მთავარი საგარეო პოლიტიკა აშშ-გერმანიის შეთანხმება უკრაინის ინტერესების საზიანოდ

აშშ-გერმანიის შეთანხმება უკრაინის ინტერესების საზიანოდ

გაზსადენ „Nord Stream 2“-ის მშენებლობა ამერიკის სანქციების გარეშე დასრულდება
04.08.2021
ნახვა 393

აშშ-გერმანიის შეთანხმების დეტალები „Nord Stream 2“-ზე

გაზსადენ „Nord Stream 2“-ის თაობაზე შეერთებულმა შტატებმა და გერმანიამ კომპრომისულ შეთანხმებას მიაღწიეს. 21 ივლისს, გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ და ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტმა ერთობლივი განცხადება გაავრცელეს, სადაც მხარეები უკრაინის მხარდაჭერის პირობას დებენ და აცხადებენ, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები აუცილებლად დაწესდება, თუ მოსკოვი ენერგორესურსების გამოყენებით, გეოპოლიტიკური გავლენის მოპოვებას შეეცდება. დოკუმენტის მიხედვით, უკრაინისთვის „მწვანე ფონდი“ შეიქმნება, 1 მლრდ. აშშ დოლარის კაპიტალით, რაც ქვეყნის ენერგოსექტორის რეფორმირებას მოხმარდება, განხორციელდება რიგი ინვესტიციები „მწვანე ენერგიის“ ინფრასტრუქტურაში, რაც განახლებად ენერგიას და მასთან დაკავშირებულ ინდუსტრიებს გააძლიერებს. უკრაინის ტრანზიტული ფუნქციის შესანარჩუნებლად, გერმანია ასევე დანიშნავს სპეციალურ წარმომადგენელს, რომელიც რუსეთ-უკრაინას შორის ბუნებრივი აირის ტრანზიტის შეთანხმების 10 წლით გახანგრძლივების მოლაპარაკებებში ჩაერთვება (2024-დან 2034 წლამდე). თავის მხრივ, ამერიკა არ განაახლებს სანქციებს „Nord stream 2 AG“-ისა და მისი ხელმძღვანელის წინააღმდეგ, თუმცა უფლებას იტოვებს გარკვეული წერტილოვანი ზომების მისაღებად.

მიუხედავად რუსეთის წინააღმდეგ მკვეთრი რიტორიკისა, ერთობლივ განცხადებაში არ არის მოცემული კონკრეტული ინსტრუმენტები, რაც კრემლის მხრიდან დესტაბილიზაციისკენ გადადგმულ ნაბიჯებს შეამცირებს. ის იძლევა მხოლოდ ბუნდოვან დაპირებებს, სავალდებულო ძალის გარეშე. როგორც უკრაინის ვიცე-პრემიერმა, ოლგა სტეფანიშინამ განაცხადა, შეთანხმების ფარგლებში, უკრაინას არანაირი უსაფრთხოების გარანტიები არ მიუღია. მისი თქმით, აშშ-ისა და გერმანიის შეთანხმება არც ახალ ინიციატივებს ითვალისწინებს, რადგან ფინანსურ მხარდაჭერასა და „მწვანე ტრანსფორმაციის“ ფონდის შექმნაზე მოლაპარაკებები ისედაც მიმდინარეობს. სტეფანიშინას შეფასებით, ეს შეთანხმება პოლიტიკური ხასიათისაა და მას ეკონომიკური საფუძველი არ აქვს.

შეთანხმებით გამოწვეული უკმაყოფილება

21 ივლისს, უკრაინამ და პოლონეთმა ერთობლივი განცხადება გაავრცელეს, რომლითაც გერმანია-აშშ-ის შეთანხმება გააკრიტიკეს. განცხადებაში აღნიშნულია, რომ ეს შეთანხმება უკრაინას და ცენტრალურ ევროპას დამატებით პოლიტიკურ, სამხედრო და ენერგეტიკულ საფრთხეებს უქმნის და რუსეთს აძლევს საშუალებას, გააღრმავოს უთანხმოება ნატოსა და ევროკავშირის წევრ ქვეყნებს შორის.

