მთავარი პოლიტიკა აფხაზეთის კრიპტო-სამოთხე და მარტივად გამდიდრების ხიბლი

აფხაზეთის კრიპტო-სამოთხე და მარტივად გამდიდრების ხიბლი

ვინ მდიდრდება უკონტროლო „მაინინგით“ ოკუპირებულ აფხაზეთში?
21.03.2021
ნახვა 626

კრიპტობიზნესისგან შექმნილი ენერგოკრიზისი

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ოპოზიციური ძალები დე ფაქტო პრეზიდენტის გადადგომას ითხოვენ. პოლიტიკური ცვლილების მოთხოვნის მთავარი მიზეზი, ასლან ბჟანიას „პრეზიდენტობის“ 1 წლის განმავლობაში, თითქმის ყველა სფეროში გაუარესებული მდგომარეობაა. დამძიმებული სოციალურ-ეკონომიკური ვითარების ფონზე, კიდევ უფრო მწვავედ დგას ენერგომომარაგების საკითხი, რაც ადგილობრივი მოსახლეობის ყოველდღიურ პრობლემებს დამატებით ტვირთად აწვება. ენერგოკრიზისის გამო, ადგილობრივ მოსახლეობას დენი გრაფიკით მიეწოდება, თუმცა არსებული გრაფიკიც არასტაბილურია.

ენერგოკრიზისის გამომწვევ მიზეზებს შორის, გაუმართავ ინფრასტრუქტურასთან ერთად, კრიპტოვალუტის მოპოვების მიზნით, ელექტროენერგიის უკონტროლო მოხმარება სახელდება. კრიპტო-მაინინგი, ბოლო წლების განმავლობაში, დე ფაქტო მთავრობის თავსატეხად იქცა: მაინინგის აკრძალვისა თუ დაწესებული არაეფექტური სანქციების ფონზე, მაღალჩინოსანთა გამოკვეთლი ინტერესის გათვალისწინებით, ოკუპირებული აფხაზეთის ენერგოსექტორი უმძიმეს ვითარებაში აღმოჩნდა.

კრიპტო-მაინინგს ოკუპირებული აფხაზეთის მიერ მოხმარებული ენერგიის თითქმის მესამედი სჭირდება. 2016 წლიდან, აფხაზეთში ელექტროენერგიის მოხმარება 30%-ით გაიზარდა, ხოლო ე.წ. კრიპტოფერმების რაოდენობა დღეისათვის 600-ზე მეტს შეადგენს. მაინერები ჯამში ყოველთვიურად 40 მილიონ კილოვატ-საათ ელექტროენერგიას მოიხმარენ, თუმცა, ზოგიერთი ინჟინრის გათვლით, შესაძლოა ეს მონაცემები 120 მილიონ კილოვატ-საათსაც უდრიდეს.

2018 წელს, ჯერ კიდევ რაულ ხაჯიმბას „პრეზიდენტობის“ პერიოდში, ოკუპირებულ აფხაზეთში კრიპტოვალუტის მაინინგი აიკრძალა, თუმცა კრიპტომოწყობილობების იმპორტი დასაშვები იყო, რის გამოც, აკრძალულმა საქმიანობამ უფრო ფართო მასშტაბი შეიძინა. 2020 წლის შემოდგომაზე, უკვე ასლან ბჟანიას „მთავრობამ“ მაინინგის ლეგალიზება მოახდინა, ბიუჯეტის შევსების იმედით, მაგრამ უშედეგოდ. დე ფაქტო ხელისუფლებამ კრიპტოვალუტის მოპოვება ხელმეორედ, 2020 წლის დეკემბერში, დროებით, 1 ივნისამდე აკრძალა და „კრიპტო მეშახტეების“ წინააღმდეგ სანქციებიც გაამკაცრა, საპოლიციო რეიდებიც მოაწყო, მაგრამ მარტივად გამდიდრების საშუალებასთან ბრძოლას მნიშვნელოვანი შედეგი არ მოუტანია. ამჯერად, სიტუაცია იმ გარემოებამაც დაამძიმა, რომ „ენგურჰესი“ თებერვლიდან ოთხი თვით სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო შეჩერდა და აფხაზებს უფასო დენის მიღების საშუალება შეეზღუდათ, ხოლო რუსული ელექტროენერგიის მოხმარება საკმაოდ ძვირი უჯდებათ. არადა, ოკუპირებულ ტერიტორიაზე არსებულ უმძიმეს სოციალურ-ეკონომიკურ ვითარებაში, რასაც პანდემიის მიერ მოტანილი პრობლემებიც დაემატა, აფხაზეთის მოსახლეობის დიდი ნაწილისთვის კრიპტო-მაინინგი გადარჩენის ერთ-ერთი მთავარი საშუალება აღმოჩნდა.

