მთავარი პოლიტიკა რას შეიძლება ველოდოთ გახარიას ახალი პარტიისგან?

რას შეიძლება ველოდოთ გახარიას ახალი პარტიისგან?

06.06.2021
ნახვა 204

ფოტო: @ გახარია საქართველოსთვის

 

საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ 29 მაისს ახალი პოლიტიკური პარტია „საქართველოსთვის“ დააფუძნა. პარტიის სადამფუძნებლო ყრილობაზე სიტყვით გამოსვლისას გახარიამ საუბარი დაიწყო ფრაზით „დღეს ჩვენ ვერთიანდებით საქართველოსთვის, მაგრამ არავის წინააღმდეგ“, რაც შეიძლება ერთგვარ პარტიულ ლოზუნგად და სამომავლო პოლიტიკურ ნიშად მივიჩნიოთ.

გახარიას ოპოზიციურ ფლანგზე გადასვლა პოსტ-საარჩევნო კრიზისს და კონკრეტულად მელიას დაკავების ეპიზოდს უკავშირდება. ექს-პრემიერმა გადადგომის შესახებ საკუთარი გადაწყვეტილების მიზეზად მელიას დაკავების თაობაზე თანაგუნდელებთან არსებული უთანხმოება დაასახელა, თუმცა ეს საკითხი დღემდე განხილვის აქტიურ საგნად რჩება.

"პოლიტიკაში ვრჩები"

თანამდებობიდან წასვლიდან მალევე, 22 მარტს, გახარიამ საჯაროდ განაცხადა რომ პოლიტიკაში რჩება და ახალი პოლიტიკური მოძრაობის მშენებლობისთვის კონსულტაციები დაიწყო. 14 აპრილს, მას შემდეგ რაც „ქართული ოცნების“ ექვსმა დეპუტატმა საპარლამენტო უმრავლესობა დატოვა, ცნობილი გახდა, რომ გიორგი გახარია ახალი პარტიის შექმნაზე მუშაობდა. 29 მაისს, სადამფუძნებლო ყრილობაზე, გახარიას მიერ წარდგენილ პარტიის პოლიტიკურ საბჭოში, 6 დეპუტატის გარდა, ძირითადად ყოფილი საჯარო მოხელეები, ტექნოკრატები და მენეჯერული გამოცდილების მქონე სახეები გამოჩნდნენ. მიუხედავად იმისა, რომ ამ ადამიანების დიდ ნაწილს საკუთარ სფეროებში შესაძლოა კარგად იცნობდნენ და წარმატებულ პროფესიონალებადაც ითვლებოდნენ ისინი ფართო საზოგადოებისთვის ნაკლებად ცნობილი ადამიანები არიან. მართალია მომდევნო არჩევნებამდე დაახლოებით 5 თვეა დარჩენილი, თუმცა გახარიას გუნდს, ისედაც საკმაოდ გადატვირთულ პოლიტიკურ და მედია ველზე საკმაოდ გაუჭირდება თავის დამკვიდრება და არჩევნებში მათ შედეგს ძირითადად მაინც ლიდერის ირგვლივ საზოგადოებრივი მხარდაჭერის მობილიზაციის შესაძლებლობა განსაზღვრავს.

რეიტინგი

IRI-ის მიერ ჩატარებული 2021 წლის თებერვლის საზოგადოებრივი აზრის კვლევის მიხედვით, გახარია მოწონებად პოლიტიკოსებს შორის, 65%-ით, პირველ ადგილს იკავებდა. დაახლოებით მსგავსი შედეგი ჰქონდა ექსპრემიერს წინასაარჩევნო გამოკითხვების დროსაც (63%). რეალურად ბიძინა ივანიშვილთან ერთად გახარია იმ ძალიან იშვიათ პოლიტიკოსთა რიცხვს მიეკუთვნებოდა ქართულ ოცნებაში, ვისაც პერსონალური რეიტინგი და გარკვეული ელექტორატული წონა და მხარდაჭერა ჰქონდა საზოგადოებაში. თუმცა რა თქმა უნდა გახარიას რეიტინგი დიდწილად მიბმული იყო მმართველი პარტიის რეიტინგთან და მისი რეალური მხარდაჭერის გასაზომად თებერვლის შემდეგ ჩატარებულ კვლევების შედეგები უფრო ობიექტური იქნება.

რას ცვლის გახარიას და მისი ახალი პარტიის შემოსვლა პოლიტიკურ ველზე?

პოლიტიკური კრიზისის განსამუხტად მიღწეული შეთანხმების და ე.წ. შარლ მიშელის დოკუმენტის, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ასპექტი მომავალ თვითმართველობის არჩევნების შედეგების მიხედვით ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარების შესაძლებლობაა. დოკუმენტის მიხედვით, იმ შემთხვევაში თუ „ქართული ოცნება“ თვითმართველობის არჩევნებში ნამდვილი პროპორციული ხმების 43%-ზე ნაკლებს მიიღებს, 2020 წლის გაზაფხულზე ვადამდელი არჩევნები დაინიშნება. შესაბამისად, შეიძლება ითქვას რომ შემოდგომაზე გასამართი თვითმართველობის არჩევნები ერთგვარი რეფერენდუმია ვადამდელი საპარლამენტო არჩევნებისთვის.

