მთავარი ეკონომიკა ვაქცინა როგორც რუსული ჰიბრიდული ინსტრუმენტი

ვაქცინა როგორც რუსული ჰიბრიდული ინსტრუმენტი

01.07.2021
ნახვა 365

სლოვაკური კოვიდ-ტრაგედია

2021 წლის გაზაფხული სლოვაკეთის პოლიტიკური სისტემისთვის გამოცდა აღმოჩნდა. ქვეყანა პოლიტიკურ კრიზისში ჩაეფლო, რაც რუსული Sputnik V ვაქცინის 2 მილიონი დოზის შესყიდვის საიდუმლო შეთანხმებას უკავშირდებოდა. ამ ინფორმაციის გასაჯაროებამ მნიშვნელოვანი კრიტიკა გამოიწვია, როგორ ქვეყნის შიგნით, ისე მთლიანად ევროკავშირის მასშტაბით. მმართველ კოალიციაში შემავალი პარტიათავისუფლებისთვის და სოლიდარობისთვის“ და პარტიახალხისთვის“ აღნიშნულ ნაბიჯს ყველაზე მეტად ეწინააღმდეგებოდნენ, ვინაიდან მიაჩნდათ, რომ აღნიშნული ნაბიჯი სლოვაკეთში ზოგადად პრო-დასავლურ იდეოლოგიასაც კი კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებდა და სწორედ ამიტომ მთავრობის რეკონსტრუქციას მოითხოვდნენ. კრიზისის განეიტრალება ვერ მოხერხდა და საქმე იქამდე მივიდა, რომ ჯანდაცვის მინისტრს თანამდებობის დატოვება მოუწია, როდესაც ზემოხსენებულმა ორმა პარტიამ მისი გადადგომა კოალიციაში დარჩენის წინაპირობად დააყენა. განმუხტვა არც ამ ნაბიჯს მოჰყვა, რის შემდეგაც თანამდებობა დატოვეს შრომის, ეკონომიკის, იუსტიციის და საგარეო საქმეთა მინისტრებმაც.

სლოვაკეთის უკვე ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი ღიად აცხადებდა, რომ Sputnik V არა მხოლოდ ვაქცინას, არამედ ჰიბრიდულ ინსტრუმენტს წარმოადგენს, თუმცა პრემიერ-მინისტრ იგორ მატოვიჩის აზრით, Сovid-19-ისთვის გეოპოლიტიკა უცხო ცნებაა, ხოლო რუსული ვაქცინის შემოტანით ქვეყნის ვაქცინაციის პროცესი უფრო მეტად დაჩქარდებოდა. ამასთან, ამ უკანასკნელმა დიპლომატიურ სკანდალში გახვევაც მოახერხა, როდესაც დაკვეთილი 2 მილიონი დოზის ღირებულების თაობაზე დასმულ კითხვაზე ხუმრობით უპასუხა, რომ სანაცვლოდ რუსეთს უკრაინის იმიერკარპატების ოლქის გადაცემას დაპირდა. საბოლოოდ, თავად პრემიერ-მინისტრს იგორ მატოვიჩსაც გადადგომა მოუწია, თუმცა იგი ხელისუფლებაში დარჩა და ფინანსთა მინისტრის როლს დასჯერდა.

აღსანიშნავია, რომ სლოვაკეთმა, ევროკავშირის წევრებს შორის, Covid-19 პანდემიის შედეგად ერთ-ერთი ყველაზე დიდი ზარალი განიცადა. ინფიცირებულთა რიცხვმა 400 000- მიაღწია, ხოლო დაღუპულთა რაოდენობა უკვე 13 000 ადამიანს უახლოვდება. საგულისხმოა, რომ რუსული ვაქცინა ასევე მიიღო უნგრეთმა, ხოლო იტალია აღნიშნული ვაქცინის ადგილობრივად წარმოებას აპირებს.

ჰიბრიდული ნიღაბი?