ძირითადი ფაქტორები, რაც ხელს უწყობს აფხაზეთში კრიპტო-მაინინგის ფართოდ გავრცელებას:

  • რეგიონში გამრიცხველიანების სისტემა მოწესრიგებული არ არის, რის გამოც არარეგისტრირებული აბონენტების დაჯარიმება ვერ ხორციელდება;
  • ელექტროენერგიის ტარიფი მიზერულია - ფიზიკური პირებისთვის 0.4 რუბლი კილოვატ-საათში, რაც საშუალოდ, 1 თეთრია. ამას ემატება ენგურჰესიდან“ უსასყიდლოდ მიღებული დენის რაოდენობაც, რის გამოც მოსახლეობა ელექტროენერგი არაეკონომიურად ხარჯს.1 შედარებისთვის, რეგიონი, სადაც 250 ათასამდე ადამიანი ცხოვრობს, თითქმის იმდენივე ელექტროენერგიას მოიხმარს, რამდენსაც მილიონ-ნახევრიანი თბილისი;
  • მოსახლეობის ნახევარზე მეტი ელექტროენერგიის საფასურს არ იხდის. მომხმარებლების დავალიანება ე.წ. სახელმწიფო ენერგოკომპანია ჩერნომორენერგოს წინაშე, უკვე აჭარბებს 26.5 მილიონ დოლარს;
  • არაეფექტური სანქციები - ჯარიმა 2400 რუბლს (დაახლ. 110 ლარი) შეადგენს, ეს კი უმნიშვნელო თანხაა მაინინგის გზით მიღებულ შემოსავან შედარებით. „ჩერნომორენერგო“ შემოწმებების ფარგლებში აღმოჩენილ მაინერებს სისტემიდან თიშავს, მაგრამ მოგვიანებით, ისინი ენერგოქსელს თვითნებურად უერთდებიან და მუშაობას განაგრძობენ.

ვინ დგას კრიპტომაინინგის უკან?

12 მარტს,ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტს ცვლილებები უნდა შეეტანა „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“, რაც კრიპტოვალუტის უკანონო მოპოვებას ეხებოდა, თუმცა აზრთა უთანხმოების გამო, კანონპროექტის განხილვა გადაიდო. აღმოჩნდა, რომ სანქციების გამკაცრება ზოგიერთს კვლავ უტოვებდა მაინინგის გაგრძელების საშუალებას, ზოგს კი სანქციების ქვეშ აქცევდა. სადაო აღმოჩნდა კანონპროექტში თანამდებობის პირთათვის გათვალისწინებული სანქციები, რაც აღჭურვილობის კონფისკაციას არ ითვალისწინებდა.

აქ თანამდებობის პირთა პასუხისმგებლობის საკითხი განსაკუთრებით საინტერესოა, რადგან თითქმის მთელი „აფხაზური ელიტა“ სწორედ უკანონო მაინინგშია ჩართული. კრიპტოფერმების უდიდესი მფლობელები არიან ისინი, ვისაც აფხაზეთში გაკრვეული თანამდებობები უკავიათ და არსებული უკონტროლო ვითარება მათ სრულიად აკმაყოფილებთ.

