მთავარი საგარეო პოლიტიკა „კონფუცის ინსტიტუტი“ და „კონფუცის ხუთეულების“ შექმნის პერსპექტივა საქართველოში

„კონფუცის ინსტიტუტი“ და „კონფუცის ხუთეულების“ შექმნის პერსპექტივა საქართველოში

13.03.2021
ნახვა 242

გლობალური ქსელი

კონფუცის ინსტიტუტების“ გლობალური ქსელი საერთაშორისო კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრთა გაერთიანებას წარმოადგენს, რომელიც ჩინეთის მთავრობამ ჩინური ენის საზღვარგარეთ გავრცელების მიზნით დააარსა. არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო იდეის“
მიერ 2020 წელს ჩატარებული კვლევის თანახმად, საქართველოში ინსტიტუტი „თავისუფალ უნივერსიტეტში“, „თბილისის ღია უნივერსიტეტსა“ და „ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში“ არის წარმოდგენილი. უახლოესი ინფორმაციის თანახმად კი, ამ ჩამონათვალს უკვე „ქუთაისის უნივერსიტეტიც“ დაემატება. „კონფუცის ინსტიტუტი“ სხვადასხვა საგანმანათლებლო და კულტურული პროგრამების გარდა სტუდენტებს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში სწავლასაც უფინანსებს. ზედაპირული დაკვირვების შედეგად, ჩნდება აზრი რომ ინსტიტუტი ერთმნიშვნელოვნად კეთილშობილურ საქმეს ემსახურება. თუ ეს მართლაც ასეა, მაშინ რატომ ხდება რომ ინსტიტუტის ფილიალები ერთმანეთის მიყოლებით იხურება ამერიკის შეერთებულ შტატებში, კანადაში, შვედეთში, საფრანგეთში, გერმანიაში, ბელგიაში და კიდევ მრავალ განვითარებულ ქვეყანაში. დახურვის ძირითად მიზეზებად, ინსტიტუტის მხრიდან ანტი დასავლური პროპაგანდის გავრცელება და რაც მთავარია მისი სადაზვერვო მიზნებისთვის გამოყენება სახელდება. ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოს განცხადებით, აშშ-ში კონფუცის ინსტიტუტის ძირითად მიზანს, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაზე მომუშავე აგენტურული ქსელის შექმნა წარმოადგენს. ბრალდება ნამდვილად სერიოზულია. უნდა ითქვას, რომ სხვადასხვა ქვეყნის სპეცსამსახურების მხრიდან, საგანმანათლებლო დაწესებულებები ინტერესის ობიექტს ყოველთვის წარმოადგენდა. მაგალითისათვის საკმარისია გავიხსენოთ ე.წ. კემბრიჯის ხუთეულის საქმე, რომელმაც მე-20 საუკუნეში მსოფლიოში უდიდესი ყურაღება გამოიწვია.

ტრაგიკული - „კემბრიჯის ხუთეული“

მე-20 საუკუნის პირველ ნახევარში, საბჭოთა კავშირის საგარეო დაზვერვის სამსახურების ყურადღება „კემბრიჯის უნივერსიტეტის“ ხუთმა სტუდენტმა მიიქცია. საბჭოთა სპეცსამსახურებმა განიზრახეს „ინვესტიცია“ განათლებულ და პერსპექტიულ ახალგაზრდებში ჩაედოთ. შედეგად მათ მოახერხეს კემბრიჯის უნივერსიტეტის 5 სტუდენტის: დონალდ მაკლინის, გაი ბარჯესის, ჰაროლდ (კიმ) ფილბის, ჯონ კენკორსისა და ენტონი ბლანტის საბჭოთა დაზვერვის სამსახურის რიგებში ჩაყენება. თუ დავაკვირდებით ამ ადამიანების მიერ ბრიტანეთში გაკეთებულ წარმატებულ კარიერას მივხვდებით თუ რა ტრაგიკულ შედეგებამდე მიიყვანეს დიდი ბრიტანეთი ამ ადამიანებმა. კერძოდ:

1) დონალდ მაკლინი - კარიერული დიპლომატი. კარიერის განმავლობაში მუშაობდა აშშ-ში ბრიტანეთის საელჩოში. ასევე მუშაობდა დიდი ბრიტანეთის ატომური განვითარების კომიტეტის მდივნად, რა დროსაც მოიპოვა წვდომა სრულიად საიდუმლო დოკუმენტებზე;

2) გაი ბარჯესი - კარიერის განმავლობაში მუშაობდა BBC-ს კორესპონდენტად, ბრიტანეთის დაზვერვისა და საგარეო საქმეთა სამინისტროს თანამშრომლად;

3) ჰაროლდ (კიმ) ფილბი - ბრიტანულ სპეცსამსახურებში სხვადასხვა პოზიციებზე მუშაობის შემდეგ მან ბრიტანეთის კონტრ-დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელის პოზიციასაც კი მიაღწია;

4) ჯონ კენკორსი - მუშაობდა ბრიტანეთის საჯარო სამსახურში სხვადასხვა პოზიციებზე. გადასცემდა საბჭოთა დაზვერვას ბრიტანეთის ატომურ პოლიტიკასთან დაკავშირებულ ინფორმაციებს;

5) სერ ენტონი ბლანტი - ისტორიკოსი. ბრიტანეთის სამეფო ოჯახთან დაახლოვებული პირი.

