მთავარი პოლიტიკა გახარია ქართული ოცნებას შლის, ლიდერშიფი ვა-ბანკზე მიდის

გახარია ქართული ოცნებას შლის, ლიდერშიფი ვა-ბანკზე მიდის

29.07.2021
ნახვა 3327

ცოტა ხნის წინ ამავე საიტზე გამოქვეყნებულ სტატიაში ვწერდი, რომ გახარიას პარტიით შეშინებული „ქართული ოცნება,“ ქვეყანას ავტორიტარიზმისკენ წაიყვანდა და ამით დასავლელ პარტნიორებს საბოლოოდ დაუპირისპირდებოდა. 28 ივლისს გამართული ბრიფინგით, ირაკლი კობახიძემ „შარლ მიშელის შეთანხმება“ გააუქმა და ეს ქმედება „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ დააბრალა;

მიზეზები:

  • ქართული ოცნების ხელმძღვანელობაში კარგად იციან, რომ შემოდგომის არჩევნებში 43%-ის აღების თეორიული შანსიც არ აქვთ;
  • პარტია „საქართველოსთვის“ რეიტინგი მზარდია და ყველა საზომით, უკვე ახლა, 20%-ს სცილდება. გახარია პირადად ხვდება ამომრჩეველს. შეუიარაღებელი თვალითაც კარგად ჩანს, რომ იმ რეგიონებში, სადაც ჩასვლა მოასწრო მას უკვე ძალიან დიდი მხარდაჭერა აქვს. გარდა ამისა, „ქართულ ოცნებას“ ერთი მეორის მიყოლებით ეშლება საკრებულოები. რეგიონებში მასობრივად ტოვებს ხალხი მმართველ გუნდს და პარტიას „საქართველოსთვის“ უერთდება. ე.წ სამობილიზაციო ამომრჩეველი, საჯარო მოხელეები და სხვ. უკვე ღიად აფიქსირებენ ყოფილი პრემიერისადმი სიმპათიებს;
  • ასევე მარტივი დასანახია, რომ გახარია დასავლეთის ფავორიტია, ევროკავშირი და განსაკუთრებით, ამერიკის შეერთებული შტატები, სწორედ მას მოიაზრებენ ქართული ოცნების რეალურ ალტერნატივად;

[ვიოლა ფონ კრამონი: "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა არც კი ეცადა ხელი მოეწერა ერთობლივ შეთანხმებაზე ევროკავშირთან. ასე რომ, ორივე მხარე საკუთარი მოქალაქეების ხარჯზე, საშინელ პოლიტიკურ თამაშს თამაშობს.]

  • ფაქტია, ტყუილებმა რომლებსაც „ქართული ოცნება“ გახარიას გუნდის მისამართით ავრცელებდა (ნამახვანი, გეი აღლუმი, სააკაშვილთან შეხვედრა და ა.შ) არ იმუშავა. პარტიამ „საქართველოსთვის“ „ჭორაობის“ გაბათილება ეფექტურად მოახერხა და ხალხს საკუთარი, პოზიტიური დღის წესრიგით მიმართა. დღეს უკვე აღარავის სჯერა იმ „ფეიკ ნიუსების,“ რასაც სახელისუფლებო არხები გახარიას წინააღმდეგ, დიდი გულმოდგინებით ავრცელებდნენ;
  • დღეს სპეკულირების გარეშეც კარგად ჩანს, რომ გახარიას გამოჩენა „ქართული ოცნების“ მსგავსად „ერთიანი ნაციონალური მოძრაობისთვისაც“ დიდი თავისტკივილია. პარტიამ „საქართველოსთვის“ უკვე ჩამოართვა მას მთავარი ოპოზიციური ძალის სტატუსი და ახლა სააკაშვილის პარტია ყველაფერს გააკეთებს, რათა აქტუალური დარჩეს. სწორედ ამიტომ, „ქართული ოცნების“ მიერ, შარლ მიშელის დოკუმენტის გადაგდება, ენმ-ს წისქვილზეც ასხამს წყალს. მაღალი ალბათობით, მმართველი გუნდის გადაწყვეტილება საქართველოსთვის ბოლო წლებში დამახასიათებელ კლოუნადას, თავისი ქუჩის აქციებით, ბოიკოტებით და ა.შ თანაც პანდემიის პირობებში, კიდევ ერთხელ დააბრუნებს. „ნაციონალური მოძრაობა“ და „ქართული ოცნება“ ყველაფერს გააკეთებენ, რომ გახარიამ ხალხთან შინაარსზე საუბარი ვერ შეძლოს.
  • არსებობს ალბათობა, რომ რადიკალურ პოლუსზე არსებულ ორივე ძალა „ამ ფანდით“ გახარიას თბილისის მერის არჩევნებში შეტყუებას ცდილობს. თუ გახარიამ წაააგო, მისი პოლიტიკური დამაჯერებლობა დაკნინდება, თუ მოიგო, ეგეც არ არის პრობლემა, საპარლამენტო არჩევნებამდე (და არა ვადამდელამდე), ყველაფერს იზამენ რომ მას „საქმე არ გააკეთებინონ“ და კარგი მენეჯერის იმიჯი დაუმსხვრიონ. თან არ დაგვავიწყდეს, ვადამდელი არჩევნების დანიშვნისთვის კობახიძემ ე.წ „კეთილი ნება“ დაიტოვა.

ქართული ოცნების“ ლიდერშიფი დასავლეთის წნეხს ვერ გაუძლებს. ის ხალხი ვინც გუნდში „ინგლისური და კომპიუტერი“ იცის გემიდან გაიქცევიან, საბოლოოდ შეიძლება ვადამდელი არჩევნები იმაზე ადრე დაინიშნოს ვიდრე ეს აქამდე იყო ნავარაუდევი.

ლალი პაპოშვილი

29.07.2021
ნახვა 3327

კომენტარები