მთავარი პოლიტიკა 13 წელი აგვისტოს ომის შემდეგ...

13 წელი აგვისტოს ომის შემდეგ...

ცხინვალის რეგიონის ანექსია გრძელდება, რუსეთი კი საქართველოს ურთიერთობის აღდგენას სთავაზობს
08.08.2021
ნახვა 373

რა შეიცვალა 13 წლის მანძილზე?

2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს 5 დღიანი ომის შემდეგ, 13 წელი გავიდა. ომის იარები დღესაც ისეთივე მტკივნეულია, როგორც 13 წლის წინ... 13 წლის მანძილზე, რუსეთს საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია არ შეუწყვეტია... ცხინვალის რეგიონიდან იძულებით გადაადგილებული ოჯახები დღესაც იმედის თვალით უყურებენ იმ გზას, რომელიც მათ მშობლიურ სახლებში დააბრუნებთ. გადის დრო, იცვლებიან თაობები, იზრდებიან ტყვიების წვიმას გამოქცეული ბავშვები... მაგრამ, არ შეცვლილა რუსეთის ექსპანსიონისტური პოლიტიკა, რომელიც თანდათან უფრო აგრესიული ხდება. მუდმივად ფართოვდება რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ მიტაცებული ქართული მიწის პერიმეტრი, არ ჩერდება მცოცავი ოკუპაცია. კიდევ უფრო გაუსაძლისია კონფლიქტის ხაზთან მცხოვრებთა ყოველდღიური ყოფა, რომელთაც მუდმივი შიშის ქვეშ უწევთ ცხოვრება, ადგილობრივთა უკანონო დაკავებებისა და გატაცებების გამო, გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვისა თუ დისკრიმინაციის გამო. თუ რამე შეიცვალა 13 წლის განმავლობაში, ალბათ რუსეთის აგრესიის ფორმა, რომელიც ღია საომარი მოქმედებების ნაცვლად, ჰიბრიდულ ომში გვითრევს.

წელსაც, ისევე როგორც 13 წლის განმავლობაში მუდმივად, დასავლეთის ქვეყნებმა დაგმეს რუსეთის დესტრუქციული ნაბიჯები, რომლებიც პანდემიის მიუხედავადაც არ შეწყვეტილა. 4 აგვისტოს, გაეროს უშიშროების საბჭოს დახურული სხდომის შემდეგ, საქართველოს მხარდამჭერი ერთობლივი განცხადება გამოაქვეყნეს წევრმა ქვეყნებმა (აშშ, დიდი ბრიტანეთი, ესტონეთი, ირლანდია, ნორვეგია, საფრანგეთი, მომავალი წევრი ალბანეთი). ისინი რუსეთის ფედერაციას მოუწოდებენ, სრულად შეასრულოს 2008 წლის 12 აგვისტოს შეთანხმება, დაუყოვნებლივ გაიყვანოს საკუთარი შეიარაღებული ძალები საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან და გააუქმოს საქართველოს განუყოფელი ნაწილების - აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობის აღიარება. საპასუხოდ, გაეროში რუსეთის მუდმივი წარმომადგენლის პირველმა მოადგილემ, დიმიტრი პოლიანსკიმ დასავლელი კოლეგების მოწოდებას „ფანტომური ტკივილები“ უწოდა, ხოლო ოკუპირებული აფხაზეთისა და ე.წ. „სამხრეთ ოსეთის“ დამოუკიდებლობას „რეალობა, რომლის იგნორორებაც შეუძლებელია“. რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს დსთ-ს, ევრაზიული ინტეგრაციისა და თანამემამულეებთან ურთიერთობის კომიტეტის ხელმძღვანელის პირველმა მოადგილემ, კონსტანტინე ზატულინმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსეთი არასოდეს არ გააუქმებს „რესპუბლიკების“ აღიარებას, ხოლო დასავლეთის ქვეყნების ეს განცხადება არ არის იმ ფურცელზე უფრო ღირებული, რაზეც მათ ხელი მოაწერეს. რუსული მხარის ამ და სხვა პოლიტიკოსთა კომენტარები მოწმობს, რომ დასავლეთის განცხადებები და მოწოდებები, კრემლისთვის ნაკლებად ღირებულია და ასე მარტივად ვერ შეცვლის მის პოლიტიკას ოკუპირებული ტერიტორიების მიმართ.

