მთავარი უსაფრთხოება რატომ ზრდის რუსეთი სამხედრო წარმომადგენლობას სამხრეთ კავკასიაში?

რატომ ზრდის რუსეთი სამხედრო წარმომადგენლობას სამხრეთ კავკასიაში?

სომხეთში ორი ახალი რუსული სამხედრო ობიექტი განთავსდა.
13.05.2021
ნახვა 355

აშშ-ის თვალით დანახული რუსული გავლენის ზრდა კავკასიის რეგიონში

აპრილის ბოლოს, აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის სადაზვერვო სააგენტომ გლობალური საფრთხეების შესახებ 2021 წლის ანგარიში გამოაქვეყნა, სადაც  რუსეთის სამხედრო ძალები კრემლის იმ ინსტრუმენტად დაასახელა, რომელსაც მოსკოვი მეზობელ ქვეყნებზე ზეწოლისთვის იყენებს. ანგარიშში აღნიშნულია, რომ კრემლის მოთხოვნილება, მის უახლოეს სახმელეთო სამეზობლოში (new-abroad) დარჩეს, როგორცუსაფრთხოების მთავარი გარანტორი“, კვლავ მზარდია.

დოკუმენტში ასევე აღნიშნულია, რომ 2008 წლის აგვისტოდან, რუსეთი ძირს უთხრის საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს, ქვეყნის 20%-ის ოკუპირებითა და საერთაშორისო ასპარეზზე აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების „დამოუკიდებელ სახელმწიფოებად“ აღიარებით. რუსეთი საქართველოს ორივე ოკუპირებულ რეგიონში ინარჩუნებს სამხედრო ბაზებს და ადმინისტრაციული საზღვრების გასწვრივ რუს სამხედროებს საპატრულოდ იყენებს. ანგარიშში ასევე ნათქვამია, რომ რუსული მხარე 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებას უარყოფს და არ გაჰყავს ჯარები პრე-კონფლიქტურ პოზიციებზე.

ანგარიშში მოცემული პროგნოზების მიხედვით, რუსეთი, სავარაუდოდ, ისარგებლებს სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სატრანსპორტო და საკომუნიკაციო კავშირების გახსნით და კიდევ უფრო გააძლიერებს მათზე გავლენას. სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში რუსეთის „უპირატესობას“ კი შემდეგი კომპონენტების ერთობლიობა განსაზღვრავს: იარაღით ვაჭრობის რეგიონულ ბაზარზე რუსეთის დომინირება, რუსეთთან არსებული ორმხრივი სამხედრო კავშირების განმტკიცება, რეგიონალური უსაფრთხოების ინტეგრაციის განვითარება და უსაფრთხოების გარე აქტორებისთვის ისეთი შეთანხმებების შეთავაზება, რომელიც მოსკოვის პირობებით იქნება ნაკარნახევი.

ზემოაღნიშნული პროგნოზების ცალკეული პუნქტების გამართლება, ანგარიშის გამოქვეყნებიდან 1 კვირაში დაიწყო - მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ „ორმხრივი სამხედრო კავშირების განმტკიცებისა“ და „უსაფრთხოების დამატებითი გარანტიებისთვის“ რუსეთი სომხეთში ორ დამატებით სამხედრო ბაზას მოაწყობს.

რუსეთის სამხედრო ობიექტები სომხეთში

რუსული სამხედრო ძალებისგან მომდინარე საფრთხის აღქმა ცალსახად გაამძაფრა 3 მაისს, სომხეთის პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელის, ნიკოლ ფაშინიანის განცხადებამ, სომხეთში ორი ახალი რუსული სამხედო დანაყოფის განთავსების თაობაზე. აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის შეფასება, რომ მოსკოვი უსაფრთხოების უზრუნველყოფისლეგენდით ცდილობს სამეზობლოში პოზიციების გამყარებას, ფაშინიანმაც სიტყვა-სიტყვით დაადასტურა. მისი განცხადებით, „სიუნიქის პროვინციაში, რომელიც აზერბაიჯანს ესაზღვრება, რუსეთის 102- სამხედრო ბაზის ორი საყრდენი წერტილი შეიქმნა და წარმოადგენს უსაფრთხოების დამატებით გარანტიებს არა მხოლოდ სიუნიქის რაიონისთვის, არამედ მთელი სომხეთისთვის“. სხვა დეტალები ამ ეტაპზე, არ დასახელებულა.

რუსეთის დამატებითი სამხედრო ძალების განთავსების შესაძლებლობაზე ჯერ კიდევ თებერვალში, სომხეთის თავდაცვის მინისტრმა, ვაღარშაკ არუთინიანმა ისაუბრა, რომელმაც განაცხადა, რომ სომხური მხარე რუსული 102-ე სამხედრო ბაზის გაფართოებითა და გაძლიერებით არის დაინტერესებული.

რუსეთის 102- სამხედრო ბაზა, 1995 წელს გაფორმებული სახელმწიფოთაშორისი შეთანხმებით, სომხეთის ქალაქ გიუმრიშია განთავსებული. 2010 წელს, რუსეთმა და სომხეთმა ამ ბაზის სომხეთში განთავსების შეთანხმება 2044 წლამდე გაახანგრძლივეს. ეს ობიექტი რუსეთის შეიარაღებული ძალების სამხრეთის სამხედრო ოლქში შედის და, ამავდროულად, 2016 წლიდან, სომხეთ-რუსეთის ჯარების დაჯგუფების ნაწილია. საინტერესოა, რომ ბაზის კომუნალურ საჭიროებებს – წყლის, ელექტროენერგიისა თუ გაზის გადასახადებს, მხოლოდ სომხური მხარე ფარავს.

