მთავარი პოლიტიკა რა ბედი ელის „ჭარბი საზოგადოებრივი ნდობის“ მქონე ლიდერის გარეშე დარჩენილ ქართულ ოცნებას?

რა ბედი ელის „ჭარბი საზოგადოებრივი ნდობის“ მქონე ლიდერის გარეშე დარჩენილ ქართულ ოცნებას?

 
23.01.2021
ნახვა 390

ფოტო: 1tv.ge

 

11 იანვარს, საქართველოს უმდიდრესმა ადამიანმა, ქართული ოცნების დამფუძნებელმა და თავჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა, საზოგადოებას მისი პოლიტიკიდან წასვლის შესახებ აცნობა. ივანიშვილის ამ ბევრისთვის მოულოდნელ გადაწყვეტილებას და მის მიერ გამოქვეყნებულ გრძელ წერილს საზოგადოების მხრიდან არაერთგვაროვანი გამოხმაურება მოჰყვა. ივანიშვილის მმართველი პარტიიდან და პოლიტიკიდან წასვლა განსაკუთრებით რეზონანსული იყო ქვეყანაში არსებული პოლიტიკური კრიზისის ფონზე. მაშინ როდესაც, ოპოზიცია ითხოვს ხელახალ არჩევნებს, ჩატარებულ არჩევნებს გაყალბებულად, ხოლო ამჟამინდელ პარლამენტს არალეგიტიმურად მიიჩნევს, მმართველი პარტიიდან თავჯდომარისა და ყველაზე მაღალი საზოგადოებრივი მხარდაჭერის (საზოგადოების ჭარბი ნდობის - როგორც ამას ივანიშვილი უწოდებს) მქონე ლიდერის წასვლამ, შესაძლოა შეასუსტოს ქართული ოცნების პოზიციები და კიდევ უფრო გააღრმავოს არსებული პოლიტიკური კრიზისი. შესაბამისად, ისმის კითხვები თუ რატომ გადაწყვიტა ბიძინა ივანიშვილმა პოლიტიკიდან წასვლა სწორედ ახლა და რა გავლენა შეიძლება ქონდეს მის ამ ნაბიჯს „ქართულ ოცნებასა“ და ზოგადად ქართულ პოლიტიკაზე.

ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლის შესახებ მიღებული გადაწყვეტილების და მასთან დაკავშირებული პროცესების ანალიზისთვის თავად ივანიშვილმა ორი ვრცელი მიმართვა შემოგვთავაზა, ერთი სატელევიზიო და მეორე წერილობითი. დიახ მიმართვა, რადგან ივანიშვილის ინტერვიუ საზოგადოებრივ მაუწყებელზე უფრო მეტად ვიდეო მიმართვა იყო, ვიდრე ინტერვიუ, და ჟურნალისტიც ფორმალურად ასრულებდა საკუთარ ფუნქციას, რათა მსვლელობისთვის მიეცა ფორმა და არა შინაარსი. საინტერესოა, რომ ჟურნალისტმა ინტერვიუს დასაწყისში დასავლური ჟურნალისტური სტანდარტები და პრაქტიკა მოიშველია და რესპოდენტს მადლობა გადაუხადა გაწეული პოლიტიკური საქმიანობისთვის, თუმცა, რატომღაც ჩათვალა, რომ მხოლოდ ეს იყო საკმარისი და შემდეგ ინტერვიუ შესაშური ქართული სახელისუფლებო მედიის სტანდარტებით განაგრძო. ივანიშვილმა განაცხადა, რომ მისთვის ეს დიდი ალბათობით პოლიტიკურ საკითხებზე მიცემული ბოლო ინტერვიუ იქნება ქართული ტელევიზიებისთვის და შესაბამისად, ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი და კრიტიკული კითხვის დასმის ბოლო შანსიც. თუმცა, თავად ივანიშვილის მიერ, მისავე კომფორტის ზონაში გაჟღერებული ვრცელი მონოლოგებიც არანაკლებ საინტერესოა ანალიზისთვის, რადგან მას ქონდა შესაძლებლობა მშვიდად ეთქვა ყველაფერი ის, რისი თქმაც საზოგადოებისთვის სურდა.

