მთავარი უსაფრთხოება რუსეთის ჯარი უკრაინის საზღვართან - ზაპად 2021 თუ მორიგი ომი

რუსეთის ჯარი უკრაინის საზღვართან - ზაპად 2021 თუ მორიგი ომი

02.04.2021
ნახვა 2325

2021 წელს აშშ-ს ოფიციალურმა დახმარებამ უკრაინისთვის შეადგინა $316 მლნ, რაც ბოლო 5 წლის რეკორდია, აქედან თავდაცვაზე მოდის $158,5 მლნ, რაც დაახლ. 2,5 ჯერ აღემატება წინა წლების მაჩვენებლებს. უკრაინა აპირებს 2035 წლისთვის მთლიანად შეცვალოს სამხედრო-საჰაერო ძალები და გადავიდეს დასავლურ ავიაციაზე, შესაბამისი წინადადებები უკვე მიღებულია აშშ-სა და საფრანგეთისგან. ბრიტანეთმა დაიწყო უკრაინის სამხედრო-საზღვაო ძალებისთვის გადასაცემი თანამედროვე სარაკეტო ხომალდების პროექტირება, სულ გეგმაშია 8 ერთეულის დამზადება. აშკარაა რომ წლიდან წლამდე იზრდება უკრაინის ჯარის პოტენციალი და საბრძოლო შესაძლებლობები, რაც რუსეთის შეშფოთებას იწვევს.

უკრაინის დასავლეთთან დაახლოების ფონზე, რუსეთმა გააქტიურა სამხედრო შემადგენელი და ბელარუსთან ერთად დიდი წვრთნები: „ზაპად 2021“ დაანონსა, რომელსაც მეორე - „სლავიანსკოე ბრატსტვო“ მოჰყვება. უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა რ. ხომჩაკმა 30 მარტს პარლამენტში გამოსვლისას განაცხადა რომ წვრთნების გამართვის მოტივით რუსეთმა უკრაინის საზღვრებთან განალაგა ახალი დანაყოფები, ოკუპირებულ დონბასში, ყირიმში და საზღვრის სიახლოვეს თავმოყრილია 28 ბატალიონის ტაქტიკური ჯგუფი. უკრაინის სარდლობა ვარაუდობს რომ დაახლ. 25 ტაქტიკური ჯგუფი კიდევ დაემატებათ, რაც საფრთხეს შეუქმნის უკრაინის სამხედრო უსაფრთხოებას. სოციალრ ქსელში ვრცელდება უკრაინის ჯარის ეშელონების ფოტო-ვიდეო მასალა რომლებიც დონბასისკენ მიდიან. ჯავშანტექნიკის დიდი კოლონების გადაადგილების კადრები ვრცელდება რუსეთის მხრიდანაც.

უკრაინის რადამ 30 მარტს მიიღო სამხედრო კომისარიატების რეფორმის კანონი, რომლის მიხედვითაც რეზერვისტების გამოძახება ქვედანაყოფებში მობილიზაციის გამოცხადების გარეშე იქნება შესაძლებელი, რაც აამაღლებს საფრთხეზე რეაგირების სისწრაფეს.

რუსეთის ჯარი უკრაინის მიმართულებაზე

უკრაინის მიმართულებაზე განლაგებულია რუსეთის შეიარაღებული ძალების ყველაზე ძლიერი და თანამედროვე შეიარაღებით შევსებული დასავლეთის და სამხრეთის სამხედრო ოლქები, რომელთა შემადგენლობაში 5 არმია, სადესანტო ჯარების და ავიაციის დიდი ნაწილი შედის.