გარდა გიუმრის ბაზისა, 2020 წლის მთიანი ყარაბაღის ომის შემდეგ, მოსკოვმა კონფლიქტის ზონაში სამშვიდობო მისიის ფარგლებში, 2000-მდე „მშვიდობისმყოფელი“ სამხედროც შეიყვანა. საგულისხმოა, რომ ზერბაიჯანის ოფიციალური პირები უსი სამხედროების მიკერძოებულ, პრო-სომხურ დამოკიდებულებაზე ხშირად საუბრობენ.

ფაქტია, რომ სომხეთი ქვეყანაში რუსული ჯარის ყოფნას, აზერბაიჯანის შესაძლო აგრესიისგან თავდაცვის საშუალებად მიიჩნევს. თუმცა, მთიანი ყარაბაღის ომის დროს, რუსეთის ცალსახა მხარდაჭერა სომხეთს ნამდვილად არ უგრძვნია, რამაც მოსახლეობის იმედგაცრუება და დიდი გულისწყრომაც გამოიწვია.

რას ემსახურება ახალი სამხედრო ობიექტების განთავსება?

უპირველეს ყოვლისა, უნდა აღვნიშნოთ იმ ტერიტორიის სტრატეგიული მნიშვნელობა, სადაც რუსული სამხედრო დანაყოფები დისლოცირდებიან. ეს არის სიუნიქის რაიონი, რომელზეც უნდა გაიაროს აზერბაიჯანსა და ნახიჭევანის შორის დამაკავშირებელმა კორიდორმა და რის თაობაზეც ერევანსა და ბაქოს შორის უთანხმოებაა. 21 აპრილს, აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა დაიმუქრა კიდეც, რომ სომხეთს სურს თუ არა, ზანგეზურის კორიდორი მაინც შეიქმნება - მარტივი შეთანხმებით, ან ძალის გამოყენებით. შესაბამისად, სომხეთში გაჩნდა სიუნიქის რეგიონზე კონტროლის დაკარგვის შიში, ხოლო რუსული სამხედრო დანაყოფების რაიონში განთავსება, აზერბაიჯანის მხრიდან მომდინარე საფრთხის პრევენციად განიხილება.

გარდა ამისა, რუსეთის სამხედრო მხარდაჭერის ფაქტორი მნიშვნელოვნად შეამსუბუქებს სომხეთის საზოგადოებაში არსებულ დაძაბულობას, მითუმეტეს თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტორს, რომ 20 ივნისს, სომხეთში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნებია ჩანიშნული. არჩევნები კი ის საკითხია, სადაც რუსული ფაქტორი გადამწყვეტი თუ არა, უმნიშვნელოვანესი იქნება.

სომხეთში რუსეთის სამხედრო ყოფნის გაფართოება, ბუნებრივია, კიდევ უფრო გაზრდის მოსკოვზე ერევნის სამხედრო-პოლიტიკურ დამოკიდებულებას. ფაშინიანის მთავრობის დასავლეთთან დაახლოების მცდელობები, დიდი ალბათობით, დავიწყებას მიეცემა. ომში მწარედ დამარცხებულ პოზიციაში მყოფი ფაშინიანის გუნდისთვის, ვადამდელი არჩევნების წინ რუსეთთან სამხედრო თანამშრომლობის დემონისტრირება, ხელისუფლებაში დარჩენის წინაპირობად შეიძლება შევაფასოთ.

სომხეთში დამატებითი სამხედრო ძალების მობილიზებით, რუსეთი შეძლებს საკუთარი მიზნების შესაბამისად, ადგილზე გააკონტროლოს ვითარება როგორც სომხეთის, ისე აზერბაიჯანის მიმართულებით და სადაო ტერიტორიაზე ვითარების სტაბილურობაც თავად მართოს. ზანგეზურის დერეფანი, დიდი ალბათობით, მხარეებს შორის სამხედრო-პოლიტიკური ვაჭრობის საგნად იქცევა, სადაც „უსაფრთხოების მთავარი გარანტორი“ თავის გეოპოლიტიკურ ინტერესს აუცილებლად დაიცავს.

რუსეთი ასევე ცდილობს, გავლენის გაფართოების საშუალება არ მისცეს თურქეთს, რომელსაც აზერბაიჯანთან მჭიდრო სამხედრო თანამშრომლობით, რეგიონში წამყვან აქტორად სურს პოზიციონირება.

სომხეთში რუსული სამხედრო ყოფნის გაზრდა საქართველოს უსაფრთხოებისთვის - პროპორციულად გაზრდილ საფრთხეს ნიშნავს. საქართველოს ირგვლივ განთავსებული რუსული სამხედრო ბაზების „ალყა“ კიდევ უფრო მეტად შემჭიდროვდება და ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ მოსკოვის „ძალის პოზიციიდან“ საუბრის მანერასა და სამხედრო რიტორიკას მხოლოდ გააძლიერებს.

ანა ჯაფარიძე

13.05.2021
ნახვა 355

კომენტარები