მთავარი უსაფრთხოება ბელარუსი ეკონომიკური სანქციების მოლოდინში

ბელარუსი ეკონომიკური სანქციების მოლოდინში

არის თუ არა ეფექტური დასავლეთის სანქციები ავტორიტარული რეჟიმების წინააღმდეგ?
13.06.2021
ნახვა 357

რა ემუქრება ლუკაშენკოს რეჟიმს Ryanair სკანდალის გამო?

სამოქალაქო თვითმფრინავის „სახელმწიფო გატაცება“, „მეკობრეობა“ - ასე შეაფასა საერთაშორისო საზოგადოებამ ბელარუსის ლიდერის, ალექსანდრე ლუკაშენკოს ბრძანებით, Ryanair-ის კუთვნილი თვითმფრინავის მინსკში იძულებით დასმა და ოპოზიციონერი ბლოგერის დაკავება. 23 მაისს, ავიალაინერი, რომელიც საბერძნეთიდან ლიეტუვაში მიფრინავდა, არარსებული ბომბის შესახებ შეთხზული საფრთხის საბაბით და სამხედრო გამანადგურებლების მუქარით აიძულეს მინსკში დამჯდარიყო. თვითმფრინავის დაჯდომისთანავე, ბორტზე მყოფი ოპოზიციონერი ბლოგერი, Telegram-არხის „Беларусь головного мозга“-ს ადმინისტრატორი და Telegram-არხის „Nexta“-ს ყოფილი მთავარი რედაქტორი, რომან პროტასევიჩი დააპატიმრეს. ცხადია, არანაირი ასაფეთქებელი საშუალება ბორტზე არ აღმოჩნდა - ეს სპეცოპერაცია ლუკაშენკოს რეჟიმის მხრიდან ოპოზიციისა და თავისუფალი მედიის წინააღმდეგ ბრძოლის ერთ-ერთი ყველაზე ხმაურიანი ეპიზოდი იყო. საერთაშორისო საზოგადოების უკიდურესად ნეგატიური გამოხმაურების ფონზე, ბელარუსის პრეზიდენტი, ალექსანდრე ლუკაშენკო ირწმუნებოდა, რომ ჟურნალისტი ბელარუსში „სისხლიან აჯანყებას“ ამზადებდა, რასაც დასავლეთის მხარდაჭერით გეგმავდა. პროტასევიჩის დაპატიმრების სპეცოპერაცია საზღვარგარეთ მყოფი ოპოზიციური წრეებისთვის მკაფიო სიგნალის გაგზავნას ემსახურებოდა, რომ ისინი თავს უსაფრთხოდ ევროკავშირშიც კი ვერ იგრძნობენ. შესაბამისად, ნაკლებ სავარაუდოა, რომ ევროკავშირისა და აშშ-ის მხრიდან ახალი სანქციების დაწესების შემთხვევაშიც კი, ლუკაშენკოს რეჟიმის რეპრესიები ოპოზიციის წინააღმდეგ შემსუბუქდეს.

აშშ-მა და ევროკავშირმა ბელარუსის წინააღმდეგ სანქციების გამკაცრების საჭიროების შესახებ არაერთი განცხადება გააკეთეს. პირველად ბელარუსის მიმდინარე პოლიტიკური კრიზისის განმავლობაში, ეს შეიძლება იყოს არა უბრალოდ პერსონალური სანქციები ჩინოვნიკების, ძალოვანებისა და ზოგიერთი საწარმოს წინააღმდეგ, არამედ მიზანმიმართული სექტორული ეკონომიკური სანქციები, რაც ქვეყნის ავიაციასა და საექსპორტო სექტორს სერიოზულ ზიანს მიაყენებს.

