მთავარი უსაფრთხოება დიდგორი 1121 – 2021

დიდგორი 1121 – 2021

რა მისცა საქართველომ ევროპას? რა შეიძლება ასწავლოს ევროპამ საქართველოს?
23.07.2021
ნახვა 375

დიდგორი 1121 – 2021. საქართველო როგორც მაგალითი ევროპისათვის

სულ რამდენიმე დღეში, 12 აგვისტოს, საქართველო დიდგორის ბრძოლის 900 წლისთავს აღნიშნავს. ეს ბრძოლა გარდამტეხ წერტილად იქცა შუა საუკუნეების საქართველოს ისტორიაში. დავით აღმაშენებლის ლაშქრის თურქ-სელჩუკებზე გამარჯვებამ თბილისის განთავისუფლებას გაუხსნა გზა, ქვეყანაში კი დადგა ეპოქა რომელიც „ოქროს ხანის“ სახელითაა ცნობილი (XI-XIII საუკუნეები). ზუსტად ამ პერიოდს განეკუთვნება ჩინებული ძეგლები რომელთა ნაწილსაც დღემდე აღფრთოვანებით უმზერს ათასობით ტურისტი რომლებიც ყოველწლიურად სტუმრობენ საქართველოს. „ოქროს ხანა“ აგრეთვე იყო განათლების, ეკონომიკის, სოფლის მეურნეობისა და ვაჭრობის განვითარების ეპოქაც. მაშინ შეიქმნა ქართული ეროვნული ეპოსი „ვეფხისტყაოსანი“. პოემა განადიდებს ისეთ მოვლენებსა და თვისებებს როგორებიცაა სიყვარული, მეგობრობა, სიმამაცე და სულის ძლიერება ხოლო მისი მთავარი გმირები კეთილშობილებასა და ღირსებას ასხივებენ. ეპოსი ცხოვრების ერთგვარ სახელმძღვანელოდ და მაგალითად იქცა შემდგომი თაობებისათვის საქართველოში და მის საზღვრებს გარეთაც. დანამდვილებით შეიძლება ითქვას რომ საქართველო თავის „ოქროს ხანაში“ განვითარებით არაერთ ევროპულ სახელმწიფოს უსწრებდა. ერთი მხრივ მან როგორც ქვეყანამ ქრისტიანობის განმტკიცებას გაუკვალა გზა და ასევე როგორც ერთ-ერთმა პირველმა ევროპული რენესანსს მოუმზადა საფუძველი...

პარიზის ტრაქტატი 1951- 2021. ევროპა როგორც მაგალითი საქართველოსთვის

სამ თვეზე ცოტა ხნის წინ, 18 აპრილს ევროპაში პარიზის ტრაქტატის 70 წლისთავი აღინიშნა - ხელშეკრულებისა რომელმაც სათავე დაუდო „ევროპის ქვანახშირისა და ფოლადის“ კავშირს. მან დასავლეთ ევროპის სახელმწიფოების ეფექტურ თანამშრომლობას დაუდო სათავე რთულ, ომის შემდგომ პერიოდში. იმ დროს ვერავინ წარმოიდგენდა რომ რეალურად ეს სტრუქტურა პირველი კონკრეტული ნაბიჯი იქნებოდა ევროკავშირის შექმნისაკენ, იმ ფორმით როგორითაც მას დღეს ვიცნობთ. ამჟამად, ენერგეტიკული თანამშრომლობა კვლავ რჩება ევროპული ინტეგრაციის მნიშვნელოვან ელემენტად. თუმცაღა ეკონომიკა ყველაფერი არაა. ევროკავშირი გვთავაზობს ისეთი კანონებისა და პოლიტიკური სტრატეგიების შემოღებას რომელთა მიზანიცაა კარგი მმართველობის და ფართოდ გაგებული ადამიანური განვითარების ხელშეწყობა. ევროკავშირი პროპაგანდას უწევს ისეთ ღირებულებებს როგორებიცაა ადამიანის ღირსება, თავისუფლება, დემოკრატია, თანასწორობა, კანონის უზენაესობას და ადამიანის უფლებებს. ტოლერანტობამ და დისკრიმინაციის აღმოფხვრამ მთელი ევროპული თანამეგობრობის მთელი საზოგადოება უნდა გააერთიანოს. წლების გადასახედიდან შეიძლება ითქვას რომ ევროკავშირის მოქმედებების შედეგიანი გამოდგა. შემთხვევითი არაა რომ 2012 წელს ზუსტად ევროკავშირმა მიიღო ნობელის პრემია მშვიდობის დარგში „სამოცზე მეტი წლის განმავლობაში ევროპაში მშვიდობის, შერიგების, დემოკრატიისა და ადამიანის უფლებათა განვითარების საქმეში შეტანილი წვლილისათვის.“ დღეს სწორედ ამ კავშირს შეუძლია გვერდში დაუდგეს დაუჭიროს საქართველოს განვითარებისაკენ, შერიგებისაკენ, კანონის უზენაესობისაკენ და ტოლერანტობისაკენ მიმავალ გზაზე. მე პირადად ვფიქრობ რომ არა მარტო მხარი უნდა დაუჭიროს არამედ პირდაპირ ვალდებულიცაა ეს გააკეთოს. ამას საზოგადოების უდიდესი უმრავლესობა მოელის.

