მთავარი უსაფრთხოება რუსეთის პოლიტიკის იდეოლოგიური საფუძვლები

რუსეთის პოლიტიკის იდეოლოგიური საფუძვლები

„რეალიზმი“, „სუვერენული დემოკრატია“, „ევრაზიანიზმი“ და „მეოთხე პოლიტიკური თეორია“
21.08.2021
ნახვა 501

ბევრი საუბრობს რუსეთის პოლიტიკაზე, მაგრამ ცოტამ თუ იცის სრულად კრემლის პოლიტიკის იდეოლოგიური საფუძვლები. ამდენად, საინტერესოა გავიგოთ, თავად რუსები როგორ აღიქვამენ საკუთარ თავს და როგორ უყურებენ ისინი მსოფლიო პოლიტიკას.

1) „რეალიზმი“

გლობალურ ონლაინ სწავლების პლატფორმაზე www.coursera.org არის მოსკოვში ბაზირებული უნივერსიტეტის "ეკონომიკის უმაღლესი სკოლა" (HSE University) კურსი საერთაშორისო ურთიერთობების თეორიებზე, რომელსაც ეროვნებით რუსი სპეციალისტები უძღვებიან, სადაც ერთი კვირა ეთმობა თემას სახელწოდებით - „რუსეთი, როგორც რეალისტური ძალა“. კერძოდ, ვიდეო-ლექციაში სპეციალისტები ამტკიცებენ, რომ რუსეთი არის რეალისტური ძალა, ხოლო გაბატონებული „დასავლური“ წარმოდგენები რუსეთის საგარეო პოლიტიკაზე მცდარია. ალბათ, იკითხავთ, თუ როგორია ეს წარმოდგენები? მათ შორისაა: 1) არაპროგნოზირებადობა - მაგალითად, ვერავინ წარმოიდგენდა რუსეთის მონაწილეობას უკრაინისა და სირიის კამპანიებში, სხვ. 2) რევიზიონიზმი - რუსეთი არღვევს თამაშის წესებს და საფრთხეს უქმნის საერთაშორისო წესრიგს, რომელიც დამყარდა 1945 წლიდან და გამყარდა 1991 წლიდან; 3) რუსეთი აიგნორებს გლობალიზაციას, მის საგარეო პოლიტიკას მე-19 საუკუნის ძალის პოლიტიკის სახე აქვს და ა.შ. და ბოლოს, 4) რუსეთის საგარეო პოლიტიკა დამოკიდებულია იმაზე, თუ ვინ იქნება ქვეყნის პრეზიდენტი. როგორც აღინიშნა, რუსი ლექტორების აზრით, ეს პარადგიმა არასწორია და მას საკუთარი მოსაზრებებით პასუხობენ. ამასთანავე, ამბობენ, რომ რუსეთის საგარეო პოლიტიკის გასაგებად აუცილებელია მოვლენებს უყურო რუსული თვალებით: რუსეთი უკვე მე-16 საუკუნიდან, ანუ ივანე IV „მრისხანეს“ მმართველობიდან მოყოლებული საკუთარ თავს აღიქვამს დამოუკიდებელ პოლუსად, „მესამე რომად“ და, რაც მთავარია, „რეალიზმის თეორიის“ პრიზმიდან დანახულ „დიდ ძალად“ (Great Power). თავის მხრივ, „დიდი ძალა“ გამოიხატება რუსეთის სუვერენულობაში საშინაო და საგარეო ასპარეზზე, ასევე, რუსო-ცენტრული სამხედრო-პოლიტიკური ალიანსების არსებობაში. ვიდეო-ლექციის წამყვანები პოსტ-საბჭოთა სივრცეს (მათ შორის, საქართველოს) რუსეთის საკუთრებად აცხადებენ, სადაც მარტო „დასავლეთმა“ არ უნდა გადაწყვიტოს დღის წესრიგი. რუსეთის პოზიცია უნდა გაითვალისწინოს ყველამ, როცა საქმე ეხება გადაწყვეტილების მიღებას საერთაშორისო წესების, ნორმებისა და ინსტიტუტების თაობაზე. ამასთანავე, თუკი „დასავლეთს“ ჰქონდა მოქმედების თავისუფლება ყოფილ იუგოსლავიაში, ერაყში, ლიბიაში, რუსეთსაც შეუძლია ანალოგიურად მოიქცეს. გარდა ამისა, თუკი საფრთხე დაემუქრება რუსეთის სასიცოცხლო ეროვნულ და საგარეო პოლიტიკურ ინტერესებს, ის საამისოდ ძალასაც გამოიყენებს, რაც, მათი აზრით, უკვე მოხდა 2008 წელს საქართველოში, 2014 წელს უკრაინაში, სხვ. ხოლო „ნატოს“ გაფართოება სამხედრო ფაქტორების გარდა, რუსეთისთვის საშიშროებას წარმოადგენს მისი პოსტ-„ცივი ომის“ წესრიგის დიზაინიდან გაძევების მცდელობის გამო. ამდენად, კურსის ავტორები ასკვნიან, რომ რუსეთის საგარეო პოლიტიკა არის პროგნოზირებადი, ასევე, თავდაცვითი (და არა რევიზიონისტული ან ექსპანსიონისტური), რადგან მიზნად ისახავს „ნატოსა“ და „ევროკავშირის“ გაფართოების შეკავებას, და ბოლოს, ის განპირობებულია არა კონკრეტული პრეზიდენტების ხედვებით, არამედ სისტემური ფაქტორებით. ყოველივე ეს კი, ზოგადად, „რეალიზმის“ და საკუთრივ „ნეო-რეალიზმის“ თავდაცვით ლოგიკას ესადაგება.