რასთან გვაქვს საქმე? მიზანშეწონილია, თუ არა, რომ Sputnik V სხვა რუსულ ვაქცინებთან ერთად მართლაც ჰიბრიდული ომის კონტექსტში განვიხილოთ, თუ, ეს უკანასკნელი, დაუმსახურებლად, რუსეთის ნებისმიერი ნაბიჯის დახასიათებისთვის გამოიყენება?

სანამ ამ კითხვას ვუპასუხებდეთ, უნდა გავფანტოთ ჰიბრიდულ ომთან მიმართებაში არსებული გარკვეული ბუნდოვანება. იგი იმგვარ ტერმინად იქცა, რომელიც თითქოს ყველასთვის თავისთავად გასაგებია, თუმცა რეალური აპლიკაცია, როგორც წესი, ამგვარ მოლოდინებს აცდენილია. საბოლოო ჯამში, ხდება ისე, რომ ჰიბრიდული ომის განმარტება ანალიზის სუბიექტის ქმედებების მიხედვით ხდება და ინტერპრეტირებისთვის არაკომფორტულად დიდი სივრცე რჩება. ამ ტერმინის შედარებითი სიახლის და მისი თავისებურებების გამო, გაუმართლებელია მისი განზოგადება სუბიექტების ყველა იმ ქმედებებზე, რომელებსაც გარე პოლიტიკური მიმართულება გააჩნიათ.

თანამედროვე ინფორმაციული და ტექნოლოგიური განვითარებით ნასაზრდოებმა ჰიბრიდული ომის ინსტრუმენტებმა მოახერხეს, რომ შეეცვალათ ჩვენი შეხედულებები იმაზე, თუ რა არის ომი, მშვიდობა და ის ნაცრისფერი სივრცე ამ ორს შორის. ასევე მნიშვნელოვნად შეიცვლა ძალის გამოყენების კონცეფციაც, შესაბამისად ტრანსფორმირდა საკუთრივ ომიც, როგორც კლაუზევიცისეული „პოლიტიკა სხვა მეთოდებით“.

ჰიბრიდული ომის ერთ-ერთი გამოხატული თვისება მისი ბუნდოვანებაა. ეს გულისხმობს ქმედებათა მიზნების შენიღბვას, თითქოს ომსა და მშვიდობას შორის კონტურების მიზანმიმართულად გაფერმკრთალება ხდება. ქმედებების ჭეშმარიტი მიზნები კიდევ უფრო რთული გამოსაცნობია, რასაც საბოლოოდ, მხოლოდ იმით გავამარტივებთ, თუ განვსაზღვრავთ ვის შეიძლება აწყობდეს მოვლენათა ამგვარი განვითარება.

ამ ცალკეულ შემთხვევაში ყურადსაღებია, რომ ვაქცინის თაობაზე მსჯელობამ, რომელმაც მთელი ევროკავშირი მოიცვა, ზუსტად ის შედეგი გამოიღო, რაზეც რუსეთი უკვე წლებია სხვადასხვა მიმართულებებიდან მუშაობს. აქ იგულისხმება მიზანმიმართული მცდელობა, რომ მოშალოს ევროპის და ევროკავშირის, როგორც ორგანიზაციის ერთიანობა. პრაქტიკული დაყავი და იბატონე პრინციპი აქაც სრულფასოვნადაა წარმოდგენილი. როგორც ცალკეული სახელმწიფოების, მათ შორის, საქართველოს შემთხვევაშიც, აქაც, რუსეთი ცდილობს ევროკავშირის ქვეყნები დღის წესრიგის სხვადასხვა კრიტიკული და სენსიტიური მიმართულებების გარშემო დაყოს. ამის მაგალითი შეიძლება იყოს ჩრდილოეთის ნაკადი 2, რომელმაც პროექტში მონაწილე ქვეყნების დანარჩენი ევროპისგან დისტანცირება გამოიწვია. შედეგად, რუსეთი კავშირებს ამყარებს წევრ-ქვეყნებთან ცალ-ცალკე, ინდივიდუალურად, რითაც კიდევ უფრო მეტად არყევს ევროკავშირის როგორც მჭიდროდ ინტეგრირებული სახელმწიფოთა გაერთიანების საფუძველს. იგივეს აკეთებს ჩინეთი, როდესაც ევროკავშირის ერთიანი პოლიტიკის მიუხედავად ცალ-ცალკე ცდილობს მისი წევრი სახელმწიფოების ჩართვას ახალი აბრეშუმის გზის ინიციატივის პროექტში.

