მთავარი პოლიტიკა საქართველოს უსაფრთხოებითი და საგარეო პოლიტიკური კომპასი ოკუპაციის დაძლევის ჭრილში

საქართველოს უსაფრთხოებითი და საგარეო პოლიტიკური კომპასი ოკუპაციის დაძლევის ჭრილში

07.08.2021
ნახვა 547

ქუჩაში გამოკითხვა რომ ჩაატაროთ, პირველ რამდენიმე ადგილზე ტერიტორიული მთლიანობის პრობლემა აუცილებლად მოხვდება. არჩევნებიდან არჩევნებამდე ყველა პოლიტიკური პარტია და მათი ლიდერები გამუდმებით გვპირდებიან ამ საკითხის მოგვარებას, მაგრამ უკვე 30 წელია, თუ შეიძლება ითქვას, ჩაკეტილ წრეზე ვტრიალებთ და მდინარის ფონი არ ჩანს. შესაძლებელია, გავაანალიზოთ და წარმოვადგინოთ ის 4 ძირითადი გზა, მათი მინუსები და პლუსები, საითკენაც ჰიპოთეტურად არის დასაშვები მოვლენების განვითარება:

1) დასავლურ სტრუქტურებში, კერძოდ, „ნატოსა“ და „ევროკავშირში“ გაწევრიანება

საკითხავია, ვისთვის გვჭირდება ალიანსში გაწევრიანება, მხოლოდ რუსეთისთვის, თუ ამით კოლექტიური უსაფრთხოების ჯაჭვში ჩაბმა და დემოკრატიული ღირებულებების გათავისება გვინდა? თუ ამას მხოლოდ რუსეთისთვის ვაკეთებთ, რაც სავსებით ლოგიკურია მტრული პოლიტიკური დამოკიდებულების გამო, მაშინ ეს ძალიან დიდ თავსატეხს წარმოადგენს, რადგან რუსეთი და დასავლეთი, დღესდღეობით, მკვეთრად პოლარიზებული მხარეები არიან. ამაზე მეტყველებს თუნდაც მათ შორის ყოველდღიურად გაჩაღებული განცხადებების ომი - „ევროკავშირი“ და „ნატო“ რუსეთს ადანაშაულებენ საქართველოს ტერიტორიების ოკუპირებაში და პირიქით. მეორე საკითხია, საქართველოს „ნატოში“ გაწევრიანება თუნდაც დროებით მე-5 მუხლის, ანუ კოლექტიური თავდაცვის პრინციპის ოკუპირებულ ტერიტორიებზე ამოქმედების გარეშე. ასეთი რამ მოხდა, მაგალითად, კვიპროსის შემთხვევაში, როცა ალიანსში არ შედგა კვიპროსის თურქული ნაწილის ინტეგრირება. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხია, ზოგიერთის ინფანტილური დამოკიდებულება, რომ „ნატოს“ საშუალებით შესაძლებელია სამხედრო გზით აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დაბრუნება. მოვლენების მსგავსი განვითარება პრაქტიკულად გამორიცხულია, რადგან ასეთი ძალები ერთმანეთთან „ცხელ“ კონვენციურ ომსაც კი არ დაიწყებენ, რომ აღარაფერი ვთქვათ ბირთვულ დაპირისპირებაზე. მაგალითად, „ცივი ომის“ დროს „სოციალისტურ ბანაკსა“ და დასავლეთს შორის, მართალია, იყო არაპირდაპირი კონვენციური ომები, მაგრამ ისიც „ბუფერულ მიწებზე“, ანუ ტერიტორიებზე, რომლებიც მოქცეული იყო ორ დაპირისპირებულ მხარეს შორის. თუმცა ერთია, რომ „ნატოში“ ინკორპორირებით საქართველოს უსაფრთხოება სამუდამოდ იქნება გარანტირებული - რუსეთი (ან პოტენციურად ნებისმიერი სხვა სახელმწიფო) ვეღარასდროს შემოიჭრება მის დანარჩენ ტერიტორიებზე. ამდენად, ოკუპაციის დაძლევისთვის სამხედრო გზის გამორიცხვის შემთხვევაში, რჩება მხოლოდ მოლაპარაკებების მაგიდა, სადაც „ნატოთი“ ზურგგამაგრებულ საქართველოს გაცილებით მეტი წონა ექნება. მაგრამ, თუკი მოლაპარაკებაც არ გამოვა, მაშინ მეორე ჰიპოთეტური ვარიანტი არის მომავალში რუსეთის შედარებით დასუსტებითა და მისი საგარეო პოლიტიკის შესაძლო ცვლილებით სარგებლობა;