დე ფაქტო ხელისუფლებაც და ოპოზიციაც მაინინგში ჩართული პირების ღიად დასახელებისგან თავს იკავებენ, თუმცა აკრძალულ საქმიანობაში ჩინოვნიკების ჩართულობას არ უარყოფენ. თავად დე ფაქტო პრეზიდენტი ბჟანიაც აღიარებს, რომ სახელმწიფო მოხელეების ნაწილი პრობლემაზე თვალს ხუჭავს, რადგანარავის გადამტერება არ სურს“. გასულ წელს იყო შემთხვევაც, როცა მაგალითად, ბჟანიას თანაშემწის რანგში, ლაშა საკანია რუსეთიდან კრიპტოვალუტის წარმოებისთვის საჭირო აპარატის კონტრაბანდულად შეტანისთვის დააკავეს. თუმცა, ეს იყო იმ იშვიათ შემთხვევებთაგანი, როცა თანამდებობის პირს ბიტკოინების წარმოებაში დემონსტრაციულად ხელი შეეშალა. უკანასკნელ პერიოდში, ბჟანია ცდილობს, რაც შეიძლება მეტი „კრიპტო მეშახტე“ გამოავლინოს, რადგან მოსახლეობის უკმაყოფილება ელექტროენერგიის დეფიციტის გამო, ყოველდღიურად იზრდება, ეს კი პირადად მისი საქმიანობის ეფექტურობას კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს. შესაბამისად, ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ხელისუფლება, რთული არჩევანის წინაშე დგას: მოსახლეობის ენერგოსაჭიროებებს გაუწიოს ანგარიში თუ ის ტოტი მოჭრას, რომელიც მას ასაზრდოვებს? ოქროს შუალედის დაჭერა, როგორც ჩანს, ბევრი მიზეზის გამო, პრაქტიკულად შეუძლებელია.

ადგილობრივი ჩინოვნიკების გარდა, რუსი ბიზნესმენებიც აქტიურად არიან ჩართულები აფხაზურ მაინინგში. მარტივად გამდიდრებისთვის შექმნილი იდეალური გარემო-პირობების გამო, რუსები მასიურად ცდილობენ თავიანთი .. ფერმები სწორედ აფხაზეთში გადაიტანონ.

გარდა ამისა, კიდევ ერთხელ გააქტიურდა აფხაზეთის ენერგობაზარზე რუსული კომპანიების დაშვების საკითხი. მოსკოვს ყოველთვის სურდა ოკუპირებული აფხაზეთის ენერგო ობიექტების პრივატიზაცია, მაგრამ ამ დრომდე, აფხაზები კრემლს წინააღმდეგობას უწევდნენ. მოსახლეობა შიშობს, რომ თუკი პრივატიზაცია დაიწყება, დენის ტარიფი აუცილებლად მოიმატებს და შესაძლოა, რუსულ ტარიფებსაც გაუტოლდეს. დღეისათვის არსებულ სიტუაციაში კი, ელექტროენერგიაზე გაზრდილი მოთხოვნისა და მწყობრიდან გამოსული ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის გათვალისწინებით, შესაძლოა, კრემლის დიდი ხნის ჩანაფიქრის ასრულებამდე, სულ ცოტა დრო რჩებოდეს.

ანა ჯაფარიძე

1 „ენგურჰესის“ კაშხალი საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზეა, სამართავი პულტი კი, აფხაზურ მხარეს. შეთანხმების თანახმად, „ენგურჰესის“ მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიის 60%-ს ქართული მხარე იღებს, 40%-ს კი აფხაზური მხარე, უსასყიდლოდ. ბოლო პერიოდში, აფხაზური მხარე სადგურის სიმძლავრის თითქმის ნახევარს მოიხმარს.

 

21.03.2021
ნახვა 626

კომენტარები

ასევე წაიკითხეთ

ორად გაყოფილი აფხაზური საზოგადოება

თბილისთან ურთიერთობის დათბობა თუ იზოლაციის პოლიტიკა?
4 თვე