მთავარი უსაფრთხოება რუსეთის ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიის ანარეკლი ქართულ რადიკალურ დაჯგუფებებში

რუსეთის ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიის ანარეკლი ქართულ რადიკალურ დაჯგუფებებში

02.08.2021
ნახვა 804

2021 წლის 2 ივლისს, რუსეთის ფედერაციის ეროვნული უსაფრთხოების განახლებული სტრატეგია დაამტკიცა, პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინმა. დოკუმენტში არ არის ნახსენები საქართველო, თუმცა ოფიციალური მოსკოვის სტრატეგიულ პრიორიტეტები და შიდა თუ საგარეო პოლიტიკის ინტერესები მნიშვნელოვან გავლენებს ახდენს მასზე. იმდენად, რამდენადაც სტრატეგიაში პირდაპირ არის საუბარი, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, როგორც სახელმწიფოებზე და დოკუმენტის ზოგადი მიზნები და ამოცანები ორიენტირებული არიან იმ ნარატივზე, რომელიც ულტრამემარჯვენე ძალების სახით იკიდებს ფეხს ქვეყანაში. ამის ნათელი მაგალითია 5-6 ივლისს საქართველოში განვითარებული მოვლენები (ულტრანაციონალისტური ჯგუფებმა ხელი შეუშალეს ლგბტ თემის გამოხატვის თავისუფლებას, შეაფერხეს მედიის თავისუფალი მუშაობა და ფიზიკურად გაუსწორდნენ 53 ჟურნალისტს), რასობრივი სეპარატიზმი და ანტიდასავლური მესიჯ-ბოქსები. რადიკალური ძალების იდეოლოგიაში იკვეთება „ერთმორწმუნე რუსეთის“ უსაფრთხოების სტრატეგიაში წამოჭრის საკვანძო საკითხები.

ულტრამემარჯვენე ჯგუფები საქართველოში

საქართველოში ბოლო პერიოდის განმავლობაში ულტრამემარჯვენე ჯგუფების განსაკუთრებული გააქტიურება შეინიშნება. მათი რაობა არაერთგვაროვანია და მოიცავს, როგორც ფორმალურ, ისე არაფორმალურ ჯგუფებს და ორგანიზაციებს, მათ შორის, პოლიტიკურ პარტიებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს, არაფორმალურ გაერთიანებებს და მოძრაობას. ულტრამემანრჯვენეთა და ოფიციალური მოსკოვის იდეოლოგიურ თანხვედრას არაერთი კვლევა ადასტურებს. საქართველოში, მათ ხშირად „პრორუსულ“ ან „პროპუტინისტურ“ ძალებადაც მოიხსენიებენ, რომლებიც გამოირჩევიან ლიბერალური იდეოლოგიის მქონე ჯგუფების მიმართ განსაკუთრებული აგრესიით, მემარჯვენე ეთნონაციონალისტური შეხედულებებით, მართლმადიდებლურ ეკლესიასთან სიახლოვითა და რადიკალური ჰომოფობიური რიტორიკით. მათ აქვთ არსებითად ევროსკეპტიკური დამოკიდებულებები და დაჯგუფებების ცალკეული ლიდერები პირდაპირ უკავშირდებიან უშუალოდ რუსეთის სახელმწიფოს ან სხვა ადგილობრივ პოლიტიკურ ორგანიზაციებს. აღსანიშნავია, რომ არც ერთ ულტრამემარჯვენე ჯგუფს არასდროს გაუპროტესტებია რუსეთის რომელიმე ქმედება. შესაბამისად, არ არის გასაკვირი, რომ მათი რადიკალური ქმედებები პირდაპირ ასხამს წყალს, კრემლის წისქვილზე.