2) რუსული ევრაზიული პოლიტიკა

ერთ ქართულ სატელევიზიო არხზე მიწვეული იყო ცნობილი რუსი ფილოსოფოსი და ევრაზიანისტი ალექსანდრე დუგინი, რომელსაც ზოგიერთი რუსეთის პოლიტიკის ერთ-ერთ მთავარ იდეოლოგს უწოდებს. დისკუსია საკმაოდ საინტერესოდ წარიმართა, ინტერვიუერს ჰქონდა კონკრეტული კითხვები, რომელზეც რესპოდენტი დაახლოებით 1 საათი პასუხობდა. ბევრ სხვა მოსაზრებასთან ერთად, დუგინმა თქვა, რომ რუსეთისთვის წითელი ხაზი გადის საქართველოს დასავლურ სტრუქტურებში გაწევრიანებაზე. შემდეგ, ინტერვიუერმა ჰკითხა, შეძლებდა თუ არა საქართველო ტერიტორიების დაბრუნებას „ნატოსა“ და „ევროკავშირში“ ინტეგრირებაზე უარის თქმის შემთხვევაში, რაზეც რუსმა ფილოსოფოსმა განაცხადა, რომ ეს იქნებოდა ამის აუცილებელი წინაპირობა, მაგრამ არა - გარანტია. ანუ, სიტუაცია კომიკურ ხასიათს იღებს, რადგან ალექსანდრე დუგინი რუსულ ორბიტაზე დაბრუნების შემთხვევაშიც კი არ გვპირდება ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას;

3) ნეიტრალიტეტის დაწესების შესაძლებლობა (სეპარატიზმი + სუვერენიტეტი)