გაზსადენი „Nord Stream 2“, რომლის საშუალებით რუსეთი ბუნებრივი აირის გერმანიაში ტრანსპორტირებას ბალტიის ზღვის გავლით, უკრაინისა და პოლონეთის გვერდის ავლით მოახდენს, უკრაინას პოტენციურად ართმევს 2 მლრდ. დოლარამდე ყოველწლიურ სატრანზიტო შემოსავალს. ხუთწლიანი სატრანზიტო გარიგების თანახმად, რომელიც რუსეთმა და უკრაინამ 2019 წელს გააფორმეს, უკრაინის გავლით გაზის ტრანსპორტირების მოცულობა შეიძლება შემცირდეს 65 მლრდ. კუბური მეტრი ბუნებრივი აირიდან (2020 წ) 40 მლრდ. კუბურ მეტრამდე (2021-24 წლებში). ეს ნიშნავს, რომ უკრაინა მომდევნო სამი წლის განმავლობაში, თითქმის განახევრებულ სატრანზიტო მოსაკრებლებს მიიღებს. ექნება თუ არა 2024 წლამდე აშშ-გერმანიის მხრიდან უკრაინაში განახლებადი ენერგიის სექტორში ჩადებულ ინვესტიციებს კონკრეტული შედეგი, ჯერ-ჯერობით უცნობია. შესაბამისად, უკრაინისთვის მიყენებული ზარალის ამ გზით დაკომპენსირების პერსპექტივებიც ბუნდოვანია. აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ ვერც ვაშინგტონი და ვერც ბერლინი კიევს ვერანაირ გარანტიას ვერ მისცემენ, რომ გაზის ტრანზიტი მისი ტერიტორიის გავლით 2024 წლის შემდეგაც გაგრძელდება, რადგან ეს მხოლოდ რუსეთის კეთილ ნებაზეა დამოკიდებული.

გარდა ფინანსური დანაკარგებისა, გაზსადენ „Nord Stream 2“-ის დასრულება უკრაინის ენერგოუსაფრთხოებას და ზოგადად, ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს უდიდესი გამოწვევების წინაშე აყენებს. არსებობს მოლოდინი, რომ რუსეთი უკრაინის მიმართ კიდევ უფრო აგრესიულად იმოქმედებს, თუ ის კიევზე დამოკიდებული აღარ იქნება გაზის ტრანზიტის თვალსაზრისით. მოსალოდნელია პრობლემების გამწვავება ქვეყნის შიგნითაც, რამდენადაც დასავლეთის მხრიდან გამოხატულმა არადამაკმაყოფილებელმა მხარდაჭერამ, შესაძლოა ვოლოდიმირ ზელენსკის ხელისუფლება კიდევ უფრო მეტად შეასუსტოს.

დასავლეთთან დაკავშირებით შექმნილი გარკვეული იმედგაცრუება კიევს უბიძგებს, ჩინეთისა და აზიის სხვა ქვეყნებიდან მზარდი ინვესტიციები მიიღოს, რაც აშშ-ის ინტერესებთან კონფლიქტში მოდის. შესაძლოა, ეს საკითხი აღმოჩნდეს სწორედ ის ბერკეტი, რომლის საშუალებითაც ზელენსკი შეეცდება დასავლეთისგან მეტი პოლიტიკური მხარდაჭერა მიიღოს. უკრაინული მხარე ვარაუდობს, რომ საბოლოო გადაწყვეტილებები გაზსადენთან დაკავშირებით, ზელენსკის ვაშინტონში ვიზიტის შემდეგ გაირკვევა, რომელიც 30 აგვისტოს არის ჩანიშნული.

აშშ-გერმანიის შეთანხმების პირობებით უკმაყოფილო დარჩენენ არამხოლოდ უკრაინასა და პოლონეთში, არამედ აშშ-ის კონგრესშიც. ბაიდენის ადმინისტრაციას ამ შეთანხმების გამო ძლიერი წინააღმდეგობა ელის კონგრესის მხრიდან, რომელმაც „Nord Stream 2“-ის შეჩერებისკენ მიმართული სანქციები ორჯერ, ორპარტიული მხარდაჭერით დაამტკიცა. როგორც რესპუბლიკელი, ასევე დემოკრატი კონგრესმენები მწვავედ აკრიტიკებენ პრეზიდენტის ადმინისტრაციას შეთავაზებული კომპრომისის გამო და მიიჩნევენ, რომ ის რისკებს შეუქმნის უკრაინის უსაფრთხოებას, რუსეთის პოზიციებს კი გააძლიერებს.

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მრჩეველი, დერეკ შოლე აღნიშნავს, რომ ბაიდენის ადმინისტრაციამ აღნიშნული გადაწყვეტილება იმის გამო მიიღო, რომ გაზსადენის მშენებლობა, წინააღმდეგობის მიუხედავად, მაინც დასარულისკენ მიდის.

