მთავარი პოლიტიკა პოლიტიკური პირობითობა – სანქციები მეგობრებისთვის?

პოლიტიკური პირობითობა – სანქციები მეგობრებისთვის?

15.01.2021
ნახვა 332

ბოლო პერიოდში ქართულ პოლიტიკურ ავანსცენაზე არჩევნების შემდგომი კრიზისის საკითხია წინა პლანზე. ოპოზიციური პარტიები არჩევნებს გაყალბებულად აფასებენ, უარს აცხადებენ პარლამენტში შესვლაზე და გაზაფხულზე ახალი არჩევნების დანიშვნას მოითხოვენ. პოზიციას და ოპოზიციას შორის მკვეთრად აცდენილი შეხედულებების დაახლოება საქართველოში დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებმა იკისრეს. რამდენიმე რაუნდის შემდეგ ხელშესახები შედეგი არ დამდგარა და პარლამენტის პირველ სხდომაზეც მხოლოდ 88 დეპუტატი იყო წარმოდგენილი. ბუნებრივია, ერთპარტიული პარლამენტი არსებითად ეწინააღმდეგება დემოკრატიის წარმომადგენლობითობის პრინციპს და ეს ახალგაზრდა ქართული დემოკრატიისთვის გამოწვევა იქნება. ამ ჩიხური სიტუაციიდან გამოსავალი მხოლოდ რომელიმე მხარის კომპრომისითაა შესაძლებელი. აქ კი, მედიატორების როლი კრიტიკულად მნიშვნელოვანია. ეს როლი გამოწვევებით აღსავსეა, რაც კარგად გამოჩნდა ზოგიერთი მათგანის მიმართ ღიად კრიტიკული განცხადებების გამოქვეყნების შემდგომ. ამას, კი, ჩვენი სტატიის თემამდე მივყავართ. კერძოდ, ვეცდებით გავერკვეთ, რა ბერკეტები გააჩნიათ საქართველოს პარტნიორ ქვეყნებს, რომ ზეწოლა განახორციელონ საქართველოს ხელისუფლებაზე სასურველი შედეგის მისაღწევად?

მშვიდობის დემოკრატიული ქოლგა

ქვეყნებს შორის ურთიერთობები ხშირად ადამიანებს შორის ურთიერთკავშირს გვაგონებს. ნდობის შენარჩუნებისთვის ორივე შემთხვევაში მუშაობაა საჭირო და არ განიხილება როგორც დანიშნულების სტატიკური წერტილი. თუ ადამიანურ დონეზე ნდობა ან მისი დაკარგვა ეგზისტენციალურ კრიზისთან არ ასოცირდება, სახელმწიფოების შემთხვევაში, ამას ხშირად უფრო სავალალო შედეგები შეიძლება ჰქონდეს.

პოლიტიკური პირობითობა, როგორც ტერმინი, ხშირად სხვადასხვაგვარად განისაზღვრება. ფართო მნიშვნელობით, იგი დაკავშირებულია დახმარებასთან, რომელსაც ცალკეული დონორი სახელმწიფოები დემოკრატიის განვითარებისთვის და ადამიანების უფლებების ხელშეწყობისთვის გასცემენ, თუმცა იგი, უფრო ხშირად, საპირისპირო კონტექსტში იხმარება. ეს ეხება იმ შემთხვევებს, როცა დონორები დახმარებას აჩერებენ ან ამცირებენ, რეციპიენტი სახელმწიფოს დემოკრატიული კურსიდან გადახვევის ან ადამიანის უფლებების ხელყოფის გამო. სწორედ ამიტომ. პირველ განმარტებას ძირითადად «პოლიტიკურ დახმარებას» ან «დემოკრატიის ხელშეწყობას» უწოდებენ.

ყველაზე ფუნდამენტურ დონეზე, დონორის მიზანი უსაფრთხოების ზონის გაფართოებაა. მისი აშკარა ნაკლოვანებების მიუხედავად, დემოკრატიული სისტემა მიიჩნევა, რომ იგი ამის საშუალებას იძლევა. «დემოკრატიული მშვიდობის თეორიის» ძირითადი პოსტულატის თანახმად, დემოკრატიები ერთმანეთთან არ ომობენ. ამის მიუხედავად, ორი დაპირისპირებული მხარიდან, თუ მხოლოდ ერთია დემოკრატია, ხოლო მეორე, სულ მცირე, არასაკმარისად დემოკრატიული, კონფლიქტი სავსებით შესაძლებელია. მეტი დემოკრატია ასევე საერთო ღირებულებების გავრცელებას ნიშნავს. ეს კი, ის ღირებულებებია, რასაც დღეს უნივერსალურს ვეძახით. სწორედ ამიტომ, ლოგიკურადაც, აზრთა სხვადასხვაობა ისეთ ქვეყნებს შორის, რომლებიც ამ ღირებულებების უნივერსალურობაზე თანხმდებიან, ძალადობრივ კონფლიქტში არ უნდა გადაიზარდოს.