ამ კონტექსტში, ვაქცინა უდავოდ შეიძლება ჰიბრიდული ომის ფართო სტრატეგიის ნაწილად ჩაითვალოს. ბრექსითით, ფინანსური თუ ლტოლვილების კრიზისით ისედაც მორყეული ევროკავშირის იმიჯი პანდემიამ კიდევ უფრო დაბალ ნიშნულზე დაიყვანა. პანდემიასთან ბრძოლის ფინალურ ნაწილში კრემლს გაუჩნდა შესაძლებლობა, რომ კიდევ ერთი სასიკვდილო დარტყმა მიაყენოს ევროპის ერთიანობას. სრულად წარმოაჩინოს, რომ ერთიანობასა და საერთო პოზიციის თაობაზე რიტორიკის მიუხედავად, კრიზისის ჟამს თითოეული წევრი სახელმწიფო მხოლოდ საკუთარ ინტერესებზე ფიქრობს, მაშინაც კი, როდესაც ეს საერთო ინტერესებს აზარალებს. ამ დროს, რუსეთი, რომლის ბოლოდროინდელი ქმედებები მის მიმართ უნდობლობას კიდევ უფრო აძლიერებს, აღმოჩნდა პოზიციაში, როდესაც შეუძლია „დიდსულოვნად“ დახმარების ხელი გაუწოდოს „უმადურ“ ევროპელებს, რომლებიც მას ქედმაღლურად უყურებდნენ და ამით შესაძლოა მოახერხოს პოლიტიკური ელიტების თუ არა, მოსახლეობის ნაწილის გულის მოგება მაინც. ამ ტაქტიკით რუსეთი ერთ დღეში წმინდანად ბუნებრივია ვერ და არ ტრანსფორმირდება, თუმცა სიტუაციის გათვალისწინებით, თუ იგი ნაკლებ ბოროტებად გამოჩნდება, ეს კრემლისთვის უკვე პროგრესის ნიშანი იქნება.

აქვე უნდა ხაზი გავუსვათ, რომ ევროპის ქვეყნებისთვის ვაქცინის შეთავაზებას, როგორც პოლიტიკურ ნაბიჯს ზედმეტ მნიშვნელობას ვერ მივანიჭებთ გარდა ტაქტიკური ღირებულებისა, რადგან ზოგადი სტრატეგია, შეიძლება თავდაჯერებით ვთქვათ, რომ ბევრად უფრო დახვეწილია, როგორ ჰორიზონტალურ, ისე ვერტიკალურ კონტექსტში, ხოლო ვაქცინაციის საკითხი, მხოლოდ შეზღუდულ, ეტაპობრივ მიზანზეა გათვლილი.

ამის პარალელურად, არ უნდა დაგვავიწყდეს როგორც ვაქცინაციის, ისე ვაქცინის შექმნაში შეჯიბრებითობის ელემენტი, განსაკუთრებით დიდ სახელმწიფოებს შორის. ამით, ხომ სახელმწიფოს ან საკუთრივ მისი მთავრობის ეფექტურობის და ტექნოლოგიური განვითარების დონის ხაზგასმა ხდება, რაც ორმხრივ შეიძლება სასარგებლო იყო. ერთი მხრივ საგარეო ასპარეზზე სათანადო დიდი სახელმწიფოსთვის შესაფერისი იმიჯის ჩამოყალიბებაში, ხოლო მეორე მხრივ ქვეყნის შიგნით ელექტორატის მხარდაჭერის მობილიზებაში. სწორედ ამით უნდა იყოს ნაკარნახები თურქეთის ხელისუფლების განცხადება, რომლის თანახმადაც წლის ბოლოსთვის ისინი საკუთარი ვაქცინის შემუშავებას გეგმავენ.

