მთავარი საგარეო პოლიტიკა ბელარუსის ჰიბრიდული აგრესია ევროკავშირის წინააღმდეგ

ბელარუსის ჰიბრიდული აგრესია ევროკავშირის წინააღმდეგ

რა მოსალოდნელი შედეგები შეიძლება ჰქონდეს მას საქართველოსთვის?
10.07.2021
ნახვა 398

არალეგალური მიგრანტების ნიაღვარი ლიეტუვას უტევს

წელს ბელარუსიდან ლიეტუვაში არალეგალურად გადასვლა უკვე 1 500 -ზე მეტმა ადამიანმა სცადა. ეს რიცხვი თითქმის 20-ჯერ მეტია ვიდრე მთელი 2020 წლის განმავლობაში იყო. გასულ წელს მხოლოდ და მხოლოდ 81 არალეგალური მიგრანტი იქნა დაკავებული. დაკავებულთა შორის ძირითადად აფრიკის და ახლო აღმოსავლეთის ქვეყნების (უმეტესად ერაყის) მოქალაქეები არიან. პრობლემა უმთავრესად ბოლო თვეების განმავლობაში გაღრმავდა. ლიეტუვის ხელისუფლებამ არაერთხელ გამოთქვა აზრი რომ ეს ორგანიზებული „ბიზნესია“ რომელშიც ბელარუსის ოფიციალური პირები და ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლები არიან გარეულნი. ვილნიუსი აგრეთვე სწორად აღნიშნავს რომ რეალურად საქმე გვაქვს ორგანიზებულ ჰიბრიდულ აგრესიასთან რომელიც არა მხოლოდ ლიეტუვის არამედ მთელი ევროკავშირის წინააღმდეგ ხორციელდება. ეჭვგარეშეა რომ მიგრანტების მზარდ ტალღას მინსკი სრულად აკონტროლებს. ეს პასუხია დასავლეთის პრინციპულ პოზიციაზე რომელიც მან ბელარუსის შარშანდელი გაყალბებული საპრეზიდენტო არჩევნების მიმართ რომლებმაც ქვეყანაში უზარმაზარი საპროტესტო ტალღა გამოიწვია. ამავდროულად, მინსკი ცდილობს ამ გზით უპასუხოს სანქციებს რომლებიც მას შემდეგ დაეკისრა რაც ათენიდან ვილნიუსისაკენ მიმავალი კომპანია „რაიანეირის“ თვითმფრინავი უკანონოდ აიძულა დამჯდარიყო რათა ოპოზიციონერი რომან პროტასევიჩი დაეპატიმრებინათ.

ვილნიუსის პასუხი

არალეგალური მიგრაციის ტალღის შესაჩერებლად ლიეტუვამ ბელარუსის საზღვარზე ჯარის გაგზავნის გადაწყვეტილება მიიღო. მან აგრეთვე საგანგებო მდგომარეობაც შემოიღო. უახლოეს დღეებში საზღვარზე სამხედრო ბარიერი შეიქმნება. გარდა ამისა, ვილნიუსის დასახმარებლად ბელარუსის საზღვარზე ევროკავშირის სხვა სახელმწიფოებიდანაც გაიგზავნებიან მესაზღვრეები - მათ შორის პოლონეთიდანაც. ლიეტუვის პრემიერ-მინისტრმა ინგრიდე შიმონიტემ განაცხადა რომ უახლოეს ხანებში საკონსულტაციოდ საბერძნეთში გაემგზავრება რადგანაც ეს ქვეყანა ერთ-ერთი ყველაზე უფრო გამოცდილია არალეგალურ მიგრაციასთან ბრძოლის საქმეში. ლიეტუვის ხელისუფლება აცხადებს რომ აუცილებელია სწრაფი მოქმედებები, მით უმეტეს რომ ახლოვდება რუსული სამხედრო წვრთნები „ზაპად-2021“ რომელთა დროსაც პროვოკაციებისა და შემდგომი ჰიბრიდული მოქმედებების რისკი საზღვარზე კიდევ უფრო გაიზრდება.

