მთავარი საგარეო პოლიტიკა რუსეთის ეროვნული უსაფრთხოების განახლებული სტრატეგიის ტენდენციები

რუსეთის ეროვნული უსაფრთხოების განახლებული სტრატეგიის ტენდენციები

რას უნდა ელოდეს საქართველო?
18.07.2021
ნახვა 728

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა, 2021 წლის 2 ივლისს, რუსეთის ფედერაციის ეროვნული უსაფრთხოების განახლებული სტრატეგია დაამტკიცა. რუსეთის ფედერალური კანონმდებლობის მიხედვით, ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიის განახლება ყოველ 6 წელიწადში ერთხელ ხდება. აღნიშნული დოკუმენტი პირველად, 2009 წლის მაისში დამტკიცდა, 2015 წლის 31 დეკემბერს კი მისი განახლება მოხდა. ზოგადად, ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიის დოკუმენტი რუსეთის ეროვნულ ინტერესებს, სტრატეგიულ პრიორიტეტებს, შიდა თუ საგარეო პოლიტიკის ამოცანებს განსაზღვრავს, რომელიც წლიდან წლამდე, მსოფლიოში მიმდინარე პროცესებთან ერთად, დინამიურად იცვლება.

რა ცვლილებები განიცადა მსოფლიომ გასული 6 წლის განმავლობაში და როგორ მოხდა მათი ასახვა რუსეთის უსაფრთხოების სტრატეგიაში? რა გამოწვევებს პასუხობს დოკუმენტის განახლებული ვერსია? ამ კითხვებზე ზოგადი პასუხი შეიძლება სტრატეგიის პირველივე გვერდზე ამოვიკითხოთ, სადაც აღნიშნულია, რომ „მხოლოდ ძლიერი დერჟავისა და ადამიანის კეთილდღეობის ჰარმონიული კომბინაცია უზრუნველყოფს სამართლიანი საზოგადოების ფორმირებასა და რუსეთის აყვავებას“.

სწორედ რუსეთის, როგორც დასავლეთის „მიზანმიმართული ზეწოლის“ წინააღმდეგ მედგრად მებრძოლის, ურყევი „დერჟავისა“ და საკუთარ მოსახლეობაზე მზრუნველი სახელმწიფოს იმიჯის დემონსტრირებას ემსახურება რუსეთის უსაფრთხოების განახლებული სტრატეგია.

რუსეთის უსაფრთხოების სტრატეგიის განახლებული ვერსიის ძირითადი მომენტები

44 გვერდიანი ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგია ვრცლად მიმოიხილავს რუსეთის ეროვნულ ინტერსებს და სტრატეგიულ პრიორიტეტებს, ასევე განსაზღვრავს სახელმწიფო და საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფის სფეროში ძირითად ამოცანებს.

სტრატეგიაში ასახული მოსაზრებებით, თანამედროვე მსოფლიო რთული ტრანსფორმაციის პერიოდს განიცდის, ჩნდებიან ახალი გლობალური და რეგიონალური მოთამაშეები, მრავლდებიან მსოფლიო ეკონომიკური და პოლიტიკური განვითარების ცენტრები. ავტორები დამაჯერებლად ამტკიცებენ, რომ დასავლეთის ჰეგემონია მთავრდება, რაც გეოპოლიტიკურ არასტაბილურობას და ინტენსიურ კონფლიქტებს იწვევს, რუსეთმა კი ხელი უნდა შეუწყოს საერთაშორისო ურთიერთობების სისტემის სტაბილურობას.

დოკუმენტის ავტორები აშშ-სა და ევროპის წამყვან ქვეყნების მიუთითებენ, რომ ისინი უპირობო ლიდერობას კარგავენ. აღნიშნულიგან გამომდინარე, ისინი ცდილობენ უკარნახონ საერთაშორისო საზოგადოების სხვა წევრებს საკუთარი წესები, მიმართავენ უსამართლო კონკურენციას, ცალმხრივ სანქციებს, ღიად ერევიან სუვერენული სახელმწიფოების შიდა საქმეებში. დოკუმენტში ხაზგასმულია, რომ რუსეთის წინააღმდეგ მიზანმიმართული შეკავების პოლიტიკა ხორციელდება.

