მთავარი უსაფრთხოება სომხეთ-აზერბაიჯანის ენერგეტიკული თანამშრომლობის მითი

სომხეთ-აზერბაიჯანის ენერგეტიკული თანამშრომლობის მითი

ანუ როგორ აამოქმედა რუსეთმა ენერგეტიკული ზეწოლის ბერკეტი?
29.03.2021
ნახვა 662

გაზპრომი“ სომხეთს გაზს დროებით აზერბაიჯანის გავლით მიაწვდის

სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის, მთიანი ყარაბაღის ომის შემდეგ, რუსეთის შუამავლობით გაფორმებული ზავის კვალდაკვალ, კრემლმა მხარეებს შორის გარდაუვალი თანამშრომლობისთვის საჭირო პირობები შექმნა. სომხეთისთვის ბუნებრივი აირის მიწოდების მარშრუტის შეცვლით, მოსკოვმა მორიგი სახიფათო თამაში წამოიწყო.

16 მარტს, რუსულმა სახელმწიფო კომპანია „გაზპრომ–ექსპორტმა“ და აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანია „SOCAR“-მა, ხელი მოაწერეს მოკლევადიან ხელშეკრულებას რუსეთიდან სომხეთში აზერბაიჯანის გავლით ბუნებრივი აირის მიწოდების თაობაზე. აღნიშნული გადაწყვეტილება უკავშირდება „ჩრდილოეთ კავკასია-ამიერკავკასიის“ მაგისტრალური გაზსადენის რუსულ მონაკვეთზე დაგეგმილ სარემონტო სამუშაოებს, რომლის საშუალებით, რუსული გაზი სომხეთს საქართველოს გავლით მიეწოდებოდა.1 სომხეთში რუსული გაზის ტრანსპორტირების ახალი მარშრუტი 2021 წლის 18 მარტიდან 2021 წლის 15 აპრილამდე იმოქმედებს. სარემონტო სამუშაოების დასრულების შემდეგ, გაზის ტრანსპორტირება ძველი მარშრუტით, ისევ საქართველოს გავლით აღდგება.

სარემონტო სამუშაოების პერიოდში, რუსული გაზი აზერბაიჯანის ტერიტორიას გაივლის და საქართველოს საზღვრამდე მივა, საიდანაც ბუნებრივი აირი „წითელი ხიდის“ გაზმომარაგების სადგურიდან, „გაზპრომ სომხეთს“ სტანდარტულად მიეწოდება. ანუ საქართველოს ტერიტორიას გაზის მიწოდების მარშრუტის ცვლილება არ ეხება. თუმცა, თავად ის ფაქტი, რომ „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიაში“ (GGTC) სომხეთისთვის გაზის მიწოდების მარშრუტის შეცვლის შესახებ ინფორმაციას არ ფლობდნენ, გარკვეულ ჩრდილს აყენებს საქართველოს როლს რეგიონში ბუნებრივი აირის ტრანსპორტირების ჯაჭვში.

სომხეთისთვის მიცემული შანსი თუ ზეწოლის ბერკეტი?

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ ბაქო მზადააგადაფურცლოს მტრობის ფურცელირეგიონში და მეზობლებთან ითანამშრომლოს. თანამშრომლობის განვითარებას ემსახურება მთიანი ყარაბაღის ომის შემდეგ, რუსეთის შუამდგომლობით, მოსკოვში ხელმოწერილი შეთანხმებაც, რომლის საფუძველზეც, რეგიონში ყველა სატრანსპორტო კომუნიკაცია უნდა გაიხსნას. ხანგრძლივ იზოლაციაში მყოფი სომხეთისთვის, ეკონომიკური თვალსაზრისით, ეს ახალი შესაძლებლობებისთვის კარის გახსნას ნიშნავს. მეორე მხრივ კი, შეთავაზებული წინადადებები, შესაძლოა, ერევნისთვის პოლიტიკური მახე აღმოჩნდეს. აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ ამ შემთხვევაში, სომხეთს ფართო არჩევანის საშუალება არც აქვს.

