მთავარი პოლიტიკა ქუჩა, ავანტიურა და ქაოსი ანუ ქართული პოლიტიკური კულტურა

ქუჩა, ავანტიურა და ქაოსი ანუ ქართული პოლიტიკური კულტურა

14.07.2021
ნახვა 361

კრიზისიდან კრიზისამდე

საქართველო მორიგჯერ აღმოჩნდა პოლიტიკური ქაოსის ზღვარზე. შედარებითმა სიმშვიდემ ქვეყანაში მხოლოდ ორ თვეს გასტანა. არსებობს რეალური რისკი რომ პოლიტიკური კომპრომისის მოძებნასთან დაკავშირებული დასავლეთის მცდელობა წარუმატებლად დასრულდება. შარლ მიშელის შეთანხმების პირობების შესრულება დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ დგას. საქართველოს პოლიტიკური კულტურა თითქმის არაფრით განსხვავდება გასული საუკუნის 90-იანი წლების პოლიტიკური კულტურისაგან. ქვეყანა ერთის მხრივ ილტვის დასავლეთევროპული ქვეყნების ოჯახისაკენ და თითქმის უახლოვდება კიდეც მას მაგრამ მენტალურად ჯერ კიდევ ღრმა წარსულშია დარჩენილი. პოლიტიკური ელიტა ისევ იმპულსურობით, ავანტიურიზმითა და პირდაპირ რომ ვთქვათ აგრესიითაა სავსე რაც ქვეყანას კარგს არაფერს უქადის ამჟამინდელი კრიზისის ჩაწყნარების შემდეგაც კი. შეიძლება ითქვას რომ ქვეყანა ისევ კრიზისიდან კრიზისამდე იცხოვრებს იმის ნაცვლად რომ დემოკრატიზაციისაკენ მიმავალ გზაზე მორიგ წარმატებებს მიაღწიოს.

ვანდალიზმი და ინტრიგა ანუ ოპოზიციის სტრატეგია

„თბილისი პრაიდთან“ დაკავშირებული მოვლენების ექო დღემდე არ წყდება. უბედურების საწყაო „ტვ პირველის“ ოპერატორის - ლექსო ლაშქარავას სიკვდილმა გადაავსო. შედეგად თბილისის ცენტრი მორიგჯერ იქცა პარტიული, იდეოლოგიური და ფსიქოლოგიური ბრძოლის ნამდვილ ფრონტად. იმ ბრძოლათა შესახებ რომლებსაც მხოლოდ XXI საუკუნეში ჰქონდა ადგილი რუსთაველის გამზირზე მდებარე პარლამენტის შენობის წინ - ვრცელი სადოქტორო დისერტაციის დაწერა შეიძლება. ფაქტობრივად პოლიტიკური დისკურსის მთავარ ფორუმად ისევ არა პარლამენტი არამედ მის წინ მდებარე გამზირი რჩება. დიდი პოეტი შოთა რუსთაველი რომლის სახელსაც ეს გამზირი ატარებს ალბათ ახლა საფლავში ტრიალებს.

ინფორმაცია ლაშქარავას სიკვდილის შესახებ მეხის გავარდნას ჰგავდა. ერთი შეხედვით ისე ჩანდა რომ „თბილისი პრაიდთან“ დაკავშირებული მოვლენების შემდგომ სიტუაცია დასტაბილურდა თუმცა აღმოჩნდა რომ ეს ქარიშხლის წინ ცოტა ხნით ჩამომდგარი სიჩუმე იყო. რეალურად ჯერჯერობით ზუსტად ისევ არავინ იცის თუ რა გახდა ტელეოპერატორის სიკვდილის უშუალო მიზეზი. თუმცაღა ამან ხელი ვერ შეუშალა ბრბოს რომელიც ეგრეთ წოდებული პროდასავლური ოპოზიციის (რომელსაც სათავეში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ უდგას) პოლიტიკოსების მიერ იქნა ინსპირირებული რომ ყველაზე მსხვილკალიბრიანი იარაღი ეშიშვლათ - ანუ მთავრობისა და პრემიერ-მინისტრისათვის მკვლელები ეწოდებინათ. ოპოზიციურმა პოლიტიკოსებმა შეტევა დაიწყეს. პირველ რიგში მათ წითელი საღებავით შეღებეს პრემიერის კანცელარიის შენობა. არის კი ეს იმ ადამიანისთვის შესაფერისი საქციელი რომელიც ქვეყანაში ხელისუფლების მოპოვებას ესწრაფვის? საეჭვოა. შემდეგ იყო შტურმი „ქართული ოცნების“ შტაბსა და საქართველოს პარლამენტზე. ნიკა მელიამ - ლიდერმა რომელსაც სურს მართოს თბილისი და შესაძლოა მთელი ქვეყანაც კი - კიდევ ერთხელ აჩვენა თავისი ნამდვილი სახე. ეს რევოლუციონერისა და რადიკალის სახეა და რეალურად რომ ვთქვათ ქუჩური შეტაკებები ჯერჯერობით მის ერთადერთ „პოლიტიკურ მიღწევას“ წარმოადგენს. მისი რიტორიკა უფრო მეტად სტადიონის ხულიგნების წინამძღოლის ტონს მოგვაგონებს ვიდრე პოლიტიკური პარტიის თავმჯდომარისას და პოტენციური მერისას ან თუნდაც პრემიერ-მინისტრისას. როგორ შეიძლება განიცადოს ევოლუცია ქართულმა პოლიტიკურმა კულტურამ თუკი თვით პოლიტიკური ლიდერებიც კი სამართლიანობას ქუჩებში ეძებენ, ვანდალიზმისა და აგრესიის უშუალო აქტებში? ეს არ არის დემოკრატიზაციისაკენ მიმავალი გზა.