ევროკავშირმა ყველა ევროპულ ავიაგადამზიდს უკვე მოუწოდა, თავი აარიდონ ბელარუსის ტერიტორიაზე ფრენას, ასევე, ბელარუსულ ავიაკომპანიებს აუკრძალა ევროკავშირის საჰაერო სივრცეში ფრენა. ფრენები ბელარუსის თავზე უკვე შეაჩერეს Ryanair, KLM, Air France, Finnair, Lufthansa, AirBaltic და სხვა ავიაკომპანიებმა. ვაშინგტონმა 3 ივნისიდან 9 ბელარუსული სახელმწიფო კომპანიის წინააღმდეგ სანქციები აღადგინა. დამატებითი ეკონომიკური სანქციების შესახებ მსჯელობა პროცესშია და ახალი სასანქციო რეჟიმის დეტალები 21 ივნისს გახდება ცნობილი, როდესაც ლუქსემბურგში ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა გაიმართება.

აღსანიშნავია, რომ ბელარუსის წინააღმდეგ სანქციების რამდენიმე ტალღა უკვე განხორციელდა, თუმცა, ეს ზომები განსაკუთრებით ეფექტური არ აღმოჩნდა. ევროკავშირმა ბელარუსს სანქციები პირველად, 2004 წელს, 4 პირის (ორი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ჟურნალისტისა და ბიზნესმენის) გაუჩინარების შემდეგ დაუწესა. 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, ევროკავშირმა და შეერთებულმა შტატებმა, ბელარუსის ხელისუფლების სისასტიკის წინააღმდეგ და ბელარუსი ხალხის დემოკრატიული უფლებების მხარდასაჭერად, 88 ფიზიკურ პირს (მათ შორის, ლუკაშენკოს) და შვიდ ორგანიზაციას ეკონიმიკური სანქციები დაუწესეს. თუმცა, ამ სანქციებს ლუკაშენკოს ქცევა არ შეუცვლია, რომელსაც ზურგს ყოველთვის რუსეთის ფინანსური და პოლიტიკური მხარდაჭერა უმაგრებდა.

რა ზიანი მიადგება ბელარუსის ეკონომიკას სანქციების გაფართოების შედეგად?

განვითარებული მოვლენების შედეგად, ევროკავშირმა ბელარუსისთვის გათვალისწინებული 3 მლრდ. ევროს ოდენობის საინვესტიციო პაკეტი შეაჩერა. თუმცა, ლუკაშენკოსა და ვლადიმერ პუტინს შორის საგანგებოდ გამართული შეხვედრის შემდეგ, 2 ივნისს, ბელარუსმა რუსეთისგან 500 მლნ. აშშ დოლარი მიიღო (1 მლრდ. აშშ დოლარის ოდენობის სახელმწიფო კრედიტის ფარგლებში). ლუკაშენკო იმედოვნებს, რომ ევროკავშირის სანქციები ბელარუსისთვის მტკივნეული არ იქნება, რუსეთის ფინანსური დახმარების გათვალისწინებით. თუმცა, ეს იმაზეც იქნება დამოკიდებული, რამდენად მკაცრ პოზიციაზე შეჯერდებიან ევროკავშირის ქვეყნები. საგულისხმოა, რომ ბელარუსსა და აშშ-ს შორის სავაჭრო კავშირები არ არის იმდენად ინტენსიური, რომ მინსკს მტკივნეული დანაკარგი მიადგეს. მაგრამ თუ ევროპული კომპანიები და ბანკებიც შეუერთდებიან სანქციებს, ეს ბელარუსის ბიუჯეტს საკმაოდ დიდ ზიანს მიაყენებს.

