მთავარი პოლიტიკა ქართული პოლიტიკის პარადოქსული ლოგიკა ანუ ჩვენში ზამთარიც გაზაფხულია

ქართული პოლიტიკის პარადოქსული ლოგიკა ანუ ჩვენში ზამთარიც გაზაფხულია

22.02.2021
ნახვა 403

არჩევნების შედეგებმა პოლიტიკური კრიზისი საქართველოში კიდევ უფრო გააღრმავა. ბოიკოტი შემდგარი ფაქტია. ქვეყნას ერთპარტიული პარლამენტი ჰყავს. ოპოზიცია კი ქუჩის აქციებისთვის ემზადება. ქვეყნის შიგნით არსებული ვითარება თავის არსით კონფლიქტთან უფრო ახლოსაა ვიდრე კონკურენციასთან. მართალია, პოლიტიკური თამაშის წესები ფორმალურად გვაქვს, მაგრამ რეალურად მმართველი პარტია მას არ იცავს. პარტიასა და სახელმწიფოს შორის ზღვარი წაშლილია. საფუძვლიანი ეჭვი არსებობს, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, პოლიცია და ორგანიზებული დამნაშავეობა საარჩევნო ინსტრუმენტებად არის ქცეული.

საქართველოში პოლიტიკური თამაშის  წესების დარღვევის შემთხვევაში არ არსებობს დამოუკიდებელი ინსტიტუტი, რომელიც შეძლებს მხარის დარღვეული უფლების აღდგენას. ცნობილი ამერიკელი სტრატეგი, ედვარდ ლუტვოკი ფიქრობს, რომ საერთაშორისო ან შიდა კონფლიქტის დროს ე.წ. „პარადოქსული ლოგიკა“ მოქმედებს, რომლიც განსხვავდება სწორხაზოვანი ლოგიკისგან. პარადოქსული ლოგიკა საერთაშორისო თუ სამოქალაქო კონფლიქტების დროს მხარეებს უბიძგებს არასტანდარტული მოქმედებისკენ. იგი ბრძოლის დროს იშვა, მაგრამ მოქმედებს ტაქტიკის, სტრატეგიისა და პოლიტიკის დონეზე, ომისა და მშვიდობის დროსაც. "საღი აზრი" გვეუბნება, რომ პარლამენტში შესვლა და ტრიბუნიდან ბრძოლა ჯობია, მაგრამ კონფლიქტურ სიტუაციაში ეს გზა, შესაძლოა, არ იყოს ყველაზე „კარგი გზა“ მიზნის მისაღწევად, ვინაიდან ამ მოცემულობაში საპარლამენტო ტრიბუნიდან ბრძოლა ოპოზიციის ნაბიჯებს პროგნოზირებადს გახდიდა და საპარლამენტო უმრავლესობა მის „პირდაპირ შეტევებს“ იოლად მოიგერიებდა. პარლამენტში შესვლის შემდეგ ასევე, რთული იქნებოდა იმაზე საუბარი, რომ არჩევები გაყალბდა.

ბოიკოტი, თავის არსით, პარადოქსული ქცევა იყო, ვინაიდან ხელისუფლებისთვის მოულოდნელობის ეფექტი ჰქონდა, მაგრამ მის შედეგებს გამოყენება უნდოდა. ამისთვის კი, მოქმედება იყო საჭირო ანუ პოლიტიკური ბრძოლის გააქტიურება. ამის საპირისპიროდ გაერთიანებული ოპოზიცია შიდა დაპირისპირებაში ჩაეფლო, ზოგი ძალებისა და იმიჯის აღდგენით იყო დაკავებული, ნაწილი კი ხელისუფლებასთან მოლაპარაკებითა და პარლამენტში შესვლის გზების ძიებით. შედეგად, ოპოზიცია უფრო დასუსტდა, ვიდრე გასული წლის შემოდგომაზე იყო, შესაძლოა, ამ ფაქტორმაც იმოქმედა ივანიშვილის გადაწყვეტილებაზე და მეორედ „წავიდა“ საჯარო პოლიტიკიდან.

არ გადავიხდი და ვერ დამიჭერთ !!!

ოპოზიციის პასიურობის გამო საზოგადოებაში უკმაყოფილება ისმოდა. ამ სიტუციაში მათ მაშველად თავად ხელისუფლება მოევლინა, რომელმაც აღმოაჩინა, რომ ნიკა მელიას გირაოს თანხა არ ჰქონდა გადახდილი და მისი დაკავება გადაწყვიტა. ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტიის თავმჯდომარემ პროტესტისა და სამოქალაქო დაუმორჩილებლობის გზას მიმართა. მის აზრით, გაყალბებული არჩევნებისა და გავრილოვის ღამის შემდეგ მორალური უფლება არ ჰქონდა გირაო გადაეხადა. მელიამ ხელისუფლებას საჯაროდ განუცხადა: „არ გადავიხდი და ვერ დამიჭერთ“. ამას შედეგად მოჰყვა მისთვის სადეპუტატო იმუნიტეტის მოხსნა და სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა.

