მთავარი უსაფრთხოება რუსეთ-უკრაინის დაპირისპირების გაზაფხულის ფაზა

რუსეთ-უკრაინის დაპირისპირების გაზაფხულის ფაზა

21.04.2021
ნახვა 1033

მომდევნო თვეები ძალიან მნიშვნელოვანი იქნება რუსეთ-უკრაინის კონფლიქტში და ზოგადად მსოფლიო პოლიტიკისთვის, განსაკუთრებით დაცხება აგვისტო-სექტემბერში როცა ჩატარდება რუსეთ-ბელარუსის ერთობლივი დიდი მანევრები „ზაპად 2021“ და მაგ დროისთვის მხარეთა პოზიციები გარკვეული იქნება.

რუსეთმა, მხოლოდ ოფიციალური მონაცემებით 10-16 აპრილის განმავლობაში საბრძოლო მომზადების კუთხით ჩაატარა 14.000-ზე მეტი პრაქტიკული ღონისძიება 134 დიდ პოლიგონზე და 77 აეროდრომზე. გაიმართა 2.000-ზე მეტი სწავლება ჯავშანტექნიკის ტარებაში, აქედან 51% ღამით. სასწავლო ცენტრები დატვირთულია 59% -ით. შესრულდა 6.000-ზე მეტი გადმოხტომა პარაშუტიდან. ზღვაში იმყოფებოდა 90-ზე მეტი საბრძოლო გემი. სამხედრო დანიშნულების გადაზიდვებში ჩართული იყო 1.300 სატვირთო მანქანა, 2.000 ვაგონი და შესრულდა 1.000 ავიარეისი. ჯამში გადაზიდულია 130.000 ტონა ტვირთი. ახალგაზრდულმა სამხედრო-პატრიოტულმა ორგანიზაციამ რომელშიც 791.000 წევრია ჩაატარა 6 დიდი სწავლება და თავის რიგებში მიიღო 3.000 -ზე მეტი ახალი წევრი.

რუსეთის ჯარებში განუწყვეტლივ და დიდი ინტენსიობით იმართება სამხედრო შეჯიბრებები, სხვადასხვა სახის წვრთნები და საბრძოლო შესაძლებლობების მოულოდნელი შემოწმებები.

რუსეთმა 24 აპრილამდე აუკრძალა უცხოურ გემებს და თვითმფრინავებს შავი ზღვის 3 ზონაში შემოსვლა, ეს აიხსნება ჩრდილოეთის და კასპიის ფლოტების გემების და კატარღების მიახლოებით უკრაინის საზღვაო აკვატორიასთან. აღსანიშნავია, რომ მცურავი საშუალებების უმეტესობა სადესანტოა და საკმაოდ აძლიერებს რუსეთის შავი ზღვის ფლოტის საზღვაო-ქვეითების სადესანტო შესაძლებლობებს.

სოციალურ ქსელებით განუწყვეტლივ ვრცელდება ახალ-ახალი ეშელონების და ტექნიკის კოლონების უკრაინის მიმართულებით გადაადგილების კადრები. ყირიმსა და დონბასის მიმდებარედ მოეწყო რამდენიმე საველე ბანაკი, სატელიტურ ფოტოებზე ათასობით ერთეული ტექნიკა მოსჩანს. ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელის საგარეო საქმეთა და უშიშროების პოლიტიკის სფეროში ჯ. ბორელის განაცხადებით რუსეთმა უკრაინასთან „თავი მოუყარა დაახლ. 150.000 სამხედროს და ამ დროს დაცულები არ ვართ მოულოდნელობებისგან“.

დიპლომატიური ფრონტი

აშშ-ს ელჩი რუსეთში ჯ. სალივანი მომდევნო კვირას მიემგზავრება აშშ-ში კონსულტაციებზე. დღის წესრიგში დადგა პრეზიდენტების ჯ. ბაიდენის და ვ. პუტინის შეხვედრა, თუმცა ამ ეტაპზე კონკრეტული არაფერია. „როდესაც ეს შეთავაზება გაისმა, პოზიტიურად აღვიქვით და მიმდინარეობს რეალურად შექმნილი სიტუაციის კონტექსტში მისი შესწავლა“ - აცხადებს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო განცხადებაში, რომელსაც „აშშ-ს მტრულ მოქმედებაზე საპასუხო ზომები“ ჰქვია.

ჩეხეთმა დაადანაშაულა რუსეთი 2014 წელს ვრბეტიცეს სამხედრო საწყობის აფეთქებაში, რათა არ მომხდარიყო იარაღის მიწოდება უკრაინისთვის. ჩეხეთიდან გააძევეს 18 რუსი დიპლომატი, საპასუხოდ რუსეთიდან გააძევა 20 ჩეხი დიპლომატი. არაა გამორიცხული ჩეხური ლუდი უხარისხოდ გამოცხადონ და აკრძალონ რუსეთში შეტანა.

პოლონეთმა მოითხოვა 3 რუსი დიპლომატის გაძევება ვარშავიდან, რაზეც რუსეთმა განაცხადა რომ 5 პოლონელ დიპლომატს გააძევებს მოსკოვიდან.

ეტყობა რუსეთისთვის ორით მეტი დიპლომატის გაძევება პრინციპის ამბავია.

