მთავარი უსაფრთხოება როგორ ახალისებს მოსკოვი სეპარატიზმს საქართველოში

როგორ ახალისებს მოსკოვი სეპარატიზმს საქართველოში

კრემლი საქართველოში ეთნიკური უმცირესობების უფლებების დაცვაზე ღელავს
20.07.2021
ნახვა 325

რუსეთის საგარეო უწყების ანგარიში

2021 წლის 8 ივლისს, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ სპეციალური ანგარიში გამოაქვეყნა, სადაც 43 სახელმწიფოში, მათ შორის საქართველოში, ადამიანის უფლებათა მდგომარეობაა შეფასებული. ანგარიშში მოხვდნენ რიგი პოსტ-საბჭოთა და ევროპული ქვეყნები (უკრაინა, მოლდოვა, ლიეტუვა, ლატვია, ესტონეთი და სხვ.), რომლებიც ანგარიშის ავტორთა განმარტებით, თავს „განვითარებულ დემოკრატიად“ მიიჩნევენ.

პარადოქსია, როდესაც მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე არადემოკრატიული ქვეყანა, რომელიც არაფრად მიიჩნევს პირველ რიგში, საკუთარი მოქალაქეების უფლებების დაცვას და პატივისცემას, სხვა ქვეყნებში არსებულ მდგომარეობას სპეციალურ ანგარიშს უძღვნის და ირონიულად, „შეშფოთებასაც“ გამოხატავს.

ანგარიშის გამოქვეყნებით, რუსეთს სურს, ერთგვარი პასუხი გასცეს აშშ-ისა და დასავლეთის ინსტიტუტებს, რომლებიც ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხზე გამოქვეყნებულ დოკუმენტებში, ყოველთვის ხმამაღლა აკრიტიკებენ პუტინის რეჟიმს. აქედან გამომდინარე, მოცემული ანგარიში დასავლეთთან კონფრონტაციული რიტორიკის ნათელ გაგრძელებას წარმოადგენს, რომელიც ცდილობს დააკნინოს დემოკრატიული ქვეყნების ძალისხმევა ადამინის უფლებების დაცვის კუთხით.

რუსეთის საგარეო უწყების ანგარიშის შესავალში აღნიშნულია, რომ ადამიანის უფლებების დაცვის სფეროში ერთ-ერთი ყველაზე სერიოზული პრობლემაა გარკვეული სიტუაციების შეფასებისას .. ორმაგი სტანდარტების გამოყენების პრაქტიკა, რასაც რიგი ქვეყნები (სავარუდოდ, იგულისხმება აშშ და დასავლეთის ქვეყნები) აქტიურად იყენებენ დაპირისპირების გასაღვივებლად. იქვე ვკითხულობთ, რომ „ცალკეული ქვეყნები საკუთარი პოლიტიკური ინტერესების სასარგებლოდ, ადამიანის უფლებების საკითხს იყენებენ როგორც ინსტრუმენტს, უცხო ქვეყნების შიდა საქმეებში ჩასარევად, რაც დამოუკიდებელი სახელმწიფოების სუვერენიტეტის დარღვევა“. საინტერესოა, ამ უკანასკნელ ფრაზაში საკუთარ თავსაც თუ მოიაზრებს მოსკოვი, რადგან ის ზუსტად აღწერს კრემლის პოლიტიკას, და არამხოლოდ საქართველოსთან მიმართებაში.

საქართველოში ადამიანის უფლებების მდგომარეობის შეფასებისას, რუსეთის საგარეო უწყება საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაციების, ასევე საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიშებს ეყრდნობა, რომელთა უმრავლესობა 2014-2016 წლით თარიღდება. შესაბამისად, ანგარიშს არათუ აკლია დამაჯერებლობა, არამედ დროშიც არარელევანტურია. თუმცა, დოკუმენტში გამოთქმული მოსაზრებებით თუ ვიმსჯელებთ, ის საკმაოდ სახიფათო გზავნილებს შეიცავს საქართველოს მისამართით.

რა თქვა კრემლმა ანგარიშში საქართველოს შესახებ?

რუსეთის საგარეო უწყების ანგარიშში საუბარია ადამიანის უფლებების დარღვევებზე მშვიდობიანი შეკრებების დროს აზრის გამოხატვისა და სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან ძალის გადამეტების კუთხით. მასში ასევე განხილულია სასამართლო და პენიტენციურ სისტემაში არსებული ხარვეზები, ხოლო არგუმენტების გასამყარებლად გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტის 2014 წლის ივლისის ანგარიშია მოყვანილი. საუბარია ასევე მედიის თავისუფლების კუთხით არსებულ პრობლემებზე, რასაც ავტორთა აზრით, განაპირობებს ხელისუფლების სურვილი, რომ სრულად გააკონტროლოს ჟურნალისტთა საქმიანობა. განსაკუთრებით დიდი ყურადღება კი ეთმობა საქართველოში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობების „დაჩაგრული“ მდგომარეობის აღწერას.

