მთავარი უსაფრთხოება როგორი შეიარაღებული ძალები შეძლებს ქვეყნის დაცვას? ფიქრები ახალ სისტემაზე

როგორი შეიარაღებული ძალები შეძლებს ქვეყნის დაცვას? ფიქრები ახალ სისტემაზე

13.02.2021
ნახვა 2054

ფოტო: საქართველოს თავდაცვის სამინისტრო

 

გეოგრაფიული მდებარეობის გამო საქართველო ძლიერი მოთამაშეების ინტერესების გადაკვეთაზეა. მათი დაპირისპირება ხშირად, პატარა ქვეყნების პოლიტიკური ნების სამხედრო ძალით შეცვლით სრულდება. კავკასია დენთით სავსე კასრია, ჩვენთან თავმოყრილია როგორც სიმეტრიული, ასევე ასიმეტრიული საფრთხეების სრული სპექტრი. სამხედრო ძალა კვლავ რჩება საგარეო პოლიტიკის ინსტრუმენტი რეგიონში.

ამ რთულ პირობებში ვალდებულები ვართ თავდაცვა უმაღლეს ნიშნულამდე განვავითაროთ. ეს საკითხი ბევრ სფეროს მოიცავს (ეკონომიკა, განათლება და ა.შ.), მაგრამ შევეცადოთ პასუხი გავცეთ ჩვენთვის აქტუალურ შეკითხვებს: როგორც დავიცვათ იარაღით ხელში ეროვნული ინტერესები და ფასეულობები საფრთხეებისგან? რა საშუალებები და ორგანიზების, როგორი მოდელია საჭირო ამ საფრთხეების თავიდან ასაცილებლად? საგარეო ფარი მნიშვნელოვანია, მაგრამ ყარაბაღის 44 დღიანმა ომმა დაგვანახა, რომ პატარა ქვეყნების ინტერესების გათვალისწინება დიდი მოთამაშეების მიერ ხშირად არ ხდება და ძალა წყვეტს პრობლემას. ძლიერი ჯარი საომრად კი არა, სწორედ ომის თავიდან ასარიდებლად არის საჭირო, ანუ სომხეთს არსებული საფრთხეებისადმი ადექვატური ჯარი რომ ჰყოლოდა, აზერბაიჯანი არ დაიწყებდა ამ ოპერაციას, ან თუ დაიწყებდა, პოლიტიკურ მიზანს ვერ მიაღწევდა.

ჩვენს ირგვლივ შექმნილია ორი მძლავრი სამხედრო ბლოკი: რუსეთ-სომხეთის და თურქეთ-აზერბაიჯანის. რომელიმე მეზობელთან ღია სამხედრო დაპირისპირება გამოიწვევს ჩვენი თავდაცვის ძალების ბოლო თაობის ომში ჩართვას, რომელიც თანამედროვე სამხედრო აზრისა და ტექნიკის გამოყენებით იქნება წარმოებული. სომხების შეუპოვარი წინააღმდეგობა და დიდი მსხვერპლისადმი მზაობა გატეხა ბოლო თაობის საომარი კამპანიის ჩატარებამ აზერბაიჯანის მხრიდან. სომხეთი მოწინააღმდეგეს ერთი თაობით ჩამორჩა და 90-იან წლებში გამოცდილი შაბლონით მუშაობდა. აზერბაიჯანმა გაითვალისწინა უარყოფითი გამოცდილება, შეიძინა თანამედროვე შეიარაღება, შექმნა ძლიერი სამხედრო-სამრეწველო კომპლექსი, გაზარდა სამობილიზაციო შესაძლებლობები, კარგად შეისწავლა მოწინააღმდეგე და უმაღლეს შესაძლო ნიშნულამდე ჯარის აყვანით მიაღწია დადებით შედეგს. სომხეთს ეს არ გაუკეთებია, რუსეთის და საკუთარი დადებითი გამოცდილების იმედზე იყო, რამაც კატასტროფამდე მიიყვანა. ეხლა გეგმავენ ჯარის გადაწყობას, მაგრამ გვიანია.

მოვახერხებთ სავარაუდო ინტერვენციისგანა თავის დაცვას? რა უნდა გავაკეთოთ ამისთვის?

