მთავარი უსაფრთხოება რუსეთთან პირდაპირი დიალოგი, როგორც ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საშუალება

რუსეთთან პირდაპირი დიალოგი, როგორც ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საშუალება

მითი თუ რეალობა?
01.06.2021
ნახვა 701

დროდადრო, საქართველოში მოღვაწე სხვადასხვა პრორუსული პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლები ხშირად საუბრობენ რუსეთის ფედერაციასთან პირდაპირი დიალოგის აუცილებლობაზე. მათი მოსაზრებით, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა მხოლოდ ჩვენს ჩრდილოელ მეზობელთან პირდაპირი მოლაპარაკებების საშუალებით არის შესაძლებელი. შესაბამისად, იბადება შეკითხვა, „არის თუ არა ეს მოსაზრება რეალობასთან ახლოს, თუ მითია?“

დღესდღეისობით, რუსეთის ფედერაციას საქართველოს ორი რეგიონი აქვს ოკუპირებული. აფხაზეთი და ე.წ სამხრეთ ოსეთი (ცხინვალის რეგიონი). იმისათვის რომ ვისაუბროთ რუსეთთან პირდაპირი დიალოგის პერსპექტივებზე აუცილებელია გაანალიზდეს თუ რა ინტერესები ამოძრავებს რუსეთის ფედერაციას ოკუპირებულ ორ რეგიონში.

აფხაზეთი

აფხაზეთი, საქართველოს ისტორიულ-გეოგრაფიული მხარე, ქვეყნის ჩრდილო–დასავლეთით, შავი ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროზე მდებარეობს. რუსი პროპაგანდისტის ვლადიმერ პოზნერის განცხადებით, „რუსეთს ისე სჭირდება აფხაზეთი, როგორც ღორს ფორთოხალი“. საინტერესოა, არის თუ არა პოზნერი მართალი და მართლაც აფხაზეთი რუსეთის ფედერაციისთვის უმნიშვნელოა.

აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი, ბარაკ ობამა მის მიერ გამოცემულ მემუარებში იხსენებს ვლადიმერ პუტინთან პირველ შეხვედრას. ობამას თქმით, პუტინი მის ვრცელ მონოლოგში დაუსრულებლად ლაპარაკობდა ამერიკისა და ამერიკელების მიერ დაშვებულ უპატივცემულობაზე რუსების მიმართ და რომ აშშ რუსეთს თავის თანასწორუფლებიან პარტნიორად არ მიიჩნევს. პუტინის აღნიშნული განცხადება და მისი მხრიდან განხორციელებული ქმედებები ნათლად მიუთითებს ერთ ფაქტზე, რომ რუსეთის საგარეო პოლიტიკა დაფუძნებულია პრესტიჟზე და სურვილზე იყოს „სუპერსახელმწიფო“ (“Great Power”). მისი მისწრაფებებისკენ სვლისას რუსეთი ცდილობს აშშ-ს წინააღმდეგობა გაუწიოს ყველგან სადაც შეუძლია, მათ შორის საზღვაო მიმართულებით. რუსეთმა კარგად აითვისა გეოპოლიტიკის ერთ-ერთი ფუძემდებლის ალფრედ ტეიერ მეჰენის მიერ შემუშავებული სტრატეგიული ელემენტები, რომლის თანახმადაც „სუპერსახელმწიფოდ“ ჩამოყალიბების უმთავრეს კომპონენტს მნიშვნელოვანი საზღვაო კომუნიკაციების კონტროლი წარმოადგენს. დღეს რუსეთი წარმოდგენილია თითქმის ყველა მნიშვნელოვან საზღვაო ზონებთან, მაგალითად: ბალტიის ზღვაში (კალინინგრადი), ხმელთაშუა ზღვაში („ტარტუსის ბაზა“ სირიაში) და რაც მთავარია შავ ზღვაში. შავი ზღვა რუსეთისთვის საციცოცხლოდ მნიშვნელოვანია მრავალ მიზეზთა გამო. ეკონომიკური თვალსაზრისით ის რუსეთს სჭირდება საზღვაო ვაჭრობისა და ენერგო უსაფრთხოებისთვის, რადგან ის წარმოადგენს უსწრაფეს გზას ხმელთაშუა ზღვამდე და მის იქით (მაგ: სუეცის არხი-უმთავრესი სავაჭრო კვანძი ახლო აღმოსავლეთთან და აზიასთან). რაც შეეხება სამხედრო მიზეზებს, რუსეთ-უკრაინის ფართო კონფლიქტის შემთხვევაში, რუსეთს სურს დაიცვას მისი ბუფერული რეგიონი, ანუ მოახდინოს სხვა ქვეყნის საზღვაო ძალების შავ ზღვაში შესვლის პრევენცია. ასევე სურს, რომ მისმა შავი ზღვის ფლოტმა შეძლოს მხარი დაუჭიროს რუსეთის ფლოტის ოპერაციებს ხმელთაშუა ზღვაში. რუსეთის ფედერციის მიერ შავ ზღვაში განხორციელებული ქმედებები უკიდურეს საფრთხეს უქმნის ნატო-ს წევრ სამ ქვეყანას: რუმინეთს, ბულგარეთს და თურქეთს. შესაბამისად ნათელია, რომ შავ ზღვაში რუსეთის აქტიურობა არა ქართველების სიძულვილით, არა ეთნიკური ოსებისა თუ აფხაზების სიყვარულით არამედ გეოპოლიტიკური ინტერესებით არის განპირობებული, რაც მათთან პირდაპირი დიალოგის საშუალებით აფხაზეთის დაბრუნებას სრულიად გამორიცხავს, ეს შეუძლებელია. შავი ზღვა არის სუპერსახემწიფოების კონკურენციის სუბიექტი. ამ კონტექსტში აუცილებლად უნდა იქნას ნახსენები რუსეთ-თურქეთის ურთიერთობა. რუსეთსა და თურქეთს ერთმანეთში ჰქონდათ 12 ომი. ომი ბოსფორის სრუტის კონტროლისათვის რომლის ჩაკეტვის შემთხვევაშიც შავი ზღვა ტბად გადაიქცევა. ეს ფაქტიც მიუთითებს რუსეთის სურვილებზე დაეპატრონოს შავ ზღვას.

ცხინვალის რეგიონი

ცხინვალის რეგიონი (ე,წ სამხრეთ ოსეთი), პირობითი სახელი რეგიონისა, რომელიც მოიცავს ყოფილი საქართველოს სსრ-ს სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიას. რუკაზე მისი ნახვის შემთხვევაში გაჩნდება შეკითხვა თუ რა ინტერესი შეიძლება ჰქონდეს რუსეთის ფედერაციას ერთი საშუალო ქართული სოფლის ზომის ტერიტორიის მიმართ. ამ კითხვაზე პასუხიც იმავე რუკაზე მოიძებნება რომელზეც მის ტერიტორიულ მდებარეობას ვნახავთ. საოკუპაციო ხაზის გასწვრივ არის სტრატეგიული მნიშვნელობის მქონე ობიექტები, ისეთი როგორიც არის ბაქო-სუფსის მილსადენი, საქართველოს რკინიგზის ხაზი და ქვეყნის მთავარი ავტობანი. აღნიშნული ობიექტებით სარგებლოს საქართველო, აზერბაიჯანი, სომხეთი, თურქეთი და რაც მთავარია ჩინეთი (საქართველო არის ჩინეთის „ერთი სარტყელი-ერთი გზის“ ერთ-ერთი კორიდორის მონაწილე). რუსეთი მიუხედავად იმისა, რომ სამხედრო თვალსაზრისით თანამშრომლობს ყველა ზემოთხსენებულ ქვეყნებთან, ეკონომიკური მიმართულებით ისინი ერთმანეთის კონკურენტებს წარმოადგენენ, განსაკუთრებით რუსეთი და ჩინეთი. შესაბამისად, მათ შორის ნებისმიერი კონფლიქტის შემთხვევაში, ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში არსებული სამხედრო ძალების მეშვეობით რამდენიმე წუთშია ამ სატრანსპორტო კვანძების ბლოკირება შესაძლებელი. შესაბამისად აქაც რუსეთის გეოპოლიტიკურ ინტერესებთან გვაქვს საქმე და არა ქართველების სიძულვილსა და ეთნიკური ოსების სიყვარულთან.

