მთავარი საგარეო პოლიტიკა რატომ ცდილობს ირანი კავკასიაში ახალი მისიის პოვნას და რა როლი შეიძლება ჰქონდეს საქართველოს ამ პროცეს

რატომ ცდილობს ირანი კავკასიაში ახალი მისიის პოვნას და რა როლი შეიძლება ჰქონდეს საქართველოს ამ პროცეს

15.02.2021
ნახვა 301

ყარაბაღის მეორე ომი, რომელიც 10 ნოემბრის სამშვიდობო შეთანხმებით დასრულდა, განსაკუთრებით მნიშვნელოვანი აღმოჩნდა ირანისთვის.

ირანი, ისევე როგორც თურქეთი ცდილობს რეგიონალური ლიდერი სახელმწიფოს როლის გამტკიცებას, განსაკუთრებით იმ ფონზე როდესაც ორივე სახელმწიფოს სერიოზული პრობლემები აქვს დასავლეთთან. მიუხედავად იმისა, რომ ირანი და თურქეთი ხშირად თანამშრომლობენ გარკვეულ საკითხებზე, (როგორებიცაა ეკონომიკა და ვაჭრობა, ისრაელის და ქურთების საკითხები და ა.შ.) ისინი მაინც ერთმანეთის კონკურენტები არიან და ნებისმიერ დროს შეიძლება სწრაფად შეიცვალოს ამ ორ სახელმწიფოს შორის ურთიერთობების დინამიკა.

ყარაბაღის მეორე ომში, რომელიც თურქულ-აზერბაიჯანული ალიანსის სამხედრო გამარჯვებით დასრულდა, თეირანის ჩართულობა და როლი მინიმალური იყო და შეიძლება ითქვას, რომ ის ერთგვარად თამაშგარე მდგომარეობაში აღმოჩნდა. კონფლიქტის მიმდინარეობის პროცესში ირანს რამდენჯერმე ჰქონდა პროცესებში ჩართვის და მონაწილეობის უშედეგო მცდელობა (არა სამხედრო თვალსაზრისით), როდესაც ჯერ კონფლიქტში აზერბაიჯანის მხარეს სუნიტი სირიელი ტერორისტების ჩართულობას აპროტესტებდა და შემდგომ, როდესაც კონფლიქტის ბოლო ფაზაში ცეცხლის შეწყვეტის საკუთარი ინიციატივით გამოვიდა.

 

ირანის მიდგომები კავკასიაში ძირითადად აგებულია ძალთა ბალანსის შენარჩუნების პოლიტიკაზე. თურქეთის გავლენების გაძლიერება და ყარაბაღში რუსული სამშვიდობო მისიის განთავსება ამ მიმართულებით ირანისთვის არსებული სტატუს-კვოს გაუარესებად შეგვიძლია მივიჩნიოთ. ირანისთვის განსაკუთრებით სენსიტიურია ანკარა-ბაქოს ალიანსის გაძლიერება და ამის ნათელი მაგალითი იყო 10 დეკემბერს, ბაქოში, გამარჯვების აღლუმზე პრეზიდენტ ერდოღანის მიერ აზერბაიჯანელი პოეტის ბახთიარ ვაჰაფზადეს ლექსიდან ციტატის გაჟღერება. ლექსი, რომელშიც საუბარია რუსეთისა და სპარსეთის იმპერიების მიერ აზერბაიჯანის ტერიტორიის გახლეჩვის შესახებ, ირანში საკმაოდ მტკივნეულად აღიქვეს და მასში ირანში მცხოვრები მილიონობით აზერბაიჯანელისთვის სეპარატიზმის წაქეზება ამოიკითხეს. ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი ამ შემთხვევას ტვიტერით გამოეხმაურა და თურქეთს სეპარატიზმის წახალისებასა და აზერბაიჯანის სუვერენიტეტში ჩარევაში დასდო ბრალი. ინციდიენტი მხოლოდ ოფიციალურ თეირანსა და ანკარის ანკარას შორის სატელეფონო საუბრის შემდეგ ამოიწურა, როდესაც თურქულმა მხარემ გააკეთა განმარტებები საკითხთან დაკავშირებით.

ყარაბაღის კონფლიქტის შედეგად წარმოქმნილი ახალი გეოპოლიტიკური რეალობის განსახილველად და მასში ირანის როლისა და პოზიციების გამოსაკვეთად, 2021 წლის 24 იანვრიდან 30 იანვრის ჩათლით, ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი მუჰამედ ჯავად ზარიფი სამუშაო ვიზიტით ბაქოს, ერევანს, მოსკოვს, თბილისსა და ანკარას ეწვია და შეხვედრები გამართა სახელმწიფოების ლიდერებსა და კოლეგებთან. ასევე, ვიზიტის დასასრულს ზარიფი ნახჭევანში ჩავიდა და იქაურ უმაღლესი ასამბლეის ხელმძღვანელს შეხვდა.