ნიკა მელიას დაპატიმრების მცდელობას, პრემიერ გიორგი გახარიას გადადგომა მოჰყვა. ეს ფაქტი ადასტურებს, რომ ბიძინა ივანიშვილის მიერ შექმნილ სისტემაში პრემიერ მინისტრი არის კვაზი ძალაუფლების მატარებელი. პრემიერი ვერ აკონტროლებს ძალოვნებს, ისინი დღესაც ივანიშვილს ემორჩილებიან. გახარიასგან დამოუკიდებლად მათ ნაციონალური მოძრაობის შტურმისთვის მზადება დაიწყეს. დაპირისპირება პრემიერსა და ძალოვნებს შორის დიდი ხანია გრძელდებოდა, გახარიამ მომენტი კარგად შეარჩია და გადადგა. მან პასუხიმგებლობა აღარ აიღო „გავრილოვის ღამის“ გაგრძელებაზე.

ნიკა მელიას მიერ განხორციელებულმა სამოქალაქო დაუმორჩილებლობის აქტმა, გააჩინა მოლოდინი, რომ შესაძლებელია ოლიგარქის მიერ სახელმწიფოს მიტაცების წინაამდეგ არაძალადობრივი ბრძოლა ეფექტიანი იყოს. დღეს, ვინც ღიად საუბრობს სამოქალაქო დაუმორჩილებლების შესახებ, არის ზურა ჯაფარიძე და ნიკა მელია. ისინი არ მარტო საუბრობენ, არამედ მოქმედებენ კიდეც.

სამოქალაქო დაუმორჩილებლების და არაძალადობრივი ბრძოლის თეორია ჩამოყალიბა ამერიკელმა მეცნიერმა ჯინ შარპმა. ის ცდილობდა პასუხი გაეცა კითხვაზე, თუ როგორ უნდა დავამარცხოთ დიქტატორული და ავტორიტარული რეჟიმები ისე, რომ არ შევქმნათ ახალი მონსტრი. შარპი წარმატების მისაღწევად ასახელებს რამდენიმე პირობას, რომელიც უნდა შესრულდეს, ეს არის გონივრული დიდი სტრატეგიის არსებობა, წინააღმდეგობის მოძრობის ქვეყნის შიგნით ფართოდ გაშლა, სამოქალაქო ინსტიტუტების გაძლიერება და საზოგადოების მორალის ამაღლება. ამ პროცესში ოპოზიციური პარტიები არ არიან ერთადერთი აქტორები, ასევე, მნიშვნელოვანია სამოქალაქო ორგანიზაციების ჩართვა წინააღმდეგობის მოძრაობაში. ივანიშვილის ავტორიტარიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში ოპოზიციამ და სამოქალაქო საზოგადებამ არ უნდა დაუშვან იგივე შეცდომა, რაც გავრილოვის ღამის შემდეგ მოუვიდათ -„პარტიები არ გვინდა“. ამით ისინი ხელისფლების პროპაგანდისტების ნარატივს აყვნენ, რის შედეგადაც მოძრაობა დასუსტდა. შარპი კი პირიქით ფიქრობს, წინააღმდეგობის მოძრაობის წარმატებისთვის ყველა თავისუფალი ინტიტუტი უნდა იქნეს გამოყენებული, მათ შორის: პარტია, პროფესიული გაერთიანებები, ეკლესია და ა.შ.

ჯ. შარპი ასევე სკეპტიკურად უყურებს საგარეო ფაქტორს. საერთაშორისო საზოგადოების ჩარევის იმედად ყოფნა მას გაუმართლებლად მიაჩნია. სხვა სახელმწიფოები მას შემდეგ ერევიან აქტიურად ქვეყნის შიდა საქმეებში, როც შიდა წინააღმდეგობა ფართოდ გაიშლება და პროცესები დაიწყება. საქართველოს შემთხვევაში, შესაძლოა, ჩარევა უფრო ეფექტიანი იყოს თუ გავითვალისწინებთ ჩვენს მჭიდრო ურთიერთობას ევროკავშირთან და ამერიკის შეერთებულ შტატებთან. ასევე, მხედველობაში უნდა მივიღოთ ის ფაქტიც, რომ ნიკა მელიამ დაიწყო წინააღმდეგობის მოძრაობა. მართალია, ის მაინც ერთი კონკრეტული შემთხვევაა, მაგრამ მნიშვნელოვანი შედეგი მოჰყვა - პრემიერი გადადგა.

ქვეყანაში განვითარებული მოვლენები ტოვებს იმის შესაძლებლობას, რომ ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის მოხერხდეს შეთანხმება საარჩევნო სისტემის რეფორმასა და ხელახალ არჩევნებზე. თუმცა არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ თანამედროვე ავტორიტარები და დიქტატორები ფორმალურად ატარებენ არჩევნებს და ქმნიან თავისუფალების ილუზიას. სინამდვილეში კი, ეს პროცესი მათ მიერ შერჩეული კანდიდატების „გათეთრების“ ოპერაციაა.

ლევან გეგეშიძე

ბიბლიოგრაფია:

. ლუტვოკი (2007) სტრატეგია, ომისა და მშვიდობის ლოგიკა.

G. Sharp (2010) From dictatorship to Democracy. A conceptual Framework for Liberation.

არჩილ გამზარდია, როგორ გაზომოთ დემოკრატი? ’’დიქტატურიდან დემოკრატიისკენ” ჯინ შარპის მიხედვით. ინტერდისციპლინარული კვლევები ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებებში. 2020 წ. თბილისი

22.02.2021
ნახვა 403

კომენტარები