2) „სუვერენული დემოკრატია“

როგორც სარა ფიშერის ნაშრომში ვკითხულობთ, ტერმინი „სუვერენული დემოკრატია“ (შემოკლებით - „სდ“) პირველად რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის პირველმა მოადგილემ, ვლადისლავ სურკოვმა გამოიყენა 2006 წელს თავის მოხსენებაში. „სდ“ ნიშნავდა, რომ რუსეთი არის დემოკრატია, რომლის ეჭვქვეშ დაყენება კრემლის მიერ აღქმული იქნებოდა მის შიდა საქმეებში ჩარევად. „სდ“, შესაძლოა, ორი ნიშან-თვისებით დავახასიათოდ: 1) რუსული დემოკრატიული განვითარება შეუსაბამოა დასავლურ სტანდარტებთან; 2) სუვერენიტეტი ყოველთვის აღმატებულია დემოკრატიაზე. სურკოვი ამართლებს ძალაუფლების გამყარება-ცენტრალიზაციას, ინსტიტუტების გაპიროვნებას და ავტორიტარულ მისწრაფებებს, ხოლო „სდ“-ს წარმოაჩენს „დასავლური“ ლიბერალური დემოკრატიის საპირწონედ. დიმა კორტუკოვის ნაშრომიდან კი ვიგებთ, რომ იმავე სურკოვის აზრით, რომ არა „სდ“, სამი რამ მოხდებოდა: 1) რუსეთის პოლიტიკისა და ეკონომიკის ინტერნაციონალიზაციით მისი სუვერენიტეტის დაკარგვა; 2) იზოლაციურ საბჭოთა მოდელზე დაბრუნება; და 3) რუსეთის ეთნიკური ფრაგმენტაცია. დიმა კორტუკოვი მიუთითებს, რომ პრეზიდენტ პუტინის ნებართვისა და მხარდაჭერის გარეშე, „სდ“-ის კონცეფცია ვერ დაიმკვიდრებდა ადგილს რუსულ პოლიტიკაში. აღსანიშნავია, რომ „სდ“-ის არქიტექტორი სურკოვი 2020 წლამდე იკავებდა პუტინის პირადი მრჩევლის პოზიციას აფხაზეთთან, ე.წ. სამხრეთ ოსეთთან და უკრაინასთან ურთიერთობების საკითხებში. თუმცა, როგორც ერთ-ერთი ცნობილი რუსული მედია გამოცემიდან (www.vedomosti.ru) ვიგებთ, სურკოვის გადადგომა არ გამოიწვევს მის მიერ შექმნილ პოლიტიკურ სისტემაზე უარის თქმას.