ბელარუსის ფაქტორი

პრეზიდენტმა ლუკაშენკომ სკანდალური განცხადება გააკეთა და დაადანაშაულა დასავლეთის სპეცსამსახურები მისი და მისი შვილების ლიკვიდაციის მომზადებაში. განცხადების თანახმად რუსეთის დახმარებით დაკავებულია რამდენიმე დივერსანტი და ეს უპასუხოდ არ დარჩებაო. ბოლო პერიოდში, ოპოზიციის მიერ მოწყობილი უშედეგო სახალხო გამოსვლების შემდეგ ბელარუსი მკვეთრად გადაიხარა რუსეთისკენ და თუ რუსეთმა ინტერვენცია დაიწყო უკრაინაში, არაა გამორიცხული რომ მინიმუმ საჰაერო სივრცე დაუთმოს.

უკრაინის პოლიტიკური ხელმძღვანელობა და გენერალური შტაბი ვალდებულები იყვნენ ბელარუსის მიმართულებისთვის განსაკუთრებული ყურადღება მიექციათ, რადგან ბელარუს-უკრაინის საზღვარი 1084 კილომეტრია და უკრაინის ჯარი ფიზიკურად ვერ გადაკეტავს მცირერიცხოვნების გამო, ბელარუსიდან ინტერვენციის შემთხვევაში უკრაინა გამოუვალ მდგომარეობაში აღმოჩნდება.

შეიძლება ეს საფრთხე და ზოგადად რუსეთის ინტერვენცია უკრაინაში ვინმეს ფანტასტიკის სფეროდ მიაჩნია, მაგრამ დიდი გეოპოლიტიკური ძვრების დროს ყველაფერი შეიძლება მოხდეს და ქვეყნის უსაფრთხოება ვისაც აბარია ყველაზე ცუდი სცენარისთვის უნდა იყოს მზად.

ენერგეტიკული და სატრანზიტო ომები

რუსეთი ასრულებს „ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ს (ივნის-ივლისში გერმანია შეძლებს გაზის მიღებას) და ცდილობს უკრაინა მთლიანად ჩახსნას ევროპის გაზის ტრანზიტიდან. რუსული გაზი სამხრეთის მიმართულებიდან უკვე მიეწოდება ბალკანეთის ქვეყნების ნაწილს ე.წ. „თურქული ნაკადის“ გამოყენებით - რომელიც ჯერჯერობით სრულად არ არის ამუშავებული, რაც დიდ ფინანსურ ზარალთან ერთად უკრაინის მნიშვნელობას კიდევ უფრო ამცირებს ევროპისთვის. მოსალოდნელია რომ, 2024 წლისთვის რუსული გაზის ტრანზიტი უკრაინის გავლით თითქმის განულდება.

ამასობაში ლატვიამ, ლიეტუვამ და პოლონეთმა უარი განაცხადეს რუსულ ელექტროენერგიაზე და ევროკავშირის ქსელში ეტაპობრივი ინტეგრაცია დაისახეს მიზნად. პოლონეთი ასევე ცდილობს თავი დააღწიოს რუსული გაზის იმპორტს ნორვეგიის და სხვა წყაროების დახმარებით. სანაცვლოდ რუსეთმა დაიწყო კალინინგრადში ელექტროსადგურების მშენებლობა, რათა ტრანზიტის ფული აღარ იხადოს და რუსეთისგან მოწყვეტილი კალინინგრადი ენერგეტიკულად თვითკმარი გახდეს.

ბელარუსმა შეწყვიტა ნავთობპროდუქტების ტრანზიტი ლიტუვას ქ. კლაიპედას გამოყენებით და იყენებს რუსულ პორტს. მიმდინარეობს სასუქების ტრანზიტის რუსეთისკენ გადამისამართებაც, რაც უახლოეს მომავალში ლიეტუვას დიდ შემოსავლებს დააკლებს.

ქვეყნები ცდილობენ შემოსავალი და დამოკიდებულების ხარისხი შეუმცირონ გეოპოლიტიკურ მოწინააღმდეგეებს, რაც ცივი ომის ფაზას ნიშნავს, რადგან ეკონომიური შემადგენელი აშკარად პოლიტიკურმა გადაწონა.

როგორც ჩანს, დასავლეთს ჯერ არ განუსაზღვრავს ყველასათვის გასაგები სტრატეგია როგორც უკრაინის, ასევე რუსეთთან დაკავშირებით. ჩემი აზრით, ერთი რამ ცხადია: არც აშშ და არც NATO არ ჩაერთვება რუსეთ-უკრაინის ომში და უკრაინას თავად მოუწევს ბრძოლის ველზე საკუთარი ინტერესების დაცვა. ეს მიდგომა რუსეთის წისქვილზე ასხამს წყალს, მაგრამ მეორე საკითხია რას აკეთებს დასავლეთი დიდი ომის პრევენციისთვის, ეს სავსებით შეუძლიათ და მალე გამოჩნდება რა შედეგით დასრულდება ძალისხმევა ამ კუთხით.

მომდევნო სტატიაში განვიხილავთ მხოლოდ სამხედრო შემადგენელს და გავაანალიზებთ რა შეიძლება მოხდეს იმ შემთხვევაში, თუ რუსეთი შეიჭრება უკრაინაში. 21 აპრილის გამოსვლაში პუტინმა განაცხადა რომ მოწინააღმდეგე ასიმეტრიულ პასუხს მიიღებს და ძალიან ინანებს, ხოლო წითელი ხაზებს რომელთა გადალახვას დასავლეთს არ შეარჩენენ, რუსეთი თავად განსაზღვრავს კონკრეტული სიტუაციის მიხედვით.

პაატა გიგაური

21.04.2021
ნახვა 1033

კომენტარები