მთავარი უსაფრთხოება მოზარდ-ახალგაზრდების როლი თავდაცვის სისტემაში

მოზარდ-ახალგაზრდების როლი თავდაცვის სისტემაში

27.04.2021
ნახვა 722

ადამიანები ძალიან დიდი ხნის წინ მიხვდნენ, რომ სამხედრო ორგანიზაციის პირადი შემადგენლობით მოტივირებული და წინასწარ გაწივრთნილი კადრების უზრუნველსაყოფად მოზრდ-ახალგაზრდების სამხედრო საქმით დაინტერესებაა საჭირო. ყველას გაუგია ქალაქ-სახელმწიფო სპარტის შესახებ, რომელიც ანტიკური სამყაროს საუკეთესო საომარი მანქანა იყო და ეფუძნებოდა მოქალაქეების პატარა ასაკიდან გაწვრთნას და მოტივირებას. მათი სისტემა იმდენად ეფექტური აღმოჩნდა, რომ „სპარტანული აღზრდა“ სირთულეების გადალახვის ბავშვობიდან სწავლის და კარგად მომზადების ტერმინად დღემდე გამოიყენება. მსგავსი მეთოდი გამოიყენებოდა ვიკინგებთანაც, რომლებიც პატარა ასაკიდან არჩევნდნენ მომავალ მეთაურებს და მეომრებს.

ახალგაზრდების გაწვრთნა არც საქართველოში იყო უცხო და ჩვენი სამხედროს სიტემის ორგანული შემადგენელი იყო. თავადაზნაურთა შვილების მომზადება ხდებოდა ცხენოსნობაში, ნადირობაში, მშვილდოსნობაში, შუბის ტყორცნასა და ფარიკაობაში. მასობრივად გავრცელებული იყო ქართული ჭიდაობა, კრივი, შურდულის ტყორცნა, ქვის გადატანა, ცურვა, ლახტი, ლელო და მსგავსი გასამხედროებული თამაშობანი. მე-17 საუკუნის დასაწყისის სამეგრელოს ასე აღწერს ა. ლამბერტი: „მეგრელები ომს მიჩვეულები არიან. მშობლებს სულ პატარები დაჰყვათ ლაშქრობაში და არ არიდებენ იმ გაჭირვებას რაც იქ უნდა გადახდეთ. ბავშვები ისე ატარებენ იარაღს და უკავიათ ხელში ფარი და ხმარობენ მშვილდს, თითქოს დაბადებიდან შეჩვეულნი იყონ ბრძოლას“.

რუსეთის იმპერიის რღვევისას - რა პერიოდშიც მოიშალა ქართული საბრძოლო სისტემები, 1917 წლის მეორე ნახევარში ქართველმა ოფიცრებმა დაარსეს ახალგაზრდული ორგანიზაცია „ამირანი“. 1918 წელს დაფუძნდა „ქართული ტან-ვარჯიშობის საზოგადოება შევარდენი“, სადაც გაერთიანდა „ამირანი“. შევარდენი არ ეწეოდა პირდაპირ სამხედრო მომზადებას, მაგრამ მისი მოღვაწეობა ძალიან უწყობდა ხელს ახალგაზრდების პატრიოტულ, ფიზიკურ და სულიერ განვითარებას. შევარდენის წევრები მასობრივად ეწერებოდნენ მოხალისედ ჯარში, ეროვნული გმირი მ. მაყაშვილი სწორედ შევარდენის წევრი იყო.

თანამედროვე ახალგაზრდული ორგანიზაციები

მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში ახალგაზრდული ორგანიზაცია დევს თავდაცვის და ზოგადად ძალოვანი უწყებების ფუნდამენტში. ამ ორგანიზაციებს სხვადასხვა ტრადიცია და მომზადების სტილი აქვთ, მაგრამ აერთიანებთ საერთო მიზნები:

  • სამხედრო საქმით ადრეულ ასაკში დაინტერესება, რათა ჯარმა არ დაკარგოს საუკეთესო კადრები და ახალგაზრდებმა არჩევანი ძალოვნებზე გააკეთონ
  • პოტენციური სამეთაურო კადების და სპეციალისტების გამორჩევა, წინასწარი გაწვრთნა და სამხედრო კარიერისთვის მომზადება
  • აქტიური რეზერვის შევსება წინასწარ გაწვრთნილი კადრებით
  • კანონმორჩილი, პატრიოტი და შეგნებული მოქალაქის ჩამოყალიბება