კავკასიური ტურნეს ძირითად მიზანს, ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული ცნობის მიხედვით, ქვეყნებს შორის ბილატერალური ურთიერთობების, ყარაბაღის ომის შემდგომ კავკასიის რეგიონში შეცვლილი გეოპოლიტიკური რეალობის და ერდოღანის ახალი კავკასიური პლატფორმის (ე.წ. 3+3 ფორმატი) განხილვა წარმოადგენდა.

ამასთან ერთად საგულისხმოა, რომ ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი კავკასიის რეგიონულ ტურნეს ნოემბრის თვეში გეგმავდა, თუმცა ვიზიტი გადაიდო, რისი სავარაუდო მიზეზიც აშშ-ის მომავალი საპრეზიდენტო არჩევნები იყო. ყარაბაღის ომის დასრულების და იქ თურქეთისა და რუსეთის გავლენების გაძლიერების შემდეგ, ირანის საკუთარი პოზიციების გასამყარებლად ახალი გარემოება სჭირდებოდა და ეს გარემოება აშშ-ის არჩევნებში ბაიდენის გამარჯვება შეიძლება აღმოჩენილიყო.

ირანელი დიპლომატი, ტურნეს ფარგლებში, პირველად ბაქოს ესტუმრა, სადაც პრეზიდენტ ალიევს შეხვდა და ტერიტორიების დაბრუნება და ოკუპაციის დასრულება მიულოცა. ეს ირანის საგარეო პოლიტიკის ახალი გზავნილი იყო, რადგან აქამდე თეირანი ერიდებოდა ყარაბაღის კონფლიქტში რომელიმე მხარის ღიად მხარდაჭერას. ზარიფმა, ასევე ისაუბრა ექვსეულის რეგიონალური თანამშრომლობის ინიციატივის შესახებ და პროექტის მიმართ ირანის დაინტერესება და მხარდაჭერა გამოხატა. ირანი ასევე ყარაბაღის კონფლიქტის დასრულების შემდეგ სატრანსპორტო დერეფნების განბლოკვას მიესალმა და ახალ ინფრასტრუქტურულ პროექტებში ჩართვის მზადყოფნაც გამოთქვა.

ირანელი უმაღლესი დიპლომატის შემდეგი გაჩერება მოსკოვი იყო, სადაც ის მის კოლეგას ლავროვს შეხვდა. აღსანიშნავია, რომ რუსეთის და ირანის ოფიციალური საგარეო საქმეთა სამინისტროების მიერ გამოქვეყნებული განცხადებები შეხვედრის დღის წესრიგის შესახებ განსხვავდება ერთმანეთისგან. რუსული მხარის მიერ გავრცელებული განცხადების მიხედვით საუბარი შეეხო მთელ რიგს საკითხებს და მათ შორის ყარაბაღის კონფლიქტის შედეგად წარმოქმნილი ახალი შესაძლებლობების განხილვას. ხოლო ირანული მხარის მიერ გავრცელებულ განცხადებაში მთავარი აქცენტი სწორედ ყარაბაღის საკითხზე იყო გადატანილი, რაც ადასტურებს ირანისთვის ამ საკითხის მნიშვნელობას. ირანი რუსეთის დახმარებით ცდილობს გაზარდოს მისი გავლენა რეგიონში, რადგან იცის რომ არც რუსეთს მოსწონს გაზრდილი თურქული გავლენები კავკასიაში და ირანის ჩართულობა შესაძლოა ძალთა ბალანსის უზრუნველყოფის მექანიზმად გამოიყენოს. ერევანში ვიზიტისას ზარიფმა ყარაბაღის კონფლიქტის მიმდინარეობისას ნათლად გამოკვეთა ირანის წითელი ხაზები, რაც სომხეთის ტერიტორიულ მთლიანობას და მისი საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ურყეობას უკავშირდება. ირანმა მკვეთრად დააფიქსირა, რომ არ დაუშვებს თურქეთისა და აზერბაიჯანის „ერთი ერი-ორი სახელმწიფოს“ პოლიტიკის სომხეთის შევიწროების ან ტერიტორიული მთლიანობის რღვევის ხარჯზე გაძლიერებას. კონფლიქტთან დაკავშირებული საკითხების გარდა, ძირითადი აქცენტი ზარიფმა ეკონომიკური კავშირების გაძლიერებაზე გააკეთა და რეგიონში შექმნილ ახალ შესაძლებლობებზე ისაუბრა.