მიუხედავად იმისა, რომ სტრატეგიაში დადასტურებულია მოსკოვის სურვილი, რომ საერთაშორისო თუ ეროვნული კონფლიქტების მოსაგვარებლად დიპლომატიურ მექანიზმებს მიმართოს, რუსეთი ლეგიტიმურად თვლის, „მიიღოს სიმეტრიული და ასიმეტრიული ზომები“, უცხო სახელმწიფოების „არამეგობრული მოქმედებების“ საპასუხოდ. ავტორები დიდ წარმატებად მიიჩნევენ, რომ მოსკოვის მიერ გატარებულმა კურსმა (თავდაცვისუნარიანობის ამაღლება, შიდა ერთობის უზრუნველყოფა, პოლიტიკური სტაბილურობა, ეკონომიკური მოდერნიზაცია, წარმოების პოტენციალის გაზრდა) გაამყარა ქვეყნის უნარი, ეფექტურად აღუდგეს წინ საგარეო ზეწოლის მცდელობებს და ჩაახშოს შიდა საქმეებში უცხო ქვეყნების ჩარევის მცდელობები.

სტრატეგიაში იკითხება მთელი რიგი საკითხები, რაც კრემლის შეშფოთებას იწვევს, მათ შორის, ნატოს ინფრასტრუქტურის გაფართოება და აშშ-ის მიერ იარაღის კონტროლის საერთაშორისო ვალდებულებებზე უარის თქმა, ევროპასა და აზია-წყნარი ოკეანის რეგიონში აშშ-ს მიერ საშუალო და მცირე რადიუსის რაკეტების განლაგების გეგმები, რუსული საინფორმაციო საშუალებების აკრძალვა, და ზოგადად, რუსეთის მტრის ხატისშექმნა. ავტორებისთვის მიუღებელია ის ფაქტი, რომ რუსეთს ადანაშაულებენ კიბერშეტევებსა და უცხო ქვეყნების საშინაო საქმეებში ჩარევაში.

სტრატეგიაში გამორჩეულად დიდი ყურადღება ეთმობა რუსეთის შიდა სახელმწიფოებრივ საკითხებს, მოსახლეობის კეთილდღეობას, სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესების გზებს, რუსული ტრადიციებისა და სულიერ-მორალური ღირებულებების დაცვას, თავდაცვისუნარიანობის ამაღლებასა და თანამედროვე ტექნოლოგიურ პროგრესს, რამაც საერთო ჯამში, ხელი უნდა შეუწყოს მსოფლიო ასპარეზზე რუსეთის კონკურენტუნარიანობის ამაღლებას.

განსაკუთრებული სიმწვავის საფრთხედ არის წარმოჩენილი რუსეთის კულტურული სუვერენიტეტის დაკარგვის საფრთხე, რაც დოკუმენტში საინფორმაიცო-ფსიქოლოგიურ დივერსიად“ და „ვესტერნიზაციად“ მოიხსენება. აღნიშნულ საკითხს ცალკე თავი ეთმობა, სადაც ნათქვამია, რომ რუსული „ტრადიციული სულიერი-ზნეობრივი და კულტურულ-ისტორიული ფასეულობები აშშ-ის და მისი მოკავშირეების მხრიდან აქტიური თავდასხმის ქვეშაა“. ავტორები შიშობენ, რომ ადგილი აქვს ისტორიის გადაწერის მცდელობას რუსეთისთვის არასასურველი გზით.

