მთავარი უსაფრთხოება თავდაცვის აქტი - ეროვნული თანხმობის პირველი პრეცედენტი საქართველოში?

თავდაცვის აქტი - ეროვნული თანხმობის პირველი პრეცედენტი საქართველოში?

17.03.2021
ნახვა 1436

ცვალებადი და ძალიან გართულებული საერთაშორისო გარემოს ფონზე, საქართველო მრავალი გამოწვევის წინაშე დადგა. ყარაბაღის ომმა მკვეთრად დაარღვია რეგიონალური სამხედრო ბალანსი, დაიწყო გავლენის სფეროების ხელახალი გადანაწილება კავკასიაში. პირდაპირი სამხედრო აგრესიის მაღალი რისკის ფონზე, ვალდებულები ვართ შევქმნათ ისეთი პოტენციალის მქონე თავდაცვის სისტემა და ძალები, რაც მინიმუმამდე დაიყვანს სამხედრო აგრესიის ალბათობას და დაუბრუნებს თავდაცვის ძალებს მის ძირეულ ფუნქციას: მოწინააღმდეგის შეკავებისა და ქვეყნის თავდაცვის ეფექტურ განხორციელება.

ოკუპაციის შედეგად საქართველო კარგავს ნორმალურად განვითარების შანსს და მტრის მიერ თავსმოხვეული პოლიტიკურ ნებით უწევს ცხოვრება. ჩვენი მწარე გამოცდილებიდან გამომდინარე ძალადობრივი ოკუპაცია ათწლეულები გრძელდება და მძიმედ აისახება რამდენიმე თაობაზე. მტრის ჭურვი და ტყვია არ არჩევს რომელ პარტიას, საგარეო ვექტორს ვუჭერთ მხარს და რა აღმსარებლობის ვართ, ის თანაბრად დაუნდობელია ყველას მიმართ, რადგან ქართული სახელმწიფოს განადგურებაა მისი ძირითადი ამოცანა.

საქართველო დროის გონივრულ მანძილზე, საკუთარი ძალებით ორგანიზებული თავდაცვის შესაძლებლობის გარეშეა დარჩენილი. აღნიშნული გარემოება სერიოზულ შემაფერხებელ ფაქტორს წარმოადგენს საქართველოს NATO-ში მიღების გზაზე, რადგან სუსტი და მოწყვლადი მოკავშირე პრობლემებს კი არ აგვარებს, არამედ ქმნის.

იმისათვის, რომ თავდაცვის ძალებმა შეძლონ მოწინააღმდეგის მოგერიება და მშვიდობიანი მოქალაქეების დაცვა, აუცილებელია ერთიანი სტრატეგიული ხედვის შემუშავება, სისტემის ხანგრძლივი სტაბილური განვითარება და მისი შესაბამისი რესურსებით უზრუნველყოფა.

უსაფრთხოების საკითხებზე მომუშავე ექსპერტებს შორის დიდი ხანია განიხილება ეროვნული თანხმობის პირველი დოკუმენტის მიღების შესაძლებლობა. იგი გულისხმობს საპარლამენტო პარტიებს შორის პოლიტიკური შეთანხმების მიღწევას თავდაცვის ძალების გრძელვადიანი განვითარების შესახებ და 8-10 წლიანი ხედვის „საქართველოს თავდაცვის აქტის“ პარლამენტში დამტკიცებას. საკანონმდებლო დონეზე, აქტით დაცული იქნება თავდაცვის სფეროს სტაბილურობა და ცალკე აღებული პარტია, თავდაცვის მინისტრი, ან თავდაცვის ძალების მეთაურობა ვერ შეცვლის თვითნებურად.

აღნიშნული ნაბიჯი საქართველოს უახლოეს ისტორიაში ეროვნული ინტერესების ირგვლივ პოლიტიკური კლასის აქამდე წარმოუდგენელი ერთიანობისა და თანხმობის დემონსტრირებას მოახდენს. შეიძლება ითქვას, რომ გაუთავებელი პოლიტიკური კაკაფონიით დაღლილი საქართველოს მოქალაქეებისთვის ეს დოკუმენტი ერთგვარი საჩუქარიც კი იქნება.

რას მოიცავს თავდაცვის აქტის ძირითადი პრინციპები?