თანამედროვე მსოფლიოს ახალგაზრდული გასამხედროებული ორგანიზაციები 1859 წელს დაარსებულ ბრიტანელ მოხალისეთა ორგანიზაცია Army Cadet Force -ს ეყრდნობიან. სწავლება ეფუძნება მსუბუქი-ქვეითის მომზადებას, რომელიც მორგებულია მოზარდის შესაძლებლობებზე. სამეთაურო უნარების ბუნებრივად მქონენი სამეთაურო და ინსტრუქტორების კურსებზე სწავლობენ დანაყოფის მართვას, ინსტრუქტაჟს, საველე ბანაკისა და ბრძოლის ველის მენეჯმენტს. ვიწრო სპეციალობით დაინტერესებულები (პირველი დახმარება, დრონის მართვა, მეკლდეურობა, ტექნიკა, კავშირგაბმულობა და ა.შ.) დამატებით მომზადებას გადიან სპეციალიზებულ სექციებში. შედეგად შეირაღებული ძალები იღებს მოტივირებულ მეთაურებს და სპეციალისტებს.

აღსანიშნავია, რომ ახალგაზრდების მომზადება იაფი ჯდება - საუბარია თავდაცვის ბიუჯეტის 0,05 - 0,2% -ზე, მაგრამ მარგი ქმედების კოეფიციენტი ძალიან მაღალი აქვს და „ფასი-ხარისხი“ შეფარდება თვალშისაცემია.

როგორ თანამშრომლობენ თავდაცვის უწყებასთან? ორგანიზაციები არიან ცალკე იურიდული პირები, დამოუკიდებლობის და მოხალისეობაზე დაფუძნებული ბუნებრივი ეფექტურობის შენარჩუნების მიზნით არ ხდება მათი ინტეგრაცია საჯარისო სისტემაში, მაგრამ იღებენ შეკვეთას და დაფინანსებას სახელმწიფოს ბიუჯეტიდან, ურთიერთმოქმედებენ ჯართან ერთად და მოიაზრებიან თავდაცვის მნიშვნელოვან კომპონენტად. როგორც წესი, მათ თავდაცვის სამინისტრო, პრეზიდენტი, ან სამეფო ოჯახი (სადაც მონარქიაა) მფარველობენ.

ზოგიერთ ქვეყანაში აქტიური რეზერვი, ან თავდაცვის სამინისტროს პარამილიტარული ორგანიზაცია (ესტონეთი, ინგლისი, პოლონეთი, ავსტრალია, ნორვეგია, კანადა და ა.შ.) ძირითადად ახალგაზრდული ორგანიზაციიდან ივსება. მაგალითისთვის ავიღოთ ლიეტუვა, სადაც 1919 წელს დაარსებულ Lithuanian Riflemen's Union ევალება მოქალაქეთა სამხედრო, სპორტული და კულტურული მომზადება. კავშირის წევრები მზად არიან როგორც შეიარაღებული, ასევე არა საომარი (noncombat) წინააღმდეგობისთვის. 1944-1953 წლებში ორგანიზაცია „ტყის ძმების“ სახელით მოქმედებდა და 15.000 -მდე საბჭოთა ჯარისკაცი და კოლაბორაციონისტი გაანადგურა. 2021 წლისთვის LRU-ს 12.000 აქტიური წევრი ყავს, საიდანაც 6.000 - მდე წევრი 11-18 წლის Young Riflemen -ია და LRU-ს უფროსი ასაკის მებრძოლების მიერ იწვრთნება. ორგანიზაცია აქტიურად თანამშრომლობს შსს-ს და საზღვრის დაცვის უწყებებთანაც.

ძალიან მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ LRU არაა არმიის რეზერვი და კლასკური საარმიო სტრუქტურა, ამ მიზნით ლიეტუვაში Lithuanian National Defence Volunteer Forces (ჩვენი ეროვნული გვარდიის ანალოგი) არსებობს. ხდება თუ არა ამოცანების დუბლირება და ფუნქციების გადაკვეთა? რა თქმა უნდა არა, ლიეტუვაში თავდაცვის სტრუქტურა ერთიან ლოგიკურ ხედვაშია მოქცეული და ყველა კომპონენტს თავისი ამოცანა აქვს ერთი სტრატეგიის ფარგლებში.