სტრატეგიული სტაბილურობისა და ურთიერთსასარგებლო საერთაშორისო თანამშრომლობის“ ქვეთავში, ნახსენებია ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონთან თანამშრომლობის გაღრმავების საჭიროება, თუმცა ეს საკითხი გავრცობილი არ არის. თანამშრომლობის გაღრმავების სურვილი, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან ერთად, გამოთქმულია დსთ-ს წევრ სახელმწიფოებთან მიმართებაშიც, სხვადასხვა ინტეგრაციული გაერთიანებების ჩარჩოებში (პირველ რიგში, ევრაზიის ეკონომიკური კავშირის, კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის, სამოკავშირეო სახელმწიფოს (ბელარუსთან) ფარგლებში). რუსეთი იქვე გამოხატავს მზაობას, განავითაროს თანამშრომლობა ჩინეთთან, ინდოეთთან, აზია-წყნარი ოკეანის რეგიონის, ლათინური ამერიკისა და აფრიკის ქვეყნებთან.

უსაფრთხოების სტრატეგიაში, ასევე ნათლად იკვეთება რუსეთის მიზანი, განამტკიცოს კიბერუსაფრთხოება და „სუვერენიტეტი“ ინფორმაციულ სივრცეში.

რა შეიცვალა ბოლო 6 წელიწადში უსაფრთხოების გამოწვევების კუთხით?

აღსანიშნავია, რომ წინა ვერსიებთან შედარებით, მოცემული სტრატეგიული დოკუმენტი უფრო მრავალფეროვანია და უფრო მეტ თემებს ეხება, ოჯახის კეთილდღეობიდან და ღირებულებების საკითხებიდან, თავდაცვისა და ეკოლოგიის პრობლემებით დამთავრებული. იმ პირობებში, როდესაც რუსეთის დაპირისპირება დასავლეთთან მუდმივად იზრდება, რუსეთის ხელისუფლება აცხადებს, რომ მისთვის მეტად პრიორიტეტულია ისეთი პრობლემები, როგორიცაა ტექნოლოგიური განვითარება, კიბერუსაფრთხოება და კლიმატის ცვლილებები.

სტრატეგიული დოკუმენტის წინა ვერსიაში გამოყოფილი იყო ექვსი ეროვნული ინტერესი, განახლებულ ვერსიაში კი მათი რაოდენობა რვამდე გაიზარდა. შეიცვალა მათი პოზიციებიც: 2021 წელს, პირველ პუნქტად განისაზღვრარუსეთის მოსახლეობაზე ზრუნვა“, როცა 2015 წელს, ანალოგიური თემატიკა (მოსახლეობის ჯანდაცვისა და ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესება, სტაბილური დემოგრაფიული მდგომარეობა) მესამე ადგილს იკავებდა. აღნიშნული პრიორიტეტული ცვლილება, დიდი ალბათობით, უკავშირდება რუსეთისსაშინაო ფრონტზე“ შექმნილ სირთულეებს, მძიმე სოციალურ-ეკონომიკურ პრობლემებს, რასაც გლობალური პანდემიის პირობებში, კორონავირუსით ინფიცირების მაღალი მაჩვენებლებიც დაემატა. შესაბამისად, სტრატეგიის ახალ ვერსიაში ყველაზე მეტი პრიორიტეტი რუსეთის ხალხზე ზრუნვას მიენიჭა. ასევე შეიძლება ითქვას, რომ სულიერებასა და ტრადიციებზე აქცენტირებით, ხელისუფლება ცდილობს მოსახლეობის ყურადღების გადატანას ყოფითი პრობლემებიდან.