ოფიციალური მონაცემებით 2020 წელს რუსეთის ჯარმა მიიღო ახალი, ან კაპიტალურად გარემონტებული ტექნიკის 3.800 ერთეული. აქედან 790 ერთ. ჯავშანტექნიკა; სარაკეტო, საარტილერიო და საზენიტო საშუალებების 760 ერთეული; 2.300 ერთ. საავტომობილო ტექნიკა; დაზვერვის 71 საშუალება, 31.157 ტონა საარტილერიო ჭურვები და ა.შ. ჯარებში ახალი ტექნიკის პროცენტული მაჩვენებელი მაღალია და სახეობების მიხედვით 60-80%-ს შეადგენს.

ამ ოლქებში ბოლო პერიოდში ჩატარებული და მიმდინარე რამდენიმე მსხვილი სწვლების ჩამონათვალი ასეთია:

  • იგეგმება აეროდრომის დაკავების მსხვილი საჰაერო-სადესანტო სწავლება, რომელშიც 1.500 მედესანტე, სატრანსპორტო თვითმფრინავები და სხვადასხვა ტიპის ვეტრმფრენები მიიღებენ მონაწილეობას. ამ ეტაპზე მიმდინარეობს თვითმფრინავებში Ил-76МД, სადესანტო საბრძოლო მანქანების განთავსებაში ვარჯიში.
  • კანტემიროვის დივიზიაში ჩატარდა რამდენიმე დღიანი სწავლება რომელშიც 250-ზე მეტმა ტანკმა (ძირითადად Т-80 და Т-80БВМ) მიიღო მონაწილეობა. სწავლება მიმდინარეობდა გართულებულ პირობებში და ეკიპაჟები ყოველ დღე 8 საათის განმავლობაში ასრულებდნენ სხვადასხვა ამოცანებს. ასეთივე წვრთნები ჩატარდა ნიჟეგოროდში, რომელშიც 150 ერთეული ჯავშანტექნიკა მონაწილეობდა.
  • საინჟინრო დანაყოფებმა მოაწყვეს 120 მეტრიანი გადასასვლელი მდ. დონზე. მონაწილეობა მიიღო 300-ზე მეტმა ჯარისკაცმა და 70 ერთეულმა სპეცტექნიკამ, მათ შორის საპონტონე-ხიდგადმდებებმა ПП-2005 და ПП-2009, მძიმე მექანიზირებული ხიდებმა ТММ-3М2 და მცურავმა ტრანსპორტებმა: ПТС. მანევრებში ჩართული იყვნენ სადაზვერვო-დივერსიული ქვედანაყოფები.
  • ნოვოროსიისკთან ახლოს ჩატარდა ჰაერსწინააღმდეგო ქვედანაყოფების სწავლება, რომელთა ამოცანა მედესანტეების დაცვა იყო შავი ზღვის მხრიდან მოსალოდნელი თავდასხმის მოსაგერიებლად. მონაწილეობდა 500 მეზენიტე.
  • ბელგოროდის რაიონში ჩატარდა სადაზვერვო-დივერსიული დანაყოფების წვრთნები მტრის ზურგში სამოქმედოდ.

ოფიციალური მონაცემებით რუსეთის ჯარში მხოლოდ 18-25 მარტის განმავლობაში საბრძოლო მომზადების კუთხით ჩატარდა 17,400 პრაქტიკული ღონისძიება, ამოქმედებული იყო 148 პოლიგონი, 332 თვითმფრინავი და ვერტმფრენი, ჩატარდა ჯავშანტექნიკის მართვის 2,400 მეცადინეობა (აქედან 52% ღამით), სასწავლო ცენტრები დატვირთული იყო 74%-ით, ზღვაში იმყოფებოდა 70 -ზე მეტი გემი და წყალქვეშა ნავი. სამხედრო გადაზიდვებში ჩართული იყო 1.200 სატვირთო ავტომობილი, 1.600 ერთ. სარკინიგზო ვაგონი და შესრულდა 700 ავიარეისი. სამხედრო-პატრიოტულ ორგანიზაცია „იუნარმიას“ შეემატა 3.400 წევრი. ეს ყველაფერი საბრძოლო მომზადების მაღალ ინტენსიობაზე მიუთითებს. მიუხედავად რთული ეკონომიური სიტუაციისა, რუსეთის მთავრობა სამხედრო ხარჯებს არ ამცირებს.