28 იანვარს, მინისტრი ზარიფი საქართველოში ჩამოვიდა და საქართველოს პრეზიდენტსა და პრემიერ მინისტრს შეხვდა, ასევე სატელეფონო საუბარი ჰქონდა მის კოლეგა დავით ზალკანიანთან, რომელიც კორონავირუსით ინფიცირების გამო იზოლაციაში იმყოფებოდა. ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს გავრცელებული განცხადების მიხედვით, შეხვედრებზე საუბარი შეეხო ორმხრივი თანამშრომლობის საკითხებს, მათ შორის ირანის საბანკო სექტორზე დაკისრებულ შეზღუდვებს, ირანელი მოქალაქეების მდგომარეობას საქართველოში, ირანელი და ქართველო სატვირთოს მძღოლებისთვის საზღვარზე არსებულ პრობლემებს და ყარაბაღის კონფლიქტის შემდეგ შექმნილ ახალ გეოპოლიტიკურ ვითარებას.

თურქეთის პრეზიდენტ ერდოღანის მიერ გაჟღერებული 3+3 ინიციატივა როგორც მოსალოდნელი იყო მიუღებელი აღმოჩნდა ქართული მხარისთვის და ამის შესახებ მკაფიო პოზიცია საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ ლაშა დარსალიამ დააფიქსირა, სადაც ის გამორიცხავდა რუსეთთან რაიმე სახის ერთობლივ ფორმატში მონაწილეობას ამ უკანასკნელის მხრიდან საერთაშორისო ვალდებულებების შეუსრულებლობისა და საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის პირობებში. თუმცა, აღსანიშნავია, საქართველოში ირანის ელჩის აკბარ ყასემის მიერ მინისტრ ზარიფის ვიზიტამდე გავრცელებული განცხადება, სადაც ის საუბრობს რუსეთის ჩართულობის გარეშე, 1+3 ფორმატის შესაძლებლობებზე, რომელშიც მონაწილეობას მიიღებს ირანი და ამიერკავკასიის სამი რესპუბლიკა - საქართველო, სომხეთი და აზერბაიჯანი.

ამ მიმართულები განსაკურებით მნიშვნელოვანი და საყურადღებოა ირანელი დიპლომატის მიერ გაკეთებული განცხადება სატრანზიტო დერეფნის შესახებ, რომელმაც შესაძლოა შავი ზღვა და სპარსეთის ყურე დააკავშიროს. აღმოსავლეთ-დასავლეთის სატრანზიტო დერეფნისთვის ჩრდილოეთ-სამხრეთული დერეფნის რუსულ-ირანული ალტერნატივის დაპირისპირება სიახლეს არ წარმოადგენს, თუმცა შავი ზღვისა და სპარსეთის ყურის სატრანზიტო დერეფანი შესაძლოა სულ სხვა მნიშვნელობისა და დატვირთვის ინიციატივა იყოს, განსაკუთრებით საქართველოსთვის.

 

როგორც ჩანს ირანში არსებობს ზომიერი ოპტიმიზმი ბაიდენის ადმინისტრაციის პირობებში აშშ-სთან ურთიერთობის შედარებით ნორმალიზების და ბირთვულ შეთანხმებაში აშშ-ის დაბრუნების შემდეგ ეკონომიკური სანქციებისა და შეზღუდვების შემსუბუქების თაობაზე (იხილეთ ზარიფის ინტერვიუ CNN -თან). თუ საქართველოს კონტექსტში აქამდე ძირითადად საუბარი იყო რუსეთ-ირანის სარკინიგზო დამაკავშირებელ ხაზზე, რომელსაც აფხაზეთზე უნდა გაევლო, ამჯერად შავი ზღვის მარშრუტის შემოტანა დისკუსიაში შესაძლოა ირანის მხრიდან მიდგომების გადაფასებაზე მიუთითებდეს. თუმცა, იმ შემთხვევაშიც კი თუ ირანის ოპტიმიზმი სრულიად გამართლდება, ძნელად წარმოსადგენია, რომ საქართველომ შეძლოს ამ ეკონომიკური და სატრანზიტო პოტენციალის გამოყენება, რადგან ქვეყანას ჯერ ისევ არ აქვს ის აუცილებელი სტრატეგიული ინფრასტრუქტურა, რასაც შეუძლია მნიშვნელოვანი როლის ითამაშოს როგორც აღმოსავლეთ-დასავლეთის სატრანზიტო დერეფნის, ისე შავი ზღვისა და სპარსეთის ყურის მარშრუტის დაკავშირებაში - საუბარია ანაკლიის პორტზე, რომელიც ვისთვის გაუგებარი და ვისთვის გასაგები მიზეზების გამო შეაჩერა ქართული ოცნების ხელისუფლებამ.