აღსანიშნავია, რომ ივანიშვილისთვის ეს პოლიტიკიდან პირველი წასვლა არ არის. მან 2013 წელსაც, ქვეყნის პრემიერის თანამდებობაზე ყოფნიდან ერთ წელიწადში, განაცხადა პოლიტიკიდან წასვლის შესახებ და მომავალში მისი უკან დაბრუნების ყოველგვარი შესაძლებლობა გამორიცხა. აღსანიშნავია, რომ მაშინ ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლა არც ისე მოულოდნელი იყო, რადგან ის ხელისუფლებაში მოსვლამდე აცხადებდა, რომ სააკაშვილის ხელისუფლების დამარცხების შემდეგ, მალევე აპირებდა პოლიტიკური საქმიანობისგან ჩამოშორებას. „ქართულ ოცნებაში“ არსებული შიდა დაპირისპირებისა და გუნდის დაშლის საფრთხის თავიდან აცილების საბაბით ივანიშვილი მალევე დაბრუნდა პოლიტიკაში ჯერ არაფორმალური, ხოლო შემდეგ ფორმალური სტატუსით (პარტიის თავჯდომარე). შესაბამისად, ივანიშვილის მეორედ წასვლა, ბევრისთვის მის შესაძლო „მეორედ მოსვლაზე“ აჩენს ლოგიკურ კითხვებს.

მოდით დავიწყოთ წერილით...

ქართული ოცნების აწ უკვე ყოფილი თავჯდომარის მიერ გამოქვეყნებული 10 გვერდიანი ვრცელი წერილი, უამრავ საკითხს მოიცავს და შეიძლება ითქვას, რომ ეს არის ივანიშვილის ხედვა მის პოლიტიკურ საქმიანობასა და მის მიერ დაფუძნებული პარტიის წარსულზე, აწმყოსა და მომავალზე. წერილს აქვს სტრუქტურირებული ფორმა, სადაც ივანიშვილი აღწერს პოლიტიკაში მოსვლის მიზეზებს, აფასებს მის პოლიტიკურ წარსულს და წინა ხელისუფლების საქმიანობას, ასევე „ქართული ოცნების“ მიღწევებს და ამჟამინდელ მდგომარეობას და ბოლოს მომავლის მისეულ ხედვას გვთავაზობს.

წერილში რამდენიმე მნიშვნელოვანი აქცენტია საყურადღებო. ივანიშვილი შესავალშივე ამბობს: „ვთვლი, რომ ჩემი მისია შესრულებულია. მივიღე გადაწყვეტილება, საბოლოოდ დავტოვო პოლიტიკა და სრულად ჩამოვცილდე მართვის სადავეებს. მე ვტოვებ როგორც პარტიის თავმჯდომარის პოსტს, ისე საკუთრივ პარტიასაც და ჩემს 2011 წლამდელ, კერძო ცხოვრების წესს ვუბრუნდები“. ივანიშვილის განმარტებით მის პოლიტიკაში მოსვლას ორი ძირითადი მიზანი ჰქონდა: პირველი - სააკაშვილის რეჟიმის დასრულება, და მეორე - ქვეყნის ევროატლანტიკური კურსის გადარჩენა. შესაბამისად, ივანიშვილი თვლის, რომ ორივე ეს მიზანი შესრულებულია. თუ პირველად წასვლის დროს, მიღწეულ შედეგებს საფრთხე ემუქრებოდა „ქართულ ოცნებაში“ არსებული შიდა დაპირისპირებების და გუნდის ეკლექტურობის გამო, ამჯერად ივანიშვილი თვლის რომ ერთი მხრივ, „ქართული ოცნება“ გახდა გაცილებით ჰომოგენური, დემოკრატიული და გამოცდილი პარტია, და მეორე მხრივ, ქართველი ამომრჩეველი თვისობრივად გაიზარდა და მათ უკეთ შეუძლიათ რაციონალური გადაწყვეტილებების მიღება საარჩევნო ყუთებთან, რისი დასტურიც, მისი აზრით, 31 ოქტომბრის არჩევნები იყო, რომლითაც „ქართულმა ოცნებამ“ საქართველოსთვის რეკორდული, მესამე ვადით მიიღო სახელისუფლებო მანდატი. ამას გარდა ივანიშვილი ხაზს უსვამს პოლიტიკიდან წასვლის პიროვნულ მოტივაციასაც, ასაკიდან გამომდინარე მას სურს უფრო მეტი დრო დაუთმოს ოჯახს და პირად ცხოვრებას. წერილში ასვე, საკმაოდ ვრცელი ნაწილი ეთმობა წინა ხელისუფლების მართველობის ანალიზსა და კრიტიკას. (წერილის მოკლე შეჯამება და მნიშვნელოვანი აქცენტები შეგიძლიათ იხილოთ ამ ბმულზე).

