მთავარი პოლიტიკა დამოუკიდებლობის ტრაგიკული წლები, ხალხი, ომები და გამოსავალი

დამოუკიდებლობის ტრაგიკული წლები, ხალხი, ომები და გამოსავალი

ქართული ომების ტრაგედია
09.08.2021
ნახვა 494

წყარო: ტაბულა

 

  • ომები ერების ბუნებას განსაზღვრავენ,ასე ფიქრობს საერთაშორისო პოლიტიკის გამოჩენელი მკვლევარი სტივენ უოლტი. არავინ იცის როგორი ქვეყანა იქნებოდა საქართველო 90-იანების ომში რომ გაემარჯვა. დამოუკიდებლობის მომპოვებელ თაობას შესაძლოა ეგონა რომ მიტინგების ემოცია, ქვეყნის მშენებლობასაც წაადგებოდა. ეროვნული მოძრაობის დროს ეროვნულობა იგივე ანტისაბჭოურობა იყო, რაც გასაგებია, თუმცა იგი დიდ იდეაზე დაფუძნებულ, ქვეყნის მშენებლობის შეთანხმებულ პროექტს, არ გულისხმობდა.
  • უილიამ გოლდინგის „ბუზთა ბატონის“, ერთ-ერთ ეპიზოდში, ავიაკატასტროფის შედეგად, კუნძულზე მარტო დარჩენილი ბავშვები ტერიტორიას ქედიდან გადახედავენ და გაუხარდებათ, რომ „ეს ყველაფერი მათია“ და დიდებისგან თავისუფლად შეუძლიათ იცხოვრონ. ისინი ეცადნენ მართვის გარკვეულ სისტემა შეექმნათ, თუმცა შესაბამისი გამოცდილების არქონის გამო, ჯერ ჯგუფებად დაიყვნენ, ხოლო შემდგომ, ფატალურად დაუპირისპირდნენ ერთმანეთს.
  • ეს ლიტერატურული მაგალითი, კარგად ასახავს 90-იანების დასაწყისის საქართველოს ყოფას. ვინაიდან პროცესი, - საბჭოთა კავშირთან ბრძოლა, - დასრულდა, აუცილებელი გახდა ახალი მეტა-ნარატივის შექმნა იმის შესახებ, თუ ვინ იყვნენ ქართველები და რა იყო მათი ორგანიზაციული ქმედების თეორია (მისია, მიზნები, სტრატეგიული კულტურა და ა.შ). თვითკმარი დამოუკიდებლობის იდეა და ისტორიისთვის ტიპური კითხვის „რა ხდება რევოლუციის [ან მიტინგის] შემდეგ?“ პასუხის გაცემა, შეურიგებელ დაპირისპირებაში შევიდა ერთმანეთთან.
  • ამ ჭიდილში სიმპტომატური იყო მერაბ მამარდაშვილის შეძახილი: „ჭეშმარიტება სამშობლოზე მაღლა დგას“ (ნებისმიერ კონტექსტში), ვინაიდან იმ დროისთვის ჭეშმარიტება ერთი არ იყო, ხოლო „ჭეშმარიტებებმა“ გააჩინა მათი დამცველი მრავალი ჯგუფი (ბევრი მათგანი შეიარაღებული). სწორედ ამით ისარგებლა რუსეთმა, იმპულსური ქართველები ერთმანეთის წინააღმდეგ აამხედრა და ერს, ძმათა მკვლელი დაპირისპირების მძიმე ტვირთი დაადო, ხოლო კანონიერი ხელისუფლების დამხობამ ქვეყანა არშემდგარ სახელმწიფოდ აქცია. ამ პროცესების და არაფერი სხვის შედეგი იყო კონფლიქტი აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში. რომ არა პოლარიზაცია, რომელმაც ქართულ საზოგადოებაში იფეთქა, რუსეთი აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში კონფლიქტების გაღვივებას ვერ შეძლებდა. სახელმწიფოს მშენებლობის საწყის ეტაპზე, გარდა ეროვნული ინტერესისა სხვა ჭეშმარიტება ვერ იარსებებს. უსაფრთხოების თითქმის ყველა თეორეტიკოსი თანხმდება, რომ „სახელმწიფოებრიობის შეგრძნება“ ან/და „ეროვნული ერთიანობა“ არის საბაზისო ცნებები, რომლებიც სხვა ყველაფრის ფუნდამენტს ქმნის.
