა მშვიდობიანი საპროტესტო აქციების გადამატებული ძალის გამოყენებით დარბევა. ხოლო 2009 წლის 6 მაისს დიღმის რაიონში, პოლიციის მთავარ სამმართველოსთან, სპეცრაზმის წევრები აქციის მონაწილეებს რეზინისა და პლასტიკის ტყვიებით გაუმასპინძლდნენ, რის შედეგადაც ორმა პიროვნებამ ცალი თვალი დაკარგა. უკანონოდ დამზადდა პირადი ცხოვრების ამსახველი ათასობით ვიდეო და აუდიო ჩანაწერი. ცალკე საკითხია პატიმრების მასობრივი წამება და მათთვის ღირსების აყრა პენიტენციურ დაწესებულებებში, სხვ.

3) „ომის საშუალებით შიდა კრიზისის გადაფარვა“ - საზოგადოებაში დღესაც მუსირებს აზრი, რომ სააკაშვილმა 2008 წელს ოსურ-რუსულ პროვოკაციაზე წამოგება სწორედ ქვეყნის შიდა კრიზისიდან საზოგადოების ყურადღების გადასატანად განიზრახა;

4) „საკუთრება, სიცოცხლე, სიტყვის თავისუფლება, კონკურენტული არჩევნები, მატერიალური კეთილდღეობა“ - „ენმ“-ის ხელისუფლებამ 50 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების ქონება გამოსძალა მოქალაქეებს. 2004-2007 წლებში პოლიციისა და სპეცრაზმის წევრებმა სხვადასხვა ვითარებაში სიცოცხლე მოუსწრაფეს 50-ზე მეტ პიროვნებას. სიტყვის თავისუფლება კი მასმედიის კონტექსტში შეგვიძლია განვიხილოთ: ტელეკომპანია „იმედი“ დაარბიეს და წაართვეს პატარკაციშვილების ოჯახს, „რუსთავი 2“ გარკვეული თანხის სანაცვლოდ ძალით დაათმობინეს კანონიერ მეპატრონე ქიბარ ხალვაშს, რაც „სტრასბურგის სასამართლომ“ დაადასტურა, ასევე მაუწყებლობდა ყოვლად გაუგებარი ტელეარხი „რეალ TV“, რომელიც ოპოზიციის დისკრედიტაციას ეწეოდა, „საზოგადოებრივი მაუწყებელიც“ სახელისუფლებო მარწუხების ქვეშ იყო მოქცეული და ა.შ. თუმცა, მიუხედავად ზემოაღნიშნული ქმედებებისა, ქვეყანაში მაინც ტარდებოდა კონკურენტული და პლურალისტური არჩევნები.

გარდა ამისა, 2004 წლიდან გააქტიურდა პრო-დასავლური საგარეო პოლიტიკური კურსი, შემცირდა კრიმინალი და კორუფცია, დაიწყო პოლიციის რეფორმა, საგრძნობლად გაიზარდა ქვეყნის ეკონომიკა. მაგალითად, Forbes Georgia-ს თანახმად, საქართველოში უკვე 2004 წელს იყო ეკონომიკის 5,8%-იანი ზრდა, 2007 წელს - 12,6%-იანი, ხოლო 2008 წლის პირველ ნახევარში - 10%-იანი. შესაბამისად, „ენმ“-ის ხელისუფლებამ, წინა ათწლეულთან შედარებით, შესამჩნევი მატერიალური კეთილდღეობა მოუტანა მოსახლეობას.

ქართული ოცნების“ 9 წელი: „აღთქმულ მიწაზე“ დამკვიდრების ფრუსტრაცია? 