  • საფრთხეებისა და გამოწვევების გათვალისწინებით თავდაცვის სისტემის, ძალთა და საბრძოლო შესაძლებლობათა დაგეგმვა
  • თავდაცვის ამოცანებისთვის დაფინანსების გაზრდა და გამოყოფილი თანხების მკაცრი კონტროლი
  • სამხედრო რეზერვის და სამობილიზაციო შესაძლებლობების (მათ შორის მარაგების) დადგენა-უზრუნველყოფა
  • სამხედრო და სამოქალაქო მოსამსახურეების უფლებების, კარიერული წინსვლის, ერთიანი და თანმიმდევრული ხედვის და პროცედურების შემუშავება
  • მოქალაქეთა მაქსიმალური ჩართულობის უზრუნველყოფა ქვეყნის დაცვაში

თავდაცვის აქტის მოსამზადებელ საგანგებო, დროებით კომისიას უნდა უხელმძღვანელოს პარლამენტის შესაბამისმა კომიტეტმა, რომელიც ჩართავს დარგის ექსპერტებსა და უზრუნველყოს მათ ტექნიკური პერსონალითა და მხარდაჭერით, იგი ვალდებული იქნება 6 თვეში დაასრულოს თავდაცვის აქტზე მუშაობა.

კომისიის ამოცანა იქნება თითოეული მიმართულების დეტალური განხილვა და ოპტიმალური გადაწყვტილების ასახვა თავდაცვის აქტში. მარტივად რომ ვთქვათ კომისიამ უნდა განსაზღვროს გვჭირდება თუ არა, მაგალითად სამხედრო ფლოტი და თუ გვჭირდება როგორი, რა დაფინანსებით, რა ამოცანები უნდა შეასრულოს და როგორ უნდა განვითარდეს მომდევნო წლების მანძილზე. უნდა დაარსდეს თუ არა ღია სასროლეთები და მსროლელთა კლუბები. რა თქმა უნდა, კომისიის მუშაობაში მონაწილეობას მიიღებენ დაინტერესებული პირები და სპეციალისტები, რომლებიც წარმოადგენენ საკუთარ არგუმენტებს.

აქტი განისაზღვრება გარკვეული პერიოდით (8-10 წელი) და უნდა მოიცავდეს: თავდაცვის ძალების სტრუქტურას, საჭირო საბრძოლო შესაძლებლობების მკაფიო დადგენას, თემატურ მიმართულებებზე განვითარების გეგმებს, აუცილებელ რესურსებსა და ფინანსურ უზრუნველყოფას, აქტის პერიოდული გადახედვის პროცედურებს და ა.შ.

აქტის რეალიზაციის შემთხვევაში თავდაცვის სისტემა მკვეთრად გაძლიერდება, გახდება შედეგზე ორიენტირებული, კარგად დაფინანსებული და მოქალაქეთა მაქსიმალური ჩართულობით უზრუნველყოფს „ტოტალურ თავდაცვას“!

თავს ნუ მოვიტყუებთ, დღევანდელ დღეს ჩვენს თავდაცვის ძალებს არ შეუძლიათ მასზე კონსტიტუციით დაკისრებული მოვალეობის შესრულება, ანუ სიმეტრიულ ომში მოწინააღმდეგის შეკავება. ამის მკაფიო და საჯარო მაგალითი სამხედრო ბიუჯეტების და მატერიალურ-ტექნიკური შესაძლებლობების შედარებაა მეზობელ სახელმწიფოებთან, რომლებსაც კარგ დაფინანსებასთან ერთად ომებში გამოცდილი მრავალრიცხოვანი ჯარები და სამობილიზაციო შესაძლებლობები აქვთ.

„თავდაცვის აქტი“-ს ტიპის დოკუმენტი დასავლური სამყაროსთვის უცხო არაა. მაგალითად: ბრიტანეთი, ავსტრალია, სკანდინავიის და ბალტიისპირეთის ქვეყნები ამ ტიპის შეთანხმებით ხელმძღვანელობენ. შვედეთის პარლამენტმა პირველი აქტი 1842 წელს გამოსცა. საინტერესოა აღინიშნოს რომ 2009 წლის აქტით მშვიდობიან დროს გაუქმდა საყოველთაო სამხედრო სამსახური და დარჩა მხოლოდ ომის შემთხვევაში, მაგრამ რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ 2015 წლის აქტით, 2017 წლიდან ისევ დაუბრუნდნენ საყოველთაო სამხედრო სამსახურს.

ამგვარად, ცივილიზებულ ქვეყნებში „თავდაცვის აქტი“ არის პოლიტიკური ნების რეალიზაციის ინსტრუმენტი თავდაცვის ძალებში, რომლებიც სწორედ ამ საპარლამენტო აქტის საფუძველზე ადგენენ კონკრეტულ სამხედრო გეგმებს. გვექნება თუ არა ეს ეფექტური სისტემა ჩვენთან, ამას დრო გვიჩვენებს. ჩემი აზრით, პოლიტიკური ელიტის სიმწიფის ხარისხის პირდაპირი მაჩვენებელი იქნება ამ აქტის მიმართ მათი დამოკიდებულება.

პაატა გიგაური

17.03.2021
ნახვა 1436

კომენტარები