  • ქართული ომების ტრაგედია მხოლოდ მსხვერპლით, ან მატერიალური ზიანით არ იზომება. ერის კოლექტიურ მეხსიერებაში ღრმად დაილექა მარცხით გამოწვეული დამცირება და მრავალი ადამიანის უბედურებით ნაშენები მძიმე კომპლექსები. არ არის მარტივი „დამარცხებული ერის“ მენტალობის მოშორება. როდესაც ადამიანებს სახელმწიფო დასჭირდათ, დანგრეული, კორუმპირებული ინსტიტუტები დახვდათ. დამოუკიდებლობის მომპოვებელი თაობა, დეპრესიულ თაობად იქცა, რადგან არსებული არშემდგარი სახელმწიფო, ფაქტობრივი ანტიპოდი იყო სახელმწიფოს იმ იდეალური ტიპისა, რაც დამოუკიდებლობის მოპოვების პროცესში წარმოედგინათ. იმედგაცრუებული ხალხი, გამოწვევებს თავისი პოლიტიკური კულტურის შესაბამისად პასუხობს. ქართველებმა ეს გადარჩენა ტრადიციულ ინსტიტუტებში, ეკლესიასა და ოჯახში ნახეს. ამდენად სრულებით არ არის გასაკვირი, რომ დღემდე, ოჯახის სიწმინდე და მართლმადიდებლობა საზოგადოების დიდი ნაწილისთვის ხელშეუხებელი ღირებულებებია.
  • 2000-იანებში, როცა გაიზარდა თაობა, რომელსაც ომის ტრაგედია პირდაპირ გამოვლილი არ ჰქონდა, იყო იმედი, რომ ნახევრად ავტორიტარული, მძიმე რეჟიმის მიუხედავად, ახალგაზრდები უფრო თავისუფლები და ლაღები იქნებოდნენ, ხოლო დამარცხებულის კომპლექსი მათი თანამდევი აღარ იქნებოდა. ეს რასაკვირველია ძალიან კარგად ესმოდათ კრემლშიც, აუცილებელი იყო „ქართველების ხელახლა მოთვინიერება.“
  • 2008 წლის აგვისტოს ომი, ბევრისთვის „ხუთდღიანი ომი“ იყო, თუმცა, სინამდვილეში ის დღემდე მიმდინარეობს. ბორდერიზაციის პროცესი, რომელსაც რუსეთი ახორციელებს, მხოლოდ ტერიტორიების მითვისების თავხედური მცდელობა არ არის. მცოცავი ოკუპაცია სინამდვილეში კარგად დაგეგმილი ფსიქოლოგიური ოპერაციაა. კრემლი ქართველების გონებაში, თუკიდიდეს მიერ გადმოცემულ სიტყვებს ბეჭდავს : „ძლიერი იღებს იმას რაც სურს, ხოლო სუსტი იტანჯება როგორც უნდა დაიტანჯოს.“ რაც მთავარია, ოკუპანტი ძალა ქართველ საზოგადოებას აჩვენებს, რომ „უსუსური სახელმწიფო“ მათ ვერ დაიცავს და აგრესიის შემთხვევაში არაფრის იმედი უნდა ჰქონდეთ. ნებისმიერი აბერაცია, რომელსაც სახელმწიფო არ ასწორებს, „ნორმალური ხდება“, ალბათ ამიტომ არის, რომ დღეს საზოგადოებასაც აღარ აქვს მცოცავ ოკუპაციაზე ისეთი მწვავე რეაქცია, როგორიც წლების წინ ჰქონდა.