 

ცხინვალის რეგიონის ანექსია გრძელდება

აგვისტოს ომიდან 13 წლისთავზე, ცხინვალის რეგიონის ანექსიის მორიგი რაუნდი განახორციელა რუსეთის პრეზიდენტმა. 4 აგვისტოს, ვლადიმერ პუტინმა ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონთან „ორმაგი მოქალაქეობისა და რესპუბლიკის მოქალაქეების მიერ რუსეთის მოქალაქეობის მიღების გამარტივებული პროცედურის შესახებ“ შეთანხმების პროექტს მოაწერა ხელი. დოკუმენტის თანახმად, ე.წ. „სამხრეთ ოსეთის“ მოქალაქეებს უფლება მიენიჭათ მიიღონ რუსეთის მოქალაქეობა, საკუთარ მოქალაქეობაზე უარის თქმის გარეშე. ეს ნიშნავს, რომ მალე, რუსული პასპორტი ექნება ყველა მსურველს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში. ისინი ისარგებლებენ რუსეთის მიერ შეთავაზებული სოციალური გარანტიებით და სხვა ბენეფიტებით, რაც ხელს შეუწყობს ადგილობირივი მოსახლეობის კიდევ უფრო დისტანცირებას საქართველოს დანარჩენი ტერიტორიისგან.

აღსანიშნავია, რომ აგვისტოს დასაწყისიდან, რუსეთმა საქართველოს მიმართულებით დეზინფორმაციული ნარატივი მკვეთრად გაააქტიურა. 4 აგვისტოს, გეორგიევსკის ტრაქტატის საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით, რუსეთის საგარეო უწყებამ სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა პოსტი, რომელშიც აღნიშნულია, რომ ტრაქტატმა „ხელი შეუწყო რუსეთის პოზიციების გამყარებას კავკასიაში და დანაწევრებული ქართული მიწების გაერთიანების დასაწყისი გახდა“. საქართველოს საგარეო უწყებამ ამ პოსტს „ცინიკური და სრულიად მიუღებელი“ უწოდა და აღნიშნა, რომ „რუსეთმა, სწორედ ამ შეთანხმების დარღვევით დაიწყო საქართველოს ტერიტორიების ანექსია, სამხრეთ კავკასიაში მიწების მიტაცება“, რომელიც დღესაც გრძელდება.

აგვისტოს ომიდან 13 წლისთავზე, ყველა ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, რაც არ უნდა ირონიულად ჟღერდეს, კრემლმა საქართველოს ურთიერთობის აღდგენა შესთავაზა. 5 აგვისტოს, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესისა და ინფორმაციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის, ალექსანდრ ბიკანტოვის განცხადებით, რუსეთი თბილისთან ურთიერთობების აღდგენისთვის მზად არის იმ დონეზე, რამდენადაც ამისთვის ქართული მხარე იქნება მზად. იქვე დასძინა, რომ რუსეთში არასდროს დასმულა ტოლობის ნიშანი „მიხეილ სააკაშვილის დამნაშავე რეჟიმსა და ქართველ ხალხს შორის“. ბიკანტოვმა დასავლეთს მოუწოდა, უარი თქვან საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების „უპერსპექტივო რეინტეგრაციის“ პოლიტიკაზე და თბილისს ცხინვალსა და სოხუმთან თანასწორი მოლაპარაკებების სტიმული მისცენ.

ქართულმა მხარემ ბიკანტოვს შეახსენა „წითელი ხაზები“, რომელიც საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტზე გადის. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია, რომ საქართველოსა და რუსეთის ფედერაციას შორის კეთილმეზობლური ურთიერთობების მომავალი გადის საქართველოს ტერიტორიების დეოკუპაციაზე.

სამწუხაროდ, ოკუპანტებს დასაყრდენი ძალები მრავლად ჰყავთ საქართველოს შიგნით, რომლებიც არც დესტაბილიზაციისკენ მიმართულ ქმედებებს ერიდებიან და არც პრორუსულ მაამებლურ პროპაგანდას. აგვისტოს ომის 13 წლისთავისთვის, „პატრიოტების“ სახელს ამოფარებულებმა, „მის აღმატებულება, ბატონ პრეზიდენტ პუტინს“ საქართველოსთან დიალოგის აღდგენისა და საერთო ენის გამონახვის თხოვნით ღია წერილითაც კი მიმართეს. ნამდვილი პატრიოტი, მაგალითად, სოფელ ხურვალეთში, რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ მავთულხლართებით შუაზე გაყოფილ სახლში მცხოვრები, დათა ვანიშვილის მარტოდმარტო დარჩენილი მოხუცი ქვრივია, რომელიც ოკუპაციის პირობებში ცხოვრებას არ უშინდება. 80 წელს გადაცილებული ვალია ბებო მცოცავი ოკუპაციის სიმბოლოდ ქცეულ სახლს დღემდე არ ტოვებს და არაფრის ფასად არ ემონება რუსულ ოკუპაციას.

ეკა ჯავახიშვილი

08.08.2021
ნახვა 373

კომენტარები

ასევე წაიკითხეთ