აღნიშნული მაგალითი ცხადყოფს, რომ საგარეო დაზვერვის სამსახურების ყურადღებას საგანმანათლებლო დაწესებულებები და მისი სტუდენტები ყოველთვის იპყრობდნენ. შესაბამისად არ არის გამორიცხული მაიკ პომპეოს განცხადება სრულიად სიმართლეს წარმოადგენდეს. მსგავსი სცენარის შემთხვევა მოვლენების ყველაზე ტრაგიკული მიმართულებით განვითარებას წარმოადგენს. რადგან, მაგალითისთვის „თავისუფალი უნივერსიტეტი“ რომელშიც „კონფუცის ინსტიტუტი“ მძლავრად არის წარმოდგენილი საქართველოს საუკეთესო უნივერსიტეტს წარმოადგენს და ქართული ახალგაზრდობის საუკეთესო კონტიგენტს იზიდავს. შესაბამისად, ჩინეთი თუ ამ მიმართულებით იმუშავებს, ანუ „კონფუცის ხუთეულების“ შექმნის მცდელობას ექნება ადგილი, დიდია შანსი ქვეყანაში სხვადასხვა კერძო თუ საჯარო უწყებებში მივიღოთ რბილად რომ ვთქვათ ჩინეთისადმი (კომუნისტური იდეოლოგიისადმი) ლოიალური ადამიანები, რამაც ქვეყნის უსაფრთხოებისა და საგარეო კურსს შესაძლებელია უდიდესი საფრთხე შეუქმნას.

წყარო: DOI: 10.7249/RR2798

ნაკლებად ტრაგიკული - „გავლენის აგენტები“

არსებობს მეორე, ნაკლებად ტრაგიკული მაგრამ ძალიან დამაზიანებელ მოვლენების განვითარების საფრთხე. კერძოდ ჩინეთის მიერ, საქართველოში ე.წ. გავლენის აგენტების (agents of influence) შექმნის სცენარი. ტერმინი ,,გავლენის აგენტი“ გულისხმობს პირს, რომელიც აყალიბებს საზოგადოებრივ აზრს ორგანიზაციებში, გავლენიან წრეებში, რათა ხელი შეუწყოს თავისი ქვეყნის მთავრობის მიზნების განხორციელებას. თუ გადავხედავთ ქართულ ონლაინ სივრცეს, ჩინეთისადმი კრიტიკული შეხედულების მოსაზრება თითქმის არ არსებობს, რაც ძალიან გასაკვირია. რატომ არის ეს საშიში? ჩინეთი ყველა ავტორიტეტული ადამიანის უფლებათა დაცვის ორგანიზაციის დასკვნით, ავტორიტარულ სახელმწიფოს წარმოადგენს. მაგალითისთვის რომ ვთქვათ, Alibaba-ს დამფუძნებელი, ჩინელი მილიარდერი ჯეკ მა ჩინეთის მთავრობის გაკრიტიკების შემდეგ ორი თვე უბრალოდ გაუჩინარდა. არავინ არ იცოდა თუ სად იყო ის. შესაბამისად საქართველოში მოქმედმა ჩინეთის „გავლენის აგენტმა“ შეიძლება თქვას, რომ ეს ნორმალურია. აღნიშნული კი, ჩვენი ქვეყნის განვითარების სტრატეგიასთან სრულიად შეუსაბამოა. შედარებისთვის 2021 წლის 6 იანვარს, დონალდ ტრამპის მხარდამჭერების მხრიდან კაპიტოლიუმზე განხორციელებული შეტევის გამო, სოციალურმა ქსელებმა Facebook, Twitter და Instagram იმ დროისთვის მოქმედ აშშ-ის პრეზიდენტს ანგარიშები დაუბლოკეს. ალბათ მარტივი გასაგებია რომ მსგავსი რამ რბილად რომ ვთქვათ არათავისუფალ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში სრულიად წარმოუდგენელია მოხდეს.

რა არის გამოსავალი? საქართველო არ უნდა გახდეს ჩრდილოეთ კორეა, იმ თვალსაზრისით რომ ქვეყანა ჩაიკეტოს და სტუდენტს არ ჰქონდეს უფლება ისწავლოს სხვადასხვა ქვეყნებში. რასაკვირველია უნდა ისწავლოს, მაგრამ უნდა იყოს ინფორმირებული. აუცილებელია ყველა ქართულ უნივერსიტეტში ისწავლებოდეს საგანი, რომელიც სტუდენტებს უცხო ქვეყნის სპეცსამსახურების საქმიანობის შესახებ საბაზისო ცოდნას მიაწოდებს. შედეგად სტუდენტი იქნება უფრო ინფორმირებული, შესაბამისად დაცული. შემცირდება შანსი იმისა, რომ ახალგაზრდამ მისი შეცდომისა თუ გულუბრყვილობის გამო არ დაუშვას შეცდომა და არ გახდეს მისი ქვეყნის მოღალატე.

ჯემალ გრძელიშვილი

13.03.2021
ნახვა 242

კომენტარები