რა არის გამოსავალი?

წყარო: Civil.ge

 

  • ბევრი დასვამს კითხვას საქართველო რუსეთთან შედარებით, მართლაც სუსტი ქვეყანაა და რა უნდა გააწყოს, ომს ხომ არ/ვერ დაიწყებს? დღეს კრემლს მოქმედების სრული თავისუფლება აქვს. ქართული სახელმწიფოს პირველი ამოცანა ოკუპანტისთვის წითელი ხაზების გაჩენაა. ამის პრეცედენტი გვქონდა, როდესაც ყოფილი პრემიერ მინისტრის, გიორგი გახარიას ძალისხმევით, 2019 წელს სოფელ ჩორჩანას მახლობლად პოლიციის საგუშაგო პუნქტი განთავსდა. რომ არა ეს საგუშაგო, იყო მაღალი ალბათობა იმისა, რომ ქართული ტერიტორიის დიდი ნაწილი, საოკუპაციო რეჟიმის კონტროლქვეშ გადავიდოდა.
  • გარდა ამისა, ჩვენ კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე ეფექტური კონტოლის განმახორციელებელი პირები, რაც არ უნდა ძლიერ სახელმწიფოს წარმოადგენდნენ, ადამიანები არიან. მათ არ უნდა ჰქონდეთ შეგრძნება, რომ ჩადენილი დანაშაულის მიუხედავად, დაუსჯელები დარჩებიან. რასაკვირველია აუცილებელია პოლიტიკური სიფრთხილის დაცვა, თუმცა, ზოგ შემთხვევებში ხისტი ოპერაციების განხორციელება, რაც კონკრეტული პირების ტარგეტირებას და სამაგალითოდ დასჯას გულისმობს გარდაუვალია. არ შეიძლება მარიონეტული რეჟიმის მიერ წაქეზებული სუბიექტები, ქვეყნის სუვერენულ ტერიტორიაზე იტაცებდნენ მოქალაქეებს, ახორციელებდნენ ტეროტისტულ აქტებს და ა.შ და ამისთვის პასუხი არ მოეთხოვებოდეთ. არ შეიძლება ტატუნაშვილის და ოთხოზორიას მკვლელები თავისუფლად დადიოდნენ, ეს ქმნის პრეცედენტს, რომელიც მთელს სახელმწიფო ორგანიზმში ვირუსის მსგავსად ვრცელდება.
  • პოლარიზაცია რომელიც 90-იან წლებში დაიწყო უნდა დასრულდეს. თუ ჩავიხედებით ჰიბრიდული ომთან ბრძოლის თემატურ სახელმძღვანელო დოკუმენტებში, ყველა მათგანი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ საზოგადოების მედეგობა საფრთხეებთან გამკლავების უმთავრესი წინაპირობაა. თუ მოქალაქეები, პოლიტიკური ელიტა და უსაფრთხოების თემი არ შეთანხმდა საფრთხეების ბუნებასა და მათზე რეაგირების გზებზე ყოველთვის მოპასუხის რეჟიმში ვიქნებით, რაც დამღუპველია. გამართული უსაფრთხოების სისტემა რისკების დამზღვევი სისტემაა, რეაგირების რესურსი პატარა ქვეყნებს თითქმის არასდროს აქვთ.

რას აკეთებს ხელისუფლება?

  • 2008 წლის ომიდან 13 წლის შემდეგ, ზემოთაღნიშნულ კანონზომიერებებს დღევანდელი ხელისუფლება უბრალოდ არ აღიარებს. სამწუხაროდ ზოგიერთ ლიდერს, სტრატეგიული მოთმინება, სტრატეგიულ უუნარობაში ერევა.
  • ნაცვლად იმისა, რომ მმართველი გუნდის პოლიტიკური ლიდერშიფი ქართულ საზოგადოებას ამ უდიდესი ტრაგედიის მოსაგონებელ დღეებში მაინც მოუწოდებდეს ერთიანობისკენ, ისინი პოლიტიკური ოპონენტების ლანძღვით და შიდა დაპირისპირების პროვიცირებით კავდებიან.
  • საზოგადოების პოლარიზება ქართული სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგ კრემლის მთავარი იარაღია. შევხედოთ პოსტ-სოციალისტურ სახელმწიფოებს რუკაზე. სადაც აღნიშნული ფანდი გაუვიდათ, ის ქვეყნები ფაქტობრივად ჩამოშალეს, მაგრამ ვერაფერი დაააკლეს ბალტიისპირელებს, პოლონელებს და ა.შ. პასუხისმგებლიანი ხელისუფალი ამას გააცნობიერებდა და შესაბამის ზომებს მიიღებდა, თუმცა არც წინა, არც დღევანდელ მთავრობას ხალხის გაერთიანება, აზრადაც არ მოსვლია, მეტიც, ვიწრო პოლიტიკური ინტერესებისთვის საზოგადოებრივ ჯგუფებს შორის დაპირისპირებას, ორივე მხარე კვლავაც აქტიურად იყენებს.

ლაშა მარკოზაშვილი

09.08.2021
ნახვა 494

კომენტარები

ასევე წაიკითხეთ