ინტერვიუ...

საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტ გიორგი გვიმრაძისთვის მიცემულ ინტერვიუში, ბიძინა ივანიშვილმა ძირითადად გაიმეორა წერილში გაჟღერებული მოსაზრებები და შეხედულებები, თუმცა, რა თქმა უნდა იყო სიახლეებიც. ივანიშვილმა მაყურებელს ვრცლად განუმარტა თუ რით განსხვავდება მისი ამჟამინდელი პოლიტიკიდან წასვლა 2013 წლის ანალოგიური ქმედებისგან და გადაჭრით განაცხადა, რომ აღარ აპირებს რაიმე სახის პოლიტიკური კავშირის შენარჩუნებას „ქართულ ოცნებასთან“: „მე აღარ ვაპირებ კონსულტაციების მიცემას გუნდისთვის… პოლიტიკურ თემებზე მათ ძალიან კარგად იციან და თვითონაც ამას შეასრულებენ, არ დამირეკავენ, არცერთნაირი კრიტიკა მათი ჩემგან არ მოხდება, არ მოხდება ჩემი საჯარო გამოსვლა“. ივანიშვილმა ასევე განმარტა თუ რატომ აღარ დაბრუნდება პარტიაში (პოლიტიკაში) „ახლა რომ გუნდს გაუჭირდეს და მე შემოვბრუნდე, ეს გაუგებარი იქნება. რაც შემეძლო, გავაკეთე და ახლა რაღაზე მივდივარ? თუ ისევ უკან მოსვლა მიწევს, რაღაც სწორედ ვერ გავაკეთე და თუ სწორედ ვერ გავაკეთე, უკან რაღატო უნდა გავიქაჩო? მარტივი თემაა - ე.ი. ვერ გავაკეთე კარგად“. ბიძინა ივანიშვილი ასევე დარწმუნებულია, რომ მმართველ პარტიას, თუ ისინი მოახერხებენ შიდა პარტიული დაპირისპირების თავიდან აცილებას, მომავალი 4-5 წლის მანძილზე არავითარი საფრთხე არ (და)ემუქრება. (ინტერვიუს მოკლე შეჯამება და მნიშვნელოვანი აქცენტები იხილეთ ამ ბმულზე)

პროგნოზი უმადური საქმეა, თუმცა...