ჩემი აზრით ლიეტუველების მიერ პარამილიტარი მოხალისეების გამოყენება, ყველაზე ახლოს დგას ქართულ რეალობასთან, ჩვენს ფსიქოტიპთან და ეკონომიურ შესაძლებლობებთან. რახან საქართველო ვახსენე, სტატიაში ნახსენებ მოხალისეებს - სახელმწიფო სისტემებში ინტეგრაციის, კონტროლის, დისციპლინის და კანონმორჩილების კუთხით, არაფერი საერთო არ აქვთ 90 იან წლების ქაოსის დროს წარმოქმნილ უკონტროლო და ზოგ შემთხვევაში აშკარა კრიმინალური გადახრის მქონე შეიარაღებულ დაჯგუფებებთან. თანამედროვე ქართველ მოხალისეებს, რომლებსაც 14 წლიანი ისტორია აქვთ და ცარიელი ფურცლიდან მოუწიათ მოქმედება, დიდი შრომის გაწევა უწევთ 90-იან წლებში გაჩენილ სტერეოტიპების დასანგრევად. გასაგები რომ იყოს სხვაობა, ახალგაზრდული ლეგიონში 300-მდე აქტიური წევრია და 7 წლის მანძილზე არცერთი მათგანი არ დაუკავებია პოლიციას და ერთმანეთში კონფლიქტიც კი არ ჰქონიათ, ანუ საუბარი რადიკალურად სხვა, თანამედროვე ევროპაში მოქმედ ფორმაციაზეა.

რუსეთში ლეგიონის მსგავსი ორგანიზაცია „იუნარმია“ 2015 წელს შეიქმნა, მაგრამ უკვე 791.000 წევრი ყავს, კარგად ფინანსდება და თავდაცვის სამინისტროს კონკრეტულ შეკვეთებს ასრულებს. გულდასაწყვეტია, რადგან ჩვენთან უფრო ადრე დაიწყო, მაგრამ სათანადრო ყურადღება ჯერ კიდევ არ ექცევა.

მომზადების სპეციფიკა და ქართული რეალობა

ახალგაზრდა თავისუფალი დროის ნაწილს უთმობს სამხედრო-სალაშქრო საქმის შესწავლას და ხელი საერთოდ არ ეშლება სწავლაში, ან მუშაობაში. იგივეა რომ მოზარდმა იაროს ფეხბურთზე, ან რაგბზე, მაგრამ გაცილებით დაბალი ინტენსიობით და ტრამვის მიღების გაცილებით დაბალი შანსით. პრაქტიკული სწავლებები ტარდება შაბათ-კვირას, ხოლო საველე ბანაკები არდადაგების დროს. ასაკობრივი ჩარჩო რიგითი შემადგენლობისთვის 12-18 წელია, ანუ საბაზისო და სპეციალური მომზადება წვევემადელი ასაკის მოზარდებზეა გათვლილი, ხოლო ორგანიზაციის წევრი სიცოცხლის ბოლომდე შეუძლია იყოს. ფილტრაციის, უსაფრთხოების მაღალი ზომების და დღის წესრიგის სწორი ორგანიზების წყალობით ჯანმრთელობის დაზიანების ალბათობა დაბალია და ახალწვეულები ტრამვებს არ იღებენ.

თავდაცვის სამინისტრომ 2016 წლიდან ოფიციალურად დაიწყო თანამშრომლობა ლეგიონთან, მოხალისეებთან და მიუხედავად პანდემიით გამოწვეული სერიოზული შეფერხებებისა, 2020/21 წლები განსაკუთრებით ინტენსიური გამოდგა. დიდი იმედი გვაქვს, რომ თანამშრომლობა იმ სიმაღლეზე ავა, როგორიც სხვა ქვეყნებშია, რაც ძალიან გამოდგება, როგორც ახალგაზრდებს, ასევე ჩვენს თავდაცვის ძალებს და შსს-ს.

პაატა გიგაური 

www.legionerebi.com

www.facebook.com/legionerebi

https://www.sauliusajunga.lt/ (ლიტ)

https://www.facebook.com/nooredkotkad/ (ესტ)

27.04.2021
ნახვა 722

კომენტარები