დღესდღეობით, სახეზე გვაქვს ორი სახის სირთულე: პირველი არის სეპარატიზმი, ხოლო მეორე - უცხო ქვეყნის (რუსეთის ფედერაციის) მიერ საქართველოს შიდა საქმეებში უხეშად ჩარევა, ანუ სუვერენიტეტის პრინციპის შელახვა. სეპარატიზმის საკითხი რომც მოგვარდეს, სუვერენიტეტის შებღალვა მაინც დიდ გამოწვევად დარჩება და პირიქით. ამიტომ საჭიროა ორივე მათგანის გადაწყვეტა. აქედან, სეპარატიზმის მოგვარების ერთ-ერთი საშუალება შეიძლება იყოს ქვეყნის ადმინისტრაციულ-ტერიტორიული მოწყობის ფორმის ცვლილება. როგორც მოგეხსენებათ, ამჟამად საქართველო არის ასიმეტრიული ფედერაცია, კერძოდ, საქართველოში სპეციალური ავტონომიური სტატუსი აქვთ მხოლოდ აფხაზეთსა და აჭარას, ხოლო დანარჩენი ტერიტორიები მხარეებად, მხარეები კი მუნიციპალიტეტებად და ა.შ. იყოფა. მიუხედავად ამისა, ქვეყანაში მოქმედებს ერთიანი უზენაესი ხელისუფლება. აქედან გამომდინარე, ადმინისტრაციულ-ტერიტორიული მოწყობის ფორმის ცვლილება იქნებოდა, ან ე.წ. სამხრეთ ოსეთისთვის აფხაზეთისნაირივე ავტონომიური რესპუბლიკის სტატუსის მინიჭება, ან კიდევ ქვეყნის არა ასიმეტრიულ, არამედ სიმეტრიულ ფედერაციად ტრანსფორმირება. აღსანიშნავია, რომ სიმეტრიულ ფედერაციაში სუბიექტებს თანაბარი უფლებები გააჩნიათ. გამოსავალი არავითარ შემთხვევაში არ იქნებოდა კონფედერაცია, რომლის წევრები საკუთარი დამოუკიდებლობით სარგებლობენ. ანუ, მაგალითად, ჯერ უნდა აღიარო აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი დამოუკიდებელ, სუვერენულ ერთეულებად და შემდეგ დააარსო მათთან ერთად კავშირი. მეორე სირთულის, კერძოდ, რუსეთის მხრიდან ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევისა და, ზოგადად, დასავლეთ-რუსეთს შორის გარკვეული გეო-სტრატეგიული მოედნის ფუნქციის თავიდან აცილების ინსტრუმენტი, შესაძლოა, იყოს ნეიტრალიტეტის ოფიციალურ და კონსტიტუციურ დონეზე დაწესება. ასეთ შემთხვევაში, საქართველო არ გაწევრიანდებოდა დასავლურ სტრუქტურებში, თუმცა, არც რუსულ ორბიტაზე დაიწყებდა ტრიალს. ეს, რასაკვირველია, არ შეეხებოდა ეკონომიკურ ურთიერთობებს „ევროკავშირთან“. ცნობისთვის, „ევროკავშირს“ აფრიკის ქვეყნებთანაც კი აქვს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება გაფორმებული. ამავდროულად, საქართველოს ყველა წერტილს დატოვებდა ნებისმიერი უცხო ქვეყნის ჯარი და, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, აღდგებოდა ტერიტორიული მთლიანობა, ხოლო აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ნაყოფიერი მიწების შემოერთებით ქვეყნის ეკონომიკა რამდენჯერმე გაიზრდებოდა. უნდა ითქვას, რომ თეორიულად ასეთი რამ შესაძლებელია, უბრალოდ, პრაქტიკაში რამდენად განხორციელდება, კითხვის ნიშნის ქვეშ დგას;

4) სტატუს-კვოს შენარჩუნება

უკვე არსებული და მიმდინარე მდგომარეობის შენარჩუნება-კონსერვირება მხოლოდ და მხოლოდ რუსეთის წისქვილზე ასხამს წყალს. საქართველოსთვის კი სტატუს-კვო წამგებიანია, რადგან ქვეყანა ვერც „ევროკავშირში“ ინტეგრირებით იმაღლებს ეკონომიკურ პოტენციალს, ვერც „ნატოში“ გაწევრიანებით აღწევს უსაფრთხოებას და ვერც ოკუპირებული ტერიტორიების დაბრუნებას ახერხებს. აღსანიშნავია, რომ საქართველოს მოქმედი ხელისუფლება რუსეთთან დიპლომატიური და პოლიტიკური ურთიერთობების აღდგენის წინაპირობად ოკუპირებული ერთეულების აღიარების უკანწაღებას ასახელებს.

---

დასასრულს, უნდა ითქვას, რომ ზემოთ აღწერილი გზები, შესაძლოა, არ გვიხატავდეს მთლიან სურათსა და ყველა ჰიპოთეტურ გზას, მაგრამ, თუ რომელ მიმართულებას აირჩევს ხელისუფლება, დამოკიდებულია მოსახლეობის არჩევანით განპირობებული მისი პოზიციის ლეგიტიმურობაზე. ამის გაგების ერთ-ერთ საშუალებად ისახება თუნდაც საყოველთაო რეფერენდუმის ჩატარება, რომელიც ყოველგვარ ბუნდოვანებას გაფანტავს და არ მისცემს არცერთ პოლიტიკურ სუბიექტს, ან ცალკეულ პიროვნებას კონკრეტული უსაფრთხოებითი და საგარეო პოლიტიკური კურსით მანიპულირების საშუალებას.

ბექა კაციტაძე

07.08.2021
ნახვა 547

კომენტარები