მორიგი ბოიკოტი და უგულვებელყოფა

ოპოზიცია ისევ პარლამენტის ბოიკოტირებას აპირებს. ეს პრაქტიკულად მორიგი უკან გადადგმული ნაბიჯი იქნება და ქვეყანა ნახევარი წლის წინანდელ მდგომარეობას დაუბრუნდება. ოპოზიციური პოლიტიკოსები ულტიმატუმს წამოაყენებენ, მთავრობა სააკაშვილით შეშინებას გააგრძელებს ხოლო ოპოზიცია - ივანიშვილით. ეს არის უცვლელი სცენარი რომელიც წლების განმავლობაში მეორდება. დიალოგი რომელიც ამ ყველაფრის მიზეზის აღმოფხვრის მიზნით გაიმართებოდა და არა არსებული კრიზისის შედეგების განხილვის მიზნით - შეგვიძლია დავივიწყოთ. რეალურად, არცერთ პოლიტიკურ ჯგუფს არ აქვს იდეა ფუნდამენტური ცვლილებების შესახებ, მათი მიზანი უბრალოდ ძალაუფლების მოპოვება და წინამორბედების დასჯაა. ოპოზიციის საქციელი პარლამენტის ბოიკოტის გამეორებასთან დაკავშირებით არა მხოლოდ უმწიფარი გადაწყვეტილებაა არამედ ხელახლა უგულვებელჰყოფს ამომრჩევლების ნებას, ქვეყნის მოქალაქეებს და თვით დასავლეთის ძალისხმევასაც კი. ბრიუსელი და ვაშინგტონი არასოდეს მოიწონებენ დიალოგის წარმოებას ქუჩის პერსპექტივიდან. მიშელის შეთანხმების მიზანი ზუსტად ის იყო რომ პოლიტიკური დიალოგი ქუჩიდან პარლამენტის ტრიბუნაზე გადატანილიყო. უფრო მეტიც, დადგენილ იქნა პირობები რომლებზე დაყრდნობითაც უნდა მომხდარიყო შესაძლო ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებამდე მისვლა. ოპოზიციის ამჟამინდელი მოთხოვნები მიშელის შეთანხმების ღალატს წარმოადგენენ.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ 9 წელი VS ქართული ოცნების“ 9 წელი 