ყოველ შემთხვევაში, ცხადია რომ, რეგიონის სამივე დიდი მოთამაშე, ირანი, თურქეთი და რუსეთი აშშ-ის სანქციების ქვეშ იმყოფებიან (სხვადასხვა სიმძიმით) და აშშ-ში ადმინისტრაციის ცვლილება ყველაზე მომგებიანი შესაძლოა სწორედ ირანისთვის აღმოჩნდეს. ბაიდენის ადმინისტრაციას უკვე ჰქონდა პირველი დაპირისპირება რუსეთთან ნავალნის საკითხთან დაკავშირებით, როდესაც აშშ-ის ახალმა სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა, ღიად დაგმო რუსი ოპოზიციონერის დაკავება და მისი უპირობო და დაუყოვნებლივი განთავისუფლება მოითხოვა. ასევე, აშშ-ის ახალი ადმინისტრაციის პირობებში სავარაუდოა რომ მეტი აქცენტი გაკეთდება თურქეთში დემოკრატიის ხარისხზე. ტრამპის ადმინისტრაცია თურქეთის მიმართ, რუსული S-400-ების შესყიდვის გამო სანქციების დაწესების მიუხედავად, საკმაოდ ლმობიერი იყო. ამ ფონზე, აშშ-ის ბირთვულ შეთანხმებაში დაბრუნების პერსპექტივა, ირანისთვის ახალ შესაძლებლობებს ხსნის, განსაკურებით ეკონომიკური მიმართულებით, რადგან მას უჩნდება პერსპექტივა აღადგინოს ეკონომიკური კავშირები ევროპისა და ამერიკის მიმართულებით.

სწორედ, ერთი მხრივ, ყარაბაღის ომის შემდეგ შეცვლილ გეოპოლიტიკურ ვითარებაში საკუთარი როლისა და შესაძლებლობების პოვნის მცდელობით, და მეორე მხრივ, აშშ-ში ბაიდენის ადმინისტრაციის მოსვლის შემდეგ მოსალოდნელი ურთიერთობების გაუმჯობესების შედეგად გაჩენილი ახალი შესაძლებლობების გამოყენების სურვილით შესაძლოა აიხსნას ირანის გააქტიურება კავკასიის რეგიონში. ირანს სურს დააბალანსოს თურქეთის გავლენა კავკასიის რეგიონში და ამავდროულად რეგიონში შექმნილ ახალ ეკონომიკურ შესაძლებლობებთან მიმართებით თამაშგარე მდგომარეობაში არ დარჩეს.

რეგიონში შეცვლილ ამ გეოპოლიტიკური რეალობაში, საქართველოსთვის, როგორც არასდროს, მნიშვნელოვანი კიდევ უფრო განამტკიცოს კავშირები დასავლელ პარტნიორებთან. თურქეთის მიერ შემოთავაზებული კავკასიური ექვსეულის პლატფორმა, რომელიც რუსეთმა და ირანმა მეტწილად რეგიონიდან დასავლეთის განდევნის და რეგიონული აქტორების როლის კიდევ უფრო გაძლიერების მიზნით აიტაცეს, სწორედ ამის დასტურია. კავკასიის რეგიონში სახელმწიფოებს შორის ურთიერთობებს ძირითადად დიდი რეგიონალური სახელმწიფოების ინტერესები განსაზღვრავენ, რაც ხშირად არათუ ღირებულებების, არამედ ეკონომიკური კავშირების უგულებელყოფასაც გულისხმობს ძალის პრიმატის სასარგებლოდ. შესაბამისად, საქართველოს მისი სუვერენიტეტის დასაცავად და დემოკრატიის განსამტკიცებლად, სჭირდება ძლიერი ღირებულებითი მოკავშირე და ასეთი ამერიკის შეერთებული შტატები და ევროკავშირი შეიძლება იყოს. თუმცა, რა თქმა უნდა ეს არ გამორიცხავს რეგიონულ სახელმწიფოებთან ეკონომიკური თუ სხვა სახის კავშირების განვითარებას და გაღრმავებას, უბრალოდ ისტორია და პოლიტიკის ლოგიკა გვასწავლის, რომ ამ რეგიონში საქართველო ძლიერი დასავლური მხარდაჭერის გარეშე დამოუკიდებლობისა და განვითარების რეალური შანსები პრაქტიკულად არ აქვს.

დავით ნაროუშვილი

15.02.2021
ნახვა 301

კომენტარები