მთავარი საგარეო პოლიტიკა სამხრეთ კავკასიური თანამშრომლობის ახალი პლატფორმის კონტურები

სამხრეთ კავკასიური თანამშრომლობის ახალი პლატფორმის კონტურები

რას სთავაზობს საქართველო მეზობლებს?
06.07.2021
ნახვა 386

საქართველოს მედიაციით მიღწეული შედეგები

სამხრეთ კავკასიის რეგიონში მიმდინარე სამშვიდობო პროცესებში საქართველოს კონტრიბუცია, გასულ თვეში, საერთაშორისო საზოგადოების ყურადღების ცენტრში მოექცა. 12 ივნისს, აზერბაიჯანმა, მთიანი ყარაბაღის რეგიონში საომარი მოქმედებების დროს დაკავებული 15 სომეხი სამხედრო ტყვე, საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის შუამავლობითა და აშშ-სა და ევროკავშირის მხარდაჭერით, გაათავისუფლა. სანაცვლოდ, ერევანმა აზერბაიჯანულ მხარეს, აღდამის რაიონის დანაღმული ტერიტორიების რუკის გარკვეული ნაწილი (97 ათასი ქვეითსაწინააღმდეგო და ტანკსაწინააღმდეგო ნაღმის ადგილმდებარეობა) გადასცა. ბაქოსა და ერევანს შორის შეთანხმების პროცესში აქტიურად იყო ჩართული ევროპისა და ევრაზიის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელი, ფილიპ რიკერი, ასევე ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი და ეუთოში შვედეთის წარმომადგენლობა. საქართველოს მთავრობამ, აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის გაწეული მედიაციისთვის, მსოფლიო ლიდერებისგან ბევრი სამადლობელი სიტყვაც დაიმსახურა. აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა საქართველოს ხელისუფლების წვლილს „სასიცოცხლო ძალისხმევაც“ კი უწოდა. თუმცა, არანაკლებ ღირებულია ამ პროცესებში თავად ჩვენი ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორების მხარდაჭერა, რომ საქართველო უფრო „წონად“ მოთამაშედ იქცეს რეგიონული უსაფრთხოების უზრუნველყოფაში. მოსალოდნელია, რომ თბილისის ჩართულობა კრიზისის განმუხტვაში, დადებითად აისახება როგორც სომხეთსა და აზერბაიჯანთან დიპლომატიურ ურთიერთობებზე, ასევე ზოგადად, ქვეყნის საერთაშორისო იმიჯზე.

ურთიერთსასარგებლო გარიგება

სამხედრო ტყვეების დაბრუნების შესახებ წარმოებული აქტიური მოლაპარაკებებისა და ურთიერთდათმობის საფუძველზე მიღწეული გარიგების შედეგი სახეზეა. კონფლიქტის მხარეები, ისევე როგორც შუამავლები, მიღებული რეზულტატით კმაყოფილნი არიან, რადგან ეს უდაოდ არის რეგიონში უსაფრთხოების გარემოს გასაუმჯობესებლად წინ გადადგმული ნაბიჯი.

აზერბაიჯანულმა მხარემ პოლიტიკური „ვაჭრობისთვის“ კიდევ ბევრი სომეხი ტყვე დაიტოვა, მაგრამ სომხეთის მთავრობის ინფორმაციით, მათ ბაქოს დანაღმული ტერიტორიების რუკის მხოლოდ მცირე ნაწილი გადასცეს, რაც იმას ნიშნავს, რომ დანარჩენი სამხედრო ტყვეების გასათავისუფლებლად, ერევანს საჭირო რესურსი გადანახული აქვს.

ცნობისათვის, სომხეთის მონაცემებით, ყარაბაღის ომის შემდეგ, აზერბაიჯანული მხარის ტყვეობაში 200-მდე სომეხი მებრძოლი და მშვიდობიანი მოქალაქეა. მათი ნაწილის გათავისუფლებას ბაქო ჯერ-ჯერობით არ აპირებს, რადგან ისინი ტყვედ ჩავარდნენ საბრძოლო მოქმედებების დასრულების შემდეგ, ან დაკავებული არიან „დაქირავებული მებრძოლების“, „ტერორიზმის“ და „ომის დანაშაულების“ ბრალდებით.

სომეხი ტყვეების სამშობლოში დაბრუნებამ, სომხეთის 20 ივნისის ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების წინ, ცალსახად პოზიტიურად იმოქმედა ნიკოლ ფაშინიანის რეიტინგზე, რომელის პარტიამაც დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა ჩატარებულ არჩევნებში.

