მთავარი პოლიტიკა ორად გაყოფილი აფხაზური საზოგადოება

ორად გაყოფილი აფხაზური საზოგადოება

თბილისთან ურთიერთობის დათბობა თუ იზოლაციის პოლიტიკა?
09.03.2021
ნახვა 304

პოლიტიკური დაპირისპირება აფხაზეთში

ბოლო პერიოდში, ოკუპირებულ აფხაზეთში განვითარებული მოვლენები ცხადად წარმოაჩენს ორ ბანაკად გაყოფილი აფხაზური საზოგადოების განწყობას - ერთი მხარე თვლის, რომ ოკუპირებული აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარებამდე, საქართველოსთან არანაირი კავშირი არ უნდა დამყარდეს, მეორე მხარეს კი მიაჩნია, რომ თბილისთან ეკონომიკური ინტერაქცია აუცილებელია, რათა აფხაზების მომავალი მხოლოდ რუსეთის საბიუჯეტო დოტაციებზე არ იყოს დამოკიდებული.

ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტის, ასლან ბჟანიას პოზიცია საქართველოსთან ურთიერთობის გაუმჯობესების შესახებ, უკვე დიდი ხანია საზოგადოებისთვის ცნობილია და მმართველი ჯგუფის „საგარეო პოლიტიკური კურსის“ ერთ-ერთი ვექტორს წარმოადგენს. თბილისთან არაოფიციალურ დონეზე კავშირების აღდგენის სურვილი, განსაკუთრებით სავაჭრო-ეკონომიკურ სფეროში, ბჟანიამ არაერთხელ ღიად გამოხატა, თუმცა, ყოველთვის ხაზგასმით აღნიშნავდა, რომ „აფხაზეთის დამოუკიდებლობის“ ერთგული რჩება.

პატრიოტული სულისკვეთებით“ განმსჭვალული ოპოზიცია კი, დე ფაქტო პრეზიდენტისა და მისი გარემოცვის პოზიციას საქართველოსთან მიმართებაში, კატეგორიულად არ იზიარებს. ისინი ბჟანიას ქართული ინტერესების გატარებაში ადანაშაულებენ და მის განცხადებებს ერის ღალატად აფასებენ. „აფხაზეთის ეროვნული მოძრაობის“ მიერ გავრცელებულ წერილში აღნიშნულია, რომ მათ უკმაყოფილებას იწვევს დე ფაქტო პრეზიდენტ ასლან ბჟანიასა და ე.წ. უშიშროების საბჭოს მდივნის სერგეი შამბას მცდელობა, შექმნან საზოგადოებრივი აზრი, საქართველოსთან დიალოგის წარმოების აუცილებლობაზე. განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ ოპოზიციისთვის მიუღებელია კულუარული მოლაპარაკებები, ქართველი პოლიტიკოსების ანონიმური ვიზიტები სოხუმში, ე.წ. საგარეო პოლიტიკის კონცეფციაში საქართველოსთან ურთერთობის შესახებ ჩანაწერიც, რადგან თვლიან, რომ ის ხალხისგან მალულად იქნა მიიღებული. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, ოპოზიცია ამბობს, რომ ასლან ბჟანია ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ მოქმედებს და „წითელი ხაზები“ გადაკვეთა, შესაბამისად, მას აღარ აქვს მორალური უფლება, აფხაზეთის კონსტიტუციის შესაბამისად, შეასრულოს საკუთარი უფლებამოსილება.

აფხაზური „ოპოზიციის“ პროტესტი

2 მარტს, აფხაზურმა ეროვნულმა მოძრაობამგაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმად, დე ფაქტო პრეზიდენტ ასლან ბჟანიას ყოფილი თანაშემწე, ბენურ კვირაია და მისი ორი თანმხლები პირი, 25 თებერვალს, საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფებოდნენ და ეკონომიკურ სფეროში თანამშრომლობის მიზნით, მოლაპარაკებებს აწარმოებდნენ.

აღსანიშნავია, რომ განცხადებას წინ უსწრებდა სოციალურ ქსელში გავრცელებული ვიდეოჩანაწერი, სადაც ბენურ კვირაია, ქართველი მეგობრის სადღეგრძელოს სვამს და ამბობს, რომ თბილისთან ურთიერთობის დალაგებაა საჭირო.

ზემოაღნიშნულმა ინფორმაციამ რადიკალურად განწყობილი ოპოზიციური ძალების მწვავე პროტესტი გამოიწვია. 2 მარტს, სოხუმის ცენტრალურ მოედანზე, .. აფხაზური ოპოზიციური პარტიების 200-მდე მხარდამჭერი შეიკრიბა და ბენურ კვირაიას ვიზიტი გააპროტესტა. შეკრებილები ითხოვდნენ დეპუტატების აზრის დაფიქსირებას კვირაიას ვიდეოს შესახებ და ასევე კანონის მიღებას, რომელიც ოფიციალურ თუ არაოფიციალურ დონეზე, თბილისთან სავაჭრო ურთიერთობებს აკრძალავს.