ქართულ რეალობაში მთავრობამ ღიად დააფიქსირა, რომ რუსული ვაქცინის შემოტანა არც კი განიხილებოდა. ეს ნაბიჯი უალტერნატივო იყო, განსაკუთრებით გავრილოვის ღამესთან დაკავშირებული მოვლენების ფონზე გამძაფრებული ანტი-რუსული განწყობების გათვალისწინებით. ქართულმა მხარემ ასევე განაცხადა, რომ რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონების ვაქცინაციის პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე იღებს და ამისათვის, მაგალითად საოკუპაციო ხაზის სიახლოვეს რუხის საავადმყოფოში გაიხსნა ამცრელი კაბინეტი. ამის მიუხედავად, ოკუპირებული აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის ე.წ. ლიდერებმა მტკიცე უარი განუცხადეს საქართველოს ხელისუფლებას დახმარებაზე და ვაქცინაცია ორივე რეგიონში, მართალია საკმაოდ დაგვიანებით, მაგრამ მაინც Sputnik V-ით დაიწყო. აქ კოვიდ-პარტია აშკარად რუსეთის გამარჯვებით დამთავრდა და მიუხედავად იმისა, რომ ქართულმა მხარემ პანდემიის აქტიურ ფაზაში მოახერხა ოკუპირებულ აფხაზეთში ჰუმანიტარული დახმარების შეტანა, შედეგი მაინც შეზღუდული იყო.

მეგობარი გასაჭირში იცნობა?

რბილი ძალის აღზევების ფონზე, როცა ასიმეტრიული ომის სტრატებიები უკვე ყველა კუთხეში გვევლინება, შესაძლოა ის შიშიც გაჩნდეს, თითქოს ჩვენი მეგობრებიც კი ჩვენს გასაჭირს ნატრობენ, რათა საშუალება ჰქონდეთ, რომ დახმარება გაგვიწიონ. ეკონომიკაში კრიზისი ხშირად შესანიშნავი დროა ინვესტირების, როცა შეგიძლია გაუფასურებული აქტივები წამოკრიფო და კრიზისის გავლას დაელოდო, როდესაც მათი ფასი ძველ ნიშნულს დაუბრუნდება. პოლიტიკურ აქტივებზეც იგივე წესი ვრცელდება? როგორც ჩანს, ეს ასეა, თანაც კონკურენცია უფრო მეტად მძაფრდება. სხვა დანარჩენს რომ თავი დავანებოთ, რუსული ვაქცინის სახელიც კი უკვე მინიშნებაა, რომელიც 1950-იანი წლების კოსმიურ რბოლაში გვაბრუნებს, როდესაც საბჭოთა კავშირმა პირველი თანამგზავრი „სპუტნიკი“ კოსმოსში გაუშვა და აშშ-ზე ტექნოლოგიური უპირატესობა დაამტკიცა. კრემლს ახლა ჰაერივით სჭირდება „გამარჯვებები“, თანაც არა იმდენად გამარჯვებისთვის, რამდენადაც მხარდაჭერის მობილიზებისთვის და უფრო მეტად კი ყურადღების გადატანისთვის. თუ იგი ამას მიაღწევს, ესიქნება არა იმდენად კრემლის დამსახურება, რამდენადაც ნიშანი საერთაშორისო საზოგადოების უუნარობა, რომ მას საკადრისი პასუხი გასცეს.

ქშიშტოფ ლუკიანოვიჩი

 

01.07.2021
ნახვა 365

კომენტარები