ბიძინა ივანიშვილს რომ პოლიტიკიდან წასვლა სურდა ეს სიახლეს არ წარმოადგენს და თავადაც არაერთხელ უსაუბრია ამაზე. მიუხედავად იმისა, რომ ივანიშვილს 2013 წლის შემდეგ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში თანამდებობა არ დაუკავებია, მართველი პარტიის თავჯდომარეობა მისგან მაინც მოითხოვდა რუტინულ პოლიტიკურ საქმიანობას, რაც საკმაოდ დიდი დისკომფორტია ივანიშვილისთვის. წლების განმავლობაში ნათლად გამოჩნდა, რომ ივანიშვილს კორპორაციული მართვის სტილი მოსწონს, როდესაც ის მენეჯერების საშუალებით მართავს და მას მხოლოდ მნიშნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება და კრიზისული სიტუაციების მართვა უწევს და არა ყოველდღიურ საქმიანობაში ჩართულობა და მედიებსა თუ საერთაშორისო აქტორებთან ურთიერთობა. 2018 წელს ივანიშვილს, ერთი მხრივ, საერთაშორისო კრიტიკისა და ზეწოლის (ძირითადად არაფორმალური მმართველობის გამო) და მეორე მხრივ, შიდა პარტიული დაპირისპირებების ფონზე, ფორმალური თანამდებობის დაკავება (პარტიის თავჯდომარე) მოუწია, რაც მას გარკვეულ პასუხისმგებლობებსა და ვალდებულებებს ანიჭებდა.

როგორც ჩანს, 2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები აღმოჩნდა ის გარდამტეხი მომენტი, რამაც დაარწმუნა ივანიშვილი რომ მისი ამოცანები შესრულებულია და მას შეეძლია ჩამოსცილდეს აქტიურ პოლიტიკურ საქმიანობას. „ქართული ოცნების“ საპარლამენტო არჩევნებში მოპოვებული თუ მოპარული გამარჯვება, როგორც ჩანს არის ის დაზღვევა და გარანტია, რაც მას უქმნის კომფორტს დაუბრუნდეს მის 2011 წლამდელ ცხოვრების სტილს, რომელიც მისივე განცხადებით მას ძალიან მოსწონს და უყვარს.

სხვადასხვა პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლების განცხადებები, რომ ივანიშვილი ჩაძირული გემიდან გაიქცა, ქვეყნის უკუსვლაზე პასუხისმგებლობა აირიდა, დასავლეთის სანქციებს გაურბის, აშშ-ის ახალი ადმინისტრაციის ეშინია და ა.შ უბრალოდ ოპოზიციური დღის წესრიგის ნაწილია და მისი ამოცანა საზოგადოებრივი აზრის ფორმირებაა ივანიშვილის და „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ- ეს გასაგებია და ამაზე არ შევჩერდებით.

ფაქტია ივანიშვილს სჯერა, რომ ქართულ ოცნებას, თუ ისინი შიდა დაპირისპირებების პრევენციას მოახერხებენ, შემდეგ არჩევნებამდე საფრთხე აღარ ემუქრება. ივანიშვილი მთელ ფსონს ოცნების სიძლიერეზე აკეთებს. სწორედ ეს არის ივანიშვილის მიერ გამოქვეყნებული წერილის და ინტერვიუს ძირითადი ლაიტმოტივი, რომ ქართული ოცნება შედგა როგორც ევროპული ტიპის, დემოკრატიული, ღირებულებებზე დაფუძნებული პარტია, რომელსაც შეუძლია წარმატებით მართოს ქვეყანა და გაუმკლავდეს საგარეო და საშინაო გამოწვევებს. სწორედ აქ ჩნდება ყველაზე დიდი კითხვის ნიშნები...