რუსეთის ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგია და ქართველი რადიკალები

რუსეთის ეროვნული უსაფრთხოების 2015 წლის სტრატეგიისაგან განსხვავებით, სადაც პრიორიტეტად კულტურა იყო განსაზღვრული, 2021 წელს ის „ტრადიციული რუსული სულიერი და მორალური ღირებულებების, კულტურისა და ისტორიული მეხსიერების დაცვად“ გადაკეთდა. საინტერესოა, რუსეთის ფედერაციის გადაწყვეტილება უსაფრთხოების სტრატეგიაში ტრადიციებზე, რელიგიურ ღირებულებებსა და ისტორიულ წარსულზე, დიდი აქცენტის გაკეთებასთან დაკავშირებით. ეს ნარატივი აშკარად ჩანს ქართული ნაციონალისტური ჯგუფების ქმედებებში, რომლებიც სწორედ ამ მატერიების დასაცავად არ ერიდებიან არაკანონიერ, ძალისმიერ ქმედებებს და ღიად აკეთებენ მოწოდებებს რადიკალური ნაბიჯებისაკენ. რაც ვიხილეთ თბილისში 5-6 ივლისს განვითარებული მოვლენების დროს. „სირცხვილის მარშის“ მოწინააღმდეგე რადიკალები ფიზიკურად გაუსწორდნენ 53 ჟურნალისტს, შეიჭრნენ და დაარბიეს მოძრაობა „სირცხვილიას“ და „თბილისის პრაიდის“ ოფისები. მათ დაარღვიეს საქართველოს კონსტიტუციით განსაზღვრული ადამიანის ფუნდამენტალური უფლებები, როგორებიცაა, შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლება, თანასწორობის უფლება და აზრის, ინფორმაციის, მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა თავისუფლება.

სტრატეგიაში არის ჩანაწერი ტრადიციებისა და სულიერ-მორალური ღირებულებების დაცვასთან დაკავშირებით, სადაც აღნიშნულია, რომ ზნეობრივი ფასეულობები საფრთხის ქვეშ დგას დასავლეთის მხრიდან. აღსანიშნავია, რომ იგივე რიტორიკას აშშ-სა და პარტნიორების მხრიდან მომავალი საფრთხის შესახებ, იმეორებს ყველა ულტრამემარჯვენე დაჯგუფების ლიდერი, რომლებიც არ უშინდებიან არც ელჩების გაკრიტიკებას და არც პარლამენტის შენობის წინ ევროკავშირის დროშის დემონსტრაციულ ჩამოხსნასა და მის დაწვას.

დოკუმენტში ცალსახად, ხაზგასმით არის მითითება „შეერთებული შტატებისა და მისი მოკავშირეების“, როგორ საფრთხის წყაროს შესახებ. თუ ადრე ნატო-ს გაფართოება და მისი სამხედრო ინფრასტრუქტურის რუსეთის საზღვრებთან მიახლოვება აღიქმებოდა ძირითადად პრობლემად, ახლა უკვე ღირებულებათა კუთხითაც საშიშროებად აღიქმება დასავლეთი. ისევე, როგორც ეს ხდება ქართველი რადიკალების შემთხვევაში, რომლებიც ყველა ბოროტების სათავედ, საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორების ძალას მიიჩნევენ და ადანაშაულებენ მათ ეროვნული, კონსერვატიული ღირებულებების შებღალვასა და ლიბერალური შეხედულებების ლობირებაში. ულტრამემარჯვენე ჯგუფების რიტორიკაში დასავლეთი მიჩნეულია საქართველოში გარყვნილების მთავარ წყაროდ. მაშინ, როდესაც ანტი-ლგბტ, ეთნონაციონალისტური თუ რელიგიური ნიშნით, რუსეთი პოზიტიური განწყობით არის წარმოჩენილი.

რას უნდა ელოდოს საქართველო რუსული ანარეკლისაგან?