3) „ევრაზიანიზმი“

ცნობილი რუსი ფილოსოფოსი და პოლიტოლოგი ალექსანდრე დუგინი თავის წიგნში „ევრაზიული მისია: შესავალი ნეო-ევრაზიანიზმში“, რომელიც ინგლისურ ენაზე გამოიცა 2014 წელს, ამბობს, რომ „ევრაზიანიზმი“, როგორც იდეოლოგიური და სოციალურ-პოლიტიკური მიმდინარეობა, რუსული ემიგრაციის პირველი ტალღის წიაღში ჩაისახა. ის წარმოადგენს „დასავლური“ და „აღმოსავლური“ კულტურების კომბინაციას, თუმცა, არცერთ მათგანზე არ დაიყვანება. მისი ყველაზე ცნობილი წარმომადგენლები არიან - პ. სავიცკი, ნ. ტრუბეცკოი, გ. ალექსიევი და სხვ. წიგნის ავტორი, ასევე, მიუთითებს, რომ გეოგრაფიულ სივრცეს უზარმაზარი გავლენა ჰქონდა ხალხების კულტურასა და ეროვნულ ისტორიაზე. სწორედ ვრცელი „სტეპებისა და ტყეების“ ერთობლიობამ ჩაუყარა საფუძველი რუსულ-ევრაზიულ იმპერიას. „დასავლური“ ლიბერალური დემოკრატია კი საფრთხეს წარმოადგენს რუსეთ-ევრაზიისთვის, რადგან ის, „დემოტიისგან“ (Demotia) განსხვავებით, უარყოფს იერარქიას, ფორმალიზებულია პარტიულ-პარლამენტურ სტრუქტურაში და ა.შ. მოგვიანებით, უკვე „ნეო-ევრაზიანიზმს“ დასაბამი მისცა ლევ გუმილიოვმა, რომელმაც განაცხადა, რომ დიდმა რუსმა წინაპრებმა ჩვ. წ. XIV-XVII საუკუნეებში განიცადეს ასიმილაცია თურქებთან, მონღოლებთან, თათრებთან, იაკუტებთან, სხვ. რის შედეგადაც ჩამოყალიბდა თანამედროვე რუსულ-ევრაზიული ცივილიზაცია.