ევროკავშირის ქვეყნები აქტიურად განიხილავენ სანქციებს იმ მსხვილი კომპანიების მიმართ, რომლებიც ლუკაშენკოს რეჟიმთან არიან დაახლოებულნი, მათ შორის, კალიუმის სასუქის მწარმოებელი კომპანია „ბელარუსკალიის“ წინააღმდეგაც. ბელარუსისთვის კალიუმის შემცველი სასუქების ექსპორტიდან მიღებული შემოსავალი ბიუჯეტის შევსების ერთ-ერთი მთავარი წყაროა. ბიუჯეტში დიდი წილი უკავია ასევე ნავთობპროდუქტების საექსპორტო მოსაკრებელს (მინსკი ნავთობპროდუქტებს რუსეთიდან იაფად იღებს და ევროპაში ექსპორტს ახდენს). თუ ევროკავშირის სანქციები ნავთობპროდუქტების ტრანზიტსაც შეეხება, ბელარუსის ბიუჯეტის ზარალი წელიწადში დაახლოებით 2 მლრდ. აშშ დოლარი იქნება. ამავდროულად, ექსპორტის გაჩერება ნიშნავს საწარმოების გაჩერებას, რაც ათასობით ადამიანს უმუშევარს დატოვებს და სერიოზული სოციალურ-ეკონომიკური კრიზისის პროვოცირებას მოახდენს.

აღსანიშნავია, რომ ბელარუსის უმსხვილესი ეკონომიკური პარტნიორი, რუსეთის შემდეგ, ევროკავშირია. 2020 წელს, ბელარუსიდან ევროკავშირის ქვეყნებში 596 მლნ. დოლარის ნავთობპროდუქტების ექსპორტი განხორციელდა, ხე-მასალის - 168 მლნ. დოლარის, კალიუმის სასუქების - 196 მლნ. დოლარის, აზოტის სასუქების - 98 მლნ. დოლარის, რკინისა და ფოლადის წნელების - 98 მლნ. დოლარის მოცულობის და სხვ. აღნიშნულ სექტორებზე შეზღუდვის დაწესება ბელარუსის ბიუჯეტს სახარბიელო მდგომარეობაში არ ჩააგდებს.

რაც შეეხება საავიაციო სფეროში შეზღუდვებს, ბუნებრივია, ეს გამოიწვევს სოლიდური საბიუჯეტო შემოსავლის დაკარგვას: პანდემიის დაწყებამდე, სახელმწიფო კომპანიაბელაერონავიგაცია“ უცხოური ავიაკომპანიების დისპეტჩერიზაციის მომსახურებაში წელიწადში დაახლოებით 50-70 მლნ. დოლარამდე შემოსავალს იღებდა. პანდემიის პერიოდში, ბელარუსი ერთგვარ საჰაერო ჰაბად იქცა, რამაც კიდევ უფრო გაიზარდა მისი შემოსავალი. საავიაციო ინდუსტრიის საერთო წვლილი ქვეყნის მშპ-ში დაახლოებით 2-3%- შეადგენს.

სანქციების მოსალოდნელი კონტრპოდუქტიულობა

2014 წლიდან, კრემლის ქმედებების საპასუხოდ სანქციების დაწესება აშშ-ის საგარეო პოლიტიკის მთავარ ინსტრუმენტად იქცა, მაგრამ მის პროდუქტიულობაზე დისკუსია დღემდე აქტიურად მიმდინარეობს. სანქციების მომხრეები თვლიან, რომ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულმა შეზღუდვებმა ხელი შეუწყო მოსკოვის აგრესიის შეჩერებას აღმოსავლეთ უკრაინაში, ოპონენტები კი აღნიშნავენ, რომ სანქციებს რუსეთის საგარეო პოლიტიკური კურსი პრქტიკულად არ შეუცვლია. ექსპერტები იმასაც აღნიშნავენ, რომ კრემლის წინააღმდეგობა სასანქციო ზეწოლაზე იმაზე ძლიერი აღმოჩნდა, ვიდრე ამას აშშ და ევროკავშირი ელოდნენ. ექსპერტთა შეფასებით, ეკონომიკური თვალსაზრისით, დასავლურმა სანქციებმა მეტ-ნაკლებად იმუშავა, თუმცა, დიპლომატიური ძალისხმევის გარეშე კრემლის პოზიციის შეცვლა სანქციებს არ შეუძლია.

ზოგიერთი მკვლევარი მიიჩნევს, რომ სანქციები არათუ ვერ ცვლის აგრესორის ქცევას, არამედ, ცალკეულ შემთხვევებში, უფრო ამყარებს მოქმედ რეჟმს. ამიტომ, ხშირად ეჭვქვეშ დგება სანქციების გამოყენება, როგორც ეფექტური ბერკეტი ავტორიტარული რეჟიმების წინააღმდეგ.