აზერბაიჯანის გავლით რუსული გაზის სომხეთში ტრანსპორტირება, კავკასიაში „დიდი მშვიდობის პირველ მერცხლად“ უკვე შეფასდა. როგორც აზერბაიჯანში აშშ-ის ყოფილმა ელჩმა, მეთიუ ბრაიზამ აღნიშნა, ეს ნაბიჯი კიდევ ერთი ნიშანია იმისა, რომ აზერბაიჯანი ცდილობს დაეხმაროს სომხეთს რეინტეგრაციაში და ამით განკურნოს ომის ჭრილობები. უდაოდ, ეს არის ისტორიული ფაქტი, როცა 30 წლიანი პაუზის შემდეგ, სომხეთი და აზერბაიჯანითანამშრომლებენ. თუმცა, ამ თანამშრომლობის სარგებელს, მნიშვნელოვანი რისკებიც ახლავს თან. თუ გაზსადენზე სარემონტო სამუშაოები დროში გაიწელება, მოსკოვის ზემოაღნიშნული გადაწყვეტილების გეოპოლიტიკური მოტივები კიდევ უფრო ნათლად გამოიკვეთება.

სომხეთში შიშობენ, რომ „გაზპრომის“ მიერ ბუნებრივი აირის მიწოდების მარშრუტის შეცვლა წმინდა პოლიტიკური გადაწყვეტილებაა და ეს ნაბიჯი სომხეთს აზერბაიჯანზე დამოკიდებულს გახდის. სომხურ საზოგადოებაში გამოითქვა უკმაყოფილება, რომ რუსეთმა ისეთი სტრატეგიული რესურსის მიწოდება, როგორიც არის ბუნებრივი აირი, ქვეყნის მტერს მიანდო და სომეხ ერს კიდევ ერთხელ უღალატა.

საგულისხმოა, რომ გაზსადენ „ჩრდილოეთ კავკასია-ამიერკავკასიაზე“ სარემონტო სამუშაოები ადრეც ხშირად ჩატარებულა, მაგრამ სომხეთი მიწისქვეშა გაზსაცავებში არსებულ რეზერვებს ითვისებდა ან დამატებით აირის მოცულობას ირანიდან იღებდა. ამჯერად გადაწყდა, რომ მიწოდება ბევრად უფრო რთული და ძვირადღირებული სქემის მიხედვით განხორციელებულიყო: აზერბაიჯანიდან პირდაპირ სომხეთში გაზის მიწოდება ტექნიკურად შეუძლებელია, რადგან არ არსებობს შესაბამისი ინფრასტრუქტურა და ტრანზიტისთვის აუცილებელია საქართველოს ტერიტორიის გამოყენება. შესაბამისად, სატრანზიტო დერეფნის დაგრძელების გამო, აზერბაიჯანის გავლით სომხეთის გაზმომარაგება ეკონომიკურად გაუმართლებელია.

აღნიშნული ფაქტორების გათვალისწინებით, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ „გაზპრომის“ თამაშში შეყვანის გადაწყვეტილება, კრემლის მიერ რუსეთ-სომხეთ-აზერბაიჯნის სამმხრივი შეთანხმების ეფექტურობის დემონსტრირებას ემსახურება.

არსებობს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი - აზერბაიჯანიდან ნახიჭევანის მიმართულებით, სიუნიქის (ზანგეზური) სატრანსპორტო დერეფნის ამოქმედების გეგმა, რასაც სომხეთი ეწინააღმდეგება. 11 იანვარს, მოსკოვში ხელმოწერილი შეთანხმების თანახმად, აზერბაიჯანი სომხეთის სატრანსპორტო კომუნიკაციების გამოყენებით უნდა დაუკავშირდეს ნახიჭევანს, სომხეთი კი, აზერბაიჯანის ტერიტორიის გამოყენებით, სარკინიგზო კავშირს დაამყარებს რუსეთსა და ირანთან. 5 მარტს, სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა განაცხადა, რომ აზერბაიჯანის გეგმები ზანგეზურის დერეფნის შექმნის შესახებ, სამმხრივ შეთანხმებებს ეწინააღმდეგება. თავის მხრივ, ალიევი ხაზგასმით აცხადებს, რომ ზანგეზურის დერეფანი ხელშეკრულებების ნაწილია და სომხეთი მის განხორციელებას ხელს უშლის.