საქართველო 2021 – 2024. ევროპა საქართველოში, საქართველო ევროპაში

საქართველოს მთავრობამ ცოტა ხნის წინ განაცხადა რომ იგი ისწრაფვის რათა საქართველომ ევროკავშირში სრულუფლებიანი გაწევრიანების ოფიციალური განაცხადი 2024 გააკეთოს. მიზანი ძალზე ამბიციურია მაგრამ არა სიურეალისტური. სულაც არ ჩანს რომ საქართველო ზოგადი თვალსაზრისით მნიშვნელოვნად ჩამორჩება რუმინეთს ან ბულგარეთს რომლებიც უკვე არიან ევროკავშირის წევრები. პირიქით, მიმაჩნია რომ საქართველო თითქმის მზადაა ამ თანამეგობრობის წევრობისათვის. თუმცაღა ჯერჯერობით მხოლოდ „თითქმის“...

თბილისი პრაიდთან“ დაკავშირებული უახლოესმა მოვლენებმა მკაფიოდ წარმოაჩინა დისჰარმონია რომელიც იმ ძირითადი ევროპული ღირებულებების იმპლემენტაციასთან დაკავშირებით არსებობს როგორებიცაა ადამიანთა თანასწორობა, თავისუფლება და ღირსება. უფრო ღრმად თუ გავყვებით უნდა გავიხსენოთ რომ ევროკავშირმა მრავალი კვირის განმავლობაში ძალ-ღონე არ დაიშურა საქართველოში პოსტსაარჩევნო კრიზისის დასასრულებლად. საბოლოოდ ამ ძალისხმევის ნაყოფად იქცა შარლ მიშელის 2021 წლის 19 აპრილის კომპრომისული შეთანხმება. დღეს ამ დოკუმენტის დებულებების ხორცშესხმა დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ დგას. რა თქმა უნდა აქ საუბარი მხოლოდ გაპიარებულ და ხმაურიან საკითხებზე არაა რომლებიც მართლმსაჯულების სისტემასთანაა დაკავშირებული. მიშელის შეთანხმება განსაზღვრავს მთავრობისა და ოპოზიციის თანამშრომლობის ჩარჩოებს. გადაწყდა რომ ოპოზიცია შეწყვეტდა პარლამენტის ბოიკოტს და მხარეები ადგილობრივი არჩევნებისათვის მზადებას დაიწყებდნენ რომლებიც მიმდინარე წლის შემოდგომაზე უნდა ჩატარდეს. თუკი არჩევნებში მმართველი პარტია - „ქართული ოცნება“ 43%-ზე ნაკლებ მხარდაჭერას მოიპოვებს, მაშინ 2022 წელს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება. ევროკავშირის ჩართულობის წყალობით პოლიტიკური დიალოგი წარმატებით იქნა გადატანილი ქუჩიდან პარლამენტში ხოლო ხელისუფლების შესაძლო შეცვლის შესახებ გადაწყვეტილების მიღება ამომრჩეველს მიანდეს. ეს მაქსიმალურად დემოკრატიული და მშვიდობიანი გადაწყვეტილებები იყო.

დღეს როგორც მთავრობა, ასევე ოპოზიცია კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებენ მიშელის შეთანხმებას და ამით ძირს უთხრიან მშვიდობიანი და დემოკრატიული გამოსავლის მოძებნის შესაძლებლობას. თუკი ამ გზით ივლიან - საქართველოს მთავრობის ამბიციური გეგმები ევროკავშირის წევრობასთან დაკავშირებით უტოპიად და აუხდენელ ოცნებად დარჩება კიდევ მრავალი წლის განმავლობაში. საქართველოს ახლა დასაკარგი დრო აღარ აქვს. მის გაწევრიანებას ევროპული და ევროატლანტიკური სახელმწიფოების დიდ ოჯახში ალტერნატივა არ აქვს, არა მარტო განვითარების საჭიროებების გამო არამედ უსაფრთხოების თვალსაზრისითაც.

12 აგვისტოს საქართველო დიდ დღესასწაულს - დიდგორობას აღნიშნავს რომელიც 1121 წელს დავით აღმაშენებლის მიერ მოპოვებულ ბრწყინვალე გამარჯვებას უკავშირდება. დაე, ეს იყოს დღე არა მხოლოდ ხსოვნისა არამედ ასევე ეროვნული შერიგებისა, ტოლერანტობისა, პატივისცემისა და პატიებისა. საქართველო იმსახურებს თავის მორიგ „ოქროს ხანას“, პოლიტიკურ და საზოგადოებრივ რენესანსს. ევროკავშირს შეუძლია და სურს რომ საქართველოს ამაში დაეხმაროს. საკმარისია შიდა უთანხმოებების დასრულება, პოლიტიკური კონფლიქტების დემოკრატიულად გადაწყვეტაზე გადასვლა და სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპების დაცვა. გზა ევროკავშირისაკენ ხსნილია...

ქშიშტოფ ლუკიანოვიჩი

23.07.2021
ნახვა 375

კომენტარები