პირველ რიგში საჭიროა ეროვნული შეთანხმება ძირითად პოლიტიკურ ძალებს შორის, რაც გამოიხატება "თავდაცვის აქტის" ტიპის დოკუმენტის მიღებაში, სადაც გათვალისწინებული იქნება არსებული საფრთხეები და გაწერილი იქნება თავდაცვის ძალების განვითარების 8-10 წლიანი ხედვა. ამ დოკუმენტს დაეყრდნობა თავდაცვის სამინისტრო და გენერალური შტაბი შესაბამისი გეგმების შედგენის დროს. ასეთი ტიპის პოლიტიკური გადაწყვეტილება დიდი საჩუქარი იქნება პოლიტიკური ბრძოლით გადაღლილი საქართველოს მოქალაქეებისთვის, რადგან ერს გაუჩნდება სფერო სადაც ყველა ერთი მიზნის ქვეშ დაირაზმება.

"თავდაცვის აქტის" შესრულების უზრუნველსაყოფად აუცილებელია თავდაცვის ბიუჯეტის გაზრდა, მეზობლებთან ჩვენი შედარება ამ ეტაპზე უხერხულია იმდენად დიდია ჩამორჩენა. გაორმაგების შემთხვევაში მივუახლოვდებით ყარაბაღის ომამდე სომხეთის მონაცემებს.

ასევე "ტოტალურ თავდაცვაზე" საუბარი უნდა გადაიზარდოს შესაბამის მოქმედებაში, რაც ნიშნავს ყველა შესაძლო კომპონენტის ამუშავებას და მათი შესაძლებლობების მაქსიმალურად გამოყენებას. საუბარია პროფესიულ, სავალდებულო და ნებაყოფლობით სამხედრო სამსახურზე, ასევე ახალგაზრდული ორგანიზაციის მთელი ქვეყნის მასშტაბით გაშლაზე. ყველა მოქალაქეს, ვისაც სურვილი აქვს დაიცვას ქვეყანა, უნდა მიეცეს ამის შესაძლებლობა. შესაცვლელია გაწვევის წესი, სავალდებულო სამხედრო სამსახური უნდა გახდეს მოკლევადიანი (მაგ.: 6 თვე), მაგრამ ინტენსიური საველე მომზადებით, რაც 3 წელიწადში არმიის აქტიურ რეზერვში დააგროვებს დაახლ. 30.000 ქვეით მებრძოლს, რომლებიც საცხოვრებელი ადგილის მიხედვით გადანაწილდებიან კადრირებულ დანაყოფებში. ეროვნული გვარდია შევსება ნებაყოფლობითობის საფუძველზე, ხოლო წვევამდელი ასაკის მოზარდებზე მომუშავე ახალგაზრდული ლეგიონი უნდა გახდეს თავდაცვის ძალებისთვის წინასწარ გაწვრთნილი და მომზადებული კადრების მიმწოდებელი მთელი ქვეყნის მასშტაბით.

შეგვიძლია რეგიონში ანგარიშგასაწევი ძალად ჩამოყალიბება? რა თქმა უნდა შეგვიძლია, ყველაფერი დამოკიდებულია ჩვენს შეგნებასა და ნებაზე!

საქართველოსთვის ბრძოლა არის სამართლიანი! ჩვენი ომი თავდაცვითია, თუმცა ყველამ უნდა იცოდეს რომ იოლი ლუკმა არ ვართ და ფასის გადახდა მოუწევთ საქართველოს თითოეული მოქალაქეების დაჩაგვრის შემთხვევაშიც კი, ხოლო ომის დროს მთელი ერი შეიკვრება ერთ მუშტად და პასუხს გასცემს აგრესორს. მხოლოდ ასე თუ გადავრჩებით ამ უმძიმეს რეგიონში. აღსანიშნავია, რომ სუსტი, დემორალიზებული და უმოტივაციო მოკავშირე არავის არ ჭირდება. როგორც რომაელები იტყოდნენ: "გინდა მშვიდობა? ემზადე ომისთვის!" ვინც ომისთვის არ ემზადება და ასე ცდილობს მშვიდობის შენარჩუნებას, მას არც ომი აცდება და არც ეროვნული დამცირება. არჩევანი ჩვენზეა ...

პაატა გიგაური

13.02.2021
ნახვა 2054

კომენტარები