მიუხედავად იმისა, რომ გაზსადენის მშენებლობა ფიზიკურად შესაძლოა მალე დასრულდეს, ექსპლუატაციაში შესასვლელად მას სამართლებრივი და პოლიტიკური დაბრკოლებების გადალახვა მოუწევს. განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ აშშ-ი მხრიდან სანქციების რისკი საბოლოოდ არ მოიხსნება მესამე მხარის კომპანიებისა და სადაზღვევო ფირმებისთვის, რომელთა მომსახურებაც მილსადენის ამუშავებისთვის აუცილებელია. საჭიროა პროექტის ტექნიკური სერთიფიცირება და დაზღვევა, რაც არარუსული სუბიექტების მიერ უნდა შესრულდეს, მაგრამ ვინ იქნება ამის მსურველი, ჯერ-ჯერობით უცნობია. გარდა ამისა, „Nord Stream 2“ სრულად უნდა შეესაბამებოდეს გერმანიისა და ევროკავშირის რეგულაციებს, რაც სავარაუდოდ, დამატებით იურიდიულ გამოწვევებს წარმოქმნის.

რას მოუტანს შეთანხმება მონაწილე ქვეყნებს

შეთანხმების მიღწევა როგორც რუსეთის, ისე გერმანიისთვის დიდ წარმატებად შეიძლება შეფასდეს. გერმანიის მხრიდან პროექტის დასრულების მკაფიოდ გამოხატული სურვილის გარეშე, ცხადია, კრემლი სანქციების მოხსნას ვერ მიიღებდა. მილსადენის ამოქმედების შემთხვევაში, რუსეთს საშუალება მიეცემა შეინარჩუნოს და გაზარდოს რუსული გაზის წილი ევროკავშირის ბაზარზე, ასევე ხელი შეუშალოს ალტერნატიული პროექტების განხორციელებას გაზმომარაგების წყაროების დივერსიფიკაციის მიზნით. ეს ასევე გაზრდის რუსეთის ეკონომიკურ და პოლიტიკურ გავლენას ევროპაში და მარგინალიზაციას გაუწევს უკრაინის სატრანზიტო მნიშვნელობას გაზის ევროპულ ბაზარზე. თავის მხრივ, გერმანია მიიღებს იაფ გაზს და გააქტიურებულ ბიზნეს-კავშირებს რუსეთთან. რა დათმო გერმანიის კანცლერმა სანაცვლოდ? აშკარად, ბევრი არაფერი, გარდა დაპირებული ინვესტიციებისა: მაგალითად, მას არაფერი უთქვამს, რომ გერმანია შეასრულებს ნატოს თავდაცვის ხარჯების ვალდებულებებს, არც ჩინური Huawei-ის 5G სატელეკომუნიკაციო ტექნოლოგიის გამოყენებასთან დაკავშირებით გამოუთქვამს მკაცრი პოზიცია და არც სხვა სადაო საკითხებზე უსაუბრია, რაც ვაშინგტონს ძალიან აწუხებს.

რა მიიღო ბაიდენის ადმინისტრაციამ, გარდა გერმანიასთან ურთიერთობის გაუმჯობესებისა? თუ ჩავთვლით, რომ გაზსადენის მშენებლობა შექმნილი დაბრკოლებების მიუხედავად მაინც დასრულდებოდა, შესაძლოა, ეს ნაბიჯი ამერიკის იმიჯის გადარჩენის მცდელობას შევადაროთ, რადგან ვაშინგტონის ძალისხმევა ფინანსური, პოლიტიკური და ტექნოლოგიური სანქციების სახით, სულ ამაო აღმოჩნდა.

Nord Stream 2“ მილსადენის თაობაზე ორპარტიული წინააღმდეგობა იყო ობამას და ტრამპის ადმინისტრაციების საგარეო პოლიტიკის ქვაკუთხედი, ასევე ერთმნიშვნელოვანი პასუხი რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიაზე და გაზის ტრანზიტის იძულების ინსტრუმენტად გამოყენებაზე. ბაიდენის ადმინისტრაციის გადაწყვეტილება, შეცვალოს მისი წინამორბედების პოლიტიკა და თავი შეიკავოს მილსადენის პროექტის მონაწილეთა სანქცირებისგან, ნამდვილად საჩუქარი იქნება რუსეთის პრეზიდენტისთვის. ექსპერტები აღნიშნავენ, რომ მოცემული შეთანხმება ასევე შეამცირებს ამერიკის, როგორც სანდო პარტნიორის მიმართ ნდობის ხარისხს ევროპასა და მის საზღრებს მიღმა. ამავე დროს, შეიქმნება რუსეთისთვის სანქციების შერბილების პრეცენდენტი, რაც შესაძლოა, სარისკო ტენდენციად იქცეს. საერთო ჯამში, ანალიტიკოსები მიიჩნევენ, რომ ბაიდენის ადმინისტრაციამ მყიფე საერთაშორისო წესრიგი კიდევ უფრო ნაკლებად უსაფრთხო გახადა.

ეკა ჯავახიშვილი

04.08.2021
ნახვა 393

კომენტარები