მთავარი საგარეო პოლიტიკა აღმოსავლეთ პარტნიორობა ბელორუსის გარეშე

აღმოსავლეთ პარტნიორობა ბელორუსის გარეშე

16.07.2021
ნახვა 334

ევროპის ბოლო დიქტატორ“

ევროპის ბოლო დიქტატორ“ ალექსანდრე ლუკაშენკოსთვის ბოლო წელი სერიოზული გამოცდა აღმოჩნდა. საპროტესტო ტალღა, რომელიც გასული წლის ზაფხულში ჩატარებულ საპრეზიდენტო არჩევნებს მოჰყვა, ჯერაც არ ცხრება, თუმცა, აშკარაა, რომ მუხტმა ქუჩებიდან უფრო მეტად საერთაშორისო პოლიტიკურ და მედია სივრცეში გადაინაცვლა. ამ დროს, მთავრობის მიერ განხორციელებული რეპრესიების და დაკავებების მასშტაბი იზრდება, რაც განსაკუთრებით საგანგაშოა იმ ფონზე, როდესაც ვრცელდება ცნობები დაკავების იზოლატორებში წამების და არაადამიანური მოპყრობის ფაქტებზე.

ევროკავშირმა ოპოზიციური საკოორდინაციო საბჭო ბელორუსი ხალხის დროებით წარმომადგენლად აღიარა, ხოლო არსებული რეჟიმის მიმართ სანქციების ფართო პაკეტი დააწესა. აღსანიშნავია, რომ დაწესებული სანქციები მკაფიოდ მიჯნავდა ბელორუსის ხელისუფლებას და ბელორუსის მოსახლეობას და სამოქალაქო საზოგადოებას. მაგალითად, ევროკომისიის გადაწყვეტილებით, 54 მლნ ევრო რომელიც ბელორუსისთვის იყო გათვალისწინებული, მთავრობის ნაცვლად სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენელ ორგანიზაციებისკენ, პროტესტის შედეგად დაზარალებულ პირების დახმარებისთვის და კოვიდ-19 პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლისკენ მიიმართა.

ლუკაშენკოს საერთაშორისო იზოლაცია განსაკუთრებით მას შემდეგ გამძაფრდა, როდესაც ირლანდიური კომპანია Ryanair-ის თვითმფრინავი, რომელიც ათენი-ვილნიუსის რეისს ასრულებდა, იძულებით დასვა მინსკში, რათა ოპოზიციონერი ბლოგერი რომან პროტასევიჩი დაეკავებინა. ამას მყისიერი რეაქცია მოჰყვა ევროპის ქვეყნების უმრავლესობისგან, რამაც სანქციების პაკეტი კიდევ უფრო გააფართოვა, მათ შორის შეწყდა ფრენები ბელორუსის მიმართულებით.

ლუკაშენკოს დამგმობი განცხადებების და სანქციების ფონზე, 28 ივნისს ბელორუსის საგარეო უწყებამ ევროკავშირის ელჩი დირკ შუბელი დაიბარა და განუცხადა, რომ ბელორუსი ცალმხრივად გამოდის ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამიდან. ამის მიზეზად ევროკავშირის ქმედებები დასახელდა, რომელიც უწყების აზრით საფრთხეს უქმნის ბელარუსის ეროვნულ უსაფრთხოებას და ზიანს აყენებს მის ეკონომიკას და მოქალაქეებს.

განზრახვა თუ ბლეფი?

არ უნდა ვიჩქაროთ იმის დაბეჯითებით მტკიცება, რომ ბელორუსი ამ ნაბიჯს ბოლომდე მიიყვანს. ვერ გამოვრიცხავთ იმ შესაძლებლობასაც, რომ აღნიშნული ლუკაშენკოს ვაჭრობისთვის სჭირდებოდეს. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ამ მხრივ მას თითქმის 30 წლიანი გამოცდილება აქვს და სწორედ ვაჭრობის უნარის წყალობით ახერხებდა ერთდროულად ესარგებლა პარტნიორული ურთიერთობებით, როგორც რუსეთთან, ისე ევროპასთან.