თავად ბენურ კვირაიამ საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე ვიზიტი დაადასტურა და განმარტა, რომ ის არა პოლიტიკური, არამედ კერძო ვიზიტით იმყოფებოდა, „ბიზნესინვესტორების მოსაზიდად“. მას არგუმენტად მოჰყავს საქართველო-რუსეთის ურთიერთობა და აღნიშნავს, რომ „საქართველო, რომელსაც თავად არა აქვს რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობა, რუსეთთან ვაჭრობის კუთხით პირველ ადგილზეა“.

დე ფაქტო პრეზიდენტის ადმინისტრაციამ განმარტა, რომ კვირაია აღარ არის პრეზიდენტის თანაშემწე 2021 წლის 19 თებერვლიდან და მისთვის არავის დაუვალებია საქართველოსთან მოლაპარაკებების წარმოება. გარდა ამისა, დე ფაქტო პრეზიდენტის ადმინისტრაცია ოპოზიციის ბრალდებებს და „სახელმწიფოს მეთაურის“ შეურაცხყოფას, სამართლებრივი შეფასებით ემუქრება. შექმნილი ვითარების ფონზე, ასლან ბჟანია მოსკოვში გეგმიური სამედიცინო შემოწმების გასავლელად გაემგზავრა, რის გამოც დროებით გადაიდო ოპოზიციის მოთხოვნების განხილვა.

ვაჭრობა და რკინიგზა

რთული წარმოსადგენია, რომ ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტი, საკუთარი ინიციატივით, კრემლის ნებართვის გარეშე, ღიად საუბრობდეს საქართველოსთან ეკონომიკური კავშირების დამყარების შესახებ, თუნდაც არაფორმალურ დონეზე. კრემლი ოკუპირებული აფხაზეთის „დამოუკიდებელი“ ეკონომიკური განვითარების ამბიციებს საკუთარი ინტერესების სასარგებლოდ იყენებს. მოსალოდნელია, რომ თბილისთან სავაჭრო ურთიერთობის დამყარების სურვილს, მალე აფხაზეთის რკინიგზის აღდგენის საკითხიც მიებას.

სავარაუდოდ, სოხუმსა და თბილისს შორის ეკონომიკური ურთიერთობის აუცილებლობაზე მსჯელობა, სწორედ კრემლის სტრატეგიის ნაწილის ჰგავს, რათა ორმხრივად მომგებიანი სავაჭრო პერსპექტივით, ერთგვარი ფსიქოლოგიური ბარიერი დაამსხვრიოს როგორც აფხაზ მოსახლეობაში, ასევე დანარჩენ საქართველოში, შემდეგ კი რკინიგზის აღდგენა, აუცილებლობის მოტივით დააჩქაროს.

აფხაზეთის რკინიგზის აღდგენას და სამხრეთ კავკასიაში პირდაპირი სარკინიგზო მიმოსვლის დამყარებას, რუსეთი დიდი ხანია ლამობს, მაგრამ საქართველოს წინააღმდეგობა მოსკოვის გეგმებს აფერხებს. გათვალისწინებელია უკანასკნელ პერიოდში, რეგიონში შეცვლილი ვითარებაც, რაც მთიანი ყარაბაღის ომის შემდეგ რუსეთის ჩართულობით შეიქმნა და რის შემდეგაც, რეგიონული თანამშრომლობის ახალი ფორმატის საკითხი გააქტიურდა. „ექვსეულის პლატფორმის“ თუ „3+3“ თანამშრომლობის ფორმატი, რეგიონის ქვეყნებს შორის მჭიდრო სავაჭრო-ეკონომიკურ თანამშრომლობას გულისხმობს, და თუ მასში საქართველოც ჩაერთვება, დიდი ალბათობით, დღის წესრიგში აფხაზეთის რკინიგზის აღდგენის საკითხიც დადგება, როგორც აუცილებელი და პერსპექტიული სარკინიგზო მარშრუტი რუსეთ-საქართველო-სომხეთ-ირანს შორის ტვირთბრუნვის განსავითარებლად.

ამავე კონტექსტში საგულისხმოა 4 მარტს, სირიის რესპუბლიკაში ე.წ. აფხაზეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის, ბაგრატ ხუტაბას შეხვედრა ირანის სავაჭრო ცენტრის გენდირექტორსა და ირან-სირიის ერთობლივი სავაჭრო პალატის გენერალურ მდივანთან. მათ ოკუპირებულ აფხაზეთში ირანული პროდუქციის გამოფენის ჩატარების საკითხი განიხილეს და სავაჭრო ურთიერთობების განვითარების შესახებ მოსაზრებები გაცვალეს. როგორც ჩანს, ოკუპირებული აფხაზეთი ირანთან სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობის დამყარების გეგმებს უკვე აწყობს, რკინიგზის აღდგენის პერსპექტივა კი სამომავლოდ, პირდაპირ გაუხსნის გზას მათ ეკონომიკურ ამბიციებს.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ აფხაზეთის შიგნით ამბიციურ „პოლიტიკურ ძალებს“ შორის უთანხმოების გაღვივება, ისევ რუსეთის წისქვილზე ასხამს წყალს, რამდენადაც არაერთსულოვანი საზოგადოების მართვა ოკუპანტისთვის უფრო მარტივია.

ანა ჯაფარიძე

09.03.2021
ნახვა 304

კომენტარები