მოვლენათა შემდგომი განვითარება და საქართველოს საკითხი

ლიეტუვის პრობლემა მთელი ევროკავშირის პრობლემაა. ბელარუსის დარტყმის შემდეგი სამიზნე ქვეყანა პოლონეთი შეიძლება იყოს. უკვე დღეს აღინიშნება პოლონეთ-ბელარუსის საზღვრის არალეგალური გადაკვეთის მცდელობების გაზრდილი რაოდენობა რომლებშიც ძირითადად ახლო აღმოსავლეთის ქვეყნების წარმომადგენელი მიგრანტები ფიგურირებენ. თუმცა უნდა ითქვას რომ რუსეთის მიერ მხარდაჭერილი ბელარუსი მხოლოდ საზღვარზე განვითარებულ მოქმედებებზე არ გაჩერდება.

მინსკმა გადაწყვიტა შეაჩეროს თავისი მონაწილეობა „აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამაში“ და ევროკავშირთან დადებულ რეადმისიის ხელშეკრულებაში. დიდი ალბათობით მინსკის დიპლომატიური შეტევის მიზანი იქნება ზოგადად „აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამა“, მისი დისკრედიტაცია და სხვადასხვა ინიციატივების განხორციელების პროცესის დესტაბილიზაცია. ბელარუსი და რუსეთი ჰიბრიდული მოქმედებებით ერთობლივად შეეცდებიან შეაჩერონ ნებისმიერი ნაბიჯები რომლებიც ბრიუსელის მიერ „აღმოსავლეთი პარტნიორობის პროგრამით“ მოცული დანარჩენი 5 ქვეყნის (საქართველო, უკრაინა, მოლდოვა, სომხეთი, აზერბაიჯანი) მხარდასაჭერად იქნება გადადგმული. ეს მით უფრო მოსალოდნელია რადგანაც მიმდინარე წლის 2 ივლისს ევროკომისიამ „აღმოსავლეთი პარტნიორობის პროგრამის“ ქვეყნებთან უახლოეს წლებში თანამშრომლობის განვითარების გეგმები წარმოადგინა. მეორე მხრივ, მიმდინარე წლის დეკემბერში „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ სამიტია დაგეგმილი. მინსკი და კრემლი სახსრებს არ დაზოგავენ რომ ამ დროისათვის საქართველო და სხვა ქვეყნები არასტაბილურებად და არადემოკრატიულებად წარმოაჩინონ, აჩვენონ რომ ეს ის ქვეყნებია სადაც არ იცავენ ადამიანის უფლებებს და სიტყვის თავისუფლებას ხოლო ყოველგვარი უმცირესობები დისკრიმინირებულები არიან.

აგრეთვე გააქტიურდება ანტიდასავლური პროპაგანდისტული და ჰიბრიდული მოქმედებები. საქართველოში არსებული პრორუსული წრეები კრემლის ფინანსური დახმარებით პროვოკაციების და საზოგადოებრივი დაძაბულობის ორგანიზებას შეეცდებიან, დაახლოებით იმის მსგავსად რაც ივლისის დასაწყისში „თბილისი პრაიდთან“ დაკავშირებით მოხდა. ყველაფერი ეს კი იმისათვის კეთდება რომ დასუსტდეს დასავლეთის კავშირები „აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებთან“ და შენელდეს ინტეგრაციის პროცესი. ამრიგად, ბელარუსულ-რუსული აგრესია არა მარტო ლიეტუვის ან ევროკავშირის პრობლემაა, ეს პრობლემა მალე „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ქვეყნებსაც შეიძლება შეეხოს, მათ შორის საქართველოსაც. შესაბამისად, დღეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ევროპული ერთიანობა, სოლიდარობა და ეფექტური ინტეგრაცია. ბრიუსელს სამხრეთ კავკასიის რეგიონში რაიმე სტრატეგიული დანაკარგის დაშვების უფლება არ აქვს, განსაკუთრებით მთიან ყარაბაღში ცოტა ხნის წინ მომხდარი ომის შემდეგ რომელმაც არსებული პოლიტიკური და დიპლომატიური სტატუს-კვოს საფუძვლიანი რღვევა განაპირობა.

ქშიშტოფ ლუკიანოვიჩი

10.07.2021
ნახვა 398

კომენტარები

ასევე წაიკითხეთ

ბელარუსი ეკონომიკური სანქციების მოლოდინში

არის თუ არა ეფექტური დასავლეთის სანქციები ავტორიტარული...
5 თვე