ბუნებრივია, დონორი ქვეყნების ან ორგანიზაციების ქმედებებს ყოველთვის ეგზისტენციალურ კონტექსტს ვერ დავუკავშირებთ და ხშირად უბრალოდ რეგიონში პოზიციის განმტკიცებას და კონკურენტის დაჩრდილვას ემსახურება, თუმცა, ეს ინსტრუმენტების ბუნებას რადიკალურად არ ცვლის და «პოლიტიკური პირობითობა» იგივე წარმატებით თუ წარუმატებლობით გამოიყენება.

მაგალითები უახლოესი წარსულიდან

თეორია ხშირად პრაქტიკასთან მოწყვეტილი ხდება, თუ მაგალითებით არაა გამყარებული. საბედნიეროდ თუ სამწუხაროდ ქართულ რეალობაში მოგვეპოვება პოლიტიკური პირობითობით თანამედროვე მაგალითები. ასე, 2020 წლის ივლისში აშშ-ს კონგრესის წარმომადგენელთა პალატის ასიგნაციების კომიტეტმა მიიღო კანონი «2021 წლის ფისკალური წლის სახელმწიფო და საგარეო ოპერაციების დაფინანსებაზე», სადაც გაჩნდა ჩანაწერი, რომლის თანახმადაც, საქართველოსთვის გამოყოფილი დახმარების 15%-ზე არსებობდა დათქმა, რომ იგი მხოლოდ მას შემდეგ გაიცემოდა, თუ საქართველო სხვდასხვა სფეროებში წინსვლას გამოავლენდა. უფრო ზუსტად, დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების, კორუფციასთან ბრძოლის და კერძო სექტორისთვის კანონის უზენაესობის უზრუნველყოფის მიმართულებით, მათ შორის, უცხოელი ბიზნესმენების უფლებების, მათი ფინანსური ინტერესებისა და ინვესტიციების დაცვის ჩათვლით. ამასთან, მოგვიანებით გამოქვეყნებულ განმარტებით ბარათში საუბარი იყო ოლიგარქიული არაფორმალური გავლენის შემცირებაზეც. მიუხედავად იმისა, ეს კანონი დამტკიცდა თუ არა, ეს ფაქტი პოლიტიკური პირობითობის კლასიკური მაგალითია. ამ შემთხვევაში, მიზანი მესიჯის გაგზავნაა საქართველოს ხელისუფლებისთვის და ეს ეფექტურად განხორციელდა. გამოჩნდა რა არის მოლოდინი და რა იწვევს დონორი ქვეყნის უკმაყოფილებას. დრო აჩვენებს, როგორც იქნა ეს მესიჯი მიღებული და რამდენად გარდაიქმნება რეალურ ნაბიჯებში.

მიუხედავად იმისა, რომ პოლიტიკური პირობითობის ინსტრუმენტი უფრო ხშირად «განვითარებისთვის გამოყოფილი დახმარების» კონტექსტში განიხილება, მას უფრო ფართო გაგებაც გააჩნია. აქ დემოკრატიული პრინციპების დაცვის პირობის სანაცვლოდ შესაძლოა მოიაზრებოდეს საგარეო ასპარეზზე დიპლომატიური თანადგომა, პოლიტიკური ლობი, გაეროში რეზოლუციის მხარდაჭერა და ა.შ. ეს ყველაფერი შეიძლება ერთ პოლიტიკურად პაკეტად განვიხილოთ.

საინტერესოა, რომ «პოლიტიკური პირობითობის» ელემენტების გააქტიურება, ხშირად დახმარების მიმღები ქვეყნის კონტრ-ნაბიჯებს იწვევს. ამის მაგალითია ევროკავშირში არსებული დაყოფა, სადაც წევრი ქვეყნების უმეტესობა პოლონეთსა და უნგრეთში კანონის უზენაესობის პრინციპებიდან გადახვევის გამო, დაფინანსების შეჩერებაზე შეთანხმდა. ამის სანაცვლოდ, ევროკავშირის ბიუჯეტი, რომელიც კორონავირუსის წინააღმდეგ უნდა მიმართულიყო, გაიყინა, რადგან პოლონეთის და უნგრეთის მთავრობებმა მათ ვეტო დაადეს.