4) „მეოთხე პოლიტიკური თეორია“

იგივე დუგინი მიუთითებს, რომ „მეოთხე პოლიტიკური თეორია“ (შემოკლებით - „4პთ“) არის „ევრაზიული იდეების“ გაგრძელება (რაზეც ქვემოთ ვისაუბრებ). იგი თავის ახალ წიგნში სახელწოდებით „მეოთხე პოლიტიკური თეორია“, რომელიც გამოქვეყნდა სანქტ-პეტერბურგში 2009 წელს, ხოლო ინგლისურად ლონდონში - 2012 წელს, ამბობს, რომ მთელი მე-20 საუკუნე დომინირებდა 3 მთავარი იდეოლოგია: 1) „ლიბერალიზმი“ (მემარჯვენე და მემარცხენე სახესხვაობებით); 2) „კომუნიზმი“ (მათ შორის, „მარქსიზმი“, „სოციალიზმი“ და „სოციალ-დემოკრატია“); და 3) „ფაშიზმი“ (რომელთა შორის იყო „ნაციონალ-სოციალიზმი“ და „მესამე გზის“ სხვა ვარიანტები - ფრანკოს „ნაციონალ-სინდიკალიზმი“, სალაზარის რეჟიმი და სხვ.). ისინი დაუნდობლად ებრძოდნენ ერთმანეთს. საბოლოოდ, მე-20 საუკუნის ბოლოს მათგან მხოლოდ „ლიბერალიზმმა“ გაიმარჯვა, რომელმაც ინდივიდუალისტური და მომხმარებლური ცხოვრების სტილი დაამკვიდრა. „ლიბერალიზმი“, დუგინის აზრით, ნიშნავს მონობას და რაზმავს ადამიანს ღმერთის, ტრადიციული ღირებულებების, საკუთარი ხალხის მორალური და სულიერი საფუძვლების წინააღმდეგ. თუმცა, ბოლო ხანებში, მან მიიღო პოსტ-„ლიბერალიზმის“ და „გლობალური ბაზრის საზოგადოების“ სახეები, რომელთაც აღარ აქვთ პოლიტიკური განზომილებები და არც თავისუფალი არჩევანის ნებას წარმოადგენენ. დუგინი „ლიბერალიზმს“ ყავლგასულ, ბოროტ, ამპარტავან, მაგრამ ჭკვიან იდეოლოგიას უწოდებს და მას, „ფაშიზმისა“ („აუშვიცი“) და „კომუნიზმის“ („გულაგი“) მსგავსად, ბრალს დებს მთელ რიგ საკაცობრიო დანაშაულებებში, იქნება რა ეს ინდიელების განადგურება, ჰიროსიმასა და ნაგასაკში ბირთვული იარაღის გამოყენება, სერბეთში, ავღანეთში და ერაყში აგრესია, მილიონობით ადამიანის ეკონომიკური ექსპლოატაცია და ამ ყველაფრით ისტორიის გათეთრების მცდელობა. წიგნის ავტორი აცხადებს, რომ „4პთ“ არის „ჯვაროსნული ლაშქრობა“ „პოსტ-მოდერნიზმის“, პოსტ-ინდუსტრიული საზოგადოების, „ლიბერალიზმის“ და ლოჯისტიკურ-ტექნოლოგიური გლობალიზაციის წინააღმდეგ. ამდენად, სახეზე გვაქვს იდეოლოგიური კრიზისი და იდეოლოგიის დასასრული, შესაბამისად, უნდა მოხდეს „კომუნიზმისა“ და „ფაშიზმის“ გადააზრება, ხოლო „ლიბერალიზმი“, როგორც იდეოლოგია, საერთოდ უნდა განადგურდეს. საკუთრივ „4პთ“-ს რაც შეეხება, ის არ არის არც „კონსერვატიზმზე“ დაბრუნების მცდელობა და მისი სუბიექტი არის არა ინდივიდი, კლასი, სახელმწიფო ან რასა, არამედ Dasein, რაც ნიშნავს ეგზისტენციას, ანუ არსებობას, მყოფობას. ამდენად, „4პთ“-ის სამი მთავარი პრინციპი არის - სოციალური სამართლიანობა, ეროვნული სუვერენიტეტი და ტრადიციული (რელიგია, იერარქია, ოჯახი) ღირებულებები.

აღსანიშნავია, რომ ანდრეას იუმლენდი ჟურნალისთვის „ახალი აღმოსავლეთ ევროპა“ გამოქვეყნებულ სტატიაში ამბობს, რომ დუგინის „4პთ“, კლასიკოსი „ევრაზიანისტების“ იდეებთან ერთად, ეფუძნება „დასავლურ“, მაგრამ ანტი-ლიბერალურ თეორიებს/ავტორთა ნაშრომებს და ცდილობს მათ „რუსიფიკაციას“.

---

დასკვნის სახით, შესაძლებელია ითქვას, რომ თუკი მხედველობაში მივიღებთ რუსული პრიზმიდან დანახულ ზემოთ გამოთქმულ მოსაზრებებს, საქართველოსთვის ეს კატასტროფის ტოლფასი იქნება. კერძოდ, ამ ლოგიკით ჩვენი ქვეყანა ვერასდროს ვერ დააღწევს თავს რუსულ უღელს, ვერასდროს ვერ იგრძნობს თავს დამოუკიდებელ, სუვერენულ სახელმწიფოდ მიუხედავად მცირერიცხოვანი მოსახლეობისა და პატარა ტერიტორიისა. ასევე, მას უარის თქმა მოუწევს „დასავლურ“ დემოკრატიაზე, რომელსაც რუსეთის ფედერაცია და რუსი მეცნიერ-პოლიტიკოსები ასე თავგამოდებით და გააფთრებით ეწინააღმდეგებიან. აქედან გამომდინარე, ქვეყნის შიდა და საგარეო პოლიტიკის „დასავლურ“ ან რუსულ ყაიდაზე მოწყობა და მათ შორის არჩევანის გაკეთება, საბოლოო ჯამში, საქართველოს მოქალაქეებზე არის დამოკიდებული.

ბექა კაციტაძე

21.08.2021
ნახვა 501

კომენტარები