მოცემულ დაპირისპირებაში, ჩნდება ეჭვი, რომ „გაზპრომის“ ჩართვა წარმოქმნილ დავაში, შესაძლოა, ზეწოლის მექანიზმი იყო, რათა სომხეთი ნახიჭევანთან დამაკავშირებელი სარკინიგზო დერეფნის შექმნის თაობაზე დაიყოლიონ. კრემლის ტაქტიკა, გამოიყენოს ენერგეტიკული რესურსები რიგი სახელმწიფოების წინააღმდეგ პოლიტიკური წნეხის გასაძლიერებლად, სიახლეს უკვე არავისთვის აღარ წარმოადგენს.

რა მიიღეს გაზის ტრანზიტში ჩართულმა მხარეებმა?

გაზპრომის“ გადაწყვეტილება, საქართველოსთვის ფაქტობრივ მოცემულობას არ ცვლის, თუმცა ეს გარკვეული სიგნალია, შორეულ პერსპექტივაში, მისი სატრანზიტო ფუნქციის შესუსტების თაობაზე. აზერბაიჯანის მიერ სომხეთში რუსული გაზის ტრანზიტი კი არის გეოსტრატეგიული ნაბიჯი, რომელიც აზერბაიჯანისა და რუსეთის მთავრობებს კიდევ უფრო დააახლოებს, ხოლო სომხეთის წინაშე ბაქოს უპირატესობას კიდევ ერთხელ წარმოაჩენს.

სომხეთის გაზმომარაგება თუ აქამდე რუსეთ-საქართველოს ტრანზიტზე იყო დამოკიდებული, ახლა მათ რიცხვს აზერბაიჯანიც შეემატა, რაც ერევანს არც თუ სახარბიელო პოზიციაში აყენებს. მაგრამ ერევანი ამ სასიცოცხლოდ აუცილებელ რესურსზე პოლიტიკური მიზეზების გამო უარს ვერ იტყვის და ის უბრალოდ ფაქტის მძევალია. სამაგიეროდ, შექმნილმა სიტუაციამ, ერევანს გაზის წყაროების დივერსიფიკაციისკენ სერიოზული დაფიქრებისკენ უბიძგა. სომეხ ექსპერტთა შორის გაისმა მოსაზრება, რომ თხევადი გაზის მისაღებად სომხეთმა დახმარებისთვის აშშ-ს უნდა მიმართოს, რომლის ტრანსპორტირებას ფოთის პორტის მეშვეობით მოახდენენ.

რაც შეეხება რუსეთის ბენეფიტს, როგორც ყოველთვის, კრემლი ცდილობს წარმატებული მედიატორის მანტია მოირგოს და ყველა დაარწმუნოს მისი შუამავლობით მიღწეული სამმხრივი შეთანხმების ეფექტურობაში. გარდა ამისა, მოსკოვმა სამხრეთ კავკასიით დაინტერესებულ გლობალურ მოთამაშეებს დაანახვა, ვინ არეგულირებს რეგიონში თამაშის წესებს. სომხეთის ხელისუფლებისთვის ეს იყო მკაფიო გზავნილი, რომ სწორედ კრემლშია ქვეყნის კეთილდღეობის გასაღები, რის გამოც ერევანი მოსკოვის მითითებებს უსიტყვოდ უნდა დაემორჩილოს.

ანა ჯაფარიძე

1. „ჩრდილოეთ კავკასია-ამიერკავკასიის“ გაზსადენი ფარავს რუსეთის ტერიტორიის 137 კმ-ს, საქართველოს ტერიტორიის 263 კმ-ს, სომხეთის - 212,5 კმ-ს.

29.03.2021
ნახვა 662

კომენტარები