თავის მხრივ, მიღწეული შეთანხმებით, აზერბაიჯანიც კმაყოფილია, რადგან ნაღმების რუკის ფლობა ხელს შეუწყობს მოქალაქეების სიცოცხლისა და ჯანმრთელობის გადარჩენას, ასევე პრეზიდენტ ილჰამ ალიევის მიერ აღდამში ინიცირებული სარეკონსტრუქციო პროექტების რეალიზებას და ლტოლვილთა დაბრუნების დაჩქარებას. აღსანიშნავია, რომ მთიანი ყარაბაღის რეგიონი წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე ინტენსიურად დანაღმულ ტერიტორიას ყოფილ საბჭოთა კავშირში. ცეცხლის შეწყვეტის შემდეგ, მთიან ყარაბაღსა და მის შემოგარენში, ნაღმების აფეთქებისას 7 აზერბაიჯანელი მებრძოლი და 18 სამოქალაქო პირი ემსხვერპლა, 110 ადამიანი კი დაშავდა.

გარე აქტორების ჩართულობა

საინტერესოა, რომ აღნიშნულ გარიგებასთან დაკავშირებით, რუსეთმა თავშეკავებული პოზიცია შეინარჩუნა - ოფიციალურმა მოსკოვმა შეთახმებას უბრალოდ „შესანიშნავი სიახლე“ უწოდა. რუსეთის ხელისუფლება, რომელიც აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის კონფლიქტის გადაჭრის საკითხებში ყოველთვის დომინირებდა, ამჯერად, მედიატორთა შორის არ აღმოჩნდა. შეიძლება ვივარაუდოთ, რომ პროცესებში თბილისისა და დასავლეთის ჩართვით, თავად ბაქოს და ერევანს სურდათ, მეტ-ნაკლებად დაებალანსებინათ რუსეთის მომძლავრებული გავლენა პოსტ-კონფლიქტურ ვითარებაზე;

აშშ-მა და ევროპულმა სტრუქტურებმა ამ შეთანხმებაში ჩართულობით, რუსეთს მიუთითეს, რომ სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტის გადაჭრაში საკუთარ სიტყვას მომავალშიც იტყვიან. როგორც ჩანს, სამხრეთ კავკასიის რეგიონი დასავლეთის დღის წესრიგში კვლავ დაბრუნდა, რომელიც თითქოს დისტანცირდა მაშინ, როცა რუსეთმა საკუთარ თავზე აიღო მთიან ყარაბაღში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების გაფორმება. დაწყებული პროცესი ასევე ხელს შეუწყობს ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეების ეგიდით მოლაპარაკებების გააქტიურებას.

რაც შეეხება თურქეთს, ის გარკვეულწილად კულისებში აღმოჩნდა, თუმცა, სავარაუდოდ, ანკარას როლიც მნიშვნელოვანი იყო მიღწეულ შეთანხმებაში, რადგან გარიგებამდე ცოტა ხნით ადრე, საქართველოს პრემიერ-მინისტრი არამხოლოდ სომხეთსა და ერევანში, არამედ თურქეთშიც აწარმოებდა ინტენსიურ მოლაპარაკებებს.

კავკასიური თანამშრომლობის ახალი ფორმატის კონტურები

სამხრეთ კავკასიის ქვეყნებს შორის თანამშრომლობის ახალ პლატფორმებზე მსჯელობა, ბოლო 1 წლის განმავლობაში აქტიურად მიმდინარეობს და ამ პროცესში საქართველოს პოზიცია გადამწყვეტია, რუსეთთან ურთიერთობის გათვალისწინებით. ამ კონტექსტში, საინტერესოდ ჟღერს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, დავით ზალკალიანის განცხადება სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მიღწეულ შეთანხმებასთან დაკავშირებით. როგორც მან აღნიშნა, „ეს არის დასაწყისი სამხრეთ კავკასიის სამი ქვეყნის - სომხეთის, აზერბაიჯანის და საქართველოს ურთიერთობის ახალი ფორმატისა“, რომელიც სტრატეგიული პარტნიორების, განსაკუთრებით აშშ-ის, აქტიური მონაწილეობით წარიმართება. შეიძლება ითქვას, რომ საქართველომ დასავლეთთან ერთად, მოლაპარაკებების ახალი ფორმატი შესთავაზა მეზობლებს, რასაც პრაქტიკული რეალიზება უკვე მოჰყვა და ის საკმაოდ ნაყოფიერიც აღმოჩნდა. იქნებ ვივარაუდოთ, რომ დღევანდელი მოცემულობით, რუსეთის ნაკარნახევი „ექვსეულის“ თუ „3+3“ პლატფორმის ნაცვლად, „3+დასავლეთი“ ფორმატის კონტურები იკვეთება? ეს უაღრესად მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება რეგიონში ძალთა ბალანსის თვალსაზრისით, საქართველოს როლი კი, რეგიონული მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფაში, სტრატეგიული პარტნიორების მხარდაჭერით, ერთი ორად გაიზრდება.

ანა ჯაფარიძე

06.07.2021
ნახვა 386

კომენტარები