სტრატეგიაში ხშირად არის გამოყენებულია ფრაზა „შეერთებული შტატები და მისი მოკავშირეები“, როდესაც საქმე ეხება საფრთხის წყაროებს ან რუსეთის მოწინააღმდეგე ქვეყნებს. დოკუმენტის წინა ვერსიაში, უსაფრთხოებასთან დაკავშირებული რისკების უმთავრეს წყაროდ მიჩნეული იყო ნატო-ს გაფართოება და მისი სამხედრო ინფრასტრუქტურის რუსეთის საზღვრებთან მიახლოვება. მიმდინარე ვერსიაში კი, ძირითადი საფრთხეები „აშშ-ისა და მისი მოკავშირეების“ მხრიდან რუსეთზე განხორციელებულ სხვადასხვა სახის ზეწოლას უკავშირდება, თუმცა სტრატეგიის ავტორები ცდილობენ წარმოაჩინონ, რომ რუსეთი წარმატებით უმკლავდება შექმნილ დაბრკოლებებს.

რამდენადაც დოკუმენტში აშშ და მისი მოკავშირეები არამეგობრულ სახელმწიფოებად არიან მოხსენიებულნი, ბუნებრივია, რომ რუსეთის საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტები აღმოსავლეთის სასარგებლოდ იხრება. უპირატესობა ენიჭება ჩინეთსა და ინდოეთთან, აზია-აფრიკის ქვეყნებთან, აღმოსავლურ ორგანიზაციებთან (მაგალითად, შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაცია და BRICS) თანამშრომლობას. 2021 წლის გამოცემაში გაქრა პუნქტები აშშ-სთანსრულფასოვანი პარტნიორობის დამყარებისა დაევროკავშირთან ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობის გაძლიერების შესახებ“.

ნათელია, რომ აშშ-ისა და ევროკავშირის სანქციებმა, გასული 6 წლის განმავლობაში, მტკივნეული კვალი დაამჩნია რუსეთის ხელისუფლებისა და ბიზნეს ელიტის ინტერესებს. სტრატეგიაში არაერთხელ არის აღნიშნული, რომ დასავლეთის ზეწოლის გამო, რუსეთი არაკეთილსინდისიერ კონკურენციას აწყდება, შექმნილი ბარიერები კი ზიანს აყენებს მის ეკონომიკას. ასევე დოკუმენტში ვკითხულობთ, რომ რუსეთის იზოლირების მცდელობა, „საერთაშორისო ურთიერთობებში ორმაგი სტანდარტების გამოყენებით“, ხელს უშლის მრავალმხრივი პარტნიორობის განვითარებას. მიუხედავად ამისა, ავტორები სიამაყით აღნიშნავენ, რომ რუსეთმა სანქციების მიმართ მდგრადობა გამოავლინა.

2021 წლის ვერსიაში, ახალ სტრატეგიულ ეროვნულ პრიორიტეტად ჩამოყალიბდა საინფორმაციო უსაფრთხოება. დოკუმენტში საუბარია კიბერსივრცის განზომილებაში შექმნილ პრობლემებზე, რუსულ რესურსებზე ჰაკერული შეტევების რაოდენობის ზრდასა და ტრანსნაციონალური კორპორაციების სურვილზე, გაამყარონ თავიანთი მონოპოლია ვირტუალურ სივრცეში.

პუნქტი, რომელიც ეძღვნება ეკონომიკის მდგრად განვითარებას ახალ ტექნოლოგიურ საფუძველზე, მკვეთრად განსხვავდება წინა ვერსიისგან, რომელიც მხოლოდ კონკურენტუნარიანობის გაზრდაზე იყო ორიენტირებული. დოკუმენტში ეკონომიკური უსაფრთხოების უზრუნველყოფის სხვადასხვა გზებს შორის დასახელებულია საგარეო ეკონომიკური საქმიანობის განხორციელებისას დოლარის მოხმარების შემცირება, უცხოური ტექნოლოგიების იმპორტზე დამოკიდებულების შემცირება, ასევე აქტუალური ინფექციური დაავადებების სამამულო ვაქცინების შექმნა და წარმოება, რაც კორონავირუსის პანდემიის გამოძახილია.

წინა დოკუმენტებთან შედარებით, უფრო მეტი მნიშვნელობა ენიჭება ეკოლოგიურ პრობლემებსაც.