ამ „რეფერენდუმში“ სასურველი შედეგის მისაღწევად ოცნების მთავარ დაბრკოლებად შესაძლოა სწორედ გახარიას ახალი პარტია იქცეს. „ქართული ოცნება“, 2012 წლიდან მოყოლებული, ყველა არჩევნებზე, საზოგადოების პოლარიზაციისა და “ნაციონალურ მოძრაობასთან“ დაპირისპირების პირობებში ახერხებდა სასურველი შედეგის მიღწევას. ნებისმიერი ახალი მოთამაშე, რომელიც ჩნდებოდა ოპოზიციურ ფლანგზე „ქართული ოცნების“ საინფორმაციო საშუალებების მიერ, მაშინვე „ნაციონალური მოძრაობის“ მოკავშირედ, პარტნიორად ან სატელიტად ირაცხებოდა და იწყებოდა აქტიური საინფორმაციო კამპანია ამ აქტორების „გასაშავებლად“. „ქართული ოცნება“ ამომრჩეველთა ნაწილს „ნაციონალური მოძრაობის“ კატეგორიული მიუღებლობის და მათი ხელისუფლებას დაბრუნების მუდმივი შიშის ექსპლუატაციით ინარჩუნებდა.

გახარიას ახალი პარტია სწორედ ამ სტატუს-კვოს დარღვევის საფრთხეს ქმნის, თანაც „ქართული ოცნების“ საზიანოდ. ბოლო რამდენიმე არჩევნებმა აჩვენა, რომ ნაციონალურ მოძრაობას თავისი სტაბილური ამომრჩეველი ყავს, რომელთა რაოდენობა არჩევნებიდან არჩევნებამდე მხოლოდ მცირედით ვარირებს. ასევე თითქმის უცვლელია დანარჩენი მეტ-ნაკლებად პროდასავლური პარტიების ჯამური რეიტინგი (დაახლოებით 12-16%). პრორუსული და ანტიდასავლური ელექტორატის აბსოლუტური უმრავლესობა აქამდე პატრიოტთა ალიანსსა და „ქართულ ოცნებას“ შორის ნაწილდებოდა, თუმცა ლევან ვასაძის პოლიტიკაში შემოსვლით, არის შანსი რომ პრორუსული და ნაციონალისტური სენტიმენტების მქონე ამომრჩეველთა ხმების არც თუ ისე მცირე ნაწილი სწორედ მათ დაისაკუთრონ. ამ ყველაფრის ფონზე, კი გახარიას პარტიის გამოჩენა განსაკუთრებული საფრთხეს სწორედ ქართული ოცნებისთვის წარმოადგენს.

ექსპრემიერს ეფექტურად წარმართული კამპანიის ფარგლებში საკმაოდ კარგი შანსი აქვს „ქართული ოცნების“ განაწყენებული ელექტორატის ხმების „წაღების“, ისეთების, რომლებიც აქამდე ოცნებას ხმას მხოლოდ ნაცმოძრაობის ხელისუფლებაში დაბრუნებისგან თავის ასარიდებლად აძლევდა. ამას გარდა გახარიას შეუძლია მცირე რაოდენობით ე.წ. გადაუწყვეტელი ამომრჩევლების მობილიზაცია, თუ ის რეალურად მოახერხებს „ქართული ოცნებისგან“ დისტანცირებას და დამოუკიდებელი პოლიტიკური, თუნდაც კამპანიური ხაზის გატარებას. მიუხედავად იმისა, რომ გახარიას ძალიან გაუჭირდება თვითმართველობის არჩევნებზე ორნიშნა შედეგის მიღება, თუ ის 5%-იანი ნიშნულის გადალახვას მოახერხებს (ამას დამატებული ვასაძის პარტიის 2-3%) ძალიან შემცირდება „ქართული ოცნებისთვის“ 43%-იანი ზღვრის გადალახვის შანსი, რაც ავტომატურად ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს ნიშნავს 2022 წლის გაზაფხულზე, სადაც უკვე ოცნების წაგებულის პოზიციიდან მოუწევს ბრძოლა და პრაქტიკულად შეუძლებელი გახდება მათთვის შედეგის გაუმჯობესება და ახალი ხელისუფლების ფორმირება.