ეს დონორი და რეციპიენტი ქვეყნების ურთიერთდამოკიდებულებას უსვამს ხაზს. იგი თანაბარი შესაძლოა არ იყოს, თუმცა დონორისთვის მაინც გასათვალისწინებელია, ვინაიდან ის ფორმა, რომლითაც ხდება პირობის წაყენება, შეიძლება მის საწინააღმდეგო სენტიმენტების გაღვივებაში გადაიზარდოს, რაც ბუნებრივია კონკურენტების წისქვილზე ასხამს წყალს.

პოლიტიკური პირობითობის მეტ-ნაკლებად წარმატებულ მაგალითად შეიძლება ჩაითვალოს სერბეთსა და კოსოვოს შორის დიალოგი, რომელსაც ევროკავშირი შუამდგომლობს. ამ შემთხვევაში სერბეთის მთავარი მიზანი ევროკავშირის წევრობაა და დათმობებიც სწორედ აქედან იღებს დასაბამს. ამ კუთხით, ევროკავშირთან ერთად დიდია აშშ-ის წონაც. მიმდინარე წლის სექტემბერში სწორედ ოვალურ ოფისში მოეწერა ხელი შეთანხმებას ეკონომიკური ურთიერთობების ნორმალიზების შესახებ. მიუხედავად იმისა, რომ ეს შეთანხმება სამართლებლივ ვალდებულებას არ გულისხმობს, იგი ცალსახად პროგრესის ინდიკატორია. შედეგი შესაძლოა ყველასთვის თანაბრად მისაღები არ იყოს, თუმცა ფაქტია, რომ ზემოხსენებული ინსტრუმენტების გააქტიურება შედეგზე გასვლას უფრო რეალურს ხდის, ეს კი, ხშირად, ათწლეულებით გაჭიანურებულ კონფლიქტში გარღვევის საშუალებას იძლევა და კონფლიქტით დაზარალებულ მოსახლეობაზე ზეწოლას მნიშვნელოვნად შემცირების შანსს აჩენს.

არაფერი პირადული – მხოლოდ ბიზნესი

დამაზარალებელია თუ არა პოლიტიკური პირობითობის ელემენტი ქვეყნებს შორის ურთიერთობისთვის? არის თუ არა იგი ერთმანეთისადმი უნდობლობით განპირობებული? ამ კითხვებზე შეიძლება ვუპასუხოთ, როგორც კი, ისე არა, გამომდინარე კონკრეტული ქეისიდან. იდეალიზმის მარწუხებიდან რომ თავი დავიხსნათ და ვაღიაროთ, რომ სახელმწიფოები ალტრუისტულად არასდროს მოქმედებენ, ლოგიკას აცდენილი არ იქნება მსჯელობა, რომ რაღაც რაღაცის სანაცვლოდ კეთდება. ეს ასე იყო და სავარაუდოდ ასეც დარჩება. მეორე მხრივ, კეთილმეგობრული ურთიერთობებისთვის ჩრდილის მიყენება ამ ინსტრუმენტის უხეშად გამოყენებას შეიძლება მოჰყვეს. ცალკეულ შემთხვევებში, ეს შეიძლება ნეო-კოლონიალიზმის ან შიდა საქმეებში ჩარევის კუთხითაც კი გაფორმდეს ზოგიერთი რადიკალური მემარჯვენე ფრთის მიერ. როგორც ამბობენ, «უფასო ყველი მხოლოდ მახეშია» და უსასყიდლოდ საგარეო ასპარეზზეც ვერ გავალთ ფონს, განსაკუთრებით ქვეყნები, რომლებსაც ბევრის შეთავაზება, ამ ეტაპზე მაინც, არ შეგვიძლია.

რაც შეეხება «პოლიტიკურ პირობითობას» ამ გარემოებას უნდა შევეგუოთ, როგორც ბუნებრივს. განვითარება პროცესია და არა დანიშნულების წერტილი, ხოლო იმპულსის შენარჩუნებისთვის ინიციატივაა საჭირო, რასაც ეს ინსტრუმენტი გვთავაზობს. სწორედ მის ეფექტურობაზეა ამჟამად დამოკიდებული, რამდენად მოხდება საქართველოს პოლიტიკური კრიზისიდან გამოყვანა. იმედი ვიქონიოთ, რომ ეს მანამდე განხორციელდება, სანამ ზარალი გამოუსწორებელი გახდება.

ქშიშტოფ ლუკიანოვიჩი

15.01.2021
ნახვა 332

კომენტარები