რატომ არის ეს მნიშვნელოვანი საქართველოსთვის?

რუსეთის ხელისუფლების მიერ გატარებული შიდა და საგარეო პოლიტიკური კურსი პირდაპირ აისახება საქართველოს უსაფრთხოებაზე. ოფიციალური მოსკოვის სტრატეგიული მიზნები და ამოცანები, რომელსაც ჩვენი ქვეყნის ოკუპაცია 2008 წლის შემდეგ არ შეუწყვეტია, ბუნებრივია, დეტალურ დაკვირვებას მოითხოვს, რელევანტური მოლოდინების შესაქმნელად.

რუსეთის ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიაში, აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონთან თანამშრომლობის განვითარებაზე აქცენტირება ცალსახად მიუთითებს, რომ მოსკოვი არ გეგმავს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების მიმართ საკუთარი მიდგომების გადახედვას. პირიქით, კრემლის გეგმები აფხაზეთთან „თავდაცვისა და უსაფრთხოების ერთიანი ტერიტორიის“ შექმნისა და „ერთიანი სოციალურ-ეკონომიკური სივრცის ფორმირების“ თაობაზე, სხვა ინტეგრაციულ პროექტებთან ერთად, ეტაპობრივად რეალიზდება.

ზოგადად, მოცემული სტრატეგიის დოკუმენტი დასავლეთთან კონფრონტაციული რიტორიკის გაგრძელებაა და შესაბამისად, მოსალოდნელია, რომ კრემლის პოლიტიკა საქართველოს პროდასავლური კურსის შესაცვლელად კიდევ უფრო გაძლიერდება, რამდენადაც მოსკოვი პოსტ-საბჭოთა სივრცეს საკუთარი გავლენის უპირობო სფეროდ მიიჩნევს.

ის ფაქტი, რომ დოკუმენტში ტრადიციებზე, რელიგიურ ღირებულებებსა და ისტორიულ წარსულზე დიდი აქცენტი კეთდება, უკვე მიუთითებს, რომ სწორედ ეს იქნება ის ძირითადი ინსტრუმენტი, რომლის დახმარებითაც კრემლი შორს მიმავალი მიზნების რეალიზებას შეეცდება. ეს ეხება არა მხოლოდ ქვეყნის შიგნით, არამედ მის საზღვრებს გარეთაც, ჰიბრიდული ოპერაციებისთვის აუცილებელი ნარატივის კონტექსტში. ალბათ ლოგიკური იქნება, თუ საქართველოში ტრადიციების, ოჯახის სიწმინდის დაცვისა და რელიგიური მოწოდებებით მომრავლებულ პრო-რუსულ ძალებს გადავავლებთ თვალს და იმ მესიჯ-ბოქსს შევადარებთ, რასაც „ერთმორწმუნე ძმები“ იყენებენ.

აქვე აღვნიშნოთ ის გამოწვევები, რაც კიბერსივრცეში რუსეთის დომინირების ამბიციებიდან გამომდინარეობს. საქართველოს საინფორმაციო სივრცე რუსეთის კიბერშეტევის მსხვერპლი არც თუ იშვიათად გამხდარა და მომავალშიც, სავარაუდოდ, რუსული „ტროლების ქარხნის“ მიზანში იგი არაერთხელ აღმოჩნდება. სამწუხაროდ, საინფორმაციო სივრცეში მანევრირების ანონიმური ხასიათი, კრემლს აძლევს იმის საშუალებას, რომ „უჩინარი ხელის“ საშუალებით, სასურველი მიზნები და ამოცანები განახორციელოს. შესაბამისად, სასურველია, თუ კიბერგამოწვევებზე სათანადო რეაგირების საკითხი საქართველოს პოლიტიკურ დღის წესრიგში მუდმივად პრიორიტეტულად იდგება.

ეკა ჯავახიშვილი

18.07.2021
ნახვა 728

კომენტარები