დისკრედიტირების მცდელობა

ამ ყველაფრის გათვალისწინებით, აშკარა ხდება „ქართული ოცნების“ მხრიდან დაწყებული იმ აბსურდული კამპანიის მოტივი, რომ თითქოს 18 თებერვალს გადადგომით, გახარია ნაციონალური მოძრაობის და მიხეილ სააკაშვილის სცენარით მოქმედებდა, რომლებიც ქვეყანაში ალტერნატიული მთავრობის ჩამოყალიბებას და რევოლუციის გეგმავდნენ. ქართული ოცნება ყველა ხერხით შეეცდება გახარიასაც უკვე ნაცადი მეთოდით მიუდგეს და ნაციონალურ მოძრაობასთან კავშირი დააბრალოს, თუმცა სხვა პარტიებისგან განსხვავებით, ამის გაკეთება ექსპრემიერის ახლადშექმნილი პარტიისთვის საკმაოდ გაჭირდება. თავის მხრივ, გახარიას გუნდის წევრები აუცილებლად შეეცდებიან ყველა სატელევიზიო ეთერში „ნაციონალური მოძრაობისგან“ გამიჯვნასა და განსხვავებული პოზიციების დაფიქსირებას, რაც კიდევ უფრო გაართულებს ოცნების „მისიას“.

ასევე, ხაზგასასმელია, რომ გახარიას სახელი 2019 წლის 20 ივნისის ანტისაოკუპაციო დემონსტრაციის ძალადობრივ დაშლასაც უკავშირდება, რა დროსაც, ის შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტს იკავებდა. შესაბამისად „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდანაც გახარია მუდმივი კრიტიკის და თავდასხმის ობიექტი იქნება.

თუმცა ეს ჯერ მხოლოდ დასაწყისია და უნდა ველოდოთ, რომ „ქართული ოცნება“ ყველაზე ბინძური მეთოდებით შეეცდება გახარიას და მისი გუნდის გაშავებას და არ არის გამორიცხული ექსპრემიერს ისეთი სენსიტიური საკითხებზე „აღმოუჩინონ“ გადაცდომები, დარღვევები და „ნაციონალური მოძრაობის“ სასარგებლოდ მოქმედებები, როგორებიცაა გარეჯის საქმე, ნამოხვანჰესი და სხვა.

შეფასება

მთლიანობაში, რომ შევაფასოთ, გახარიას შემოსვლა პოლიტიკურ ველზე აძლიერებს ოპოზიციის შანსებს თვითმართველობის არჩევნებზე სასურველი შედეგის მიღწევისა და 2022 წლის გაზაფხულზე ვადამდელი არჩევნების ჩატარების თაობაზე და პირიქით ამცირებს „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში დარჩენის შანსებს. შესაბამისად გახარია და მისი გუნდი „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ძირითადი სამიზნე იქნება მოახლოებულ არჩევნებზე „ნაციონალურ მოძრაობასა“ და მიხეილ სააკაშვილთან ერთად.

საზოგადოების გარკვეულ ნაწილში და ექსპერტულ წრეებში, ასევე არსებობს მოსაზრება, რომ გიორგი გახარია ბიძინა ივანიშვილის ახალი პროექტია და ის იმისთვის შემოიყვანეს ოპოზიციურ ველზე, რომ იმ შემთხვევაში თუ ვადამდელი არჩევნების აუცილებლობა დადგება ივანიშვილს ოპოზიციაში თავისი დასაყრდენი ჰყავდეს, რომელიც ახალი კოალიციის ფორმირებაში გადამწყვეტ როლს ითამაშებს. თუმცა, რაოდენ კარგადაც არ უნდა ახორციელებდეს ბიძინა ივანიშვილის თავის „ტრიუკებს“ ეს მაინც მეტისმეტად ამბიციური და სარისკო გეგმა იქნებოდა მთელი რიგი მიზეზების გამო და ეს მოსაზრება უფრო კონსპირაციულ თეორიას წააგავს, ვიდრე რეალობას.

და ბოლოს, გიორგი გახარიას და მისი საქმიანობის (როგორც პრემიერ-მინისტრის, ისე შსს მინისტრის პოსტზე) ირგვლივ არაერთი ლეგიტიმური კითხვა არსებობს და მიუხედავად იმისა, რომ გახარია აქამდე ახერხებდა ამ საკითხებზე მკვეთრი პოზიციების დაფიქსირებისგან თავის არიდებას, სამომავლოდ მას მაინც მოუწევს ამ კითხვებზე პასუხების გაცემა, განსაკურებით იმ ფონზე როდესაც მას სახელისუფლებო მედიები აღარ სწყალობენ და ძირითადად ოპოზიციურ არხებზე მოუწევს საზოგადოებასთან კომუნიკაცია. ამ პროცესში, თუ გახარია და მისი გუნდი ვერ შესძლებს მკვეთრად პოზიციონირებას გარკველ საკითხებზე, მათი რეიტინგი არჩევნებამდე მხოლოდ კლებადი იქნება, რადგან მოგვწონს ეს თუ არა, ქართველ ამომრჩევლებს ნელ-თბილი და ე.წ. შუაშისტური პოზიციები დიდად არ იზიდავს და წინასაარჩევნოდ პოლარიზაციის დონე კიდევ უფრო გაიზრდება.

 

დავით ნაროუშვილი

06.06.2021
ნახვა 204

კომენტარები