მითი

დასკვნის სახით უნდა ითქვას, რომ მანამ სანამ რუსეთის ფედერაცია არის არადემოკრატიული ქვეყანა, სუპერსახელმწიფოდ ჩამოყალიბების ამბიციით მათთან პირდაპირი დიალოგის საშუალებით ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა რბილად რომ ვთქვათ არის მითი.

ბოლოს აუცილებლად უნდა აღინიშნოს კიდევ ერთი საკითხი. კერძოდ: საქართველოს ე.წ ნეიტრალიტეტის შესახებ გამოთქმული მოსაზრებები. რომელიც იგივე პრორუსულ ჯგუფებს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის ფორმულად აქვთ წარმოდგენილი. ამ შემთხვევაში უნდა გავიხსენოთ საქართველოს ისტორია და გავაანალიზოთ საზღვარგარეთის ქვეყნების დღევანდელი გამოცდილება.

1918 წლის 26 მაისს საქართველოს ეროვნული საბჭოს მიერ მიღებულ „საქართველოს დამოუკიდებლობის აქტის" მე-3 პუნქტით საქართველომ საერთაშორისო ომიანობაში მუდმივი ნეიტრალიტეტი გამოაცხადა. 1920 წელს საბჭოთა რუსეთი და საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკას შორის დადებული მოსკოვის ხელშეკრულებით, რუსეთმა ცნო საქართველოს დამოუკიდებლობა და დააკმაყოფილა საქართველოს ტერიტორიული პრეტენზიები. თავის მხრივ, საქართველომ პირობა დადო რომ საკუთარ მიწაზე არ განალაგებდა რუსეთის მიმართ მტრულად განწყობილ ჯარებს. მიუხედავად ამისა, ზემოჩამოთვლილი ფაქტებს ხელი არ შეუშლია რუსეთისთვის 1921 წლის 25 თებერვალს საქართველოს ოკუპაცია მოეხდინა.

საერთაშორისო გამოცდილება

დამოუკიდებლობის მოპოვების შემდგომ, მოლდოვამ 1994 წლის კონსტიტუციით მუდმივი ნეიტრალიტეტი გამოაცხადა (მუხლი 11). მიუხედავად ამ ფაქტისა, რუსეთის მხრიდან რაიმე პოზიტიურ ქმედებებს დნესტრისპირეთის კონფლიქტის მოგვარების კუთხით ადგილი არ ჰქონია, სადაც დღესაც არის განთავსებული რუსული სამხედრო ძალები.

მაშასადამე, არც რუსეთის ფედერაციასთან პირდაპირ დიალოგოგს და არც საქართველოს მხრიდან უბლოკო სტატუსის გამოცხადებას ტერიტორიული მთლიანობის თვალსაზრისით არანაირი პოზიტიური შედეგი არ ექნება. ეს უკვე გავლილი გზაა, რადგან საქართველომ რუსეთთან მიტმასნების პოლიტიკით დაწყებული კონფრონტაციის პოლიტიკით დასრულებბული ყველაფერი სცადა, მაგრამ სრულიად უშედეგოდ.

ჯემალ გრძელიშვილი

01.06.2021
ნახვა 701

კომენტარები