მთავარი უსაფრთხოება დაბანგული მოსკოვი - რუსეთის აფრიკული ვნებები

დაბანგული მოსკოვი - რუსეთის აფრიკული ვნებები

26.02.2021
ნახვა 706

ფოტო: CNN

 

სამოქალაქო ომისგან გაწამებულ ცენტრალური აფრიკის რეპუბლიკის დედაქალაქ ბანგიში თებერვლის ბოლოს სიტუაცია მკვეთრად გაუმჯობესდა, მართალია ქვეყანის 60%-ს მთავრობა ვერ აკონტროლებს, მაგრამ ქალაქის აღების საფრთხე და ბლოკადა მოიხსნა. დავიწყოთ თავიდან.

2003 წელს გენერალ ფ. ბოზიზეს მიერ მოწყობილ სამხედრო გადატრიალებას და გაპრეზიდენტებას სამოქალაქო ომი მოჰყვა, რომელიც 2013 წლის იანვარში სამშვიდობო შეთანხმებით დასრულდა, მაგრამ მარტში სუდანისგან წაქეზებულმა ჩრდ.-აღმოსავლეთში დისლოცირებულმა მუსულმანურმა "სელეკა"-მ შეტევა დაიწყო, ბოზიზე განდევნა დედაქალაქიდან და დაერია არამუსულმანებს, რომლებმაც თავის გადასარჩენად შეიარაღებული ფორმირება "ანტიბალაკა" შექმნეს. 2014-17 წლებში ძლივს მოხერხდა დაპირისპირებული მხარეების დაშოშმინება საფრანგეთის ჯარის და 2014 წელს შექმნილი გაეროს მანდატით მოქმედი MINUSCA -ს (სტაბილიზაციის მისია ცარ-ში) ძალით, რომელიც სხვადასხვა ქვეყნის 10.000 სამხედროსა და პოლიციელის აერთიანებს. აღსანიშნავია, რომ ამ მისიაში საქართველოს ეროვნული გვარდიის ოცეული წარმოადგენს.

4.5 მილიონიან მსოფლიოს უღარიბეს ქვეყანაში რომელიც ფართობით საფრანგეთზე დიდია 900.000 დევნილია, თითქმის არაა მოასფალტებული გზები, გასასვლელი არა აქვთ ოკეანეზე და არც რკინიგზაა. ალბათ ვერც დემოკრატიის და სამართლიანობის საქმეა კარგად, რადგან 2020 წლის 26 დეკემბრის არჩევნების შემდეგ პრეზიდენტ ფ. ტუადერას ჩამოგდება დაუპირეს ქრისტიანულ ჩრდილო-დასავლეთიდან დაძრულმა ოპოზიციურმა ფორმირებებმა (ყოფილი "ანტიბალაკა", იგვე "პატრიოტების კოალიცია ცვლილებებისთვის" - პკც). მათ გადაკეტეს კამერუნის საზღვარი, ანუ ერთადერთი სატრანსპორტო მაგისტრალი, ზედიზედ დაიკავეს ქალაქები და იანვარში ბანგის გარეუბნებსაც მოადგნენ, მოთხოვნა სტანდარტული იყო: გაყალბებული არჩევნების და სახელმწიფო კორუფციის გამო ხელისუფლება უნდა შეცვლილიყო.

რამდენიმე სამხედრო გადატრიალების მომსწრე ტუადერამ თადარიგი წინასწარ დაიჭირა, შეხვდა პუტინს და 2018 წლიდან რუსეთი გამოჩნდა რეგიონში. საინტერესოა, რომ მსგავსი რამ სსრკ-ს დროსაც კი არ მომხდარა. რუსეთმა ვაკუუმის შევსება გადაწყვიტა და რეგიონიდან საფრანგეთის გაძევება დაისახა მიზნად. მოსკოვმა ტუადერას მრჩევლად დაუნიშნა გრუ-ს ოფიცერი ს. ზახაროვი და გააგზავნა კერძო სამხედრო კომპანია ვაგნერის რამდენიმე ასეული მებძოლი ადგილობრივი ჯარის გასაწვრთნელად, პრეზიდენტის პირად დაცვაშიც რუსები არიან და გაეროს ნებართვით მიაწოდა ჯარს 5.000 ერთეული ავტომატი, რამდენიმე ასეული ტყვიამფრქვევი, ყუმბარმტყორცნი, 30-მდე ჯავშანმანქანა, ვაზნები და აღკაზმულობა. რუსეთის საჰაერო ძალების სატრანსპორტო თვითმფრინავები დღემდე ხშირად ჯდებიან ბანგიში, ჩააქვთ სამხედრო ტვირთები და დეკემბერში ჩაიყვანეს რუანდის ჯარის დამატებითი ჯავშანტექნიკა და ცოცხალი ძალა. ახალი მოკავშირეების დაჯგუფებამ უკუაგდო ოპოზიციის ფორმირებები ბანგიდან, ბრძოლით გაიარა 800-კმ, მთლიანად გაწმინდა მაგისტრალი და მოხსნა ბლოკადა. პკც-ს დანაყოფები დემორალიზდნენ და 24-26 თებერვალს მნიშვნელოვანი რაიონები ბოზუმი და ბოსანგოაც დაკარგეს, სადაც ალმასის ბევრი საბადოა.