ამასთან, 2018 წელს იყო შემთხვევა, როდესაც ბელორუსის წარმომადგენლების აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტს არ დაესწრნენ, რადგან ლუკაშენკოს ნაცვლად იქ საგარეო საქმეთა მინისტრი მიიწვიეს. მაშინაც თანამშრომლობის აღნიშნული ფორმატი იქცა პოზიციური კონფლიქტის ეპიცენტრში, თუმცა კრიზისის გადალახვა მაინც მოხერხდა.

ისევე როგორც ცივი ომის პერიოდში, ბლოკური დაპირისპირების დროს ყველასთვის გასაგებია, რომ ვერ იარსებებს ოქრსიმორონული ნაცრისფერი ზონა, რომელიც იქნება ერთდროულად ავტორიტარულიც და დემოკრატიულიც. შესაძლოა, სტაბილურობის ან სხვა კრიტიკული მიზეზით თუ უალტერნატივობით, დასავლეთმა ავტორიტარულ ტენდენციებზე თვალი დახუჭოს, თუმცა ნაკლებად სავარაუდოა, რომ ეს დიდხანს გაგრძელდეს, განსაკუთრებით იმ პირობებში, როდესაც ადამიანის უფლებების და ძირითადი თავისუფლებების დარღვევის ფაქტები ამდენად აშკარა, მასშტაბური და თანაც სისტემურია.

პროტასევიჩის დაკავებასთან დაკავშირებით ბევრისთვის გაუგებარია, რა მოლოდინები ჰქონდა ლუკაშენკოს. შესაძლოა, მან ჩათვალა, რომ დასაკარგი აღარაფერი აქვს და დასავლეთის თვალში მისი ფიგურა ამჟამინდელ ნიშნულზე დაბლა ვეღარ დაეცემოდა. ამ ნაბიჯით კი, ალბათ, სურდა იმის დემონსტრირება, თუ რამდენად შორსაა წამსვლელი, რომ თავისი პრინციპები დაიცვას. ეს, შესაძლოა, დავინახოთ როგორც მესიჯი ოპოზიციის სხვა წარმომადგენლებისთვის - თქვენც იგივე ბედი გელით და ვერ იქნებით დაცულები რეჟიმისგან. ეს არის მესიჯი დასავლეთისთვისაც, რომ შეეგუონ იმას, რასაც თითქმის 30 წელი ეგუებოდნენ, სხვა შემთხვევაში ბელორუსთან კონტაქტს სრულად დაკარგავენ. ის თუ რამდენად მარტივად დათმო აღმოსავლეთ პარტნიორობის ფორმატი, ასევე, შეიძლება დავინახოთ მცდელობად, რომ წარმოჩინდეს, თითქოს ევროპას ბელორუსი უფრო მეტად სჭირდება, ვიდრე ბელორუსს ევროპა. ბელორუსის საგარეო უწყების ვებ-გვერდზე, ამ დინამიკის ფონზე, აქტიურად ხდება ალტერნატიული კონტაქტების აფიშირება, რომელიც ძირითადად ცენტრალური აზიის და სამხრეთ ამერიკის ქვეყნებს მოიცავს. ეს ის ქვეყნები არიან, ვისაც პოზიცია ღიად არ დაუფიქსირებიათ და ლუკაშენკოს ლეგიტიმურობასაც, ჯერჯერობით, კითხვის ნიშნის ქვეშ არ აყენებენ.

ამის პარალელურად, აქტუალური ხდება სასაზღვრო კონტროლის საკითხი ევროკავშირი-ბელორუსის საზღვარზე. ლუკაშენკომ 26 მაისს განაცხადა, რომ აღარ შეაჩერებდა მიგრანტების გადასვლას ევროკავშირის ტერიტორიაზე. აღნიშნული ნამდვილად არ აღმოჩნდა ბლეფი და სერიოზული საფრთხე შეუქმნა ლიტვას, სადაც ერაყელი მიგრანტები დააკავეს, რომლებიც ბელორუსმა მესაზღვრეებმა უკონტროლოდ გაატარეს. ამან ლიტვას საზღვარზე ფიზიკური ბარიერის აღმართვისკენ უბიძგა და ამ მიმართულებით მუშაობა უკვე დაიწყო, რათა აღკვეთოს არალეგალური მიგრანტებისგან გამოწვეული უსაფრთხოების რისკი. ესეც აჩვენებს, რომ მიყენებული ზიანი მხოლოდ დროებითი შეიძლება იყოს და ლუკაშენკოს ასეთი რეაქცია, მალევე ამოწურავს საკუთარ თავს.