რადიკალური ორგანიზაციები აქტიურად იყენებენ რუსეთში აპრობირებული საინფორმაციო ომის ტაქტიკას, რომელიც მოიაზრებს სოციალურ ქსელებში დეზინფორმაციის გავრცელებას. სტრატეგიაში მკაფიოდ არის გამოხატული რუსეთის ამბიციები კიბერსივრცეში რუსეთის დომინირების შესახებ. შესაბამისად, „პრორუსული“ ძალებისაგან, რომლებიც თავს იმკვიდრებენ როგორც მედიაში, ასევე საზოგადოებრივ და პოლიტიკურ პლათფორმებზე, კიდევ უფრო აქტიურად უნდა ველოდოთ ყალბი ინფორმაციის გავრცელებას დასავლეთის ღირებულებებისა და საქართველოსათვის მათი საფრთხის შესახებ. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც უკვე ოფიციალურ მოიპოვა საეთერო მაუწყებლობაზე ავტორიზაცია „ალტ-ინფომ“, რომელიც ქართველ ულტრანციონალისტებთან დაკავშირებული პროპაგანდისტული და ანტიდასავლური პლატფორმაა და ამასთანავე აქტიურად მუშაობს ე.წ „ტროლების“ მანქანა, რომელიც პერმანენტულად უზრუნველყოფს სოციალურ ქსელებში დეზინფორმაციის გავრცელებას.

ზოგადად, მოცემული სტრატეგია აგებულია დასავლეთთან კონფრონტაციულ რიტორიკაზე, რაც ავტომატურად გულისხმობს, რომ საქართველოს პროდასავლური კურსი კვლავ პრობლემა რჩება ოფიციალური მოსკოვისათვის, რადგან ის პოსტ საბჭოთა ქვეყნებს კვლად საკუთარი გავლენის სფეროდ მიიჩნევს. „უხილავი ხელის“ პრინციპით მოქმედება არ არის კრემლისათვის ახალი პოლიტიკა, შესაბამისად ნაციონალისტური დაჯგუფებების ხელშეწყობა მოსახლეობისათვის სენსიტიურ თემებზე ოპერირებით, საკმაოდ მომგებიანია ქვეყნის შიგნით არეულობის გამოწვევისა და ანტიდასავლური სენტიმენტების გაჩენის კუთხით. ზოგადად ცნობილია, რომ რუსეთის ხელისუფლება, გავლენის გაზრდის მიზნით, აქტიურად აფინანსებს ულტრამემარჯვენე და ნეონაცისტურ ჯგუფებს. რამდენადაც საქართველოში არსებული ულტრამემარჯვენე ჯგუფების რიტორიკა მკვეთრად ანტიდასავლური, ქსენოფობიური და ჰომოფობიურია ისინი საქართველოში რუსეთის დასაყდენად შეიძლება მოვიაზროთ. რადიკალური ძალებისა ოფიციალური რუსეთის ინტერესები იკვეთება, რამდენიმე ვექტორზე, ისინი ეწინააღმდეგებიან ლიბერალიზმს და მხარს უჭერენ "ტრადიციულ, კონსერვატიულ ღირებულებებს", გმობენ პროგრესულ რეფორმებს და დისკრედიტაციას უწევენ საქართველოს დასავლელ პარტნიორებს.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, აშკარაა, რომ მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის ეროვნულ უსაფრთხოების სტრატეგიაში საქართველო პირდაპირ ნახსენები არ არის, მას საკმაო გავლენა აქვს ქვეყნის შიგნით განვითარებულ მოვლენებზე, მოქმედ ძალებსა და მოსახლეობაში შექმნილ განწყობებზე. ულტრანაციონალისტური ჯგუფების გააქტიურების შედეგად, კი ქვეყანა უნდა ელოდოს რუსეთისათვის მისაღები კონსერვატიული, ნაციონალისტური და რატიკალური ნარატივის წინ წამოწევასა და მასობრივ დეზინფორმაციულ შეტევებს.

ანი ერგემლიძე

02.08.2021
ნახვა 804

კომენტარები

ასევე წაიკითხეთ

როგორ ახალისებს მოსკოვი სეპარატიზმს საქართველოში

კრემლი საქართველოში ეთნიკური უმცირესობების უფლებების დაცვაზე...
4 თვე