ოკუპირებულ დონბასში განლაგებული ე.წ. „დონეცკის და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების“ დანაყოფები ასევე გადიან ინტენსიურ მომზადებას. ნახევრად კონტროლირებადი ადგილობრივი ფორმირებების დრო წარსულს ჩაბარდა და რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა დონბასში ორი საარმიო კორპუსი ჩამოაყალიბა.

აღსაღნიშნავია რომ რუსეთში ტრადიციად იქცა საომარ სიტუაციასთან მიახლოებული შეჯიბრებების ჩატარება, რაც ამაღლებს მებრძოლების ოსტატობას და მოტივაციას. მაგალითად, ქ. ნოვოროსიისკთან მიმდინარეობს მედესანტეთა კონკურსი „ტაქტიკური მსროლელი“ სპორტის ახალ სახეობაში: „საარმიო ტაქტიკურ-სასროლო ხუთჭიდი“, რომელშიც თავის დანაყოფებში გამარჯვებული 12 საუკეთესო რაზმი მონაწილეობს და 5 სხვადასხვა ამოცანას ასრულებს. ნიჟეგოროდის რაიონში დასრულდა დასავლეთის ოლქის სატანკო არმიის შესარჩევი ეტაპი შეჯიბრისთვის „საჯარისო დაზვერვა“, რომლის მეორე ეტაპზე 40 ერთეული ჯავშანტექნიკა და 150-ზე მეტი სამხედრო მონაწილეობდა სხვადასხვა დანაყოფებიდან. დასავლეთის ოლქის რაზმმა გაიმარჯვა კონკურს: „სუვოროვის ნატისკის“ მოტომსროლელი ეკიპაჟების შეჯიბრის მეორე ტაპზე და ა.შ.

ეს შთამბეჭდავი მონაცემები დამაფიქრებელია, რადგან როგორც წესი, - ომის წინ სწორედ ასე იქცევიან სახელმწიფოები. ზემოთქმული მაინც არ ნიშნავს, რომ 2021 წლის აპრილ-მაისში აუცილებლად დაიწყება რუსეთის დიდი ინტერვენცია უკრაინაში, - 1 აპრილს 137.000 ახალწვეულის მიღება იწყება ჯარებში, რაც შრომატევადი და დროში გაწელილი პროცესია, თუმცა ამ მასშტაბის ოპერაციისთვის მზად რომ არიან შეუიარაღებელი თვალითაც ჩანს და გამორიცხული არაფერია, მითუმეტეს რუსეთისგან. ძალების კონცენტრაცია ხდება ყირიმში, დონბასთან, ჩერნიგოვი-სუმი-ხარკოვის და ბელარუსის მხრიდანაც კი, სწორედ ამიტომ სთხოვა უკრაინამ NATO-ს საჰაერო სივრცის ერთობლივი პატრულირება.

როგორც ჩანს ეს თვე საკმაოდ დაძაბული იქნება, რადგან რუსეთს გაზის მაგისტრალი „ჩრდილოეთის ნაკადი-2“ 95%-ით დასრულებული აქვს, დანიის ტერიტორიულ წყლებში მუშაობენ და 121 კილომეტრის გაყვანაღა დარჩათ. გერმანია მხარს უჭერს ამ პროექტს, ხოლო საფრანგეთი წინააღმდეგია და მოლაპარაკებებს აწარმოებს.

გადმოინაცვლებს თუ არა გეოპოლიტიკური და ეკონომიური დაპირისპირება უკრაინაში ბრძოლის ველზე, ეს უახლოესი თვეების განმავლობაში გამოჩნდება.

პაატა გიგაური

02.04.2021
ნახვა 2325

კომენტარები