რას აკეთებს რუსეთი ცარ-ში და რატომაა ასე დაინტერესებული სტაბილურობით ამ ქვეყანაში? ჩამოვთვალოთ მიზეზები:

1) მოსკოვი სერიოზულად არყევს რეგიონის ტრადიციული დომინიონის საფრანგეთის პოზიციებს და ცდილობს მინიმუმადე დაიყვანოს დასავლეთის ზეგავლენა მოსახლეობაზე.

2) ადგილობრივ მთავრობას მოევლინა მხსნელად და წესრიგის დამამყარებლად, რაც ბანდების თარეშისგან და სიღარიბისგან გადაღლილ ხალხში რუსეთის პოპულარობას ზრდის. ცარ-ის დაახლ. 3.000 იანი ჯარი ძალიან სუსტი და ფაქტიურად განიარაღებული იყო, ბანდებთან შეტაკებასაც ვერ უძლებდა. ეხლა კი რუსებთან ერთად მსხვილი ოპერაციების ჩატარება შეუძლიათ.

3) რუსეთი ცდილობს მოხსნას გაეროსგან მხარდაჭერილი სანქციები ცარ-ს როგორც იარაღის იმპორტზე, ასევე მადნეულის ექსპორტზე. რუსული კომპანიები სარფიან კონტრაქტებს ელიან ინფრასტრუქტურის და მადნეულის მოპოვების კუთხით, ხოლო სამხედრო-სამრეწველო კომპლექსი მიაწვდის ძვირადღირებულ შეიარაღებას ცარ-ს. ქვეყანა მდიდარია სასარგებლო წიაღისეულით, მაგრამ საბადოებს დიდ ნაწილს მთავრობა ვერ აკონტროლებს, ხოლო ქვეყნიდან ოფიციალური გატანა დამატებით ლიმიტირებულია სანქციებით.

4) რუსები აქტიურად მუშაობენ სუდანისგან მხარდაჭერილ ადგილობრივ მუსულმანებთან, რომლებიც არ ემორჩილებიან მთავრობას, თუმცა უკვე ითანამშრომლობენ. აღსანიშნავია, რომ სუდანში დაწყებულია რუსეთის სამხედრო-საზღვაო ბაზის მშენებლობა. მოსკოვი მოდერატორად გვევლინება თავის ახალ მოკავშირეებს შორის.

5) რუსეთი აქტიურად მუშაობს აფრიკის კავშირთან და გაეროსთან ცარ-ში მდგომარეობის გამოსწორების მიზნით, რაც ზრდის მის რეპუტაციას და ერთგვარ მომრიგებელ-მოსამართლედაც გვევლინება რეგიონში. აღსანიშნავია, რომ 2019 წელს პუტინმა სოჭში უმასპინძლა პირველ რუსულ-აფრიკულ სამიტს. მეორე სამიტი 2022 წელს იგეგმება: https://summitafrica.ru/

6) რუსეთი მიიღებს გაეროში კიდევ ერთ მხარდამჭერს

მოსკოვის ტრამპლინი

როგორც ჩანს, რუსეთი განიხილავს ცარს-ს როგორც ტრამპლინს თავისი გავლენის გასაფართოებლად ცენტრალური აფრიკის ქვეყნებზე. რუსეთი აქტიურად მუშაობს კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში ინფრასტრუქტურის და მადნეულის მოპოვების კუთხით. 2019 წლის მაისიდან კონგოს რესპუბლიკაში გაიგზავნა რუსეთის ჯარის ინსტრუქტორების და სპეციალისტების ჯგუფი. რუსეთის ატომური ენერგიის გიგანტი "როსატომი" 2019 წლიდან განიხილავს რუანდაში ატომური სამეცნიერო ცენტრის აშენებას, ხოლო რუანდის ჯარი მჭიდროდ თანამშრომლობს რუსეთის კსკ-სთან ცარ-ში.

მოსკოვი ცდილობს შეავსოს ვაკუუმი რომელიც შეიქმნა აშშ-ს და საფრანგეთის პასიურობის შედეგად ცენტრალური აფრიკის რამდენიმე ქვეყანაში. მართალია წიაღისეული, ალმასი და ოქრო რუსეთსაც ძალიან დიდი რაოდენობით აქვს და არც რუსეთის გზებია სრულად მოასფალტებული, მაგრამ იმპერიული ამბიციები არ ასვენებთ და როგორც პოეტმა ფ. ტუჩნევმა თქვა:

Умом - Россию не понять,

Аршином общим не измерить.

У ней особенная стать -

В Россию можно только верить

პაატა გიგაური

26.02.2021
ნახვა 706

კომენტარები