ივანიშვილის მიერ დახატული „ქართული ოცნება“ ალბათ უფრო ივანიშვილის ოცნებაა, ვიდრე ობიექტური რეალობა. „ქართული ოცნება“ დემოკრატიული, ევროპული ტიპის პარტიისგან საკმაოდ შორსაა და ამას დიდი ანალიზიც არ სჭირდება. „ქართული ოცნება“ ეს იყო (და ჯერ კიდევ არის) ივანიშვილის ფიგურის ირგვლივ გაერთიანებული ჯგუფი, რომელიც მთლიანად ეფუძნებოდა მის პოლიტიკურ და ფინანსურ კაპიტალს. „ქართულ ოცნებაში“ შიდა პარტიული დემოკრატია პრაქტიკულად არ არსებობს. მას შემდეგ, რაც ივანიშვილმა განაცხადა, რომ პოლიტიკიდან მიდის და წყვეტს ყოველგვარ კავშირს პარტიასთან და კონსულტაციებსაც კი არ გაუწევს მათ, „ქართულმა ოცნებამ“ პარტიის თავჯდომარედ ერთხმად და უკონკურენტოდ აირჩია ირაკლი კობახიძე. ანუ, ივანიშვილის წასვლის შემდეგ პარტიის პირველი დამოუკიდებელი გადაწყვეტილება იყო, ივანიშვილის მიერ მხარდაჭერილი ისეთი კანდიდატის ერთხმად არჩევა, რომელიც თავად პარტიაშიც კი არ სარგებლობს დიდი პოპულარობით და თითქმის ნულოვანი ელექტორალური მხარდაჭერა გააჩნია. კობახიძემ წლების განმავლობაში დაამტკიცა, რომ ის ივანიშვილის ერთ-ერთი ყველაზე ერთგული ხელქვეითია და უსიტყვოდ ემორჩილება მის სურვილებს. შესაბამისად, მსგავსი კანდიდატის პარტიის ლიდერად დატოვება აჩენს კითხვებს ივანიშვილის „ქართული ოცნებისგან“ აბსოლუტური დისტანცირების შესახებ.

ივანიშვილის კიდევ ერთი დაშვება, რომ 31 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ, ოპოზიციის გადაწყვეტილება პარლამენტში არ შესვლის შესახებ, კიდევ უფრო მეტად დააზიანებს ოპოზიციას როგორც შიდა ისე საერთაშორისო აუდიტორიის წინაშე (რაც შესაძლოა სულაც არ იყოს რეალობისგან შორს) და შესაბამისად პრაქტიკულად უსაფრთხოების ბადეს შეუქმნის მმართველ პარტიას შემდეგ არჩევნებამდე, ასევე სურვილს უფრო წააგავს. ივანიშვილის გარეშე დარჩენილი „ქართული ოცნება“, გაცილებით მოწყვლადი იქნება კრიზისების მიმართ. ივანიშვილის გარეშე დარჩენილი „ქართული ოცნებისთვის“ გაცილებით რეალურია ლეგიტიმაციის კრიზის წარმოქმნის საფრთხე და ამას ოპოზიცია აუცილებლად გამოიყენებს.

თუ ივანიშვილის რეალურად ჩამოშორდება პარტიის მართვას, მაშინ პარტია, რომელიც დიდწილად ერთ ადამიანზე იდგა, განწირულია შიდა პარტიული დაპირისპირებებისთვის. ძალაუფლების ვერტიკალის რადიკალური ცვლილება შიდაპარტიული დემოკრატიული სისტემის არ მქონე პარტიისთვის უმტკივნეულოდ ვერ ჩაივლის. პირველივე მნიშვნელოვანი უთანხმოების პირობებში მოსალოდნელია კონფლიქტი, რადგან პარტიას აღარ ჰყავს „მსაჯული“. თუკი ადრე, არსებობდა განსხვავებული პოზიციები და მოსაზრებები პარტიის შიგნით, ეს კრიზის არ ქმნიდა, რადგან წევრებმა იცოდნენ ვისთვის უნდა „შეეჩივლათ“ მტყუან-მართალის გასარკვევად ან საბოლოო სიტყვისთვის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მისაღებად. პარტიის მმართველობის წლების განმავლობაში დამკვიდრებულ ამ ფორმას ღრმად აქვს ფესვები გადგმული და მისი ჩანაცვლება მარტივად და უმტკივნეულოდ ვერ მოხერხდება. ხოლო, რამდენად გაუძლებს „ქართული ოცნება“ ამ „ტკივილს“ ამას უახლოეს მომავალში ვიხილავთ.

დავით ნაროუშვილი

ანალიზში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და შესაძლოა არ ასახავდეს ეროვნული უსაფრთხოების ფონდის თვალსაზრისს.

23.01.2021
ნახვა 390

კომენტარები