„ქართული ოცნების“ მიმართ პრეტენზიები, ძირითადად, 2012 წლის 1 ოქტომბრის არჩევნებამდე მისი ლიდერის, ბიძინა ივანიშვილის მიერ საზოგადოებისთვის მიცემული დაპირებების უმეტესობის შეუსრულებლობით გამოიხატება. წინასაარჩევნო დაპირებები მოიცავდა: კომუნალური გადასახადების შემცირებას, მედიკამენტებზე ფასების დაწევას, „უფასო ფულს“, რომელიც საზოგადოებას რამდენიმე წელიწადში ჯიბეზე უნდა ეგრძნო, „გასაოცარ დემოკრატიას“, რომლისაც ევროპელებს შეშურდებოდათ, 1990-იანი წლების დროინდელი ანაბრების დაბრუნებას, სოციალური დახმარებისა და პენსიის საგრძნობ ზრდას და სხვ. რომ შევაჯამოთ, „ქართული ოცნების“ 9 წლიან მმართველობას ეკონომიკური სტაგნაციით უფრო ახასიათებენ და არა - ძალადობრივი პოლიტიკის იმპლემენტაციით. ანუ, მიუხედავად იმისა, რომ ბევრი ინფრასტრუქტურული თუ სხვა სახის პროექტი განხორციელდა და კეთილმოეწყო, ზოგიერთი მაინც უკმაყოფილოა ქვეყნის ეკონომიკის ზრდის ტემპებით, რომელსაც 2012-დან 2021 წლამდე 5,0%-სთვის არ გადაუჭარბებია. ამასთანავე, საგულისხმოა 2 ქეისი: 2019 წლის 20 ივნისის „გავრილოვის ღამე“, როცა პარლამენტის შენობაზე შტურმის დროს ხელისუფლებას რეზინის ტყვიების ნაცვლად, თავდაპირველად წყლის ჭავლის გამოყენება შეეძლო და თემირლან მაჩალიკაშვილის საქმე, როცა სპეცრაზმის წევრები ტერორიზმის ბრალდებით სახლში შეუვარდნენ მძინარე და უიარაღო 19 წლის ბიჭს და სასიკვდილო ჭრილობა მიაყენეს. იმ ფონზე, რომ „ენმ“-ის ზეობისას სასამართლოს გამამართლებელი განაჩენი 6-ჯერ ნაკლებ შემთხვევაში გამოჰქონდა, „ქართული ოცნების“ მიმართ კიდევ ერთი უკმაყოფილება მაინც სასამართლო სისტემას უკავშირდება: ერთი მხრივ, „ევროკავშირი“ უკმაყოფილოა სასამართლო რეფორმასთან დაკავშირებით 2021 წლის 19 აპრილის შეთანხმების შეუსრულებლობის გამო, რაც ითვალისწინებდა „ვენეციის კომისიის“ რეკომენდაციებთან სრულ შესაბამისობაში მოსვლას, ხოლო, მეორე მხრივ, საქმე ეხება მურუსიძე-ჩინჩალაძის ე.წ. კლანს, თუმცა, ხაზგასასმელია ის ფაქტი, რომ ლევან მურუსიძეც და მიხეილ ჩინჩალაძეც ჯერ კიდევ ედუარდ შევარდნაძის პრეზიდენტობის პერიოდში მუშაობდნენ საოლქო სასამართლოში, ხოლო მათი დაწინაურება სწორედ „ენმ“-ის პირობებში მოხდა. გარდა ამისა, აღსანიშნავია, რომ „ენმ“-ის მმართველობის პერიოდში „სტრასბურგის სასამართლოსადმი“ საქართველოს მოქალაქეების მიმართვიანობა გაცილებით აღემატება იგივე მაჩვენებელს „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში ყოფნის დროს.

---

დასკვნის სახით, შესაძლებელია ითქვას, რომ 2012 წელს ხელისუფლების ცვლილების შედეგად ძალადობრივი რეჟიმი აღარ გვაქვს, თუმცა, „დასავლურ“ ლიბერალურ დემოკრატიამდე ჯერ კიდევ შორს ვიმყოფებით. დღესდღეობით, განსაკუთრებით გლობალური პანდემიის ფონზე, „ქართული ოცნების“ მმართველობის პირობებში მთავარ გამოწვევად მაინც კოვიდკრიზისის სწორი მართვა და ეკონომიკური სიდუხჭირე რჩება.

ბექა კაციტაძე

02.09.2021
ნახვა 302

კომენტარები