მიუხედავად იმისა, რომ ამ ნაბიჯების მიღმა ლუკაშენკოს გათვლა სიძლიერის, თვითკმარობის, თუ კიდევ რაიმე, სხვა პოზიტიური მახასიათებლის დემონსტრირებაზე იყო, საერთაშორისო საზოგადოების უმრავლესობის თვალში ეს სასოწარკვეთილ ნაბიჯს უფრო ჰგავს.

რა ემუქრება აღმოსავლეთ პარტნიორობას?

ნაკლებად სავარაუდოა, რომ ფორმატზე ამან დიდი გავლენა იქონიოს, განსაკუთრებით, იმ ფონზე, რომ ლუკაშენკოს მიერ ამ ნაბიჯის იმპლემენტაციის შემთხვევაში, ევროკავშირი ამ ინსტრუმენტს გახსნილს დატოვებს ბელოსუსის ჩრდილოვანი მთავრობის მონაწილეობისთვის. ამ შემთხვევაში, უკვე ფორმატის დანარჩენი მონაწილეებისთვის რთულდება საკითხი. მათ ღიად მოუწევთ საკუთარი პოზიციის დაფიქსირება და ორიდან ერთი მთავრობის ლეგიტიმურობის აღიარება. ამ მხრივ, აშკარა ამბივალენტურობა შეინიშნება, მათ შორის, საქართველოს მხრიდანაც. აქ ამბივალენტურობა შესაძლოა კონტრპროდუქტიული აღმოჩნდეს, იმ სცენარის შემთხვევაში, თუ ლუკაშენკოს ხელისუფლება ჩამოიშლება და მას ოპოზიცია ჩაანაცვლებს. აქ ფორმატის ყველა წარმომადგენლისთვის უმჯობესია მალევე გამოუცხადოს ოპოზიციას მხარდაჭერა და მომავალი ურთიერთობების განმტკიცებაში მოახდინოს ინვესტირება. სხვა შემთხვევაში, ეს აღიქმება სიმტკიცის ნაკლებობად, რომ ღიად დაიცვა იმ პრინციპების უნივერსალურობა, რაზეც ცივილიზებული მსოფლიო თანხმდება.

ნებისმიერ შემთხვევაში, ფორმატის საერთო პაკეტზე ეს სერიოზულ გავლენას ვერ მოახდენს. ეს თვითონ ფორმატის სტრუქტურითაცაა განსაზღვრული და ზოგადი საერთო ქოლგის მიღმა, ევროკავშირთან აღმოსავლეთის პარტნიორობის ქვეყნებს საკუთარი ინდივიდუალური პაკეტები და დღის წესრიგი გააჩნიათ. პოლიტიკური კონუქტურების გათვალისწინებით, წევრების ნახევარი ევროკავშირთან მხოლოდ შეზღუდულ თანამშრომლობაზეა მზად, რათა ზედმეტად აქტიურმა ჩართულობამ ჩრდილი არ მიაყენოს მათ ურთიერთობას რუსეთის ფედერაციასთან. რაც შეეხება ასოცირებულ სამეულს, მათ შორის საქართველოს, აქ უფრო ღიად ხდება ევროკავშირთან აფილირების ნება და დაახლოების ტენდენცია გაცილებით უფრო თვალშისაცემია. სწორედ ამიტომ, მოსალოდნელია, რომ ლუკაშენკოს ხელისუფლების სპეკულაციური ქმედებები, მხოლოდ ასეთად დარჩება, ფართო რეგიონული იმპლიკაციების გარეშე.

ქშიშტოფ ლუკიანოვიჩი

16.07.2021
ნახვა 334

კომენტარები

ასევე წაიკითხეთ

ბელარუსის ჰიბრიდული აგრესია ევროკავშირის წინააღმდეგ

რა მოსალოდნელი შედეგები შეიძლება ჰქონდეს მას საქართველოსთვის?
2 თვე

ბელარუსი ეკონომიკური სანქციების მოლოდინში

არის თუ არა ეფექტური დასავლეთის სანქციები ავტორიტარული...
3 თვე