ყველა თანხმდება, რომ ლუკაშენკოს რეჟიმის წინააღმდეგ სასანქციო ზომების გატარება აუცილებელია, თუნდაც იმის ნიშნად, რომ რეპრესიების ქვეშ მცხოვრებმა მოსახლეობამ არ შეწყვიტოს ბრძოლა უკეთესი მომავლისთვის. მაგრამ პრაქტიკაში, სანქციები ლუკაშენკოს მმართველობის ფორმაზე გავლენას, დიდი ალბათობით, ვერ მოახდენს. ეს ნაბიჯები მეტწილად სიმბოლური დატვირთვის იქნება.

ბელარუსის შემთხვევაში, მკაცრი სანქციების დაწესებას, მთელი რიგი უკუეფექტებიც შეიძლება მოჰყვეს და თავად ევროკავშირის წინააღმდეგ იმუშაოს:

  • ევროკავშირის წევრი ქვეყნებისთვის მარტივი არ იქნება საერთო პოზიციაზე შეთანხმება, რადგან ყველა მათგანი არ არის მკაცრი სანქციების მხარდამჭერი. განსაკუთრებით ეს ეხება გერმანიას, რომელიც თავს არიდებს სანქციების დაწესებას მთლიანი ეკონომიკური სექტორის მიმართ, იმის გამო, რომ მათი ეფექტურობა აეჭვებს. აღნიშნული უთანხმოება ევრობლოკის შიგნით დამატებით დაძაბულობას გამოიწვევს და მის დაყოფა/დასუსტებას შეუწყობს ხელს;
  • ევროკავშირის ქვეყნები ბელარუსიდან ექსპორტის შეზღუდვით, შეაფერხებენ სხვადასხვა პროდუქტის, მაგალითად, ნავთობპროდუქტების მიწოდების ჯაჭვს, რამაც შესაძლოა ადგილობრივი დეფიციტი გამოიწვიოს და ფასების ზრდას შეუწყოს ხელი;
  • დასავლური სანქციები ბელარუსსა და რუსეთს უფრო მჭიდრო ურთიერთობისკენ უბიძგებს. რაც მეტად იზოლირებული იქნება მინსკი დასავლეთისგან, მით მეტად აღმოჩნდება მოსკოვზე დამოკიდებული და რუსეთთან ინტეგრაციის თაობაზე ამ დრომდე გაჭიანურებული ხელშეკრულების გაფორმებაც დაჩქარდება;
  • რუსეთის მიერ ბელარუსის დე ფაქტო „მიერთების“ შემთხვევაში, ნატო-სა და ევროკავშირის აღმოსავლეთ საზღვართან რუსეთის სამხედრო ყოფნა გაძლიერდება, რაც ევროპის უსაფრთხოების არქიტექტურას მორიგ გამოწვევებს შეუქმნის;
  • სანქციები გააკოტრებს ბელარუსის უმსხვილეს სახელმწიფო კომპანიებს (მათ შორის, ავიაკომპანიებს) რომლებიც, საბოლოოდ, შესაძლოა, რუსეთის ხელში აღმოჩნდეს.

ამ და სხვა უამრავი გამოწვევის გათვალისწინებით, ბელარუსის ხელისუფლების წინააღმდეგ მხოლოდ ეკონომიკური სანქციების ეფექტურობის მოლოდინი გაუმართლებელი იქნება. ევროკავშირსა და აშშ-ს დამატებითი ზეწოლის ბერკეტების შემუშავებაც მოუწევთ, რათა გავლენა იქონიონ ლუკაშენკოს რეპრესიულ რეჟიმზე და ამავე დროს, ქვეყანა კრემლის „გემრიელ დესერტად“ არ იქცეს.

ანა ჯაფარიძე

13.06.2021
ნახვა 357

კომენტარები