ის რომ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება - თითქმის ეჭვს არ იწვევს. ამჟამინდელ პირობებში მომავალი ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში „ქართული ოცნების“ მიერ ხმების 43%-ს მოპოვება არარეალურია. ოპოზიციამ ამას უდავოდ გრძნობს და ამიტომაც ახლა ბოლომდე „მიწოლას“ აპირებს. იგი ჟურნალისტის სიკვდილს საკუთარი კერძო მიზნებისათვის იყენებს რადგანაც ფაქტობრივად დასაკარგი არაფერი აქვს. მას შემდეგ რაც ბოლო თვეებში სრულიად უსაფუძვლო ავანტიურა განახორციელა, შემდეგ კი პარლამენტში სამარცხვინოდ დაბრუნებამ მოუწია - ოპოზიცია ან ოდნავ მაღლა ასწევს თავის რეპუტაციას ან უბრალოდ იმ ადგილას დარჩება სადაც არის. კითხვა იმაში მდგომარეობს - სჭირდება თუ არა საქართველოს ახალი მთავრობა რომელიც „ენმ“-ს ავანტიურისტებით იქნება დაკომპლექტებული. ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში პირველი წლები მხოლოდ წინამორბედებზე პოლიტიკურ შურისძიებას დაეთმობა. „ენმ“-ს ცხრაწლიანი მმართველობის განმავლობაში „ქართული ოცნება“ ქუჩის აქციებით მის მიერ ძალაუფლების ბოროტად გამოყენებას აპროტესტებდა. ახლა დეჟავიუ გვაქვს. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ „ქართული ოცნების“ ცხრაწლიანი მმართველობის შემდეგ მას ძალაუფლების ბოროტად გამოყენებაში და თვით მკვლელობებშიც ადანაშაულებს. ამიტომაც ერთი რამის თქმა შეიძლება - პოლიტიკური კულტურის თვალსაზრისით არანაირი პროგრესი არ მიღწეულა. ახლა საქართველოს სტაბილიზაცია, სიმშვიდე დიალოგი და პრობლემების რეალურად გადაწყვეტის გეგმა სჭირდება. ცოტაოდენი ოპტიმიზმი რომ შემოვიტანოთ უნდა ვთქვათ რომ პოლიტიკურ სცენაზე ჩანან ძალები რომლებსაც ამის უნარი გააჩნიათ. საკითხავი ისაა შეძლებენ თუ არა ამომრჩევლები მათ შემჩნევას. მეჩვენება რომ თუკი ელექტორატი ბოლოს და ბოლოს ხმის მიცემას „ვინმესთვის“ დაიწყებს და რა „ვინმეს წინააღმდეგ“ - მაშინ ამ ჩიხიდან თავის დაღწევის შანსი დიდი იქნება. რეალურად ყველაფერი საქართველოს მოქალაქეების ხელშია.

დასავლეთის გეგმები და მოვლენათა შემდგომი განვითარება

დიდი ალბათობით დასავლეთი მიშელის შეთანხმების დასაცავად ძალებს არ დაიშურებს და შეეცდება რომ საქართველოს ოქტომბრის არჩევნებამდე როგორმე მშვიდად „მიაღწევინოს“. არსებულ პირობებში ეს ერთადერთი გონივრული გადაწყვეტილებაა რადგანაც ამომრჩეველმა და არა ქუჩაში მორბენალმა პოლიტიკოსებმა უნდა გადაწყვიტონ თუ ვინ მართავს საქართველოს უახლოესი წლების განმავლობაში. რა თქმა უნდა აუცილებელია საერთაშორისო დამკვირვებლების დიდი აქტიურობა არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებული ყოველგვარი ეჭვების გასაფანტად.

რა თქმა უნდა არის კიდევ ერთი გამოსავალი: „ქართული ოცნება“ ისეთი საზოგადოებრივი წნეხის ქვეშ აღმოჩნდება რომ მიიღებს გადაწყვეტილებას ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებთან ერთად ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარების შესახებ. თუმცაღა ამ შემთხვევაში თვითონ მთავრობა უღალატებს შარლ მიშელის შეთანხმების პირობებს... ამრიგად, როგორც ერთ ისევე მეორე მხარეს ძალზე კერკეტი კაკალი აქვთ გასაკვნეტი. სავარაუდოდ უახლოეს დღეებში „თბილისი პრაიდთან“ დაკავშირებული ემოციები რამდენადმე ჩაცხრება. საზოგადოება აღმოაჩენს რომ რეალურად იგი თავისუფლებას და თანასწორობას კი აღარ უჭერს მხარს არამედ ერთი პოლიტიკური პარტიის კერძო ინტერესებს. სამწუხარო ისაა რომ დასავლეთს დიდი ალბათობით ისევ მოუწევს მიმდინარე პროცესებში მედიაციის ფორმით ჩარევა და საპარლამენტო წესრიგის აღდგენა. ეს კი პოლიტიკური კულტურის თვალსაზრისით საქართველოს დამარცხებაა რადგანაც ჩანს რომ ქვეყანას ძალა არ შესწევს საკუთარი პრობლემების თავად გადასაწყვეტად. დასკვნის სახით შეიძლება ითქვას რომ მიმდინარე არეულობა და მორიგი სოციალურ-პოლიტიკური კრიზისი არ წარმოადგენს არც მთავრობის და არ ოპოზიციის მარცხს - ეს მთელი ქვეყნის და მისი პოლიტიკური კულტურის მარცხია.

ქშიშტოფ ლუკიანოვიჩი 

14.07.2021
ნახვა 361

კომენტარები