ანგარიშის თანახმად, ეროვნული უმცირესობების მთავარი პრობლემა სახელმწიფო ენის არცოდნაა. „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ, ქართულმა სახელმწიფომ შემოიღო არაერთი კანონი, რომელიც ოფიციალურ სტრუქტურებთან კომუნიკაციისას, ეთნიკურ უმცირესობებს უზღუდავს საკუთარი ენების გამოყენების საშუალებას და აიძულებს მათ, გამოიყენონ მხოლოდ ქართული ენა. ამასთან, ანგარიში იმოწმებს საქართველოს სახალხო დამცველს და აცხადებს, რომ ქვეყანაში სახელმწიფო ენის სწავლებისთვის არასათანადო პირობებია შექმნილი და ხელისუფლების ძალისხმევაც არადამაკმაყოფილებლად არის შეფასებული.

ეთნიკური უმცირესობების უფლებებზე საუბრისას, ყურადღება გამახვილებულია ეთნიკური უმცირესობების პოლიტიკურ პროცესებში ჩართულობის დაბალ ხარისხზე. კერძოდ, დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ყველაზე მრავალრიცხოვანი აზერბაიჯანული და სომხური თემების წარმომადგენელთა მონაწილეობის ხარისხი ქვეყნის საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ცხოვრებაში უკიდურესად დაბალია, რაც მათ საშუალებას არ აძლევთ, სრულფასოვნად ინტეგრირდნენ ქართულ საზოგადოებაში. იქვე ვკითხულობთ, რომ დიდი ხანია, სომხური საზოგადოება აყენებს ავტონომიის შექმნის საკითხს სამცხე-ჯავახეთისთვის, ხოლო აზერბაიჯანელები ქვემო ქართლიდან მოითხოვენ უფრო ფართო წარმომადგენლობას ადგილობრივ სტრუქტურებში, სადაც ხელმძღვანელი პოზიციები თითქოს მხოლოდ ქართველებს უკავიათ. სინამდვილეში, აღნიშნული არ შეესაბამება სინამდვილეს და მოყვანილია სრულად დამხინჯებული ფაქტები.

რუსეთის საგარეო უწყება აცხადებს, რომოფიციალური პირებისა და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლების მხრიდან ადგილი აქვს ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების წარმომადგენლებზე ფიზიკური თავდასხმების, ასევე ქსენოფობიურ და დისკრიმინაციულ განცხადებებს“. ამგვარი დამოკიდებულების მაგალითად, უწყებაქვეყანაში ხელოვნურად შექმნილ რუსოფობიურ განწყობებსდა საზოგადოებრივი აზრით მანიპულირებას ასახელებს.

დოკუმენტში მტკიცებულების გარეშე ნათქვამია, რომ სომხეთის სამოციქულო ეკლესიების წინააღმდეგ ვანდალიზმის უამრავი შემთხვევა დაფიქსირდა. ასევე აღნიშნულია, რომ ქვეყანაში არ უმჯობესდება ბოშების მდგომარეობა და თურქი მესხების რეპატრიაციისათვის ნაკისრ ვალდებულებებს საქართველო კვლავ არ ასრულებს.

რაზე მიგვითითებს ანგარიში?

უდაოა, რომ რუსეთის საგარეო უწყების ეს ანგარიში რუსული საინფორმაციო ომის ნაწილია, რომელიც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ არის მიმართული. იმ ფაქტზე აქცენტირება, თითქოს საქართველოში ეთნიკური უმცირესობები ავტონომიის შექმნას ითხოვენ, მიზნად ისახავს სეპარატიზმის ახალი კერების წარმოქმნის წახალისებას და საზოგადოებრივ აზრზე ზემოქმედების მოხდენას, რაც ძალიან სახიფათო თამაშია. ამასთან, სრულიად შესაძლებელია, რომ ანგარიშმა მეზობელ სომხეთსა და აზერბაიჯანში, საქართველოსადმი ნეგატიური დამოკიდებულების ზრდას შეუწყოს ხელი.

უფრო ზოგად კონტექსტში კი, ეს არის გზავნილი დასავლეთისთვის, რომ რუსეთის წინააღმდეგ ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხზე ზეწოლა კრემლისთვის არაფერს ნიშნავს, რადგან მოსკოვში მიაჩნიათ, რომ ადამიანის უფლებები ყველაზე დემოკრატიულ სახელმწიფოებშიც კი უხეშად ირღვევა.

ეკა ჯავახიშვილი

20.07.2021
ნახვა 325

კომენტარები

ასევე წაიკითხეთ